მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა

ავტორი: გია ხადური

5 სექტემბერი, 2024

18 წუთის წასაკითხი

876 ნახვა

ტუარეგები ბერბერი ეთნოსის ნაწილია და ისინი უძველესი დროიდან გაბნეულად ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში გადაჭიმულ საჰარის უდაბნოში. უკომპრომისო ხალხია, ვერ ეგუებიან ძალად თავსმოხვეულ პოლიტიკურ თუ რელიგიური ნებას და მუდმივ ბრძოლაში არიან საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისთვის. არაბების ინტერვენციის და შესაბამისად, ჩრდილოეთ აფრიკის ისლამიზაციის შედეგად, ტუარეგებიც მუსილმები გახდნენ, მაგრამ ადათ-წესები პრინციპულად შეინარჩუნეს, ქალებმაც კი, რომლებსაც მემკვიდრეობის უფლებაც სულ ჰქონდათ, საკუთარი ქონებისაც (გათხოვილებსაც) და დამოუკიდებლობასაც მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ, სახესაც არ მალავ(დ)ნენ, სახის დამალვა უფრო კაცების ვალდებულება იყო. ტუარეგმა ქალებმა საჰარის რეგიონის ახალი მუსიკალური იდენტობის ჩამოყალიბების საქმეშიც დიდი როლი ითამაშეს (ამაზე ცოტა ქვემოთ). ტუარეგები ფრანგების უპირობო კოლონიზატორულ ბატონობასაც არ დაემორჩილნენ. პოსტკოლონიალურ ეპოქაში როდესაც „დაადგინეს“ აფრიკის ქვეყნების პოლიტიკური საზღვრები, ტუარეგები უსამშობლოები აღმოჩნდნენ და დიასპორების სახით ცხოვრობდნენ (ცხოვრობენ) ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც მოიცავს საჰარის უდაბნოს ნაწილს მაინც. ტუარეგები სოციო-კულტურულად, პოლიტიკურ-ეკონომიურად შევიწროებულები, გარიყულნი და დაუცველნი აღმოჩნდნენ, რამაც გაზარდა მათი დაძაბულობა ადგილობრივ ხელისუფლებებთან, განსაკუთრებით მალიში, რომლის ტერიტორიაზეც მათი ყველაზე დიდი დიასპორა აღმოჩნდა და სადაც მათი სახლობის მთავარი ცენტრები (კიდალა, გაო, ტიმბუქტუ) იყო. ტუარეგები ამბოხდნენ ჯერ 1970-იან, განსაკუთრებით მძაფრად კი 1990-იან წლებში. დაიწყო მათ მიმართ რეპრესიები, ამას დაემატა აუტანელი გვალვები, რის შედეგადაც, ბევრმა ტუარეგმა ალჟირს და ლიბიას შეაფარა თავი. ამ პროცესების აქტიური მონაწილენი თავიდანვე აღმოჩნდნენ Tinariwen-ის დამფუძნებლები. ისინი 1990-1995 წლებში, იარაღით ხელშიც იბრძოდნენ მალის ხელისუფლების წინააღმდეგ. შესაბამისად მათი ხვედრი, როგორც ყოფითი, ისე შემოქმედებითი, უშუალოდაა გადაჯაჭვული საკუთარი ხალხის ბედისწერასთან, მსოფლშეგრძნებასა თუ აღქმასთან.

