ანუშკა ჩხეიძე
ავტორი: სოფი წერეთელი >>
21 ოქტომბერი, 2019 >>
10 წუთის წასაკითხი >>
31 ნახვა
“დღეს ღამით სოფელში მდინარეზე ვიყავი. მეგობრებთან ერთად ცეცხლი დავანთე და საველე ჩანაწერები შევაგროვე. ეზოში სონის ძველი მუსიკალური ცენტრი და ქიბორდი მიდგას, რისი დახმარებითაც საღამოობით მუსიკას ვუკრავ, მაშინ, როდესაც მეზობლები დომინოს თამაშობენ“.
საუბრის დაწყებამდე ანუშკამ ეჭვით აღნიშნა, რომ არ ვარ დარწმუნებული რაიმე საინტერესოს თქმა შემეძლოსო, მაგრამ ყოველი შემდეგი წინადადების შემდეგ აშკარა ხდებოდა, რომ ის ისეთივე საინტერესო ადამიანია, როგორიც მუსიკისი.
როგორც თვითონ ამბობს, სოფლის სიმყუდროვეს მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს:
„აქ ყოფნა ყველაზე კომფორტულია, რადგან სიმყუდროვეა და აფიქსირებ ყველა ხმას, რომელიც ქალაქში მგონი ნორმალურად არც გესმის. განსაკუთრებით ბოლო პერიოდია არაფერი მესმის, ერთი და იგივე ქაოსის გარდა.“
ხმების დაფიქსირება, ბგერების შეგროვება და მისი ჰარმონიულ მუსიკალურ ფორმებად ტრანსფორმირება ყველა მუსიკოსის მთავარი გამოწვევაა. ანუშკასთვის პირველი ასეთი გამოცდილება ტაძარში გუნდთან ერთად გალობა იყო და მიიჩნევს, რომ ის შთაბეჭდილებები მეხსიერებაში დღემდე უნიკალურ გამოცდილებებად არის დალექილი. საკუთარი მუსიკალური შეტყობინებების გადმოსაცემად ვოკალს ნაკლებად იყენებს, მაგრამ ამაში პრობლემას ვერც ხედავს, რადგან შემოქმედებითი საქმიანობის კონტექსტში მისთვის ყველაზე მთავარი სიმყუდროვის და გულრწფელობის შენარჩუნებაა.
გულრწფელი მუსიკალური ფორმების შექმნაში ანუშკას ყველაზე მეტად პიანინო ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ სკოლაში სწავლის დროს ნოტების დაზეპირება ყველაზე ნაკლებად მოსწონდა. კომპოზიციების მხოლოდ სმენით დამახსოვრების პროცესი ბევრად უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ იმ პერიოდიდან ნათლად ახსოვს ის მომენტი, როდესაც მიხვდა პიანინოსთან ურთიერთობა როგორც უნდა დაემყარებინა:
„მძაფრად მახსოვს ფაქტი, როდესაც დეიდამ, რომელმაც დაკვრა პიანინოზე დიდად არ იცოდა, ქარის იმიტაცია გააკეთა ნოტებით, 'ასე ჟღერსო' და მაგ მომენტში გავაანალიზე, რომ ეს ინსტრუმენტი როგორც მინდოდა, ისე შემეძლო გამომეყენებინა. დღემდე ცუდად ვფლობ ფორტეპიანოს, თუმცა ჩემი შეგრძნებების გამოხატვა ყველაზე კარგად გამოსდის.“
შეგრძნებების და შთაგონების მუსიკად გადაქცევა ანუშკასთვის მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ის თავს ბედნიერად გრძნობს, ან როდესაც უბრალოდ ემოციურად ცარიელია. უარყოფითი ემოციის შემოქმედებით პროცესის სასარგებლოდ გამოყენება ჯერჯერობით შეუძლებელ ამოცანად იქცა. თუმცა, შთაგონებად მხოლოდ საკუთარ განწყობას არ იყენებს, პირიქით, ყველაზე ხშირად ინსპირაციის წყარო ადამიანები არიან, ყოველგვარი სახელის გარეშე - უბრალოდ ადამიანები, ხშირად სახის გარეშეც. ამ პროცესის მთავარი ხიბლი ის არის, რომ არტისტის რომელიმე მუსიკალური პასაჟის უკან შეიძლება თუნდაც ტრანსპორტიდან დანახული ხალხის მასაც კი იმალებოდეს, ან მათი დანახვისას წარმოქმნილი ბუნდოვანი კადრი.
