ოპერის დაბადება

ავტორი: ელენე ჭავჭანიძე

4 ივნისი, 2020

13 წუთის წასაკითხი

3 ნახვა


მინდა განვიხილო მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჟანრის - ოპერის წარმოშობის წინაპირობები და მისი ისტორიული კონტექსტი.

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ისტორიაში მრავლად მოიპოვება მსგავსი ტიპის წარმოდგენები უძველესი დროიდან, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ოპერის იდეა ჩაისახა ფლორენციული კამერატას წიაღში და აღმოჩნდა მნიშვნელოვანი და წარმატებული „პროექტი“.

საინტერესოა რამ განაპირობა ამ ჟანრის დაბადება, რა ამოცანა დაისახეს კამერატას წევრებმა და როგორ განახორციელეს ეს იდეა.

როგორც ცნობილია, ევროპაში აღორძინების (ფრ.: Renaissance; იტალ.: Rinascimento) ეპოქამ ჩაანაცვლა შუა საუკუნეების მსოფლმხედველობა, საფუძველი მოუმზადა რეფორმაციას (XIV—XVI) და ახალი ესთეტიკური იდეალის - ჰუმანიზმის ჩამოყალიბებას, რომლის უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენდა რეალური სამყარო და მის ცენტრში მყოფი ადამიანი (ანთროპოცენტრიზმი).

ჰუმანისტები თავის იდეურ დასაყრდენს ანტიკური სამყაროს კულტურულ მემკვიდრეობაში პოულობდნენ. ახალი მსოფლმხედველობის გარიჟრაჟი იწყება ჯოტოს და დონატელოს ქმნილებებით მხატვრობაში, დანტე ალიგიერის, ჯოვანი ბოკაჩოსა და პეტრარკას შემოქმედებით - ლიტერატურაში, ხოლო მუსიკა წარმოდგენილია Ars Nova-ს (ახალი მუსიკა) სახით, რომელიც უპირისპირდება Ars Antiqua-ს (ძველი მუსიკა). განსაკუთრებულ მწვერვალებს მიაღწიეს მაღალი რენესანსის დიდოსტატებმა - ლეონარდო და ვინჩიმ, რაფაელმა, მიქელანჯელომ, ხოლო გვიანი რენესანსის მუსიკალური ხელოვნების გვირგვინს წარმოადგენს ფლორენციაში განხორციელებული, სრულიად უპრეცედენტო „ექსპერიმენტი“, რომელმაც საბოლოოდ ახალი ჟანრი - ოპერა დაბადა.

ისტორია იწყება 1573 წელს ფლორენციაში, გრაფ ჯოვანი ბარდის სასახლეში, რომელიც პოეტების, მუსიკოსების, მეცნიერების თუ უბრალოდ ხელოვნების მოყვარულთა შეკრების ადგილია. იგი ნელ-ნელა გარდაიქმნება ფილოსოფიურ-კულტურულ გაერთიანებად, რომელიც ისტორიაში შევიდა ფლორენციული კამერატას - Camerata სახელით.

ამ საზოგადოების ინტერესის ობიექტი იყო ანტიკური ხელოვნება, ხოლო უმნიშვნელოვანესი იდეოლოგიური საყრდენი - არისტოტელეს „პოეტიკა“, კერძოდ კი მასში განხილული ანტიკური ტრაგედია და მისი განუყოფელი ნაწილი - მუსიკა.

ასევე კამერატას ორიენტირებს წარმოადგენდნენ სხვადასხვა ძველბერძნული ტრაქტატები და მასთან დაკავშირებული წყაროები. გამოვყოფ რამდენიმეს:

- ბოეციუსის ტრაქტატი - De musica (მუსიკის შესახებ) შექმნილი ნიკომაქე გერასელისა და პტოლემეს „ჰარმონიკას“ აწ დაკარგულ ნაშრომის მიხედვით.

- ისიდორე სევილელის და კვინტილიანის ახალი დიდაქტიკული და ენციკლოპედიური ნაშრომები.

- ლათინურად თარგმნილი და კომენტირებული პლატონის ნაშრომები მარსილიო ფიჩინოს მიერ (მანვე თარგმნა „პოეტიკა“).

- არისტოქსენეს მიერ თარგმნილი „ჰარმონიის საწყისები“ და სხვ.

კამერატას სათავეში ჩაუდგა გალილეო გალილეის მამა, ვინჩენცო გალილეი (1520-1591) - კომპოზიტორი, ბარბითზე შემსრულებელი, მუსიკის თეორეტიკოსი და ჯოვანი დე ბარდი (1534-1612) - ძველბერძნულისა და ლათინურის მცოდნე, მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი, კომპოზიტორი, სახელმწიფო მოხელე. კამერატას წევრები იყვნენ იმდროინდელი ხელოვანები, ინტელექტუალები, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები. მაგალითად: პიეტრო სტროცი (პოლიტოკოსი, სახელმწიფო მოხელე, კომპოზიტორი); ჯაკოპო პერი (იტალიელი კომპოზიტორი და მომღერალი); ჯულიო კაჩინი (იტალიელი კომპოზიტორი, მომღერალი, პედაგოგი, ინსტრუმენტალისტი); ოტავიო რინუჩინი (იტალიელი პოეტი, ლიბრეტისტი); ჯოვანი ბატისტა სტროცი (პოეტი, კომპოზიტორი); ჯაკოპო კორსი (იტალიელი კომპოზიტორი) და სხვები.