1970-იან წლებში, ახალგაზრდა ტუარეგებს დიდი ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდებოდა მსოფლიო მუსიკაში, არ ჰქონდათ. სამოყვარულო კასეტებზე ჩაწერილ როკმუსიკას თუ უსმენდნენ. ცხადია, როკმუსიკა მათზე ახდენდა გავლენას როგორც ჟღერდობით, ისე შემართებით და პათოსით, თუმცა მხოლოდ როკმუსიკა არა, რეგიონის როგორც აფრიკული, ისე არაბული მუსიკაც. პირველ რიგში, ეს იყო მალიური საგიტარო მუსიკა, „მალიური ბლუზი“ რომ დაერქვა შემდგომში, განსაკუთრებით ალი ფარკა ტურეს შემოქმედება. მეორე რიგში 1970-იანი წლების ალჟირული პოპულარული მუსიკა, მაგალითად Les Abranis-ის შემოქმედება, რომელიც ნამდვილი არაბული ბლუზ-პოპ როკია. სამართლიანად აღნიშნა Les Abranis ლიდერმა რამოდენიმე წლის წინ - „Tinariwen და უდაბნოს ბლუზის დანარჩები მიმდევრები, მათი პოზიცია, დაპირისპირება ხელისუფლებასთან, რაც მათი იდენტობის გამომხატველია, ჩვენს გავლენას ადასტურებს. მათი მიდგომა ტექსტებისადმი იგივეა და ისინიც ჩვენსავით იყენებენ როკით და ბლუზით სავსე გიტარებს.“ ცხადია გადამწყვეტი მაინც თავად ტუარეგული ეთნო-მუსიკალური მემკვიდრეობა გახდა, რითმულადაც და სასიმღერო ნარატივითაც, პირველ რიგში იგულისხმება „ტენდე“ და „ისვატი“. „ტენდე“ მარტივი პერკუსიული ინსტრუმენტია, რომლის ციკლური რითმის თანხლებით, ქალი სოლისტი ასრულებს „ტენდე“ სიმღერას, სოლისტის გარშემო შემომსხდარი ქალები კი სინკოპირებულ ტაშს და პერიოდულად ხმებსაც აყოლებენ. „ტენდე“ მთლიანად ტუარეგი ქალების პრეროგატივაა და სრულდება დღესასწაულების, ქორწილი-ნათლობის, გართობა-დროსტარებისას. „ისვატი“ უფრო ინტიმური ჟანრია და ღამით სრულდება („ტენდე“ - დღისით). „ისვატი“ ადრე აკაპელა იყო, მოგვიანებით დაემატა „ტენდე“ აკომპანიმენტი. „ისვატსაც“ ქალი მღერის, ოღონდ ბანებს უკვე მამაკაცთა გუნდი აძლევს. „ისვატის“ მელანქოლიურობა, მელოდიურობა და ლაკონურობა იდეალურ თანხვედრაშია ტუარეგების ნოსტალგიური სასიმღერო პოეზიასთან. „ისვატი“ უფრო ახალგაზრდულია და შესაბამისად, ყველა ტუარეგი მომღერალი „ისვატით“ იწყებდა „კარიერას“.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი ტუარეგული ეთნოელემენტი, ერთსიმიანი ინსტრუმენტი „იმზადი“(Imzad), რომელზეც ხემით უკრავენ. „იმზადს“ მხოლოდ ქალები ამზადებდნენ და მასზე მხოლოდ ქალები უკრავდნენ, მათი აკომპანიმენტით კი კაცები მღერიან. როგორც ტუარეგები ამბობენ, „იმზადი“ ტუარეგისთვის არის ის, რაც სული სხეულისთვის“. ნათლად ჩანს, რომ ქალის როლი გადამწყვეტია ტუარეგების ეთნო-მუსიკალურ მემკვიდრეობაში, ამიტომ სრულიად ლოგიკურია ის ფაქტი, რომ იმ მუსიკალური სტილის ნათლია ქალი გახდა. მან რევოლუცია მოახდინა თანამედროვე საჰარის მუსიკალურ კულტურაში. ეს ქალი კი არის ლალა ბადი (lalla badi), შესანიშნავი „ტენდე-ისვატ“ მომღერალი, პერკუსიონისტი და სოციალური ფიგურა.

1970-იანი წლების მეორე ნახევარში, ალჟირის სამხრეთ რეგიონში, საჰარის დაბა-ოაზის ტამანრასეტში მალიდან გვალვას და რეპრესიებს გამოქცეულმა ტუარეგებმა დაიწყეს დასახლება, მათ შორის იყო ლალა ბადიც. მან მალე დაიწყო მუსიკალური საღამოების მოწყობა, სადაც იკრიბებოდა ტუარეგების დიასპორა. ლალა ბადის არტისტულმა ოსტატობამ და გაზრდილმა სოციალურმა როლმა, 1970-1980-იან წლებში ის ტუარეგების მუზად აქცია. იმდროინდელი სოციალური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ტუარეგების კოლექტიური ცნობიერების ზრდაში სერიოზული როლი ითამაშა ლალა ბადის საკასეტო ჩანაწერებმაც. ახალგაზრდა „ტინარივენელებიც“ რა თქმა უნდა, იქ იყვნენ და სწორედ ლალა ბადით შთაგონებულნი განაგრძობდნენ თავიანთ მუსიკალურ და კულტურულ განვითარებას, აანალიზებდნენ ახალი ჟღერადობის შესაძლებლობებს გიტარით და აზუსტებდნენ ახალ სოციალურ-კულტურულ მესიჯებს, რაც მკაფიოდ იკვეთება პირველივე სიმღერებში 1970-იანი წლების ბოლოს და ღრმავდება შემდგომ. ფაქტიურად Tinariwen-მა რეგიონის მუსიკალური მემკვიდრეობის ადაპტირება, ტრანსცენდენტირება და სუბლიმაცია მოახდინა ელექტრო გიტარებისთვის, იდეურ-ესთეტიკურადაც და საუნდ-ტემბრალურადაც. ასე რომ სანამ ამ მუსიკის შესახებ ვინმე რამეს გაიგებდა და „უდაბნოს ბლუზი“, თუ „საჰარა როკი“ გაჩნდებოდა, ტუარეგების საგიტარო მუსიკა Tinariwen-ის მეთაურობით უკვე შემდგარი ფაქტი იყო და ტამაშეკის ენაზე მას ერქვა Assouf, ძნელად სათარგმნი სიტყვა, რომელიც ერთდროულად ნიშნავს მარტოობას, დარდს, ნოსტალგიას და უკაცრიელ ტერიტორიას( სადაც სახლობენ მოჩვენებები). Assouf - გახდა იმ ახალგაზრდა ტუარეგების მუსიკა, რომლებიც ფესვებს იძულებით მოწყვეტილები დახეტიალობდნენ ქალაქიდან ქალაქში, ჯერ აკუსტიკური გიტარით, Tinariwen-ის შემდეგ ელექტროგიტარით, მათ ეძახდნენ „იშუმარებს“, რაც დაუსაქმებელს ნიშნავს. სწორედ „იშუმარიდან“ გაჩნდა ტუარეგული საგიტარო მუსიკის კიდევ ერთი ტამაშეკური განმარტება „ტიშუმარენი“.

