Lua

ავტორი: დავით ჟორჟოლაძე

12 დეკემბერი, 2019

10 წუთის წასაკითხი

13 ნახვა

“როგორც ბებო მიყვება, წლის და სამი თვის ვიყავი... ენა არც მქონია ჯერ ადგმული. იმ ზაფხულს წყნეთში ვატარებდით. ერთ ღამესაც აივანზე გავუყვანივარ და მუხლებზე დავუსვივარ. თურმე ბებოს თავი ცისკენ ავაწევინე და თან გავიძახოდი: მთვალეო, მთვალეო.”

დღეს, იმ ზაფხულის დღიდან ოციოდე წლის შემდეგ, ეს პატარა მუსიკოსი გოგო ჩემ პირდაპირ კენკრის ჩაის სვამს და მიყვება, როგორ ხედავს გლასტონბერის ფესტივალის სცენაზე საკუთარ თავს, უკან დიდი მანათობელი წარწერით - LUA (პორტუგალიურად მთვარე).

სანამ ფოტომოყვარული თინეიჯერი ქეთათო ნერგაძე, წვეულებებზე ფოტო გადაღებებით გამომუშავებული ფულით პირველ გიტარას იყიდდა, თოთხმეტი წლიდან საკუთარ მუსიკას “საბურთალოს სახლში” “დანჯღრეულ” პიანინოზე თხზავდა.

დღეს ახალგაზრდა სიმღერების ავტორი, უკვე საკმაო გამოცდილებით, სიმღერის წერისას თანმხლებ ამ ორ ინსტრუმენტს შორის სხვობაზეც საუბრობს:

"ფორტეპიანოს ისეთი მიმართულებებისკენ მივყავარ, რომლებისკენაც გიტარას ვერ გამიყვანდა. ზოგადად კომპოზიციის ხასიათზე ინსტრუმენტის ბუნება და ჟღერადობა დიდ გავლენას ახდენს."

სახლში განსაკუთრებული მუსიკალური გარემო არ ყოფილა - მამა “ქუინს” უსმენდა, უფროსი ძმა “როკებს”. მაგრამ იყო და არის ბებიის ძმა, ჯემალი ბაბუ ზესტაფონიდან - მხატვარი, მწერალი და კომპოზიტორი, რომელიც ამჟამად თავს სასაფლაოს ქვებზე ხატვით ირჩენს. ამ ხელოვან ადამიანს თვალს მოკრავთ ლუას კლიპში Alive (2018 წლის სექტემბერი).


ჯემალი ბაბუსთან როცა ვახერხებ ჩავდივარ ხოლმე ოთხლარიანი მატარებლით... მატარებლით მგზავრობასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს...ჯემალი ბაბუსგან მე მუსიკალური ნიჭი მერგო და ჩემს ძმას - ხატვის.

-შენ არ ხატავ?

არა...

- არ უშვებ, რომ ერთ დღესაც დახატავ?

შესაძლებელია, მაგრამ ახლა ამის პოტენციალს ჩემში ვერ ვხედავ... ახლა სრულად მუსიკით ვარ დაკავებული. საყვარელი ფოტოგრაფიაც კი მივატოვე.

პირველი ჩანაწერი, რომლითაც ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარდა დანარჩენ სამყაროსაც ეუწყა ლუას მუსიკოსობის შესახებ, ორიოდე წლის წინ კონსერვატორიაში შეძენილ მეგობრებთნ ერთად ჩაწერილი სიმღერა I’ll Be Loving You იყო.


არ ვაპირებდი სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარებას, რადგან ვფიქრობ სკოლაც და უნივერსიტეტიც დროის და ფულის კარგვაა. აქ მშობლებს უნდათ, რომ მათ შვილს დიპლომი ჰქონდეს. ხოდა მეც მათი ხათრით ჩავაბარე კონსერვატორიაში მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. უნდა ვაღიარო, რომ ეს ნაბიჯი ბევრ რამეში დამეხმარა.

კონსერვატორიაში სწავლისას კომპოზიციის ლექტორისგან შეიტყო, რომ თურმე მის “მუსიკალურ ნაწარმოებებს” დახვეწილი სტრუქტურა აქვს. აი, უსმენ თუნდაც Beautiful Start of Something Beautiful (2018 წლის ივლისი) და ძნელია, არ დაეთანხმო ქეთათოს ლექტორს.

ლუას სიმღერების ძლიერი მხარეა არანჟირების სისადავე; ის, რომ არაფერი ზედმეტი არ “გეჩხირება” ყურში და ამ არანჟირების ნაწილი, მცირე გუნდური, გოსპელური თანხლება; ნათქვამს ყველაზე მეტად ადასტურებს სიმღერა Love (2018 წლის დეკემბერი).

- ერთერთი შენი სიმღერის ქვემოთ წავიკითხე მსმენელის კომენტარი “გოგო ბობ დილანი...”

ვფიქრობ ბობ დილანის, ნილ იანგის, როდრიგეზის და ტედ ლუკასის გავლენა რამდენიმე სიმღერაში ჩანს. ეს იმიტომ რომ მათ ხშირად ვუსმენ და იმის აღიარებაც არ მიჭირს, რომ დიდი ხელოვანების შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ჩემი მოსმენისას ბევრ ადამიანს პირველი ასოციაცია ქეთი მელუაზე ან ნორა ჯონსზე უჩნდებათ, რაც სიმართლე გითხრათ ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მე ისინი არ მომწონს, უბრალოდ ეს შედარება ჩემ ინდივიდუალურობას მიკარგავს.

