"ზღვაზე" - სადაც ტალღების ხმა ნიავს ხვდება

ავტორი: სალომე ვარდანაშვილი

24 ივლისი, 2024

6 წუთის წასაკითხი

1119 ნახვა

Პატარა კლუბი დიდი გულით, ასე შეიძლება ვუწოდოთ ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ პიონერს-‘’მტკვარზე‘’, რომელიც 2012 წლიდან ძველი რესტორნის შენობაში ფუნქციონირებს და დღემდე აირეკლავს და ამრავალფეროვნებს ლოკალური ელექტრონული კულტურის ლანდშაფტს.

„ჩვენი მთავარი ამბიცია იყო ის, რომ შექმნილიყო კლუბი, სადაც იქნებოდა კარგი ხმის სისტემა და გარემო, რომელშიც მუსიკა იქნებოდა პირველ ადგილზე და არა ხალხი, რომელიც უბრალოდ ცეკვავს. გვინდოდა, რომ აქ მუსიკოსსაც და მსმენელსაც თანაბრად კომფორტულად ეგრძნო თავი.“

12 წლიანი არსებობის მანძილზე კლუბის პოლიტიკა არ შეცვლილა, 50-იანი წლების ფუნქციაშეცვლილი შენობის კედლებში დღემდე შეძლებთ სრულიად სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების,ლაივების და დამწყები არტისტების მოსმენას, პერფორმანსებსა თუ გამოფენებზე დასწრებას. და სწორედ მაშინ, როდესაც ყველა ლოკალურმა კლუბმა სეზონი უკვე დასრულებულად გამოაცხადა და ზაფხულის ხვატისაგან შეწუხებულებს ზღვიდან მონაბერი ბრიზი და ტალღის ხმა სანატრელი გვაქვს ‘’მტკვარზე‘’ ლოკაციას იცვლის და ფესტივალის სახით ზღვაზე გვეპატიჟება. ‘’ სადაც ტალღების ხმა მთის ნიავს ხვდება.‘’

"ზღვაზე‘’ 3 სერიისაგან შემდგარი ფესტივალია,რომელიც 26 ივლისს დაიწყება და 3 ვიქენდის განმავლობაში, ციხისძირში, პეტრას მიმდებარედ არსებულ ისტორიულ სივრცეში ჩატარდება.

Ძველი ადგილისთვის ახალი სიცოცხლისა და ფუნქციის მინიჭება ელექტრონული კულტურის თანმდევი მოვლენაა, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ‘’მტკვარზეს’’ მსგავსად ‘’ზღვაზემაც’’ ძველი რესტორნის შენობაში დაიდო ბინა.

ლოკაცია აჭარის სუბტროპიკული ბუნებითაა გარშემორტყმული, სიმწვანეშია ჩაფლული და ზღვას გადაჰყურებს. ადგილზე ფუნქციონირებს 2 სცენა ‘’Breeze’’ და ‘’Wave’’, რომლებსაც 26-27 ივლისს, 9-10 აგვისტოს და 16-17 აგვისტოს არტისტები უწყვეტად, 48 საათის განმავლობაში დაიკავებენ.

"ლაინაფი სავსეა ლოკალური და საერთაშორისო Live აქტებით, DJ სეტებით, Live პერფორმანსებით და B2B აქტებით. 80-მდე არტისტი საქართველოში ყველაზე დასამახსოვრებელი ზაფხულის უიქენდების შესაქმნელად ერთიანდება.’’

აღსანიშნავია რომ მსმენელისთვის კარგად ნაცნობი თბილისური კლუბების რეზიდენტების და საერთაშორისო არტისტების გარდა სცენას ბათუმისა და ქუთაისის საკლუბო სივრცის წარმომადგენლებიც დაიკავებენ Dj Astrobee, EKNR, Giorgi Devadze,Memotech. ელექტრონული მუსიკის გარდა მსმენელს შეეძლება ლაივ პერფორმანსებითაც დატკბეს და SKAZZ, IAMNIKITA, MAMAFLEX და Borisluvv მოისმინოს.

ერთგვარი ოლ სტარია, წარმატებები “ზღვაზეს’’ და ზურგის ქარი არ მოგკლებოდეთ მეგობრებო!

მსგავსი ბლოგები