Eko&Vinda Folio - თერაპია აგურით ხელში

ავტორი: მაშო სამადაშვილი

29 აგვისტო, 2019

27 წუთის წასაკითხი

10 ნახვა

ალბათ, როცა 7 წლის წინ, ერეკლე დეისაძე და თემო ეზუგბაია (Vinda Folio) ერთმანეთს შეხვდნენ, ვერც თვითონ და ვერც მსმენელები იფიქრებდნენ რომ მოვიდოდა დრო და Le Parisien-ის ვებ-გვერდზე კონცერტებს შორის Eko &Vinda Folio-ს ლაივის ბილეთები გაჩნდებოდა, რომელიც გვამცნობს, რომ ქართული პოსტ-პანკ დუო 1-ლ დეკემბერს, პარიზში რუსულ პანკ-როკ ჯგუფ Motorama-სთან ერთად დაუკრავს.


ერეკლე დეისაძე პროექტის Eko&Vinda Folio შექმნას ასე ისხენებს

”2012 წელს, ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, რამდენიმე არტისტთან გავერთიანდით და ”სისტემა უნდა დაინგრეს“ ჩავწერეთ, მერე მე და ვინდამ გადავწყვიტეთ, ამ სიმღერის ალტერნატიული ვერსია გაგვეკეთებინა, მაშინ მივხვდი რომ ეს სლოგანი იმდენად ცოცხალი და დროში გაჭიმული იყო, რომ ყოველთვის აქტუალური იქნებოდა, ის ჩვენს ზოგად სათქმელად და პოლიტიკურ ველზე რეაქციად ვაქციეთ, ვინდამ პირველი ინსტრუმენტალი გამომიგზავნა, ტექსტი მოვიფიქრეთ და ჩვენი ”სისტემა უნდა დაინგრეს“ შეიქმნა."

მას შემდეგ იყო არაერთი საეტაპო სიმღერა, ისეთები როგორიც არის “აგურით ხელში” (2013), რომელიც წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა და ყველა ლაივზე განსხვავებულად სრულდება, ”რაც მამას უნდა“ (2014), რომელიც იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომ ლამის ქვეყნის ალტერნატიულ ჰიმნად იქცა, არაერთი კონცერტი და ათასობით ერთგული მსმენელი.

2016 წელს გამოვიდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმღერა ”შენ ანათებ“, რომელიც Eko&Vinda Folio-ს Talitres-ზე მოხვედრის მიზეზად იქცა.

Talitres ფრანგული ლეიბლია და მასზე ისეთი მუსიკოსების ალბომები გამოდის, როგორებიცაა: Motorama, Emily Jane White და სხვ. Talitres-ის მენეჯერი შონ ბუშარი ქართველი მუსიკოსების აღმოჩენას ასე იხსენებს:

Eko & Vinda Folio სამი წლის წინ აღმოვაჩინე, როცა Motorama-ს ფრონტმენმა ვლადისლავ პარშინმა სოციალურ ქსელში ვიდეო „შენ ანათებ“ დაპოსტა - როგორი გასაოცარი სიმღერაა, შთამბეჭდავი, ცივი ცეკვასავითაა, რომელიც მიჩვევას იწვევს და ოცნებაში გადაგისვრის. ეს ჩემთვის ძალიან ცხადი იყო. მაშინ აღმოვაჩინე ქართული ენა, ჩემთვის უცნობი, მაგრამ ძალიან რომანტიკული, კომბინაცია ორ ხმას შორის (თბილი, მაგრამ დროდადრო საკმაოდ გულჩათხრობილი, მძიმე) და ინსტრუმენტის ფლობა, რომელიც სრულყოფილი იყო.“

Motorama-ს და ერეკლე დეისაძის პირველი მუსიკალური გადაკვეთა რამდენიმე წლით ადრე შედგა:

“”Motorama-ს დაარსებიდან ვუსმენ, ინსპირაციაც იყო ჩემთვის და საერთოდ დიდი ადგილი უჭირავს ჩემს მუსიკალურ ველში, როცა ჯგუფი 2013 წელს საქართველოში პირველად, Oasis Festival-ზე ჩამოვიდა, მისმა ფრონტმენმა ორგანიზატორებს ჰკითხა მიცნობდნენ თუ არა, მოსმენილი ჰქონდა ჩემი მუსიკა, ”აგურით ხელში“ ახსენა.“

2016 წელს ფრანგულ ლეიბლ Talitres-ზე ერეკლე დეისაძის და Vinda Folio-ს ორი სინგლი ”შენ ანათებ“ და ”აგურით ხელში“ გამოიცა. შემდეგ კი ლეიბლის თხოვნით სადებიუტო ალბომზე დაიწყეს მუშაობა:

“ალბომზე არ გვიფიქრია, გეგმები არასდროს არ გვქონია, შევიკრიბებოდით, დავწერდით სიმღერას, გაასწორებდა, ალბომის ჩაწერა ლეიბლმა შემოგვთავაზა, ჩვენც ვთქვით Why not და ჩავჯექით, ამის გამო 3 წლიანი პაუზა გვქონდა, ალბომში ზოგი სიმღერა 3 წლისაა, ზოგი ალბომის დასრულებამდე 2 თვით ადრე დაიწერა.” – Vinda Folio.

