Soft Eject
ავტორი: ნინო კაკიაშვილი >>
13 ივნისი, 2017 >>
10 წუთის წასაკითხი >>
30 ნახვა
Through the night
მახსოვს, ერთი მეგობარი მიყვებოდა ქვეყანაზე, სადაც ომიანობის დროს, ხალხი მაინც მღეროდა, იღიმოდა, ერთმანეთს სიყვარულს უხსნიდა; ამ ქვეყნის ჩამოკონკილ ქუჩებში კი საოცრად ლამაზი გოგო-ბიჭობა დაიარებოდა. ეს 90-იანი წლების სერბეთი იყო. ალბათ, რეალობების კონტრასტმა მოხიბლა ასე, ადამიანების გამძლეობამ, სევდით დაფარულ მიწაზე სიცოცხლის ფეთქვამ... სხვისას რომ ისმენ, თითქოს, სხვა რომანტიკაა. საკუთარის შესაცნობად კი, შეიძლება ათასობით კილომეტრი, ან ათობით წელი დაგჭირდეს.
1995 წელს, ეკრანებზე ახალი კლიპი დატრიალდა, მელოდიური მუსიკით, საოცრად თბილი კადრებით და უფრო თბილი ჟღერადობით. ინგლისურენოვანმა სიმღერამ, თავიდან დაგვაბნია, ჯგუფის სახელიც ინგლისური “Soft Eject”, კლიპის ხარისხიც - უჩვეულო... ჯერ გაგვიკვირდა - ეს ყველაფერი ჩვენების გაკეთებული იყო, მერე კი გაგვიხარდა - ჩვენებსაც შეძლებიათ ასე! და რაც არ უნდა ტრივიალურად ჟღერდეს, მაშინ ნებისმიერი ასეთი ნაპერწკალი მთელი წლით გაანათებდა ღამეს!
“Please, just carry on” - “Soft Eject” ბევრმა ამ სიმღერით გავიცანით და შევიყვარეთ, ძალდაუტანებლად, ბუნებრივად და მადლიერად. კლიპი საკუთარი ძალებით გადაიღეს, მათი მეგობრის - ქუცნა ამირეჯიბის რეჟისურით.
მანამდე, მუსიკასა და “ბიტლებზე” გადარეულად შეყვარებული ხუთი ბიჭის (გია, ვახო, პეჩო, ნოდარი და ოთარი) თავგადასავალი კაი ხნის დაბზრიალებული იყო - ჯერ კიდევ საბჭოების დროს იკრიბებიან (1989), 90-ში პირველად გამოდიან სცენაზე და ბათუმის კონკურს-ფესტივალზე “ხალხის სიმპათიადაც” სახელდებიან; 91-ში სამოქალაქო ომი იწყება და ბიჭებიც, საკუთარი შემოქმდებით თავის გატანას გერმანიაში ცდილობენ. უკრავენ ყველგან სადაც შეუძლიათ, ჯერ ქუჩებში, შემდეგ კლუბებსა და ბარებში, საქველმოქმედო აქციებზე, თუ ფესტივალებზე. დრო და დრო, ჩამოდიან სამშობლოში და ისევ სტუდიაში მუშაობენ. ყოველი სირთულის გადალახვას, მათი პროფესიონალური ზრდა მოყვება და სწორედ ამ პერიოდში მდიდრდება ყველაზე მეტად მათი დისკოგრაფიაც. 1995-ში ისინი საბოლოოდ ბრუნდებიან თბილისში.
Through time
1996 წელს, “გოფილექტის ბაღში” Soft Eject-ის პირველი დიდი კონცერტი შედგა - ორდღიანი! მომდევნო წლებში, არც ერთი მნიშვნელოვანი ფესტივალი მათ გარეშე არ ჩავლილა, ისევე როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქცია. რატომღაც, “ვარდების რევოლუციის” მიტინგებს ყოველთვის წვიმიანი ამინდი ემთხვეოდა, რის გამოც მხარდამჭერ როკ-შემსრულებლებს, მათ შორის Soft Eject-ს, “წვიმის მუსიკოსები” შეარქვეს. სოლიდარობის მუხტით, აღმოჩნდნენ (მათთან ერთად ზუმბა, მწვანე ოთახი) უკრაინაშიც, “ნარინჯისფერი” რევოლუციონერების გვერდში დასადგომად.
