მუსიკა გარემოდან | ნაწილი 1

ავტორი: ქუჯი დავითულიანი

11 ნოემბერი, 2019

10 წუთის წასაკითხი

12 ნახვა

„ეს არ იყო მუსიკა გარემო-დან, არამედ ეს იყო მუსიკა გარემოსთვის"

ასე შეფასდა ბრაიან ინოს 1978 წელს გამოცემული საკულტო ალბომი Ambient 1: Music for Airports , ამ კრებულის გამოსვლამ ალბათ სამუდამოდ შეცვალა ემბიენთ მუსიკის ისტორია, ეს გარდამტეხი მომენტი პირობითად ორად ყოფს ამ მიმდინარეობის აღქმასა და განვითარებაზე არსებულ შეხედულებებს.

მსმენელთა უდიდეს ნაწილში ემბიენთის ისტორიის სიმბოლურ საწყისად სწორედ ეს თარიღი და მოვლენა აღიქმება, თუმცა ამ მომენტამდე 25 წლით ადრე 1952 წლის 29 აგვისტოს ვუდსტოკში, ნიუ იორკში, შედგა პრემიერა ჯონ კეიჯის ლეგენდად ქცეული კომპოზიციისა სახელწოდებით 4 წუთი და 33 წამი. მისი პირველი პერფორმანსისას ფორტეპიანოსთან იჯდა ჯონ კეიჯის მეგობარი და ცნობილი პიანისტი დეივიდ ტუდორი, სწორედ მას ხვდა წილად პატივი პირველად შეესრულებინა სამყაროსთვის ეს უდიდესი ნაწარმოები. დარბაზი, სადაც ამ კომპოზიციის პრემიერა შედგა იყო ამფითეატრი, ნახევრად ღია სივრცე, სადაც მაყურებლები ისხდნენ ფაქტიურად ტყეში და ნაწარმოების მოსმენა გარემოში გაფანტულ უამრავ ხმასთან ერთად უწევდათ.

დეივიდ ტუდორი გამოვიდა სცენაზე, მიესალმა მაყურებელს, დაჯდა ფორტეპაინოსთან, ახადა ინსტრუმენტს სახურავი, დაინიშნა საათი და გაჩერდა… რამდენიმე ათეული წამის გასვლის შემდეგ მსმენელებში ხმადაბალი ჩურჩული დაიწყო, შემდეგ უკვე შეძახილები , სიცილი და ბოლოს ხმამაღალი ლანძღვა და კრიტიკა. ამასთან ერთად ჟღერდა ქარის და ფოთლების შრიალი , ჩიტების სტვენა , ტოტების მტვრევის ხმა და ტყისთვის დამახასიათებელი ყველა სხვა ხმოვანება. მიუხედავად მსმენელთა არაერთგვაროვანი და ნაწილობრივ შემაწუხებელი რეაქციისა შემსრულებელი არ განძრეულა.

4 წუთი და 33 წამის გასვლის შემდეგ ადგა მსმენელს თავი დაუკრა და სცენა დატოვა. ნამუშევარი პირობითად სამი ნაწილისგან შედგება 30 წამი, 2.23 წამი და 1.40 წამი. თუმცა, როგორც კეიჯი ამბობს, დროს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს და ეს პროცესი დღის ნებისმიერ მონაკვეთში ნებისმიერი ხანგრძლივიბით, ნებისმიერ გარემოში შეგვიძლია შევასრულოთ, ამ შედევრის ერთერთი უნიკალურობა სწორედ ეს არის.

მთავარი წერტილი კი ამ პირობითი დროის განმავლობაში გარემოში არსებულ ხმათათვის ყურის დაგდების მცდელობაა (განურჩევლად მისი წარმოშობისა , იქნება ეს მატარებლის ხმა , ადამიანთა ქაოტური საუბრები და ლანძღვა გინება თუ მდინარის დინების ხმოვანება), ამ კონცენტრაციისას ჩვენ აღმოვაჩენთ ერთი შეხედვით დაფარულ ხმებს და მათ მრავალფეროვან ბუნებას, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით არიან მაგრამ მათ განსაკუთრებულობას ყურადღებას არ ვაქცევთ.