საქართველოში არაორთოდოქსული ქრისტიანული რადიოსადგური რომ არსებობდეს, თუ თავად ვერ მიაგნებდნენ, მე რეკომენდაციას მივცემდი, ლუას სიმღერები შეეტანათ პლეილისტში.

- შენი ტექსტები უფრო “ამერიკულია”..

კი.. მარტივი ტექსტები მაქვს და ალბათ ამიტომ

- ქართულად არ გიცდია?

კი, მაქვს ერთი სიმღერა...

ლუას სიმღერების ტექსტებს ახასიათებს ამბის თხრობის საოცარი სიმსუბუქე, რაც, თავის მხრივ და ზოგადადაც დამახასიათებელია ფოლკ მუსიკისთვის. (ამ ახალგაზრდა არტისტის მუსიკის სტილისტურ კუთვნილებაზე სტერეოტიპული აზრის ასარიდებლად, სხვა ჟანრს აღარ ვახსენებ. მითუმეტეს, ის თავად მარწმუნებს, ჯერჯერობით ხელშესახები მაგალითების გარეშე, რომ ჰიპ-ჰოპის ჟანრშიც აქვს ექსპერიმენტები და კლასიკური ნაწარმოებიც შეუქმნია).

ტექსტებში, მისი ასაკისდამიუხედავად, მარტივ ფილოსოფიურ აქსიომებს აყალიბებს; მაგალითად:

“When you leave this place

You will even have what you have today”

რამდენიმე, უბრალო სიტყვით ახერხებს გაგიცოცხლოს წარმოსახვა “...(See) the lambs eating the grass...” სიმღერაში My Land (2018 წლის აპრილი); ცდილობს მომდევნო სურათიც ასეთივე სიმარტივით დაგანახოს, დაგაფიქროს და საბოლოოდ “შემოგაპაროს” ასევე მარტივი ჭეშმარიტება. 


"ეს სიმღერა ორი დუბლით ჩავწერეთ და გადავიღეთ. ძალიან მინდოდა ისეთ იაფფასიან მატარებლის ვაგონში ჩაგვეწერა, როგორითაც ჯემალი ბაბუსთან ჩავდივარ ხოლმე. თვითონ სიმღერაც ხომ ზესტაფონიდან მომავალ ლარიან მატარებელში დავწერე... დავურეკე სატრანსპორტო კომპანიის მაღალჩინოსანს... ვუთხარი, რომ კონსერვატორიის სტუდენტი ვარ და საკურსო ნამუშევრისთვის მჭირდებოდა... არ მეგონა ასე იოლად თუ შევაღწევდით დეპოს ტერიტორიაზე და ასე ორ დუბლში ჩავწერდით."

ლიანდაგებზე მოძრავი მატარებლის მწყობრი რითმი ლუასთვის ბუნებრივი ყოველდღიურობაა. მისთვის მეტრო ძირითადი ტრანსპორტია და ღრმაღელეში ბებიის სახლიდან თუ სახლისკენ (სადაც ლუა ამჟამად ცხოვრობს) მიმავალს საქალაქთაშორისო მატარებელიც ხშირად უღვიძებენ გამგზავრების სურვილს და ფერად “მიზნების წიგნში” (რომელიც შორიდან “გამაცნო”), სხვა ყველაფერთან ერთად, ინიშნავს, ალბათ, ქალაქებს, რომელთაც მომავალში ესტუმრება კონცერტებით.

ახლო მომავლის გეგმებიდან ამ წიგნაკში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საკონცერტო პროგრამის მომზადება Just Quartet-თან ერთად.


"სიმებთან დაკვრა მიზნად მქონდა დასახული, რადგან ჩემი გონება ყველა მელოდიას თავისდაუნებურად აორკესტრებს. ერთ დღეს გადავწყვიტე მეპოვა კვარტეტი რომელიც შეასრულებდა ჩემ სიმღერებს, თუმცა ყველა ანაზღაურებას ითხოვდა. მე კი მათთვის ჰონორარის შეთავაზება არ შემეძლო. როცა იმედები გადამეწურა მოულოდნელად JustQuartet-ის მევიოლინე ანუკი ჯაჯანიძემ მომწერა. JustQuartet უბრალოდ ენთუზიაზმით გამომყვა და შედგა საოცარი კავშირი. მათი პარტიები თავად დავწერე და შემიძლია ვთქვა, რომ გრძნობა, როცა შენ ქმნი სხვა კი ასრულებს, ერთერთი საუკეთესოა. JustQuartet-მა ზუსტად იგრძნო ის ხასიათი რაც მე მაქვს. ეს კი კოლაბორაციის დროს აუცილებელი და იშვიათია. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ მომავალში მეტი შევთავაზოთ ჩვენ მსმენელს და ამაზე ახლა ვმუშაობთ."


მუშაობა დაწყებულია და თანამშრომლობის უკვე არსებული გამოცდილება, რასაც შეემატა გაზაფხულზე ჩაწერილი Beautiful Start of Something Beautiful, იძლევა ოპტიმისტური პროგნოზის საბაბს.

P.S

-როგორ ფიქრობ, იესო ჩაგისვამდა თავისთან მანქანაში, ის რომ ტაქსის მძღოლი ყოფილიყო?... (“If Jesus was a driver, would he let you in his car?” სიმღერიდან Sun Shines For All Of Us).

კი... ის ყველას ჩაისვამდა და აზრიც ამაშია. ეს ჩვენ, ადამიანებს, გვიჭირს სწორად დანახვა და გაგება...



მსგავსი ბლოგები