გამოცდილი თამადის აღიარებითი ჩვენება

ავტორი: გია ხადური

9 ივლისი, 2024

10 წუთის წასაკითხი

1670 ნახვა

მას შემდეგ რაც ლაშა „ჩაპელ“ თამადას პროდუქცია რეიტინგული გახდა, ცხადია თავად მუსიკოსიც პოპულარულად იქცა და მედია კომენტარებმაც არ დაახანა. ისინიც კი აკომენტარებდნენ, ვისაც პოპმუსიკა ნაკლებად აინტერესებს. გამოცდილი გემოვნებიანების რეაქცია უმთავრესად იყო ხისტად ნეგატიური. ის მუსიკალურ-ანაქრონისტული ფენომენი, რომლის კიტჩურ-ირონიული ამოტივტივებაც სცადა „თამადამ“, ათწლეულების განმავლობაში მიუღებელი იყო მათთვის. სამაგიეროდ ეს დუქნური, აშუღური ფსევდობაიათები გადმოტანილი თანამედროვე აკუსტიკურ ფორმატში საკმაოდ დამაინტრიგებელი აღმოჩნდა ახალი მსმენელის დიდი ნაწილისთვის, მათთვის ლაშა თამადას ეს ეგზოტიკური „ფანოღ“ მელიზმებიც კი არ იყო გამაღიზიანებელი. ვფიქრობ, აზრთა ასეთ პოლარიზაციას „თამადას“ შემოქმედების მიმართ აქვს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები. ასეა თუ ისე, ერთი რამ ფაქტია რომ ის, რაც სცადა და გააკეთა ლაშა „თამადამ“, იქამდე ხეირიანად არავის გაუკეთებია( არც უცდიათ). ისიც ფაქტია რომ მსოფლიოში ასეთი ეგზოტიკის ტრენდია, ხშირად ისეთისაც კი, რომელიც მარგინალიზებულია იმ ქვეყნებში, სადაც ეს ეგზოტიკა შეიქმნა. აკი თქვა კიდეც ლაშამ - სწორედ ის ტრეკები მოსწონთ დასავლეთში, რომლებიც აქ არ მოეწონათო.

აი, ასეთი ბარგით მივიდა „თამადა“ ალბომამდე „9 სასიკვდილო ცოდვა“, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება წინამორბედებისგან. მის ამ უახლეს ნამუშევარში აშკარად იკვეთება საკმაოდ წარმატებული მცდელობა გაექცეს იმ კომფორტულ ზონას, რომელიც თავადვე შექმნა და საკმაო აღიარება მოუტანა როგორც აქ, ასევე იქ. ალბომი ნაკლებ ჰედონისტურია, უფრო მელანქოლიური, დრამატულიც კი - როგორც ტექსტუალურად, ისე მუსიკალურ-აკუსტიკურად. „თამადას“ აღარ უნდა „თამადობა“, უფრო სწორედ აღარ უნდა თამადური პათეტიკა და ექსცენტრიკა, თუმცა მტკნარი და მოდუნებულიც არ არის, რადგან აქვს კონკრეტული კონცეფცია თუ რას მღერის, როგორ მღერის და რატომ. ამ კონცეფციის იდეა მას ინტუიციურად ამოუტივტივდა მაშინ, როცა ფაქტიურად ყველა ტრეკი მზად ჰქონდა. როგორც თავად ამბობს, მოულოდნელად მიხვდა რომ ყველა ტექსტი იმ ცოდვების ქვეცნობიერი ამოძახილია, რომელშიც ცხოვრების განმავლობაში ფეხი ჩაუდგამს, იმასაც მიხვდა რომ მისი ახალი მუსიკაც სწორედ ამ ცოდვების ქვეცნობიერ აღიარებას ემსახურებოდა, ანუ პირდაპირი აპელირება ამ ცოდვებზე ალბომში არ არის. შედეგად ყველა ტრეკის პირვანდელ სათაურს კონკრეტული ცოდვა მიესადაგება. გააზრებულად თუ გაუაზრებლად სწორედ ეს კონცეფცია კრავს მთელ ალბომს და საკმაოდ დამაჯერებლადაც, ამიტომ გამოვიდა ნამუშევარი უფრო პირადული და ნაკლებ პათოსური. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორია მუსიკალური რეზულტატი? რამდენად ეფექტურად ახერხებს ჩვენი თამადა თანამოადგილეებთან ერთად მიიტანოს თავისი გზავნილი მსმენელამდე? გავყვეთ ტრეკებს და ვნახოთ.

