გია ყანჩელი. ფრაგმენტები
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი >>
2 ოქტომბერი, 2019 >>
8 წუთის წასაკითხი >>
9 ნახვა
„არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკალურ ოჯახში იბადებიან. მამაჩემი ექიმი იყო, დედა - დიასახლისი. ექვსი წლის ვიყავი, როცა მამა, ოჯახის მარჩენალი, ომში გაიწვიეს და ჩვენ მარტონი დავრჩით. ძალიან გვიჭირდა და ცხადია, არავინ ზრუნავდა იმაზე, რომ მუსიკა მომესმინა. ერთადერთი სერიოზული მცდელობა - რომ პატარა ბიჭი დიდი ხელოვნებისთვის ეზიარებინა - მეზობელ ქალს ჰქონდა. ერთხელ ამ უაღრესად ინტელიგენტმა ქალბატონმა შეგვკრიბა ქუჩის ბავშვები, მთელი დღეების განმავლობაში ეზოში ბურთს რომ დავდევდით, და ოპერაში „ევგენი ონეგინზე“ წაგვიყვანა...
ოპერის თეატრიდან შინ რომ ვბრუნდებოდით, საწყალ ქალს ტროლეიბუსი დაეჯახა. დამამახსოვრდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ენით აუწერელი შიში მეზობელი ქალის გამო და დუელის სცენა „ონეგინიდან“.
„ჩემს მეგობრებს მუსიკა „არამამაკაცურ“ საქმედ მიაჩნდათ და ამიტომ დიდხანს ვუმალავდი ხოლმე ჩემი ცხოვრების ამ მხარეს, ხანდახან გაკვეთილებსაც ვაცდენდი და ყველაფერს ვაკეთებდი, ბიჭებს სანოტო ჩანთით რომ არსად დავენახე. ერთხელ მეგობართან მივდიოდი, ჩემი სანოტო ჩანთა ორად გავკეცე და გზად საწვიმარ მილში შევტენე. ჩემდა საუბედუროდ, გაწვიმდა და ჩანთა ისე დასველდა, ჩვარს დაემსგავსა. ასეთ მდგომარეობაში ის ჩემი მეგობრის დამ იპოვა და დღიურზე წაწერილი გვარით მიხვდა, რომ ჩემი იყო... ასე გახსნეს ჩემი საიდუმლო მეგობრებმა და მათი აზრით, ერთი საშინლად შეურაცხმყოფელი მეტსახელი შემარქვეს - „იოჰან სებასტიან ბახი“...
“მაღაზიებში იშვიათად შევდივარ, მაგრამ ვიცი, რომ ყველა კარგ მაღაზიაში, სადაც თანამედროვე მუსიკაც არის წარმოდგენილი, ცალკე სექციები აქვს დათმობილი იგივე შნიტკეს, პიარტს, გუბაიდულინას, არსებობს ჩემი სექციაც. მაგრამ მაღაზიებში სიარული არ მიყვარს, თანაც ისედაც უამრავ დისკს მიგზავნიან სახლში და ნეტავ, მქონდეს იმდენი დრო, რომ ყველას მოსმენა შევძლო.
ახლა, ინფარქტის მერე, ფეხით სიარული მჭირდება ხოლმე. ყველაზე მეტად სიარულს ვერ ვიტან, მაგრამ იძულებული ვარ, ექიმის მითითება შევასრულო და სუფთა ჰაერზე ვისეირნო. ამიტომ პარკამდე მივდივარ მანქანით, თან მიმაქვს ფლეერი და ვუსმენ მუსიკას. როცა მბეზრდება თანამედროვე კოლეგების მუსიკა, მალერის მეცხრე სიმფონია მიმაქვს, ანდა ბახი გლენ გულდის შესრულებით, მერე ისევ ვუბრუნდები თანამედროვე მუსიკას”.
„არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ჩემი მუსიკის შესრულებისას არასასურველია. ეს გახლავთ ხველება დარბაზში, რაც, ცხადია, ნაწარმოების აღქმას საშინლად უშლის ხელს. მახსოვს, ნიუ იორკში, ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად მქონდა პრემიერა და როცა პროგრამისთვის მცირე ზომის ტექსტის დაწერა მთხოვეს, დავწერე: „მოკრძალებით მივმართავ ნიუ იორკის ლინკოლნ ცენტრის მსმენელებს, ხმამაღლა ახველონ ხმამაღალ ადგილებში და ჩუმ ადგილებში ხვლებისგან შეძლებისდაგვარად შეიკავონ თავი“. მეგონა, ტექსტს არ დაბეჭდავდნენ, მაგრამ პროგრამა სწორედ ამ ტექსტით გამოქვეყნდა“.
„ელდართან ერთად სამონტაჟოში ვიჯექი. რაღაც არ მოსწონდა, უკმაყოფილი იყო. არადა „ცისფერი მთებისთვის“ 32 წუთიანი მელოდია დავწერე. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ფილმში მხოლოდ ის მარტივი ვალსი შევიდა, რომელიც დროის ცვალებადობას - ზაფხულს, შემოდგომას, ზამთარსა და გაზაფხულს აღწერს. ის იმდენად პოპულარული გახდა საქრთველოში, რომ შემდეგ ეს მელოდია მობილურებშიც კი აღმოჩნდა. საერთოდ, მუსიკა 50-მდე ფილმისთვის მაინც მაქვს დაწერილი. კინოში მუშაობა მეხმარებოდა ფინანსურად უზრუნველყოფილი ვყოფილიყავი და შემძლებოდა, მეტი დრო სიმფონიური ნაწარმოებისათვის დამეთმო“.
„ჩემი ყველაზე დაუძინებელი კრიტიკოსი თავად მე ვარ. ძალიან ნელა და მძიმედ ვმუშაობ, დამქანცველი შრომაა. ვიტანჯები ისე ვცდილობ გავთავისუფლდე ზემდეტი ნოტებისგან, ეპიზოდებისგან. თითქოს ჩემში რაღაც დაუოკებელი სურვილია მივაღწიო ისეთ სიმარტივეს, რომელსაც უკვე ვეღარაფერს მოვუხერხებ. ამას, მე საკუთარი თავის მიმართ უნდობლობას ვაბრალებ. მაგრამ ეს ის მეთოდია, რომელიც ცხოვრებაში ავირჩიე. როდესაც ვთვლი, რომ შევძელი შემესრულებინა დავალება და გადამებიჯებინა იმ ბარიერისთვის, რომელიც თავად აღვმართე. აი მაშინ, უკვე აღარ მაინტერესებს რას დაწერენ და როგორ მიიღებენ“.
„არასდროს ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ როგორ მიიღებენ ჩემს მუსიკას ან რამდენჯერ გამომიძახებს აუდიტორია სცენაზე. რადგან ჩემთვის, ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმ სიჩუმეს აქვს, რომელიც მელოდიის შემდეგ დარბაზში დაისადგურებს ხოლმე. 6-7 წამიც კი, ეს უკვე დიდი ჯილდოა.“
„ხშირად მეკითხებიან: „თუ ასეთი ბედნიერი ადამიანი ხართ, მაშინ რატომ წერთ ასეთ სევდიან მუსიკას?“, რასაც ყოველთვის ვპასუხობ ასე: „და რა, თქვენ გინდათ რომ უბედური კაცი ვიყო, რომელიც მხიარულ მუსიკას წერს?“.
„გიორგი დანელიასთან ხშირად ვსაუბრობ ტელეფონით. ის 87 წლის გახდა, მე მალე 83-ის ვიქნები. ის მე მეუბნება: „მე, რა თქმა უნდა შენზე ადრე წავალ, რადგან უფროსი ვარ. მაგრამ, როდესაც იქ მოხვდები, არავითარ შემთხვევაში არ წახვიდე მარცხნივ. მარჯვნივ წადი, იქ დაგელოდები“.
ამონარიდები წიგნიდან „გია ყანჩელი დიალოგებში“ და სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან.
ფოტო: ECM Records