1990-იან წლებში, Tinariwen-ის დუბლირებული და გავრცელებული კუსტარული კასეტები ნამდვილი საუნდტრეკი გახდა ტუარეგების აჯანყებისა მალიში, ხოლო ის კოლექტიური ვნება და ნარატივები, რაც გაჟღერებული იყო მათ სიმღერებში, გადაიქცა მკაფიო აკუსტიკურ დოკუმენტად იმ პროცესებისა, რომელსაც რეგიონის უახლესი ისტორია ჰქვია.

როდესაც Tinariwen - ის მუსიკამ ევროპა-ამერიკამდე მიაღწია, ყველა გაოგნდა, მათ სანახავად საჰარის უდაბნოში ჩადიოდნენ, მათთან მუზიცირებდნენ და თანამშრომლობდნენ სახელგანთქმული როკარტისტები, რამაც უდიდესი სტიმული მისცა რეგიონის მომდევნო თაობის მუსიკოსებს. დღესღეობით საჰარაში მუსიკალური ბუმია, რამდენიმე მათგანზე, რომლებიც ლიდერები არიან და განაპირობებენ საჰარის უდაბნოს ბლუზ-როკის განსხვავებულ პლასტებს და ორიგინალობითაც გამოირჩევიან, ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება.

მალიურ-ტუარეგული ბენდებიდან გამოსაყოფია ორი. ჯერ Terakaft (ტამაშეკის ენაზე ქარავანი), რომელიც Tinariwen-ის პირველი ფორმაციის ორმა წევრმა შექმნა 2001 წელს და ყველანაირად აგრძელებს მათ ხაზს. ისინი თავდაპირველი ფორმის და ჟღერადობის ერთგულნი არიან. მათი მუსიკა უფრო ინტენსიურად კი ჟღერს, მაგრამ მრავალფეროვნებით ვერ გამოირჩევა, თუმცა ამ კვარტეტში დღეს 2 ტუარეგ დამფუძნებელ გიტარისტთან ერთად უკვე 2 ფრანგი მუსიკოსიც ირიცხება, რაც მათ მუსიკაზე გარკვეულწილად ირეკლება კიდეც.

Tamikrest უკვე მეორე თაობის ბენდია, ის 2000-იანი წლების შუაში შეიქმნა. მისი წევრებიც იყვნენ ჩართულნი შეიარაღებულ ამბოხში მოზარდობისას. Tamikrest უფრო ფართო ფორმატიანი კოლექტივია, ეთნოპერკუსიული ელემენტებით უფრო დატვირთული (ტენდე, ჯემბა) და მომღერალი ქალებით გამყარებული. ავსტრალიელ მუსიკოს-პროდუსერებთან თანამშრომლობამ და შესაბამისად დასავლური ლეიბლების ყურადღებამ ნაყოფი გამოიღო - Tamikrest საკმაოდ მოხეხებულად ერგება დასავლელი მსმენელის ყურს.

ამ ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით დაწინაურდნენ ნიგერელი ტუარეგები, რომელთა მუსიკა საბოლოოდ ფორმირდა როგორც უდაბნოს როკი. ნიგერი მალის აღმოსავლეთითაა, მისი დედაქალაქია აგადესი, რომელიც ცენტრიც კი გახდა მთელი ჩრდილო აფრიკის თანამედროვე მუსიკისა და ტალანტების ნაკლებობასაც არ უჩივის. ჯერ ნათესავური ბენდი Etran de l’Aïr. მათ მუსიკაში ნაკლებადაა ტუარეგული მელანქოლია, უფრო აზარტულია, დრაივიანი, ორი სოლო გიტარით. კოლექტივი ძირითადად ქორწილებში თუ ნათლობებში უკრავდა საათების განმავლობაში და შესაბამისად მათი მუსიკა იმპროვიზირებულ-ტრანსულია, დაკონკრეტული რიტმ სექციით. სასიმღერო მელოდიებიც მოქნილი და დახვეწილი აქვთ. დიდი ხანი კია რაც არსებობენ, მაგრამ მხოლოდ ორი წლის წინ მოახერხეს მეტ-ნაკლებად პროფესიონალური ჩანაწერის გაკეთება (ალბომი Agadez), ისიც ცოცხლად, ფრონტმენის ეზოში. „ვარსკვლავები რომლებიც ანათებენ (საჰარას) ციდან“ -ასე ითარგმნება თურმე ბენდის სახელი Etran de l’Aïr.

