Didube Records - Block #73

ავტორი: სალომე ვარდანაშვილი

23 მაისი, 2025

13 წუთის წასაკითხი

396 ნახვა

ჩვენი მუსიკალური და კულტურის სფეროში არსებული რეალობა, ჩვენი ქვეყნის პირდაპირი რეფლექსიაა. აქ არ არსებობს გამართული სტრუქტურები და ინსტიტუციები. ''კულტურა'' ფასადური და მიტაცებულია. წარსული მუდმივად განგვისაზღრავს მომავალს, ისე რომ აწმყო ბურუსითაა მოცული. ერთგვარ კულტურულ სანაგვეზე ვართ მოსროლილები და აქამდე ისტორიის გადაუაზრებლობით მოვედით, იმით რომ სათქმელი ბევრი დაგროვდა, ჩვენ კი ბევრ საკითხზე კოლექტიურად დავმუნჯდით... და მიუხედავად ამ ყველაფრისა ამ ''სანაგვეზე'' ბევრია ოქრო, რომელიც ბზინავს და ხმა, რომელიც ქუხს...

''ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო... ჩვენ გვამოძრავებს ბრაზი იმხელა რო მუნჯი კაცი ავმღერდი.''

ექსპერიმენტალური მუსიკალური ლეიბლი Didube Records 2020 წელს, დიდუბის რაიონში, წერეთლის #73 ეზოში, კონკრეტულად გარაჟში, კომუნალური პრინციპით შეიქმნა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ინიციატივითა და ძალისხმევით განვითარდა. ეს ადგილი, საბჭოთა პერიოდში „მუნჯების ბლოკად“ იყო ცნობილი.

მათი პირველი რელიზის სახელიც ძალიან სიმბოლურია, რომელიც ექსპერიმენტულ ჰიპ-ჰოპ კოლექტივს - MoonG ეკუთვნის. 20 კომპოზიციისაგან შემდგარი ალბომი ''ცრის'' 2021 წელს გამოიცა, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ლოკალური ჰიპ-ჰოპ ალბომია. აქ ყველა ისტორია ნაღდია, სათქმელი გულიდან წამოსული და გაუპრიალებელი.

;

"ეს მხოლოდ ლეიბლი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც გულწრფელი, დაუმუშავებელი ისტორიები მუსიკად გარდაიქმნება და ასახავს ცხოვრების, ბრძოლის, სიამაყისა და წინააღმდეგობის რეალობას."

მალევე MoonG-მა მეორე ალბომიც გამოუშვა, ''II'', რომელიც პირველის მსგავსად სიყალბეს უპირისიპირდება. ქუჩიდან წამოსული სოციალური რეფლექსია, გაჯერებული ლირიკით და მწარე სიმართლით, რომელიც ჩვენთვის ნაცნობი ყოველდღიურობაა. ორივე ალბომის პროდიუსერი, დიდუბე რექორდსის თანადამფუძნებელი ნიკა ფასურია.

''წრეზე ვტრიალებ, წრეზე ვტრიალეებ, მაინც ვერ მოვძებნე აქედან გასასვლელი ხიდი... აქ იმდენი რამე ვნახე, რომ თავი მეგონა ცვეტში კინოოში...''

;

ამას მოყვა ბორის ანდრონიკაშვილის იგივე “Bori$ the Blade” მრავალენოვანი სადებიუტო ალბომი Blade, vol.1, რომელიც თბილისის საჯარო სკოლების ძალადობრივ გარემოზე და მასში გადარჩენის მექანიზმებზე ყვება. აღსანიშნავია, რომ ბორისი კოლექტივს 15 წლის ასაკში შეუერთდა. ალბომის პირველი კომპოზიცია INTRO parglebshi-საინფორმაციოს ხმით იწყება და 51 სკოლაში დაწყებულ და ხორავას ქუჩაზე განვითარებულ ტრაგედიას ეხმიანება. ალბომი მოიცავს კოლაბორაციულ კომპოზიციებს Fuli MoonG-სა და THANOS YOUKNOWHO-ნიკა ფასურთან. განსაკუთრებით მომეწონა კომპოზიცია COWBOY ინსტრუმენტალი, რომლის დასაწყისშიც აკუსტიკური გიტარა ისე ჟღერს, რომ მაშინვე ჩიხლაძეების კართან მოდგა შემოდგომა გამახსენდა.