ნაწარმოებში მკაფიოდაა გამოხატული კომპოზიტორი და შემსრულებელი როგორც მსმენელი. რა თქმა უნდა, ამ კომპოზიციას ახასიათებს ჩვენთვის უკვე ნაცნობის ალეატორიკული გავლენები, თუმცა ამ ბლოგში მის ემბიენტურ ბუნებაზე ვსაუბრობ .

კომპოზიციას სხვა და სხვა ზედმეტსახელებით მოიხსენიებენ ხოლმე, ამათგან ყველაზე გავრცელებული სახელი “სიჩუმის სონატაა”, რომელიც მის რეალურ ფუნქციას არ ასახავს და ერთგვარ არასწორი შეხედულების სტერეოტიპად ქცევას უწყობს ხელს. გარდა ამისა, მის გარშემო უამრავი მითი თუ ლეგენდა ტრიალებს, რომელიც მისი, როგორც ნაწარმოების შექმნის, აღქმისა თუ მიზნის შესახებ ბუნდოვან წარმოდგენებს ქმნის…

ეს ნაწარმოები იდეის სახით წლები ტრიალებდა კომპოზიტორის გონებაში, თუმცა, კეიჯის თქმით, ის დიდხანს ფიქრობდა ამ კომპოზიციის ფორმაზე. გარდამტეხი მომენტი ნამუშევრის იდეის სისრულეში მოყვანისთვის 1951 წელს დადგა.

1951 წლის მაისში ახალგაზრდა სკულპტორმა და მხატვარმა რობერტ რაუშენბერგმა ბეტი პერსონსის გალერეაში ( Betty Parsons Gallery ) ნიუ იორკში წარმოადგინა მისი პირველი სრულყოფილი პერსონალური გამოფენა , სწორედ აქ მოხდა კეიჯის და რობერტის პირველი შეხვედრა , კეიჯს მოეწონა ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრები და შეხედულებები , აქვე გაიცნო მისი ნამუშევრების სერია White Paintings.

ომის შემდეგომი პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონცეფციის მქონე ნამუშევარი, რომელიც თეთრი პანელებისგან შემდგარი ფერწერული ტილო გახლდათ. არსებობს მისი 5 ვერსია, რომლებიც პანელების რაოდენობითა და ზომით განსხვავდება ერთმანეთისგან (1,2,3,4, და 7 პანელიანი ვერსიები). ტექნიკური თვალსაზრისით, ამ ნამუშევრის ხიბლი მისი და გარემოს ურთიერთქმედებაა.

განსხვავებული განათების პირობებში, სხვადასხვა ლოკაციებზე, დამთვალიერებლის ცვალებადი რაოდენობის პირობებში მას განსხვავებული არეკვლითი შესაძლებლობები აქვს. სწორი განათებით მასზე დამთვალიერებლების ჩრდილები და სინათლის ფერები ცვალებად მოვლენებად აისახება. კონცეფციური თვალსაზრისით კი ნამუშევრის სითეთრე წარმოადგენს სიმბოლოს ადამიანის მიერ ხელშეუხებელი სახელოვნებო ნაწარმოებისა, რომელიც გაჩნდა ჩამოყალიბებული ფორმით და აბსოლუტურად წმინდა.

