Saphileaum
ავტორი: რეზი ხუნწელია >>
27 სექტემბერი, 2020 >>
10 წუთის წასაკითხი >>
24 ნახვა
„ძველი თქმულების მიხედვით, საქართველოში, კავკასიონის მთების ძირში უძველესი მემკვიდრეობა ინახება, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არავინ შეხებია. სხვადასხვა დროს ამ განძის პოვნა ბევრმა სცადა, მაგრამ დღემდე ვერავინ შეძლო. გასულ საუკუნეებში კავკასიონის მთის ძირში ჩასვლის მიზნით რამდენიმე ექსპედიციაც მოეწყო, მაგრამ აუხსნელი ძალა ყველას აიძულებდა საკუთარ განზრახვაზე ხელი აეღოთ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის, ვინც მთის ძირს მიაღწევს, არა მხოლოდ ქართულ საგანძურს დაეუფლება, არამედ კოსმიურ ცოდნას და მეტაფიზიკურ ძალასაც.“
ქართველი მუსიკოსის, ანდრო გოგიბედაშვილის, იგივეSaphileaum-ის ახალი ალბომი Imaginary Treasure Mountain არა მხოლოდ ქართული მითებით და ლეგენდებით არის შთაგონებული, არამედ ამ ლეგენდების მიღმა დამალული საიდუმლოებებისთვის ფარდის ახდის მცდელობას წარმოადგენს. როგორც თვითონ ამბობს, სჯერა, რომ ის, რასაც საკუთარი შემოქმედებით ეძებს, კავკასიონის მთებშია დამალული. შესაბამისად, ის მუსიკალური სამყარო, რომელსაც ანდრო ქმნის მისი პერსონალური კვლევა-ძიების ერთგვარი რუკაა - ბევრი საინტერესო მინიშნებით დატვირთული რუკა. ვინც მუსიკოსის წინა ალბომს „სამოსი“ მოუსმინა, ეცოდინება, რომ ჩანაწერი საიდუმოლებებით მოცულ მთებში ექსპედიციის ჩატარების პირველი მცდელობა იყოს, ხოლო Imaginary Treasure Mountain ახალი სიღრმეების აღმოჩენის ეტაპია.
"არსებობენ ლეგენდები და მითები, რომ საქართველოს მიწის ქვეშ, მთების ძირში ინახება უდიდესი განძი და ცოდნა, რომელიც ჩაკეტილია ადამიანებისთვის. ამ ალბომის ისტორიაც სწორედ მაგ განძის საძებნელად ჩასვლაა და ყოველი ტრეკის სახელიც თითქოს ერთგვარი მინიშნებაა ექსპედიციის თითეულ პუნქტზე, რომელსაც მსმენელი გადის."
მუსიკალურ იდეებზე მუშაობის პროცესი ანდროსთვის ყოველთვის საინტერესო გამოწვევაა, რადგან, როგორც აღიარებს, ხშირად საკუთარ შემოქმედებასთან დისტანცირება უწევს.
„აი, ახლაც რომ ვიხსნებ თუ როგორ ვწერდი მუსიკას ამ ალბომისთვის, მგონია, რომ ეს ჩემი დაწერილი არაა, ისეთი განცდა მაქვს თითქოს ვიღაც სხვამ დაწერაო.“ - მუსიკოსი აღიარებს, რომ სტუდიაში მუშაობის დროს ხშირად მიმართავს ისტორიის გაყალბების ხერხს - თავის წარმოსახვაში ხატავს ამბავს და ისტორიას, იგონებს კომპოზიციის სახელებს და მხოლოდ ამიშ შემდეგ იწყებს უშუალოდ მუსიკაზე მუშაობის პროცესს.
„თითქოს ამ ისტორიებიდან ვიღებ ენერგიას და ვივსები რაღაც უხილავი ძალით, რაც ჩემი გავლით ფიზიკურ სამყაროში მუსიკის სახით გადმოდის. შემდგომ გონი თითქოს ითიშება და იწყება წერის პროცესი."
Imaginary Treasure Mountain-ის შემთხვევაშიეს პროცესი შედარებით უფრო განსხვავებული შედეგით დაგვირგვინდა, ვიდრე ეს „სამოსის“გამოცემისას ვნახეთ. მიუხედავად იმისა, Saphileaum რომ ორივე შემთხვევაში ერთი ‘ექსპედიციის’ ფარგლებში მოქმედებდა, „სამოსი“ ბევრად უფრო ემბიენთ ორიენტაციის ალბომია. ხოლო Imaginary Treasure Mountain-ში უფრო კომპლექსური ტექსტურები და მეტი დინამიკა გვხვდება, რაც ცალკეული კომპოზიციების შემთხვევაში ტრიბალური აქცენტების დამსახურებითაც ხდება. ამ ჩანაწერში უფრო მეტი ყურადღებაა გამახვილებული რიტმსა და ინსტრუმენტებზე, ხოლო სათაურები ფაზლების ნაწილებივით არის დაყოფილი, რომლის შეერთების შემთხვევაშიც ჩვენს თვალწინ თითქოს ახალი სამყაროს რუკა იშლება.
ანდროს მორიგი მუსიკალური ექსპერიმენტის მასპინძელი ჰოლანდიური ლეიბლი NYAME აღმოჩნდა, რომლის დისკოგრაფიაც ჯერჯერობით სულ რამდენიმე ჩანაწერს მოიცავს. თუმცა, როგორც ქართველი მუსიკოსი აღნიშნავს, მისი ძიება დასასრულისგან ჯერ კიდევ შორს არის და წლის ბოლომდე კორეულ პლატფორმაზე მისი მორიგი სტუდიური ჩანაწერი გამოიცემა.
ამის გარდა დაგეგმილია ბევრი გამოუქვეყნებელი კომპოზიციის ერთიანად თავმოყრა და გარკვეული ფორმით დარელიზება. აღსანიშნავია ისიც, რომ მუსიკოსი საკუთარი ლეიბლის, Expeditions Above-ის განვითარებაზეც მუშაობს და შემოდგომის ბოლოს მორიგ მუსიკალურ თავგადასავალს გვპირდება, რომელიც შეიძლება ახალი აღმოჩენების მეგზურად იქცეს.