I. დაო(ღალატი) - ერთი „შეხედვით“ ძველი თამადაა, მაგრამ ეტყობა რომ უფრო დახვეწილია, სასიმღერო მელოდია, აკომპანიმენტი ძალიან კარგია. აკუსტიკური საგიტარო აკორდები, პერკუსიული გაფორმება, ავთენტურ და ციფრულს შუა მოქცეული დრამინგის საუნდიც ზუსტადაა შერჩეული. მოულოდნელი ფსევდო სალამური თავისი ხაზით იდეალურად აჯდება მუსიკას. ლაკონურია სიმღერა, არ არის რეფრენები და განვითარება. პირველივე ტრეკი უვე მიგვანიშნებს, რომ სახეზე ძველი თამადაა ოღონდ ახალი რიტორიკით.

II. შვება (გეომეტრიის დაუმორჩილებლობა) - ეთნო-დისკო-პოპ ჰაუსივით იწყება, ეფექტური გიტარის ფრაზის თანხლებით. მგონი, ერთადერთი გამოკვეთილი ჰედონისტური ტრეკია, ოღონდ რატომღაც გართობის ხასიათზე არ გაყენებს. გიტარაა ამაში დამნაშავე და კიდევ აი, ეს რითმი, რომელიც ისე ნერვიულად ვითარდება, სამხიარულოდაც ვერაა საქმე აშკარად. ბასიც დაჟინებულია, თუმცა თავში არ გიბრახუნებს, ვოკალი ტრეკის შუაში შემოდის და იცვლება მუსიკის განწყობაც, რადგან შემოდის ირონიულობაც. ლაშას ვოკალი მგონი ამ ტრეკშია მხოლოდ აშკარად ირონიული და მელოდრამატულად მხიარული. სევდიანი კაცი რომ კარგ ხასიათზეა და ერთ კუპლეტში ამღერდება, აი ეგრე ჟღერს. გიტარა ძალიან აქტიურია და მუსიკა უკვე აღარანაირ კავშირშია ძველ თბილის-ქალაქურ ესთეტიკასთან.

III. თამამი (მალვა) - თავდაპირველად წმინდა აზიური სინთეზატორული ფრაზა და ბასი რომელიც შენიღბულად ანვითარებს ფანკს. საინტერესოა რომ რითმული სტრუქტურა სადღაც აფრო-ფანკსაც კი წააგავს. ვოკალური ფრაზები იმპლანტირებულია ინსტრუმენტალურ კუპლეტებს შორის („...ჩემი სულის ნაგლეჯებით, მორთმეული ნაწერებით, სააქაოს ვეღარ ვუძლებ კაცი რომ ხარ ნაფერები...“). ამ ტრეკში ყველაზე ფასეულია ის, რომ პერმანენტულად ხდება თემის მოულოდნელი მუსიკალური ინტერპრეტირება. ელექტრო კლავიშებს შემოყავს ახალი თემა და მხოლოდ ამის შემდეგ მღერის ვოკალისტი პირველის ანალოგიურ მეორე კუპლეტს, ამ დროს საწყის ფრაზას უკვე ელექტროგიტარის სოლოთი ანვითარებს ლექსო რატიანი. ტრეკს დრამინგის მოკლე პატერნი ასრულებს. არცერთი ინსტრუმენტალური კუპლეტი არ მეორედება იდენტურად, ყოველ შემდგომში ახალი და საკმაოდ დამაინტრიგებელი ინექციებია მუსიკალური და ეს მაქსიმალურარ აეფექტურებს მუსიკას, მაქსიმალურად მეტყველი ხდება, სევდიანად ემოციური.