წლების მანძილზე იცვლებოდა ჯგუფის შემადგენლობა, ჯგუფის თითოეული წევრის “დღის” საქმიანობა და მათი ცხოვრების გზებიც შორდებოდა ერთმანეთს. მიუხედავად დიდი სრუვილისა, იშვიათად ხერხდებოდა ისევ ერთად შეკრება და საერთო საქმის კეთება. ოთარ ყარალაშვილი(ბას-გიტარა, ვოკალი) ჯერ კიდევ 1993-ში წავიდა, პეჩო, იგივე ირაკლი ჭელიშვილი (გიტარა, კლავიშები, ვოკალი), კი 1996-დან მედიცინას უძღვნის თავს და დღეს, ის ერთ-ერთი წარმატებული ნეიროქირურგია! ნოდარ მანჩხაშვილი(დასარტყამი ინსტრუმენტები), ძია ნოდარს რომ ეძახიან - 100-მდე წიგნის მთარგმნელია, საკუთარი ბენდი ჰყავს და საგამომცემლო საქმიანობაშიც აქტიურადაა ჩართული; საგამომცემლო საქმიანობას ეწევა გია ქარჩხაძეც (გიტარა, ვოკალი); ანა სიხარულიძე, (აკორდეონი, კლავიშები) მერამდენე წელია დაუღალავად ტრიალებს სხვადასხვა ღონისძიების შემოქმედებით სამზარეულოში; ვახო ბაბუნაშვილი (გიტარა, ვოკალი), გარდა იმისა რომ პეჩოს მსგავსად მედიკოსია, პროფესიონალურ კულინარიას ეწევა და Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია; ემზარ ბურდული (ვოკალი, ვალტორნა) უკრავს ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში; გიორგი კობახიძე (გიტარა, ბექ-ვოკალი) რადიო “უცნობი”-ს არტ-მენეჯერი და საიდუმლოდ გაგანდობთ, რომ ერთ-ერთია “ჭიჭიკო და ბიჭიკო”-ს გადაცემიდან, თუმცა, რომელია იმას აღარ გეტყვით, მე-6 წელია ისიც თავის ბენდთან ერთად უკრავს; სანდრო ნიკოლაძე (ფლეიტა) ერთ-ერთი წამყვანი მუსიკოსია “სუხიშვილებში” და ასევე, მოძრაობის თეატრის მსახიობი.
ვახო - მუსიკას დიდად არ მოვწყდით. პეჩოც კი, ოპერაციებზე ღიღინებს ხოლმე. ანესთეზიის დროსაც. ეს ისეთი ვირუსია, რომელსაც ვერ იცილებ. სვირინგივითაა...
პეჩო - ჩემი ცხოვრება ყოველთვის მუსიკასთან იყო კავშირში. სულ დამყვება, სულ ვღიღინებ, ოპერაციების დროსაც!
ერთი ჰანიბალ ლექტერი იყო უდარდელი ტვინზე მანიპულაციების დროს, მეორე პეჩო?!
პეჩო - ტვინზე მანიპულაცია ჩემი ცხოვრების აბსოლუტურად ჩვეულებრივი ნაწილია. მძიმეა, სანერვიულოა, საპასუხისმგებლო, მაგრამ ყველაფერს ეჩვევი. მსუბუქი ოპერაციების შემთხვევაში, რუტინული, ჩვეულებრივი მუშაობა მიმდინარეობს, მაშინ ვღიღინებ კიდეც. ერთი პერიოდი მუსიკასაც ვრთვადი საოპერაციოში.
ყოფილა დრო, როცა გერჩივნათ მთლიანად მუსიკისთვის მიგეძღვნათ თავი და შემდგარიყავით როგორც ბენდი, წყვეტის გარეშე?
პეჩო - იმდენად მიყვარს ნეოროქირურგია, რომ რამდენჯერაც არ უნდა დამაბრუნონ უკან, მაინც იგივეს ვიზამ. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე ლამაზი პროფესიაა. მუსიკაში, ჩემი პრობლემა სუბიექტურობაა... მუსიკა სუბიექტურია, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. ნეიროქირურგია კი ობიექტურია. ან შეგიძლია, ან არა.
Jump through the day
ორი წლის წინ, პეჩოს ინიციატივით, ბიჭებმა თანხები შეკრიბეს, განაახლეს სტუდია და იშვიათად მაინც ახერხებენ ძველის ახლებურად ინტერპრეტაციას. წლევანდელი Tbilisi Open Air-თვის კი სრული მობილიზაცია გამოაცხადეს და თითქმის 15 წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ უბრუნდებიან სცენას.
არის დეჟავუ? რა ემოციები მოაქვს ისევ კონცერტისთვის მზადებას?
ვახო - თქვი ჭია!
გიორგი - ვახო უფრო ემოციურია...
ვახო - მე მაინტერესებს შენი აზრი.
ჭიას ეძახით?