ცალკე უნდა აღინიშნოს, ბერძნული ენისა და ანტიკური კულტურის დიდი მცოდნე, ჰუმანისტი, ისტორიკოსი და მუსიკის მკვლევარი ჯიროლამო მეი (1519-1594), რომელიც მართალია, არ ყოფილა კამერატას წევრი, მაგრამ იყო ვინჩენცო გალილეის თანამოაზრე და მეგობარი. მან ძველბერძნულ ტრაქტატებზე დაყრდნობით შექმნა საკუთარი - „ძველი მუსიკის კილოების შესახებ“. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს ნაშრომი გახდა იმპულსი ვინჩენცო გალილეის ტრაქტატისა „მსჯელობა ძველ და ახალ მუსიკაზე“.

მეისა და გალილეის მიმოწერიდან შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე წერილი, საიდანაც ვიგებთ, რომ ჯიროლამო მეიმ აღმოაჩინა და შეისწავლა ძველბერძნული მეზომედეს (მე-2 საუკუნის ბერძენი პოეტი და კომპოზიტორი) მონოდიური (ერთხმიანი) ჰიმნები, რომლებიც დაუპირისპირა იმ დროისთვის გაბატონებულ რთულ პოლიფონიას. მეის შეხედულებით პოლიფონიური მუსიკა არ ფლობდა გამომსახველ და ემოციურ ძალას. მან აღწერა მუსიკალური იდეალი თავის ნაშრომში და მიუთითა კონკრეტული გზები მისი მიღწევისთვის რასაც ცხადია, იზიარებდა მისი თანამოაზრეები.

ვინჩენცო გალილეის მიერ 1581 წელს გამოქვეყნებულ წიგნში - Dialogo della musica antica et della moderna - დიალოგი ძველ და ახალ მუსიკაზე - იყო კამერატას საზოგადოების მსჯელობისა და ანალიზის გზით შექმნილი ფილოსოფიური ნაშრომი მუსიკის შესახებ. ნაშრომის თანახმად, ძველ საბერძნეთში, სადაც ხელოვნების საფუძველს წარმოადგენდა პოეზია, მუსიკა განსაზღვრავდა პოეზიის ემოციურ სახეს და წარმოაჩენდა მის შინაგან სამყაროს. პოეზიისა და მუსიკის თანაარსებობა, ანტიკურის მსგავსად, შეუთავსებელი იყო პოლიფონიასთან, როგორც „კონტრაპუნქტულ ბარბაროსობასთან“, რადგან გალილეის შეხედულებით, მეის მსგავსად, კონტრაპუნქტი იყო „პოეზიისათვის მომაკვდინებელი“, იგი უკარგავდა ლიტერატურულ ტექსტს მნიშვნელობასა და სილამაზეს. აუცილებელი იყო ახალი დეკლამაციური, „მონოდიური“ სტილის შექმნა.

სწორედ ამ იდეოლოგიის საფუძველზე 1598 წელს შეიქმნა პირველი დრამა მუსიკით (dramma per musica) „დაფნე“ (Dafne) ოტავიო რინუჩინისა და ჯაკოპო პერის ავტორობოთ. ხოლო მოგვიანებით, ჯაკოპო პერი „ევრიდიკეს“ წინასიტყვაობაში შემდეგნაირად ახასიათებს ახალ სტილს - „ეს არის სიმღერა, რომელიც ჩვეულებრივ მეტყველებასა და სუფთა მელოდიას შორის დგას“.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ეპოქის ერთ-ერთმა უდიდესმა მუსიკოსმა და თეორეტიკოსმა - ჯოზეფო ცარლინომ (ვინჩენცო გალილეის მასწავლებელი) საჯაროდ დაგმო ვინჩენცო გალილეის და, საერთოდ, კამერატას მონოდიური რეჩიტატივის იდეა. გალილეის ტრაქტატის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ცარლინომ გამოაქვეყნა ნაშრომი „მუსიკალური მიღწევები“ (Sopplimenti musicali), რომელშიც ამტკიცებდა რომ, მუსიკას აქვს თავისი საკუთარი განვითარების კანონზომიერება და დაუშვებელია მისი მეშვეობით სალაპარაკო ენის იმიტაცია.

მიუხედავად ამ დაპირისპირებისა ისტორიაში ცარლინო შევიდა, როგორც რენესანსის ესთეტიკის დამაგვირგვინებელი, სწორედ მან მისცა „გასაღები“ იმდროინდელ „ახალ მუსიკას“, ხოლო გალილეიმ და მისმა თანამოაზრეებმა ახალი ეპოქის ზღურბლზე გვაუწყეს ოპერის დაბადება, რომლის არსი იყო ანტიკურის მსგავსი მელოსისა და ლოგოსის ურთიერთობების აღდგენა, კონკრეტულად - ანტიკური ბერძნული ტრაგედიის რენესანსი.

მსგავსი ბლოგები