სექტემბრის ქართული რელიზები | 2020
ავტორი: ჯაბა შავიშვილი >>
1 ოქტომბერი, 2020 >>
12 წუთის წასაკითხი >>
8 ნახვა
Killages – Orignal Brothers
რუსთავულმა ბენდმა Killages სადებიუტო ალბომი, „Original Brothers” გამოუშვა. 11 კომპოზიციისგან შემდგარ ალბომში ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა სტილი და ჰიპ-ჰოპი ალბომის მუსიკალურ ველს ქმნის, ჯგუფის წევრები კი ინდივიდუალური სიმღერების პროდიუსერებად გვევლინებიან.
Tamada - Frühstück mit Tamada
Tamada – ბერლინში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის, ლაშა ჩხაპელიას (ცნობილი როგორც Lasha Chapel) ახალი პროექტია, რომელიც ელექტრონულ მუსიკას და ქართულ დარდიმანდულ სიმღერებს აკავშირებს. პროექტის რამდენიმე სიმღერა უკვე განთავსებულია ინტერნეტში, ისინი მუსიკოსის ალბომში, „Frühstück mit Tamada“ შევა.
IC122 - Sandro AM
ქართველი პროდიუსერი, სანდრო თავართქილაძე, ფსევდონიმით IC122 ახალ ალბომს, “Sandro AM” აქვეყნებს, რომელშიც 2014-15 წლებში შექმნილი მისი პირველადი მუსიკალური ექსპერიმენტები იყრის თავს.
“როცა ვიწყებდი მუსიკით დაინტერესებას, მიმოვედებოდი ყველა იდეას. როცა შესაძლებლობა უსაზღვროა, საათები აღარ არსებობს. როგორი გასახარია, როცა ერთადერთი რაც გჭირდება, სკამზე დაჯდომაა. სიხარულმა მომცა ძილის დეპრივაცია და ჩემი ცხოვრებიდან ორი წელი წაიღო. იყო დრო, როცა ღამით მეღვიძა, იყო დრო როცა მთელი დღე მეძინა. ახლა თუ ვიპოვე ბალანსი, რას იტყვიან ბოლოს ჩემზე: მუსიკას ვაკეთებდი თუ მეძინა?”
Generali Minerali - Without Parties
ქართველი ელექტრო მუსიკის პროდიუსერი, გიორგი ჯინჭარაძე იგივე Generali Minerali ახალ ალბომს „Without Parties“აქვეყნებს. ალბომი მუსიკოსის სხვადასხვა აქამდე გამოუქვეყნებელ ტრეკს აერთიანებს და ჰაუს, ბრეიქბიტ და ელექტრო სტილებს აკავშირებს. ალბომი სახელი კი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, წვეულებების გარეშე დარჩენილ ქალაქზეა ალეგორია.
Nick Tkhelidze - Riftwalker
ქართველი კომპოზიტორი ნიკა თხელიძე, 2019 წელს, „Deeplink Studios“-ს მიერ შექმნილი სტრატეგიის, „Riftwalker“-ისთვის შექმნილ საუნდტრეკ ალბომს აქვეყნებს. ალბომი როგორც დინამიურ, ასევე ემბიენთ და ორკესტრულ კომპოზიციებს მოიცავს.
Nini - Think Twice
ქართველი მომღერალი, ნინი ასილიანი მომავალი სადებიუტო ალბომიდან პირველ სინგლს, “Think Twice” აქვეყნებს. კომპოზიციის პროდიუსერი, კოლექტივ Digmassive-ის წევრი, თორნიკე მამისეიშვილი, იგივე TM-ია. სიმღერა Neo-Soul-ის მშვიდ ჟღერადობისაა და ინსტრუმენტებზე დამატებით ქართველი მუსიკოსები, დავით გოგისვანიძე (ბასი) და საბა კასრაშვილი (გიტარა) ასრულებენ.
TeTe Noise -Because I Can
ირანული მუსიკალური ლეიბლი “CoolKidz”, ქართველი მუსიკოსის, სანდრო ჩინჩალაძის იგივე TeTe Noise-ის 3 ტრეკისგან შემდგარ EP-ს აქვეყნებს.
Nainnoh – Water
წარმოშობით ქართველი, ამჟამად კი ამერიკაში მოღვაწე მუსიკოსი, Nainnoh სადებიუტო ალბომიდან, პირველ სინგლს „Water” აქვეყნებს - ალბომი, რომელიც 2021 წლის დასაწყისში გამოვა, 7 წლის განმავლობაში იწერებოდა.