გიორგი - ბავშვობიდან შემარქვეს, სუსტი ჯანმრთელობის გამო... ემოცია ყოველთვის მოაქვს ერთად შეკრებას, ძველი ამბების, ძველი იუმორის გახსნებას... ცოცხლდება ჩვენი ლექსიკონიც. ნოსტალგიაცაა. დროის ფაქტორი ვერ გავთვალეთ, ყველა რაღაცას აკეთებს და რთულად ხდება ჩვენი შეკრება, მაგრამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვანთ.
გაერთიანების პროცესში, რამე ახალი იდეები თუ იბადება? შეგვიძლია დავუშვათ, რომ მარტო Tbilisi Open Air არ იქნება ამ ყველაფრის შედეგი?
ვახო - დავუშვათ კი არა, გადაწყვეტილიცაა! გვინდა დავასრულოთ ის სიმღერები, რომლებიც ამდენი წელია ინახება და ახლებიც წარვადგინოთ.
გია - ახალი ალბომისთვის საკმარისზე მეტი მასალა დაგვიგროვდა. გადავწყვიტეთ გამოვუშვათ სიმღერებიანი ალბომი. მიუზიკლის გაკეთებასაც ვგეგმავთ და ამისთვისაც გვაქვს მასალა. ბოლოს, ეთნო-მუსიკასთან რაღაც “ხახუნი” გვქონდა და საინტერესო რაღაცეები დაიბადა. ესეც შეჩერებულია, თუმცა დროებით.
საინტერესოა თვითონ ის ფაქტიც, თუ როგორ შეიცვალა სცენა ამ დროის მანძილზე...
პეჩო - რათქმაუნდა შეიცვალა, აპარატურის პრობლემა იყო, შესაძლებლობები ნაკლები; ახლა, ყველაფერი სულ სხვა დონეზეა ასული. კარგი საუნდის იმედი მაქვს. ვახოც მარწმუნებს, კარგი იქნებაო.
ახალ ბენდებზე რას იტყვით?
ვახო - საკაიფო ბენდები ჩნდებიან, თუნდაც Newcomers-ზე - აქ ფაქტიურად პულსზე ხელი გვიდევს, მაგრამ მალევე ქრებიან. გუშინ, საღამოს [ინტერვიუ ჩაწერილია 28 მაისს] 40 ახალი მუსიკალური პროექტი მივიღეთ. ძალიან კარგები. შარშანაც ასე იყო, და შარშანწინაც, თუმცა, დიდხანს ვერ ძლებენ. პირობა ის კი არ არის, რომ სამინისტრომ სტუდია მისცეს და კონცერტი მოუწყოს... ჩვენთან უბრალოდ არ არსებობს ბაზარი. არ არის ჯაჭვი - შენ წერ, აქცევ პროდუქტად, ვიღაც ყიდის, დისტრიბუციას უკეთებს - არ არსებობს ეს რგოლები. შექმნი, შემდეგ მაქსიმუმ ჩაწერ და მორჩა. ან ნიჭიერში გამოხვალ და რა პერსპექტივაა?
პეჩო - საერთოდ, თუ რაღაცის მიღწევა უნდა ჯგუფს, დღე და ღამე უნდა უკრავდეს.
ვახო - მე მაინც მგონია, რომ ნიჭიერი ტიპები უნდა გასცდნენ საზღვრებს. თავის რეალიზება თუ გინდა, უნდა მოხვდე სწორ გარემოში. ჩვენ ვიყავით ჩვენი თავის მენეჯერები, პროდიუსერები, ტურ-აგენტები და ყველაფერი; ალბათ, ჩვენც უფრო სწორ გარემოში რომ მოვხვედრილიყავით, ბერლინში ან ლონდონში, სულ სხვანაირად წავიდოდა საქმე.
That will be right
ლისის “საოცრებათა ქვეყანაში” Soft Eject-თან შეხვედრა ბევრისთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება... ბენდისა და Tbilisi Open Air-ის აუდიტორიები სულ მცირე ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს, ან სულაც ერთი და იგივეა. აქ, ზოგს ისტორიის ცოცხლად შეგრძნება სჭირდება, ზოგს კი - საყვარელი სიმღერების შესრულების ფონზე გართობა. თუმცა, ალბათ ყველას, უბრალოდ იმ გრძნობების ხელახლა განცდა გვინდა, რომლებიც თავის დროზე სწორედ ამ ჟღერადობამ დაბადა. ზოგიც, ჩვენს შვილებს წავიყვანთ და გვეამება, რომ ჩვენი ისტორიის ნაწილს მათ გავუზიარებთ.
That’s right...