მიუხედავად იმისა, რომ ემოციების და შთაბეჭდილებების მუსიკად ქცევის პროცესი აბსოლუტურად გაცნობიერებული აქვს, საკუთარი ჟღერადობის ან ნამუშევრების დახასიათება მაინც უჭირს.
„საკუთარ მუსიკაზე ფიქრი კარგი გრძნობაა, ისე როგორც შინაგან სამყაროზე ფიქრი, რადგან ზუსტად იცი , რომ ეს ისაა, რასაც ისე ზუსტად ვერავინ გაიგებს, როგორც შენ იცი. ამ დროს ყველაზე დიდ ცოდნას და ემოციას შენ ფლობ. თუმცა ამავდროულად სხვამ შეიძლება ბევრად უკეთ აღიქვას ან მისთვის მნიშვნელოვანი გახდეს.“
დიდი ხანია, რაც საკუთარი მუსიკის ცოცხალ გარემოში გაზიარების არ ეშინია, მაგრამ ყოველთვის მიიჩნევს, რომ საკმარისად მზად არ არის. ყოველი ლაივის წინ გულის აჩქარება უკვე ტრადიციად იქცა, ისევე, როგორც ყოველი ლაივის შემდეგ სრული კმაყოფილების გრძნობისგან თავის არიდება. თვლის, რომ ტექნიკურ წვრთნასთან და გამოცდილებასთან ერთად, უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღებას და მისთვის საინტერესო პროექტებზე მუშაობას შეძლებს:
„მომწონს ექსპერიმენტები მუსიკაში - თეატრთან და კინოსთან ერთად. მინდა ამ მიმართულებით პროფესიონალურად ვისწავლო, რადგან სტუდიაში ჯდომა ყველაზე დიდი სიამოვნებაა, ლაივი კი წამიერი ემოცია, წარდგენა და ოვაცია. ის, რაც სამუშაო პროცესში კეთდება , მგონია, რომ სამუდამოა, განსაკუთრებით იბეჭდება ტვინში და გულში.“
ერთ-ერთი ასეთი პროექტი არტარეასთან ერთად იქმნება - ანუშკა ჩხეიძე მუნჯი ფილმის “უჟმური“ მუსიკაზე მუშაობს, პარალელურად კი დათო ხორბალაძის სპექტაკლის “გახეთქილი ყბა" მუსიკალურ ნაწილზე ზრუნავს. მიიჩნევს, რომ ამ ტიპის სამუშაო სპეციფიკა სრულიად განსხვავდება იმ შთაბეჭდილებებისგან, რაც რუტინულ სტუდიურ მუშაობას ახასიათებს. რაც შეეხება ალბომს, მიუხედავად იმისა, რომ მის კომპიუტერში უამრავი გამოუქვეყნებული კომპოზიცია ინახება, მისი დრო ჯერ არ დამდგარა:
„ალბომს თავისი დრო აქვს და ვაპირებ მალე გავაკეთო, თუმცა ველოდები მომენტს , როდესაც Halfie თავის გზას იპოვნის, რამე კონცეპტუალურ მიმართულებას, რომელიც ჯერ ძალიან გაფანტულია. ამ სახელში უკვე ვიპოვნე რაღაც ძალიან ხელჩასაჭიდი და დანარჩენს დრო გვიჩვენებს...“