ნიგერელი ტუარეგების მთავარი როკდესპანები დანარჩენ სამყაროში არიან Bombino და Mdou Moctar. Bombino ორჯერ იყო დევნილი, პირველად 1990-იან წლებში, თინეიჯერობისას (მაშინ ისწავლა გიტარაზე დაკვრა მუსიკალური ვიდეოების ყურებისას). მეორედ 2000-იანი წლების პირველ დეკადაში, როდესაც ნიგერის ხელისუფლებამ ტუარეგებს გიტარაზე დაკვრის და სიმღერის უფლება წაართვა, მიაჩნდათ, რომ ეს მუსიკა ხალხის საპროტესტო განწყობის სტიმულატორი იყო. Bombino-ს სიმღერების მთავარი თემები სულ ის სოციალური და პოლიტიკური პრობლემები იყო, რომლებიც ტუარეგ ხალხს აწუხებდა. ანგლო-ამერიკული ლეიბლების ყურადღება მან საკუთარი გიტარის საუნდით და ვირტუოზული ტექნიკით მიიპყრო. ამის შემდეგ ისეთი ცნობილი გახდა, რომ მისი ალბომები უკვე გლობალურ ჩარტებში იკავებს მაღალ პოზიციებს. 2018 -ში ჟურნალმა Noisey-მ მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტადაც კი დაასახელა. Bombino-ს ეფექტი ბალანსშია - ლოკალურ ტერიტორიალური აქცენტების თანხვედრა გლობალურ ტრენდებთან, ამიტომაც აკმაყოფილებს მისი მუსიკა ეგზოტიკის მოყვარულებსაც და მეინსტრიმ მსმენელსაც.

ერთადერთი ვინც დღეს Bombino-ს კონკურენციას უწევს, არის მაჰამადუ სოლეიმანი აგადესიდან, იგივე Mdou Moctar. ვფიქრობ, Mdou Moctar დღეს ყველაზე ძლიერი ავტორ-მუსიკოსია საჰარა როკში და არა მარტო. ის იმავე დროს გამოჩნდა როცა Bombino, მაგრამ მისი განვითარება უფრო დამაჯერებელი და ეფექტურია. მის ბოლო სამივე ალბომს ყველა მხვილი გამოცემა ვაშას ძახილით შეხვდა. Mdou Moctar-ის საუნდი უფრო ხისტია, მისი გიტარა უფრო მეტყველი, მძაფრად არტიკულირებული. წელს გამოსული მისი ალბომი -Funeral for Justice, თანამედროვე როკშედევრია და სავარაუდოდ, წლის საუკეთესო ალბომების გლობალურ სიაშიც მოხვდება. მისი ტკივილი, ვნებები, ჩივილი უკომპრომისო და აგრესიულია, რაც გიტარაში და ბენდის დისონანსურ ჟღერადობაში უფრო ნათლადაა გაცხადებული, ვიდრე ტექსტებში. ფაქტიურად ეს კაცი უკვე ვეღარ მიეკუთვნება კონკრეტულ ჟანრს, ის საჰარა როკგიტარის ინტონაციებს, ნარატივებს და ეთნორიტმებს იყენებს ზოგადი, ლამის ფსიქოდელიური მუსიკის შესაქმნელად და ეს შესანიშნავად გამოსდის.