“მოვიდა დრო გავიზარდო, ჯობია დროზე გავიზარდო, თავი მასწავლებლებს აღარ ვანდო, ლირიკული ტაიკვანდო”

ჩემთვის დიდუბე რექორდსი ერთ-ერთი საყვარელი კოლექტივი და ლეიბლია, ხალხი რომელიც ამ ჩაკეტილ, კვლავწარმოებად მანკიერ წრეზე შეულამაზებლად მღერის და გვახსენებს, რომ ყველანი ამ რეალობის თანაშემოქმედები ვართ.

''Didube Records ქმნის თანამედროვე, ავთენტურ ქართულ ჟღერადობას, რომელიც არ მიჰყვება ტენდენციებს. ლეიბლის მისიაა ადამიანებს მისცეს საშუალება თქვან თავიანთი სიმართლე და მუსიკა აქციონ თვითგამოხატვის იარაღად.''

განსაკუთრებით დასაფასებელია მათი ღიაობა ახალგაზრდა არტისტების მიმართ, მუსიკოსების რომელთაც რესურსებზე და აუდიტორიაზე წვდომა არ აქვთ. 2022 წელს დიდუბემ open call - გამოაცხადა არტისტებისთვის, რომელთაც სჭირდებოდათ სტუდია, არ ყავდათ პროდიუსერი, არ იცოდნენ მიქსინგი, ან საერთოდ არაფერი არ იცოდნენ, მაგრამ მუსიკის კეთება უნდოდათ.

;

2022 წელს დიდუბეს ელენე გიგანი a.k.a DEENA (სვანურად-გოგო) შეუერთდა და 18 წლის ასაკში სადებიუტო ინგლისურენოვანი ალბომი - ''LOW LOVE'' დაარელიზა. ალბომის ლირიკული ნაწილი ახალგაზრდა თაობის შინაგან წინააღმდეგობებზე მოგვითხრობს, რომლებიც ამ ყალბ და ციფრულ რეალობაში თვითგამორკვევასა და საკუთარი თავისა თუ ადგილის პოვნას ცდილობენ.

დევნილი მშობლების მიერ აეროპორტის დასახლებაში გაზრდილი დინა ინსპირაციას საკუთარი ფესვებიდან და გარემოდან იღებს. სათქმელს ხმამაღლა და შთამბეჭდავი ვოკალის საშუალებით უკომპრომისოდ გადმოსცემს. ის რომ ამ სივრცეში და განსაკუთრებით ჟანრში ქალის ხმა ხმამაღლა ისმის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ალბომს გამოსვლის პირველივე დღიდან ხშირად ვუსმენ, კომპოზიციები Needy, Nesa, Need That კი ლუპზე მქონდა. ზედაპირულად ალბომი შეგვიძლია RnB, Hip-Hop ჟანრების ჟღერადობაში მოვაქციოთ, მაგრამ ბოლო კომპოზიცია Be Well პირადად ჩემთვის ნამდვილი პანკია და ლაივში ვისაც არ მოგისმენიათ ძალიან ბევრს კარგავთ.

‘’I was obviously not brave enough

Cutting lose ends, my pains and sufferings…’’

ამას მოყვა დიდუბე რექორდსის თანადამფუძნებლისა და MoonG კოლექტივის წევრის, თენგო მჟავიას a.k.a 10G$ სადებიუტო ალბომი Swoosh, რომელიც მოიცავს კოლაბორაციულ კომპოზიციებს DEENA და YOUKNOWWHO (ნიკა ფასური). საინტერესოა, რომ ალბომი უმეტესწილად ინგლისურენოვანია, თუმცა თემატიკა ისევ სოციალური რეფლექსია და ქუჩიდან წამოსული ხმაა.