IV. ფაჩიფუჩი (ქედმაღლობა) - აქ დრამატულობასთან გვაქვს საქმე, რითმია ეგეთია, ბას აქცენტით. დასაწყისიდანვე გრძნობ თითქოს ინტუიციურად - მუსიკა კი არ დაიტკეპნება ერთ ალაგს, არამედ განვითარდება იმპროვიზაციის ხარჯზე, სადაც დატვირთვას ძირითადი ინსტრუმენტების გარდა, აკუსტიკური გაფორმებებიც ინაწილებენ. ისევე როგორ ალბომში ბევრგან, თამადას მელიზმატური ტირადა მხოლოდ ტრეკის შუაში შემოდის („..ჩემი დაკარგული გზა, სათავიდან გამოშრა, მე ვარ ვინც მემწია, ღმერთო როგორ გამომრჩა...“). მუსიკა თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ხასიათი მოაქვს, იკვეთება ისტორია, ნარატივი, პლუს მელოდიური შემადგენელი დახვეწილია და საინტერესო. აი ეს აშუღური ნაღველი, სევდა და სრული ანტიჰედონიზმი, განსხვავებული კუთხით წარადგენს თამადას და მისი ამფსონების მუსიკას. ტრეკის მსვლელობისას მთავარი აკუსტუკური ნარატივი არ იცვლება, მაგრამ მუდმივად ემატება ელემენტები და ბოლოს მთავრდება (ჩემი აზრით) ღია ფინალით.

V. პრანჭია (ცუღლუტობა) - განსხვავებულად სხვანაირად იწყება, რაღაც მოლათინო ფრაზაა თითქოს, ინსტრუმენტის საუნდიც, აკორდეონი თუ გარმონი. ეს უკვე სასიმღერო ტრეკია, თუმცა აი როგორ იჭრება ლექსო რატიანი(გიტარა), თან როგორი ეფემერული მოკლე ფრაზებით ეს ცალკე კაიფია, მართალია ფრაგმენტულად შემოდის მაგრამ აშკარად ამდიდრებს და ფსიქოდელიურსაც კი ხდის მუსიკას. თამადა აქ ნაკლებ მანერულია, რაც კარგია მგონი. აი ბითები კი ცოტა ამიწებს ამ ეფემერულ ტრეკს და ვფიქრობ გრძელი ქრონომეტრაჟიც არ მოუხდა, ტექსტის გამოა ასე მაგრამ მაინც.

VI. კინტოს სიმღერა (ქურდობა)- რაც მომწონს თამადის თითქმის ყველა პროდუქტში - აი ეს „ფეიქ“ საუნდი, ანუ როცა კონკრეტული ინსტრუმენტი არ ჟღერს, მაგრამ რაღაც ასოციაციებს იწვევს. კინტოს სიმღერაში ეს ზურნა-საუნდია, რომელიც ვოკალისტის სევდიანად ირონიულ ტირადასთან ერთად ზუსტად ხსნის ტექსტის შინაარსს. კაი სიმღერაა ძალიან, ჯიგრიანი. ბას ბითიც როგორი აუთენტიკურია?!არაპროგნოზირებადად რომ შემოდის და ხასიათსაც უცვლის ტრეკს. ეს ეული ბას ბითი შემდეგ გადადის ბას რითმ ფიგურაში და „პრანჭია კინტოს“ ათანამედროვებს, მას აქტუალურსაც კი ხდის.

VII. Turkish coffee (თავის მართლება) - ალბომის ერთერთი „ჰაილაითი“. სასიმღერო მელოდიის და აკომპანიმენტის კუთხით. აქ ჯაზ სვლებიც კია, ფსევდო სასულე ინსტრუმენტალით. ორმაგი ვოკალიც კარგია, ფანკ ბასიც და საერთოდ ყველა ელემენტი კარგია, აკუსტიკური ქსოვილის ყველა შემადგენელი ელემენტი მუსიკის გამდიდრებაზე მუშაობს, ამავდროულად, აქტივობის კუთხით საკმაოდ ძუნწია ყველა ეს ელემენტი. ეს „გაურკვეველი“ წარმოშობის ბგერები სულ იყო თამადას კრედო და ამ ალბომშიც განსაკუთრებით ეფექტური და დანაწევრებულია. იქნება შთაბეჭდილება რომ ლამის მცირე ორკესტრი უკრავს, სადაც ელექტრონიკა მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია. ვფიქრობ აი ცოცხალი საუნდის განცდა ამ ალბომის პლუსია, ავთენტურობას სძენს მუსიკას და ამ კუთხით ეს ალბომი უკეთესია ვიდრე წინამორბედები.

VIII. ჟინით (ავხორცობა) - ცოტა გახისტდა მუსიკა. ვფიქრობ ბით რითმები აგებს, იგივე პატერნის ნაღდი „დრამ“ ჟღერადობა უფრო მოიგებდა. ეს ხარვეზი განსაკუთრებით მკაფიო ხდება როცა მუსიკის მსვლელობას ელექტრო გიტარა ემატება. „თამადა“ ერთდროულად ძველი თამადაცაა და უარსაც ამბობს თამადობაზე, მომწონს ეს მომენტი ტრეკში. როგორც ყველგან ლექსოს გიტარა აქაც კარგია, ვითომ ძველმოდური მაგრამ ზუსტი, ემოციის გადმოცემის პრეროგატივასაც იღებს თავის თავზე.