ამ ბოლო ხნებში გახშირდა საკმაოდ წარმატებული კროსოვერები (ჰარდ როკი, ელექტრონიკა, საჰარ ბლუზი...) აი, მაგალითად ნიგერელი ტუარეგი გიტარისტის და ავტორ-შემსურლებლის, ანანა ჰაროუნას პროექტი Kel Assouf (ნოსტალგია, მარადისობის შვილი). ანანაც დევნილი იყო, Tinariwen-ის წევრიც. 2006 წელს ბელგიაში გადაბარგდა, დროის ნახევარ პერიოდს კი მაინც ნიგერის საჰარის უდაბნოში ატარებს. ანანა ჰაროუნამ გადაწყვიტა თავის მუსიკაში შეეტანა ელექტრონიკის დოზაც, ამიტომ დაიწყო ინსტენსიური თანამშრომლობა საკმაოდ გავლენიან ტუნისელ ელექტრონულ მუსიკოს-პროდუსერ, სოფიან ბენ იუსეფთან (იგივე Ammar 808). განსხვავებულად ჟღერს Kel Assouf -ს გიტარა. ის მიზანმიმართულად აღარ აპელირებს საჰარა ბლუზზე, სასიმღერო სეგმენტი კი ჰარდ-როკ პატერნებს მორგებული ტუარეგულია მაინც. Kel Assouf -ში ეგზოტიურობა აუთენტიკურიცაა და გამოყენებით-ფუნქციონალურიც. „ჩემი მუსიკა ღიაა ყველა ინექციისთვის, ამაში ვხედავ მე განვითარებას, თუმცა ჩემი გული ყოველთვის საჰარში იქნება, ის ყოველთვის ტუარეგულად დარჩება“ - ამბობს ანანა ჰაროუნა.

საჰარის რეგიონში ხმის ჩამწერი ინდუსტრია არასდროს ყოფილა, ინტერნეტიც კი არ იყო ყველგან და თან ძვირიც იყო, ამიტომაც ადგილობრივი მუსიკოსები ხშირად მობილურ ტელეფონებში იწერდნენ საკუთარ მუსიკას, შემდეგ კი ბლუთუზით და სპონტანურად ზიარდებოდა ხალხში - ქუჩებში, ტრანსპორტში, კაფეებში. ეს აუდიოფაილები ხშირად შემჭიდროვებული იყო, ბევრი მასალა რომ დატეულიყო ტელეფონის მეხსიერებაში, შესაბამისად ხარისხი გაფუჭებული იყო. ხშირად არც ის იყო მითითებული, ვინ იყვნენ შემსრულებლები, ასეა თუ ისე ბევრი მუსიკოსი სწორედ ასე ხდებოდა პოპულარული, რის შედეგადაც მათი ქირაობდნენ დღესასწაულებზე, ქორწილებში, თუ სხვა ღონისძიებებზე. ამ უნიკალურმა, ანდერგრაუნდულმა, მუსიკალურმა „პირატ ინდუსტრიამ“ დააინტერესა ამერიკელი მუსიკოსი და გამომცემელი კრის კირკლი, რომელმაც 6 თვე იცხოვრა რეგიონში, მთელი საჰარა მოიარა და საკმაოდ მოზრდილი აუდიომასალა შეაგროვა, რომელიც 2010 წელს Mississippi Records-მა ამერიკაში, ფირფიტაზე გამოსცა. Music from Saharan Cellphones, Volumes 1 and 2 (2010) - მალე კრის კირკლიმ საკუთარი ლეიბლი Sahel Sounds დააარსა, რომლის რელიზებმა დიდად შეუწყო ხელი საჰარის, როგორც ახალი ალტერნატიული მუსიკალური ფენომენის, დამკვიდრებას როკსამყაროში. სწორედ კირკლის კომპილაციებით გახდა ცნობილი Mdou Moctar და Etran de l’Aïr სახელები. ხმისჩამწერი ინფრასტურქტურის არარსებობის გამო, მობილურით მუსიკის ჩაწერა და გაზიარება დღემდე აქტუალურია რეგიონში, უბრალოდ ბლუთუზის მაგივრად, უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი WhatsApp გამოიყენება. 2020 წელს კირკლიმ ჯერ კიდევ დამწყებ და უცნობ რეგიონალურ მუსიკოსებს შესთავაზა, სწორედ ამ რესურსით გაეგზავნათ მისთვის ტრეკები. ასე გაჩნდა 2022 წელს Bancamp -ზე შესანიშნავი კომპილაცია Music from Saharan WhatsApp. ცხადია Sahel Sounds მხოლოდ საჰარის საგიტარო როკ უსიკაზე ორიენტირებული არ არის, თუმცა მთავარი რეგიონალური მუსიკა საჰარაში ჯერჯერობით მაინც ელექტრო-საგიტაროა.

