On The Road
ავტორი: დავით ჟორჟოლაძე >>
5 მაისი, 2020 >>
10 წუთის წასაკითხი >>
1 ნახვა
არ ვიცი, ეს კოვიდ პანდემიით შეცვლილი ცხოვრების წესით შეზღუდული კონტაქტების ფონზე, ახალი, თუნდაც ვირტუალური ნაცნობობით, თუ ახალი კარგი ადამიანების და მუსიკოსების გაცნობით გამოწვეული კმაყოფილებაა, მაგრამ უკვე მეორე ვირტუალურ ინტერვიუს საოცრად პოზიტიური ემოციით ვასრულებ.
ჯგუფისთვის On The Road აქამდეც მქონდა თვალი მოკრული, თუმცა არ ჩავძიებივარ ახალბედა მუსიკოსების შემოქმედებას. ამის შესაძლებლობა და, ვიტყოდი, გარდაუვალი შესაძლებლობა, ახლა მომეცა.
თავიდან (როგორც სხვა დროს) დავიწყე ინტერნეტის რესურსის გამოყენებით არსებული ინფორმაციული სიცარიელების შევსება. იუთუბის არხზე გაბნეულ კუსტარულ ლაივ თუ სტუდიურმა ჩანაწერმა პოზიტიური განწყობა გამიჩინეს ჯგუფის მიმართ.
ხუთი წლის წინანდელ ლაივ ჩანაწერებში, იმ ხანად სოლო შემსრულებელი, ჯგუფის ვოკალისტი და სონგრაითერი, ლადო გიგაია, საშემსრულებლო სტილის ძებნაში კრის კორნელისეული ვოკალითაც „ჩანს“ (Couse) და ხმაურიანი პუბლიკის გადაფარვას ამაოდ ცდილობს ლირიული ვოკალით.
ამ კონკრეტულ კონცერტს, მოგვიანებით, ინტერვიუში იხსენებს:
პირველი კონცერტი ძალიან კარგად მახსოვს.,კლუბი ბუნკერი , ძალიან ბევრი ხალხი იყო... ვუკრავთ მე და ავთო... არავინ არ გვისმენს... და გავჩერდი.
ავთომ შემომხედა, განაგრძეო... მეც ბრაზიანად განვაგრძე
ტელეფონის კუსტარულ ჩანაწერებში დევენდრა ბანჰარის, დემიენ რაისის თუ სუფიან სტივენსის (როგორც თვითონ ამბობს, „ერთი გიტარით რო ტიპები მღერიან“) ინდი, ფოლკ-როკ სტილის და შემოქმედების მიმართ ინტერესის მიღმა, ლადოს, როგორც სოლოისტის შთამბეჭდავ გამომსახველობას ვხედავ, ალბათ იმიტომ, რომ აქ ის მარტოა, მთელ „პასუხისმგებლობას“ საკუთარ თავზე იღებს. ის სიმღერებიც, რომლებიც შემდეგ უკვე ჯგუფთან ერთად აჟღერდა, ასე, მხოლოდ გიტარის თანხლებით იმდენად სხვა ხასიათს ატარებს, რომ სტილისტურადაც „სხვაგანაა“.
არც ვიცი, გაგიკვირდეთ თუ არა, რომ ამ სიმღერების ავტორს 12-13 წლამდე ფეხბურთელობა უნდოდა.
არა, მუსიკოსობაც კი მინდოდა, მაგრამ კომპლექსების გამო მერიდებოდა ამის გამჟღავნება. მერე „ლენინგრადის გიტარა“ მაჩუქეს და ცოტა-ცოტა დაკვრა დავიწყე... გიტარისტობა არ გამომდიოდა, მეცადინეობა უნდოდა და სიმღერების წერა გადავწყვიტე. (ლადო)
შემდეგ ლადო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა - აუდიო ინჟინერიის და ელექტრონული კომპოზიციის ფაკულტეტი ის საშუალება აღმოჩნდა, მუსიკასთანაც ახლოს ყოფილიყავი და თან „სოლფეჯიოც არ გესწავლა“. „გზის“ დასაწყისიც აქაა. ლადოსთან ჯგუფში ირიცხება ავთო ირემაშვილი (ვოკალი, გიტარა).
თავიდან არც ყოფილა ჯგუფის შექმნის იდეა, უბრალოდ გავიცანით ერთმანეთი, დავახლოვდით, ლადოს სიმღერები მოვისმინე და ასე დავიწყეთ ერთად დაკვრა...
მანამდე კი ვუკრავდი გიტარაზე (კლასიკური გიტარა), მაგრამ რაიმე განსაკუთრებულს ამისგან არ ველოდი. არც მიფიქრია, რო ოდესმე სიმღერას დავწერდი... (ავთო)
Heal Yourself ჰქვია სიმღერას, რომელიც ერთად დაწერილი პირველი სიმღერაა და ახლა ალბომშიც შევიტანეთ. იმ დროიდან დავირქვით ეს სახელიც, On The Road, რომლის მიღმაც არც არანაირი შთაგონება არ იმალება.
დუეტს დროდადრო საქსოფონისტი თორნიკე ლომსაძე ემატებოდა და თბილისის ბარებში და კაფეებში ასე აცნობდნენ საკუთარ შემოქმედებას მსმენელს. ბას გიტარაც დაიმატეს, დრამიც, მაგრამ ასეთმა მკვეთრად ჯაზურმა ჟღერადობამ მაინდამაინც კმაყოფილები ვერ დატოვა და შემადგენლობის გადახალისება გადაწყვიტეს. იცოდნენ, რომ მათი ჯგუფელი გიგი კობერიძე დასარტყამზე უკრავდა და...
