ვინ აფასებს შენს მუსიკას?
ავტორი: დათო ცინცაძე >>
31 მარტი, 2020 >>
10 წუთის წასაკითხი >>
5 ნახვა
წინა პოსტში მუსიკის ბიზნესის მთავარი ხალხი განვიხილეთ და როგორც ავღნიშნე, არ ვთვლი საჭიროდ, რომ მუსიკოსი თუ მენეჯერი რომელიც ლეიბლს ეძებს თავისთვის ან თავისი ჯგუფისთვის, ზედმიწევნით ერკვეოდეს რეკორდ ლეიბლის ყველა ფუნქციის თუ განყოფილების მუშაობის სტრუქტურაში. მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ A&R - ზე გქონდეს წარმოდგენა. იმიტომ რომ მოკლედ რომ მოვჭრათ, ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც წყვეტს გაქვს თუ არა მათ კომპანიასთან (ლეიბლთან) კონტრაქტის დადების შანსი. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, გყოფნის თუ არა ტალანტი და კლასი (ან გარეგნობა და თავხედობა) იმისთვის რომ გაიქაჩო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ხალხი ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც საფეხბურთო სკაუტები.
A&R სამსახური სამყაროს იმ ცოტა სამსახურთაგანია, რომლისთვისაც ასაკს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს ძირითადად განპირობებულია თვითონ მუსიკის ჟანრების მრავალფეროვნებით და იმ ფაქტორით, რომ სხვადასხვა ჟანრს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია უსმენს. თუ შენ სიმფონიურ ორკესტრში პირველი ვიოლინოს უკრავ, შენს კონცერტზე 35-40 წელზე ახალგაზრდა A&R-ის წარმომადგენელს არ უნდა ელოდე. მეორეს მხრივ, თუ შენ 18 წლის ლიდ ვოკალი ხარ all-female ბენდში რომელიც „დედა მე უკვე საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის რომ ცხვირი გავიხვრიტო“ ტიპის სიმღერებს ასრულებს, 35 წელზე უფროს A&R-ს იშვიათად თუ ნახავ. საერთოდ, როგორც ზოგადად მიღებულია, A&R -ის წარმომადგენელი, რომელიც კონკრეტულ მუსიკალურ ჟანრზე მუშაობს, დაახლოებით იგივენაირად გამოიყურება როგორც ამ ჟანრის მსმენელები.
ზოგიერთი მათგანი ერთ კონკრეტულ ქალაქზე მუშაობს (და ხშირად ეს ის ქალაქი არაა, სადაც მათი კომპანია იმყოფება), ზოგი კვირაში 25 საათს თვითმფრინავში ატარებს.
ყველაზე დიდი სირთულე ამ ხალხთან მიმართებაში ის გახლავთ, რომ მათი „გამოჭერა“ და ყურადღების მიპყრობა თითქმის შეუძლებელია. ისინი დღეში ასობით მეილს და ლინკს იღებენ, დღეში რამდენჯერმე ისმენენ „აუცილებლად მოუსმინე, ეს ბენდი ახალი რედიოჰედია“ - ს ტიპის ტექსტებს და ზოგადად როგორც წესი ადამიანებისადმი დიდი სიყვარულით არ გამოირჩევიან, მით უმეტეს მუსიკოსებისადმი. მაგრამ რეალურად ეს ხალხი ძალიან, ძალიან დაკავებული გახლავთ. A&R ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე სფეროა მუსიკის ინდუსტრიაში. გავლენიანი კონტაქტების გარეშე მათთვის ხმის მიწვდენა დიდ ბედნიერებად უნდა ჩათვალო.