„უდაბნოს ბლუზის“, როგორც დამოუკიდებელი იდიომის წარმოქმნა-აღიარების პროცესი დაიწყო და დაასრულა ყოველწლიური ფესტივალების სერიამ, „ფესტივალი უდაბნოში“ (Festival au Désert), რომლის დამაარსებელი ჯგუფ Tinariwen-ის მენეჯერი, მანი ანსარი იყო. ამ ფესტივალის მიზანი ტუარეგების სამუსიკო ხელოვნების დანარჩენ სამყაროში პოპულარიზაცია იყო და ის გარკვეულწილად იმეორებდა ტრადიციას, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოდიოდა - უდაბნოში მიმოფანტული ტუარეგები ყოველწლიურად კიდალას ან ტიმბუქტუს რეგიონში იკრიბებოდანენ, ბჭობდნენ სოციალურ საკითხებზე, მათი პრობლების მოგვარების გზებზე, წარმოქმნილ კონფლიქტებზე, ხოლო მუსიკა, როგორც სოციო-კულტურული ფენომენი ამ შეხვედრების განუყოფელი ნაწილი იყო. თუ 2001 წელს პირველ „ფესტივალს უდაბნოში“ მხლოდ 500-600 ადამიანი დაესწრო, შემდგომ წლებში დამსწრეების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. უამრავი უცხოელი ჟურნალისტი ჩადიოდა. თავი რომ დავანებოთ აფრიკელ ვარსკვლავებს (უომო სანგარე, ალი ფარკა ტურე და სხვა) მსოფლიო როკდმუსიკის ვარსკვლავებმაც დაიწყეს უდაბნოს ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობის მიღება (ბონო, რობერტ პლანტი...). მალის ხელისუფლება ხელს უწყობდა ფესტივალის პოპულარიზაციას, რომელიც ეკონომიურადაც მომგებიანი გახდა და ტურიზმის განვითარებასაც უწყობდა ხელს. ფესტივალის ჩატარების ადგილი უმთავრესად იყო კიდალას და ტიმბუქტის მიმდებარე ტერიტორიები. 2012 წელს ბოლო ფესტივალი ჩატარდა, რადგანაც კვლავ დაიწყო შეიარაღებული ამბოხი რეგიონში.

2012 წელს, ტუარეგებმა მალის სტრუქტურები იარაღით განდევნეს და დამოუკიდებელი ქვეყანა „აზავადი“(Azawad - ტუარეგების ტერიტორიების ბერბერული სახელწოდება) გამოაცხადეს. ახალი ხელისუფლება საერო და ლოიალური იყო, თუმცა ამბოხებულთა რადიკალურ „ალ კაედას“ ფრთამ იმძლავრა და „აზავადის“ სათავეში მოექცა, შარიათის კანონი გამოაცხადა და მუსიკა საერთოდ აიკრძალა. „აზავადის“ დამოუკიდებლობა კი დაემხო 2013 წელს, მალის იურისდიქციაც აღდგა, მაგრამ „ფესტივალი უდაბნოში“ აღარ ჩატარებულა (კონფლიქტები პერიოდული სიხშირი\თ დღემდე გრძელდება), თუმცა იმ 11 წლიანმა საფესტივალო გამოცდილებამ არცთუ უმნიშვნელო სოციალურ-პოლიტიკურ-კულტურული რეზონანასი გამოიწვია, რაც წაადგა რეგიონსაც და ადგილობრივ მუსიკოსებსაც, მათ მიმართ ინტერესი გაიზარდა. დღეს, საჰარის რეგიონის თანამედროვე მუსიკა ჟანრულადაც და ეთნიკურადაც საკმაოდ მდიდარია. ამ ე.წ. „უდაბნოს ბლუზ“ თუ „საჰარას როკსაც“ ტუარეგების გარდა სხვებიც საკმაოდ დამაჯერებლად აკეთებენ და ამიტომ ყველაზე გამორჩეული რამოდენიმე არტისტის წარდგენა ზედმეტი არ იქნება, მით უმეტეს რომ მათი შემოქმედებაც თითქმის იგივე იმპულსებით იკვებება, რითაც ტუარეგი მუსიკოსების.

Songhoy Blues, - შეიძლება ითქვას რომ განმარტება „უდაბნოს ბლუზი“ იდეალურად ესადაგება ამ ტრიოს. სონგჰაი (Songhoy) ხალხის ჯგუფია ჩრდილოეთ აფრიკაში. Songhoy Blues-ის წევრები ტიმბუქტუში დაიბადნენ და გაიზარდნენ, თუმცა იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ მალის დედაქალაქ ბამაკოში მას შემდეგ, რაც რეგიონი ისლამისტმა ჯიჰადისტებმა ჩაიგდეს ხელში. ისინი დეიმონ ალბარნის და ნიკ ზინერის (Yeah Yeah Yeahs) პროტეჟეებიც მალე გახდნენ და ჯულიან კასაბლანკამაც (The Strokes) გამოსცა მათი ალბომები საკუთარ ლეიბლზე, ამერიკაში. სიმბოლური სახელწოდებები აქვს ბენდის სამივე ალბომს „მუსიკა განდევნილობაში“ (2015), „წინააღმდეგობა“ (2017) და „ოპტიმიზმი“ (2020). ენერგიული, აზარტული, ხშირად აჟიტირებული ბლუზ-როკი სონგჰაის ენაზე. რეგიონალური არომატით - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ტრიოს მუსიკა. ეს ბენდი თითქმის ყველა დიდ მუსიკალურ ფესტივალზე გამოსულა და უკვე საკმაოდ პოპულარულია.