დასარტყამზე ვუკრავ 12 წლიდან. მუსიკის მიმართ ინტერესი მეგობრებმა განმივითარეს... შეიძლება ითქვას, რო მე არ ვუსმენდი მანამდე, სმენა და რითმის გრძნობა კი მქონდა. მინდოდა გიტარაზე დაკვრა, როგორც ჩემს მეგობრებს... მერე ერთხელ სარეპეტიციოში მოვხდით და აღმოვჩნდი დრამთან... და „იქ“ დავრჩი :)
პირველი სიმღერაც ასეთი ტრიოს შეამდგენლობით კონსერვატორიის სტუდიაში ჩაწერეს Cold Fireplace.
შემდეგ ბასზე დაიმატეს ბექა ჩხარტიშვილი, რომელიც, როგორც ავთო, კლასიკური გიტარით იწყებდა და „მეტალ“ გამოცდილებაც აქვს.
ამის შემდეგ კონსერვატორიში ერთ-ერთ სასწავლო პროექტში გადაიკვეთნენ თორნიკე ჯაფიაშვილთან (კლავიშებიანი ინსტრუმენტები), რომელიც კომპოზიციის ფაკულტეტზე სწავლობდა. პროექტი ვერ შედგა, თუმცა ჯგუფს ახალი წევრი შეემატა. თორნიკე ჩემთვის და ვფიქრობ თქვენთვისაც კარგად ნაცნობია მისი სხვა სოლოისტ არტისტებთან მუშაობით (ბაჩო ჯიქიძე, ლექსო რატიანი... ჯგუფი „არა“).იყო კიდევ ერთი წევრი, კიდევ ერთი ქიბორდისტი დათა წერეთელი.
ჩვენს ურთიერთობას საფუძვლად უფრო ჩვენი მეგობრობა უდევს და არა მუსიკა. უბრალოდ ეს სიახლოვე მუსიკის კეთებაში გვეხმარება. (ავთო)
შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის წინ, მოხდა კიდევ ერთ საინტერესო და ღვაწლმოსილ მუსიკოსთან, გამომცემელ გია ქარჩხაძესთან (Soft Eject), გადაკვეთა არამუსიკალური პროექტის ფარგლებში. ბიჭების მუსიკალურობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გია დაინტერესდა თანამშრომლობით. და, აი, შედეგად მინი ალბომი Hundred Homes ლეიბლზე OneSmallStep Production გამოდის. (მეც ამ სიახლის თქვენთვის უწყება მინდოდა).
ეს ჩანაწერი რომ არსებობს, გიას დიდი დამსახურებაა და დიდი მადლობა მას და ალბომის ხმის ინჟინერს, ლაშა უგულავას. (ლადო)
მინი ალბომში ექვსი სიმღერა შევიდა.
მთელი ალბომის მანძილზე ჯგუფის წევრები, მათი ახალგაზრდა ასაკის გათვალისწინებით, გასაკვირად დახვეწილ საშემსრულებლო ტექნიკას ავლენენ. გამართული არანჟირება ლადოს და ავთოს ვოკალური დუეტისთვის ორგანულ ბექგრაუნდს ქმნის.
მთლიანობაში Hundred Homes ასეთი სტილისტური კუთვნილებისაა - ჯაზური ელფერის ინდი-როკი, ფიუჟენის (Heal Yourself) თუ პროგრესივ როკის (Late Night) პასაჟებით (ამ უკანასკნელში მოწვეული მუსიკოსის ლექსო რატიანის საგიტარო სოლოს წყალობით) და თავისუფლების საოცარი განცდით.
ეს მინი ალბომი, რომელიც რვა ივნისიდან ხელმისაწვდომია თითქმის ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე, ერთგვარი შეჯამებაა, აქამდე შექმნილი და ნამღერი სიმღერებისგან განთავისუფლება (მათდამი დიდი სიყვარულის და მადლიერების გრძნობით), გზის გასაგრძელებლად. თუმცა ახალი ჟღერადობა ჯერ არ აქვთ შერჩეული, სურვილი კი აქვთ აქამდე გაკეთბულისგან განსხვავებულის შექმნის.
შინაარსობრივად რაღაც იდეოლოგიური ბენდი არ ვართ, ერთი სათქმელი რომ გვქონდეს და იმას მივყვებოდეთ... წერის პროცესი ასეთია... იმპრესიონისტები როგორც ხატავდნენ - ახლა ამას ვგრძნობ, ვფიქრობ, ამას დავწერ, ამაზე იქნება სიმღერა... (ლადო)
დავამატებდი, რომ ეს რომანტიული ლირიკით სიმღერებია, ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე.
- რამდენად ხედავთ იმის პერსპექტივას, რომ იმ საქმით იარსებოთ, რომელშიც მთელ ენერგიას დებთ?
- ჩვენ პესიმისტები გვეთქმის... მაგრამ თორმეტი წლისა რო ხარ და გლასტონბერიზე ფიქრობ... ეს ფიქრი სანამ არ შეწყდება, ამის იმედიც იქნება და შანსიც, რო იქ დაუკრა.
მანამდე კი, უახლოეს მომავალში, ელოდეთ ლაივ კონცერტს ჯგუფისგან Leno Sessions-ზე.