არსებობს აზრი, რომ A&R - ის ინსტიტუტის დღეები დათვლილია ვინაიდან მუსიკოსებს ახლანდელ დროში შეგიძლიათ თვითონ შექმნათ და განათავსოთ საკუთარი პროდუქტი ნეტში. ციფრული რევოლუცია კარს მოგვდგომია. კი ბატონო, მართალია რომ ინტერნეტმა შუამავლის აუცილებლობა გააქრო და მუსიკოსებს შეუძლიათ თავიანთი მუსიკა მსმენელამდე ყოველგვარი ლეიბლის გარეშე მიიტანოთ, მაგრამ ყველა ბილი აილიშის საძინებლიდან როდი აკეთებს მუსიკას. თანამედროვე არტისტის მთავარი პრობლემაა ისაა, რომ მილიონ სხვა არტისტს შორის, რომელთაც აგრეთვე აღარ აქვთ საკუთარი მუსიკის განთავსების პრობლემა, რამენაირად გამოირჩეს და მსმენელთა ყურადღება თავისკენ მიიპყროს. ამ შემთხვევაში A&R უკვე ფილტრის როლს ასრულებს, ვინაიდან ისინი წყვეტენ არტისტების ამ მილიონიანი არმიიდან ვის გააჩნია უნიკალური (უფრო კი უნიკალურად გაყიდვადი) პროდუქტის შექმნის პოტენციალი და რეალურად ვინ იმსახურებს თავის გამოჩენის შანსს (და ვინ შეძლებს ლეიბლისთვის ბევრი ფულის მოტანას).
A&R - ის ზოგიერთი წარმომადგენლის მუსიკალურმა გემოვნებამ და პროფესიონალიზმმა დიდი გავლენა მოახდინა მუსიკის ისტორიაზე. მაგალითად, ნირვანასთან კონტრაქტის დადების დროს, ალტერნატიული როკი (შემდგომში გრანჟი) დიდ ფავორში არ გახლდათ, მიუხედავად ამისა A&R ის დაჟინებული მოთხოვნის გამო ლეიბლში მაინც აიყვანეს. ამას რა შედეგიც მოჰყვა, ყველამ ვიცით. მეორეს მხრივ, ჯექსონმა რამდენჯერმე მტკიცე უარი მიიღო კონტრაქტზე ლეიბლების A&R დეპარტამენტებიდან, ვინაიდან იმ მომენტში დისკო გაყიდვების მხრივ დაღმავლობას განიცდიდა. ყველა მეგავარსკვლავი, რომელიც 2000-ებამდე აღმოაჩინეს, რომელიღაც A & R აღმოჩენილია და რომ არა იგი, დღეს ამ მუსიკოსის სახელიც არ გვეცოდინებოდა.
A&R - ის წარმომადგენლები ორ ტიპად იყოფიან - A&R რომელიც რეკორდ ლეიბლს ჰყავს დაქირავებული და დამოუკიდებელი A&R.
დაქირავებული A&R - ზუსტად ის პლიუსები აქვს, რაც მეიჯორ ლეიბლს აქვს ინდისთან შედარებით (ამაზე მომავალ სტატიებში ვისაუბრებთ). მათ როგორც წესი ძალიან კარგად უხდიან და მუშაობისას თითქმის არანაირი შეზღუდვა არ ეხებათ. ძალიან ხშირად მათ ახალი მასალის მოსმენა/შეფასება არც უწევთ, პირდაპირ პროტეჟირებულ მატერიალთან აქვთ საქმე.
მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს. დაქირავებულმა A&R -მა შეიძლება აღმოაჩინოს უნიკალური ბენდი ან არტისტი მაგრამ ლეიბლის პრეზიდენტმა, A&R დეპარტამენტის უფროსმა, ან სხვა რომელიმე დიდი ბობოლამ მისი არჩევანი შეიძლება უბრალოდ ფეხებზე დაიკიდონ. მიუხედავად იმისა რომ დაქირავებულ A&R -ს ფულს ერთადერთ რაღაცაში უხდიან - არტისტის შეფასება/არჩევაში, ხშირად მათ იმის თავისუფლება არ გააჩნიათ, რომ იმას შესთავაზონ კონტრაქტი, ვინც თვითონ მოსწონთ.