დასავლეთ საჰარა უმთავრესად არაბულ-ბერბერული მოდგმის საჰარავის ხალხითაა დასახლებული, რომლებიც არაბულ დიალექტზე საუბრობენ. იმაზე, თუ რა მძიმე ხვედრი ხვდა ამ ხალხს, ცოტა მოგვიანებით. ჯერ გეტყვით რომ „დასავლეთ საჰარა“, ორ ნაწილადაა გაყოფილი. საჰარავული ბენდი Group Doueh მოროკოს მიერ კონტროლირებად ნაწილში, ატლანტიკის ოკეანისპირა ქალაქ დახლაში მოღვაწეობს. ბენდის მუსიკა თავიდან ბოლომდე ინარჩუნებს არაბულ-აფრიკულ ეთნოსაფუძვლებს, მაგრამ ამასთანავე საოცრად აქტუალურად ჟღერს. ბენდლიდერი Doueh ჰენდრიქსის ფსიქოდელიური სკოლის მიმდევარი, ბრწინვალე ელეტროგიტარისტია, თუმცა ხშირად მავრიტანიულ სამ სიმიან ინსტრუმენტ „რინიდიტზე“ უკრავს. მისი მეუღლე ჯგუფის ვოკალისტია, მალიურ კორას მონათესავე სიმებიან ინსტრუმენტ „არდინზეც“ უკრავს, ამას დაუმატეთ ორი რეგიონალური ეთნოპერკუსიული საკრავი და სინთეზატორი კორგი... ერთიანობაში იქმნება რაღაც ტრანსული, მომნუსხველი, აკუსტიკური lo-fi ლავა, რომლის ფსიქოდელიური ეფექტი უნიკალურია. ტექსტები უმთავრესად საჰარაველი ხალხის პოეტური თქმულებებია, რომელიც ყოველ ჯერზე ინტერპრეტირებულად იმღერება რეპეტიციების გარეშე. სწორედ ამ მომენტებმა მოახდინა დიდი ეფექტი ფრანგულ პოსტპანკ გარაჟ ტრიოზე Cheveu, როცა 2017 წელს, დახლაში Group Doue- თან ერთობლივი ალბომის ჩასაწერად ჩავიდნენ.

მარიამ ჰასანი - საჰარაველი მომღერალი ქალი ლეგენდა, რომლის ხმა გაჯერებულია საკუთარი ხალხის დრამის, წუხილის გადალახვის დაუოკებელი წყურვილით, თან ისეთი ემოციურობით და ემპათიით, რომ შეუძლებელია მოსმენისას არ განიარაღდე. მარიამ ჰასანს ევროპაში საჰარის „უდაბნოს ხმაც“ კი დაარქვეს. „დასავლეთ საჰარა“ 1975 წლამდე ესპანეთის კოლონია იყო, შემდეგ ამ ტერიტორიის მთლიანად დაკავება მოროკოს ხელისუფლებამ მოინდომა, ადგილობრივ „საჰარავის“ ხალხს საკუთარი ქვეყანა უნდოდა და კონფლიქტების კასკადიც დაიწყო. მაროკოს ხელისუფლებამ ეტაპობრივად, ძალით შეიერთა ძირითადი ტერიტორია, მისი დასავლეთ ნაწილი. დაიწყო რეპრესიები და საჰარაველი ხალხის დრამაც, რომლებმაც გაავსეს დევნილთა ბანაკები ალჟირში (დღემდეა მათი ბანაკები). მარიამ ჰასანიც დევნილი იყო და სწორედ ბანაკში დაიწყო სიმღერა. მოგვიანებით, ძალიან ცნობილი მომღერალი გახდა ევროპაში, თუმცა დევნილთა ბანაკი მაინც არ მიატოვა. იქ მედდად მსახურობდა პირველი დღიდან გარდაცვალებამდე, მაშინაც კი, როცა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ბოლო წლებში საკმაოდ მძიმედ იყო. მისი ხმა, ყველა დევნილი საჰარეველების ხმა გახდა, ამიტომაც არის მისი ნამღერის ისეთი, როგორიც არის. World music, ელექტრო ბლუზი, ეთნო ჯა-ბლუზი, ამ ყველაფერს მოიცავს მარიამ ჰასანის მუსიკა. ის თანამშრომლობდა როგორც საჰარაველ, ისე ესპანელ მუსიკოსებთანაც. ძალიან დიდი აკუსტიკური მემკვიდრეობა მას არ დაუტოვებია, მაგრამ რაც დატოვა, ყველაფერი მარგალიტია - ტერიტორიის, ხალხის, ისტორიის და თავის სამი ძმის ისტორიაც არის, ყველა რომ შეიარაღებულ კონფლიქტში დაეღუპა.