IX. სიკეთისკენ მაისმა (კაეშანი) - ბოლო სიმღერა საერთოდ არათამადურია, დრამინგი, ტრადიციული საგიტარო კვნესა და ფაქტიურად უმელიზმო ვოკალი კიდევ უფრო აცილებს ახალ „თამადას“ ძველთან. უკვე საბოლოოდ რწმუნდები, რომ ავტორის ვოკალ მელოდიები ზოგადად უფრო განვითარებულია, გაუმჯობესებული და მას უკვე ნაკლებად სჭირდება მიგნებული ეკზოტიური ნიშები, ამ ბოლო ტრეკში ინსტრუმენტალიც ასეთია, ასეთი მოითხოვა. ეს ინსტრუმენტალი დამოუკიდებლადაც კარგად მუშაობს და აკომპანიმენტადაც ეფექტურია, საგრძნობლად აძლიერებს რა ვოკალის ემოციურ მესიჯს. ვქირობ ეს კომპოზიცია იდეალური იქნებოდა ცოცხალი ბენდთან.

სახეზეა მონოლითური ერთიანი ნამუშევარი, დაყოფილი ცხრა თავად (ცოდვად). მთელი ალბომი ვითომ ლაკონურია, მაგრამ მუსიკალური დეტალებით მდიდარი, თან ისე, რომ არაფერია ზედმეტი და გადატვირთული, მუსიკალური ხაზების და წარმატებული სვლების გადამეტებული ექსპლუატაცია თითქმის არსად გვხვდება, ყველაფერი ზუსტად დაფორმატებულია. ვფიქრობ სწორედ ეს მომენტი ქმნის ლაკონურობის ეფექტს. შესამჩნევლად გაზრდილია ავტორის „სონგრაითერული“ უნარები. როგორც შემსრულებელს ამ ეგზოტიკურ მანერულობაზე ფსონის დადებაც აღარ სჭირდება, ეს მისი მანერა უფროა უკვე, მიუხედავად იმისა, რომ კინტო-ყარაჩოღლური აჩრდილებიც ჯერ-ჯერობით არსად მიდიან. პროგრესია ისიც, რომ ცდილობს უფრო მოქნილად დააფორმატოს საკუთარი მუსიკა და ეს მას აშკარად წარმატებით გამოუვიდა. ხშირად სრულყოფილი სასიმღერო სტრუქტურის დეფიციტიც გვხვდება, რომელიც ეფექტური არანჟირების ხარჯზე ივსება, თუმცა ყოველთვის დამაკმაყოფილებლად ვერა, გასაგებია რომ მუსიკის ფორმატია ასეთი, მაგრამ დაუკმაყოფილებლობის განცდა მაინც რჩება. და კიდევ, ალბომის მუსიკალური შინაარსი იმდენად ცოცხალია რომ ხვდები, ბგერის ელეტრონული წყაროების დომინაცია ამუხრუჭებს ამ მუსიკის ბოლომდე გახსნას. განსაკუთრებით ეს ეხება ბით რითმებს, რომლებიც „აღმსარებლობით“ ემოციურობას სიღრმეს უკარგავს, მაგრამ მეორეს მხრივ, ვინ იცის?! იქნებ სწორედ ეს გაურკვეველი ასოციაციური ინსტრუმენტალია, რომელიც ერთი მხრივ წარსულის საიდენტიფიკაციო კოდებთან აკავშირებს ავტორს, მეორე მხრივ კი აქტუალიზაციას უკეთებს ამ კოდებს? არ ვიცი რომელი აჯობებდა და ძალიანაც კარგი თუ არ ვიცი, კონკრეტული პასუხი ამ შემთხვევაში წამგებიანია, მიუხედავდ იმისა ჰო იქნება ეს პასუხი, თუ არა.

Credits:

Music: Tamada

Guitar: Lexo Ratiani

Artwork: Tibatve

Mixing & Mastering: Gvaji at Leno Records

Record Label: Alt Orient

Photographer: Mariam Mzesu Giunashvili

Powered by VISA

მსგავსი ბლოგები