ალბომს თერაპია/Therapy ჰქვია, მასში 10 სიმღერა შევიდა და ყველა მათგანი ქართულენოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში Eko&Vinda Folio-ს მუსიკა ძირითადად სოციალურ თემატიკას ეხებოდა და ხშირად პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურებოდა, ალბომიდან ეს განცდა ნაკლებად რჩება, მას შემდეგ რაც ის გულდასმით მოვისმინე, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ის დიდი სიყვარულის ახსნაა. რომანტიზმით ძლიერად გაჯერებული, რეალისტური ერთი გრძელი ამბავი, რომელსაც 10 სხვადასხვა სიმღერის მეშვეობით გიყვებიან.

”გვაქვს ეს იარლიყი რომ ჩვენს მუსიკას სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი აქვს, ეს შემთხვევითი არ არის, ასეც არის, მაგრამ ამ ველში დარჩენა არ მინდა, ისევე როგორც არცერთ სხვა ველში, მუსიკა აზროვნების ენა და ფორმაა, ამიტომ მირჩევნია ახალი გზები ვცადო. ნებისმიერი ცვლილება და რევოლუცია, იქ იწყება, სადაც ნიადაგად დიდი სიყვარული დევს, ეს ალბომიც ამ მდგომარეობის რამდენიმე მხარეა, ურთიერთობა და მისი გარემოსთან მიმართება, რომელიც გაყინულია და რომელშიც პერსონაჟები ბრძოლას და გადარჩენას ცდილობენ, ასეთ დროს რომანტიზმი ყველაზე მთავარი იარაღია. ზოგიერთი სიმღერა საერთო განწყობიდან ამოვარდნილია, მაგრამ ესეც მდგომარეობის ნაწილია, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ამ რომანტიზმიდან გადაუხვიო, უბრალოდ წყობიდან გამოხვიდე.“ - ამბობს ერეკლე დეისაძე

”თერაპია“ საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ მოისმინა, როცა სოციალურ მედიაში მასზე გადაღებული კლიპი გავრცელდა.

ალბომის სახელწოდებაც სწორედ ამ სიმღერიდან მოდის.

”თერაპია“ ასახავს ყველა სიმღერის ხასიათს, იდეას, მიდგომას, რომელიც ალბომში შევიდა. ჩემთვის გულწრფელობა არ არის ის რომ ტყუილს არ ამბობ, გულწრფელი ხარ მაშინ როცა იმაზე წერ ტექსტს და იმაზე მღერი, რაზეც კონკრეტულ მომენტში გეფიქრება, რაც მთელ შენს ყურადღებას იპყრობს. მუსიკის შექმნისას საკუთარი შინაგანი სამყაროს და გარემოს ანარეკლი ხარ, ხან ერთია მეტი დოზით, ხან მეორე.“ – Vinda Folio

ალბომი რომატიკული თხრობით იწყება და ნელ-ნელა მძიმდება, თუმცა გირჩევთ, როგორც კი გამოვა, აუცილებლად სრულად მოუსმინოთ. ”თერაპია“ ძალიან ამართლებს თავის სახელს.

ალბომში ყველა სიმღერა ქართულენოვანია, როგორც ერეკლე ამბობს ეს პრინციპული საკითხია მათთვის:

”ამ ქვეყანაში ყველას რაღაც შემოაქვს, მე გადავწყვიტე რაღაც გამეტანა და ეს არის ენა, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის, ძალიან ძველია და თავისი უდიდესი ისტორია აქვს. ქართულ ენაში არის ძალიან ბევრი წაუკითხავი ნოტი და ბგერა, რომელიც უხდება ნებისმიერ და განსაკუთრებით ამ ჟანრს."

Eko&Vinda Folio-ს ალბომი საფრანგეთში 20 სექტემბერს გამოდის, რასაც ნოემბერში არტისტების ტურნე მოსდევს, ჯერ-ჯერობით კონცერტები საფრანგეთის 6 ქალაქშია დაგეგმილი, თუმცა, სავარაუდოდ ალბომის გამოსვლის შემდეგ მათი რაოდენობა გაიზრდება. ტურნეს დაწყებამდე, 26 ნოემბერს, Radio France-ზე დუოს ლაივი ჩაიწერება, რომელიც შემდეგ სესიებად დაიდება.

წასვლამდე Eko&Vinda Folio ქართველი მსმენელისთვის ერთი კონცერტს ჩაატარებენ და საერთაშორისო ტურნესთვის მოემზადებიან. თქვენ კი ვიდრე მათი სადებიუტო ალბომი დღის სინათლეს იხილავს, შეგიძლიათ პირველად მოისმინოთ სიმღერა”მე, როგორც ბგერა“.

მსგავსი ბლოგები