საჰარული, ფემინური მუსიკალური ლანდშაფტის გასაშლელად, მავრიტანიელი არტისტი და მომღერალი, გრიოტების შთამომავალი ნურა მინტ სეიმალი (Noura Mint Seymali) უნდა ვახსენოთ. მავრიტანია ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკის ქვეყანაა, რომლის ტერიტორიის 60% საჰარის უდაბნოა. იქ მაცხოვრებელი არაბები და ბერბერები სხვას არავის არასდროს დაუჩაგრავს, დიდი იმპერიაც კი იყო მავრიტანია ერთ დროს, მაგრამ დღეს, შიდა სოციალური მძაფრი პრობლებითაა დახუნძლული, სიდუხჭირეა, დოვლათის უსამართლო გადანაწილებაა, მონობის ინსტიტუტიც კი დღემდე ლეგიტიმურია, ასე რომ საჰარა როკ-ბლუზისთვის სოციალური ნიადაგი ნოყიერია. ამ ქალის სიმღერების მოსმენისას ტექსტების ცოდნა არც გინდა, მუსიკალურად გრძნობ უკომპრომისობას, შეურიგებლობას და საპროტესტო პათოსს, როგორც მის ვოკალში, ისე აკომპანიმენტში. სახეზეა სუფთა ნეო რითმ ენ ბლუზი, ხისტი საგიტარო საუნდით. ეფექტურად არის დაცული ბალანსი ეთნოტერიტორიალურ აკუსტიკურ იმპულსებს და დასვლურ საგიტარო ფანკ-როკს შორის. ის რომ ფანკიც აფრიკული წარმოშობის მუსიკაა, მყისვე ტივტივდება გონებაში ამ მუსიკის მოსმენისას.

ფემინურ თხრობას დაასრულებს ტუარეგ ქალთა ბენდი ნიგერის საჰარის უდაბნოს სოფლიდან Les Filles de Illighadad.(ილიღადადის (ქალი)შვილები). ამ ახალგაზრდა ქალების მუსიკა უდაბნოში მიმავალ ნომადების ქარავანს წააგავს. ეს არის ნამდვილი აკუსტიკური ნაკადი, მირაჟებით, ფიქრებით და მელანქოლიით გაჯერებული. გოგონებმა ფაქტიურად ბლუზ-როკ ფორმატში შეასრულეს აუთენტიკური „ტენდე“ და „ისვატი“ . ეს მუსიკა თითქოს თავისით არსებობს და მოძრაობს, ავტორების გარეშე. მუსიკა, რომელიც ანგარიშმიუცემლად შედის ნებისმიერი ჯურის და ეროვნების ისეთ მსმენელში, მზად რომ არის უკიდეგანო აკუსტიკურ მოგზაურობაში უკანმოუხედავად გაემართოს. სმენის დროს თანდათანობით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ჟღერადობა ეს ელექტორიგიტარებიც, თითქოს იმ ძველი ეპოქებიდან მოდის.

აფრიკის ამ ტერიტორიაზე მუსიკის ასეთი აღმავლობა და ახალ იდიომად დამკვიდრება როკსამყაროში, ცხადია, პირველ რიგში უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ამერიკული ბლუზის წარმოშობა, ანთროპოლოგიურად აფრიკის სწორედ ამ რეგიონების ხალხს უკავშირდება. მაგრამ ეს ერთი მიზეზია. აი, მეორე - საქმე იმაშია, რომ საჰარის უდაბნოელებისთვის ეს მუსიკა, მხოლოდ მუსიკა აღარ არის, ეს მუსიკა მათთვის აქტუალური სოციალურ-კულტურულ ფენომენია, ტერიტორია, რომელზეც ყველაზე ზუსტად აირეკლება ის გამოწვევები, პრობლემები, განწყობები და დამოკიდებულებები, რაც საჰარაში ხალხს აწუხებს ან ახარებს. ეს მათი პროტესტის კვინტესენციაც არის და ჰედონიზმისაც. ნამდვილი „როკ ნ როლი“ კი სწორედ ესაა, მისი პულსის ძალაც, ფუნქციაც და მესიჯიც, მისი ნარატივიც, რომელიც ბევრი მიზეზის გამო თითქმის ყველგან დაბლაგვდა, საჰარის უდაბნოში კი აგერ აყვავდა და ჯერჯერობით ჰყვავის, ისე როგორც წყლის ჭა ოაზისში.

P.S. Tinariwem 21 სექტემბერს თბილისის „მონოჰოლში“ კონცერტს გამართავს. ისე კარგი იქნებოდა 84 წლის ლალა ბადიც ჩამოეყვანათ, ჯერ ფორმაშია ქალი, რომელიც თანამედროვე ტუარეგული მუსიკის განსახიერებად ითვლება.





მსგავსი ბლოგები