ეს ნაწარმოები 50 იან წლებში იქცა მინიმალიზმის ერთგვარ ხატად. ავტორმა დაუშვა, რომ ამ “სუფთა ფურცელზე” შეეძლო ნებისმიერ მსურველს შეექმნა ან წარმოედგინა სასურველი კომპოზიცია, ნებისმიერ გარემოს მოეხდინა მასზე განუმეორებელი ზემოქმედება, ეს იყო შესაძლებლობა ყველა დამთვალიერებლისთვის, გამხდარიყო შემქმნელი სუფთა ფურცლის წინ გალერეაში, თუმცა რაუშენბერგმა ეს მოცემულობა მხოლოდ დამთვალიერებლისთვის არ შექმნა, მან უფლება მისცა მის მეგობრებსა და მის სტუდიაში მომუშავე ხელოვანებს, სხვადასხვა დროს შეექმნათ ამ ნამუშევრის “რევორქები”.

Darryl Pottorf ,Hisachika Takahashi, David Prentice ,Cy Twombly , Brice Marden, ეს მათი არასრული ჩამონათვალია. აღსანიშნავია რომ თავად ავტორმაც გამოიყენა რამდენჯერმე ორიგინალი ტილო ახალი ნაწარმოების შესაქმნელად.

მუდმივად ახალი სიცოცხლის ძიების კონცეფციამ ეს ნამუშევარი კიდევ უფრო უნიკალური გახადა და მისი შესაძლებლობების უსაზღვროება კიდევ უფრო თვალნათლად გამოჩნდა.

1952 წელს ეს ნამუშევარი ჯონ კეიჯმა გამოიყენა თავის პირველ მასშტაბურ კოლაბორაციულ მულტიმედია პერფორმანსში.

ივენთი მოიცავდა პოეზიას, მუსიკას, ცეკვას, კინოს, ფოტოგრაფიას და რობერტ რაუშენბერგის თეთრ ტილოებს (ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო4 პანელი). მოგვიანებით კეიჯმა თქვა, რომ ეს იყო დიდი ინსპირაცია 4.33 ის საბოლოო ფორმის მისაცემად.

ჯონ კეიჯი აღფრთოვანებული იყო, თუ როგორ იცვლებოდა რაუშენბერგის ნაწარმოები მისი გარემოს მიხედვით და როგორ იყო ის მუდმივად განსხვავებული… შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4.33 ერთგვარი მუსიკალური რევორქია რობერტ რაუშენბერგის თეთრი ტილოების.

ორივე ნამუშევარში გარემო მთავარი მოქმედია პირია. ეს მუსიკა თუ მხატვრული ტილო სწორედ გარემოდანაა ნაწარმოები და მასთან ერთად იცვლება. ალეატორიკული გავლენის გარდა, რომელსაც წინა ბლოგებში შევეხეთ, სახეზეა ერთ-ერთი პირველი მცდელობა გარემოს, როგორც მთავარი აუდიო წყაროს, რეალურ დროში პერფორმირებისა.

ემბიენთ მუსიკის საწყისები სწორედ ამ პრინციპზე დგას - გარემოში (ხშირად კი სწორედ ბუნებაში) არსებული აუდიო მოვლენების ჩართულობა მუსიკაში... გარემოს, როგორც ხელთუქმნელი და უკონტროლო ხმოვანების მეტი მონაწიელობა მუსიკალურ პროცესში.

ემბიენთ მუსიკის განვითარების პირველი წლებში მთავარი აქცენტი გარემოს ხმების კომპოზიციაში ასახვას ემსახურებოდა...

დახუჭეთ თვალი , შეწყვიტეთ ყველა საქმის კეთება და ფიქრი , მოახდინეთ სმენითი კონცენტრაცია თქვენს გარშემო არსებულ ხმოვანებებზე და მოუსმინეთ მას როგორც ახლად აღმოჩენილ , პირველად გაგონილ , განუმეორებელ , უნიკალურ ხმას…

ჯონ კეიჯმა ერთხელ თქვა:

“მუსიკა არც იწყება და არც მთავრდება, ის მუდმივია, უბრალოდ ჩვენ ხანდახან მივაპყრობთ ან განვაპყრობთ ხოლმე მისგან ყურს".

მსგავსი ბლოგები