“ჩვენ ყველანი ერთი დიდი სამყაროს ნაწილები ვართ. წყალი ნიადაგს სიცოცხლეს აძლევს, ნიადაგი მცენარეებს, მცენარები ცხოველებს, ცხოველები ადამიანებს და იკვრება დიდი წრე. ასე რომ, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვინაიდან ყველაფერი კავშირშია. მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ქართული ენის მისტიურობით. მინდა ამ სიმღერების სმენისას, ყველამ გაიაზროს სიყვარულისა და განკურნების ძალა, ის რომ ჩვენს გზაზე ყველას შეგვიძლია გავხდეთ ღმერთები. მინდა ჩემი მუსიკა გამოღვიძების მამოტივირებელი იყოს.“
I.G.O, Samory - ნახე
ჰიპ-ჰოპ კოლექტივი, Digmassive საკუთარი 2018 წლის არქივიდან MC სამორი-ს და იგორ ძაძამიას იგივე I.G.O.-ს კოლაბორაციულ ტრეკს, „ნახე“ აქვეყნებს.
სამორი ამჟამად ნიუ იორკში, პროდიუსერ Head-თან ერთად მოღვაწეობს, კოლექტივის სხვა წევრები კი საქართველოში ცდილობენ ჰიპ-ჰოპ მუსიკის Boom Bap ჟღერადობის წინ წამოწევას.
Sinoptik Music – OMEN
ქართველი მუსიკოსი, ზურა ჩხარტიშვილი სასცენო სახელით Sinoptik Music ახალ კომპოზიციას, „Omen“ აქვეყნებს, რომელიც მისსავე დაფუძნებულ ლეიბლზე „Timelapse Of A Dream“ გამოვიდა. კომპოზიცია Dub-ისა და ემბიენთს ჰიპნოტურ ჟღერადობაშია გადაწყვეტილი.
Saphileaum - Imaginary Treasure Mountain
ქართველი მუსიკოსის, ანდრო გოგიბედაშვილის ახალი ალბომი ჰოლანდიურ ლეიბლზე „NYAME“. რელიზი ემბიენთ და დაუნტემპო სტილშია და ხშირად ერთვის ბუნების საველე ჩანაწერები.
Tade - Space Momentum
ქართველი პროდიუსერის, Tade-ს ტრეკი კომპილაციურ ალბომიდან „Decima Circuits_Cottage Industries 10“, რომელიც ბრიტანულ ლეიბლზე „Neo Ouija“ გამოვიდა. Neo Ouija IDM და ექსპერიმენტული მუსიკის ერთ-ერთი ძველი და მრავალფეროვანი ლეიბლია, რომელზეც სხვასხვა დროს გამოცემულა ისეთი მუსიკოსების ალბომები, როგორიცაა: XELA, BOLA, Proem და სხვა.
Nikakoi - Sestrichka
25 სექტემბერიდან, CES Records ყოველკვირეულად ქართველი ელექტრონული მუსიკოსის, ნიკა მაჩაიძის 2000-იანი წლების დასაწყისში გამოშვებულ ალბომებს, თავიდან, ციფრულ ფორმატში გამოსცემს, რომელიც ნოემბრის თვეში “GEO Weddings” სერიით გაგრძელდება, შემდეგში კი აქამდე გამოუქვეყნებელი მუსიკით 10-მდე ალბომი გამოიცემა.
პირველი ალბომი, რომლითაც ეს რამდენიმეკვირიანი მარათონი დაიწყება, 2002 წელს, გერმანულ WMF Records-ზე გამოცემული „Sestrichka”, იმ პერიოდის პირველად სურათს გვიხატავს, როდესაც ქართული ელექტრონული მუსიკა საზღვრებს გასცდა.
კოლექტივი - ავსტრიელი მხატვარი
ჯგუფი „კოლექტივი“, რომელშიც Bedford Falls-ის წევრების გარდა გიორგი ტეცოშვილი, მარიამ სამუშია, გიკო კვანტრიშვილი, დიმა დიასამიძე ერთიანდებიან, ახალ სიმღერას “ავსტრიელი მხატვარი“ აქვეყნებს, კომპოზიციის ვიზუალური გაფორმება კი ხატია იათაშვილს ეკუთვნის.
Delorean - Controlled Blue EP
თბილისელი DJ და პროდიუსერი, Delorean ახალ, 6 ტრეკისგან შემდგარ EP-ს აქვეყნებს, სადაც საცეკვაო მუსიკის განსხვავებული სტილები ერთიანდება.
Murman Tsuladze - აბრეშუმი
ქართულ-ფრანგული ბენდი, Murman Tsuladze ახალ კომპოზიციაზე „აბრეშუმი“ ვიდეო კლიპს ავრცელებს, რომელიც ოქტომბერში, ამავე სახელწოდების EP-ში შევა.