ჩემი საყვარელი ტრეკია - Gazafkhuli ძალიან ლამაზი ინსტრუმენტალისა და ქართულენოვანი დასაწყისის გამო. “და გაზაფხულიიი გრუხუნით მოდიიის, მე აგისრულეე ყველაფერიი” - კომპოზიცია Tbilisi Blues-ით გადმოცემული სათქმელი ყველასთვის ძალიან ნაცნობი და მტკივნეული ქართული რეალობიდანაა,

“I told my momma that one day I make it so she don't have worries like how i get paid…

Fuck all these left and right government hoes

I know I'm better than any one of you foes

I know u suck the dick, just for the promises

I know your license plate cost more than my salary annual”

;

ლეიბლზე 2024 წელს დარელიზდა ნიკა სირაძის a.k.a Ko-x- სადებიუტო ალბომი 36TheDeepRest. ალბომი 8 კომპოზიციისაგან შედგება და ქრონომეტრაჟით 20 წუთია.ლირიკა პირადი განცდებისა და ინტიმური, ტაბუირებულ თემების შესახებ მოგვითხრობს, რაც მუსიკალურად მელოდიური ტრეპის ხასიათს ატარებს.

;

თავდაპირველად ჩემი ყურადღება ქავერ არტმა მიიქცია. თითქოს ძალიან ნაცნობი გარემო, ძველი თბილისის მაღალჭერიანი ნათელი ოთახი.ცენტრში თავად ნიკა ზის და სახეზე ნათება აქვს მოფენილი. მარჯვნივ მთელს კედელზე გაყოლებული,საბჭოთა წიგნებით სავსე თარო, მარცხნივ ანგელოზის დიდი ნახატი, რომლის ქვეშაც ბებიამისია, უკან ფონზე კი მისი უმცროსი ძმა. ყველაფერი ერთიანობაში ძალიან იკონურია. ფავორიტი კომპოზიციები: Sprite, Bands, I/Me.

მიუხედავად იმისა, რომ Didube Records-ის რილიზები ძირითადად ტრეპისა და ჰიპ-ჰოპ ჟღერადობს მოიცავს, ისინი თავს არ იზღუდავენ და ისმის ელექტრონული, ექსპერიმენტული და პანკ ჟღერადობებიც.

შემდეგი რელიზი, რომელიც დიდუბე რექორდსზე სულ მალე გამოიცემა მულტი-ინსტრუმენტალისტ Mishvardi-ს ეკუთვნის. ალბომი სახელად - "12 პანაშვიდი", ექსპერიმენტული ქართული პანკ ჟღერადობისაა და არტისტის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ ტრეკებს აერთიანებს.

ასევე მზადების პროცესშია დიდუბეს სხვა წევრების, DEATHCAT, noki და Nakasha-ს ალბომები, რომლებიც მალე იხილავენ დღის სინათლეს.

''სინაღდე, ზრუნვა ერთმანეთზე. FAM, BLOOD; პირადი არის პოლიტიკური; შენი კარიდან იწყება ცვლილება; local is global; სადაც ჭამ არ ჯვამ; ერთობლივი შრომა; ერთმანეთის გატანა; ოჯახი ხრამია; ხედვა პრივილეგიის და მოდის მიღმა; იდენტური თანასწორობა; სითამამე სახელოვნებო ფორმებში, ორიენტირება ფუნდამენტურის შენებაზე და არა იაფფასიან მიმზველობასთან; გულწრფელობა. დამოუკიდებლობა; თვითგანათლება. თვითგამორკვევა თვითმყოფადობა; არ ვიყოთ დამოკიდებულები ბაბლებზე შემოქმედებითი თვალსაზრისით.''

24 მაისს, Open Air ფესტივალის გახსნის დღეს, დიდუბე რექორდსის მოსმენას Open Frequencies ფარგლებში შეძლებთ, სადაც Didube Records შოუქეისი ჩატარდება. სადაც ლეიბლის 7 არტისტი წარდგება ლაივ აქტით და სელექციური სეტებით. ასევე შესაძლებელი იქნება ლეიბლის მერჩის შეძენაც.

ქავერფოტო - გიორგი ყოლბაია

ფოტოები - ლიზა ნაყოფია


მსგავსი ბლოგები