დამოუკიდებელი A&R - ამ ტვირთისგან თავისუფლები არიან. მათ შეუძლით მოისმინონ რაც უნდათ, როცა უნდათ და რამდენიც უნდათ. მაგრამ მათ რეკორდ ლეიბლის ძალა არ უმაგრებს ზურგს. დავუშვათ, შენ ხარ „ინდი“ A&R და მოისმინე ბენდი, რომელიც ზუსტად იცი რომ იაპონიაში ბუმს მოახდენს. ან აღმოაჩინე მომღერალი გოგო, რომელსაც ერთი მაღალი ხარისხის კლიპი სჭირდება რომ მეორე არიანა გრანდე გახდეს - მაგრამ რეკორდ ლეიბლის ინფრასტრუქტურისა და გავლენის გარეშე, ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო არის რომ ისევ ლეიბლებს შეუჭამო ტვინი რომ ეს არტისტი აიყვანონ.
მუსიკის ინდუსტრია ისეა მოწყობილი, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა საშუალება და ტექნოლოგია გექნება რომ ხალხის შენი მუსიკა მოასმენინო, ყოველთვის იქნება საჭირო ვიღაც, ვინც შენი მუსიკა ან პერფორმანსი უნდა აღმოაჩინოს, შეაფასოს და შანსი მისცეს. შეიძლება შენ ტექნო დიჯეი ხარ და საუნდქლაუდზე ტრეკის ატვირთვის და resident advisor-ის რეიტინგის იქით არაფერი გაინტერესებს, მაგრამ როგორც კი ოდნავ პოპულარობას ან პერსპექტივას მოიპოვებ და შენი მუსიკით ფულის კეთება რეალური ხდება, ამ პროცესებს ვერ გაექცევი, მეტიც შენ უფრო დაინტერესებული იქნები რომ შენი მუსიკა A & R –ს ან მის რომელიმე სხვა სახელ დარქმეულ რეინკარნაციას მიაწოდო.
საქართველოში მუსიკის ბიზნესი ემბრიონალურ მდგომარეობაშია, თითქმის არცერთი აღწერილი პოზიციის ხალხი არ გვყავს, არანაირი გაყიდვვები არ არსებობს, სულ 2 ლეიბლი გვაქვს ქვეყანაში და შესაბამისად რასაც აქ კითხულობ შეიძლება ქართულ რეალობაში სასაცილოდ მოგეჩვენოს, თუმცა 2020 წელს კარგი მუსიკოსი ყოველთვის მაქსიმუმ რამდენიმე სწორი კლიკით არის დაშორებული თავის მომავალს, შესაბამისად, think big.
და ბოლოს - ორიათასიანებიდან უფრო და უფრო იჩინა თავი არტისტების მხოლოდ კომერციული ინტერესით აყვანის და ე.წ. „ მხოლოდ ბიზნეს“ მიდგომის მზარდმა ტენდენციამ. მთავარი დამნაშავე ფაქტორი ამაში ის გახლავთ, რომ თანამედროვე მუსიკალური ბიზნესის ყველაზე დიდი სახელები უბრალოდ ბიზნესმენები არიან და არა როგორც მანამდე იყო წარსულში - დიდი მუსიკალური ბექგრაუნდის ხალხი რომლებიც შემდეგ ინტერესდებოდნენ ინდუსტრიით. ტრადიციულად A&R - ები თითქმის ყოველთვის მუსიკიდან (ან კრიმინალიდან) მოდიოდნენ - ყოფილი კომპოზიტორები, პროდიუსერები (ან განგსტერები) და ა.შ. რომლებიც შემდეგ ინტერესდებოდნენ უშუალოდ ინდუსტრიით. თანამედროვე შოუბიზნესში კი დევიდ გეფენის ან რონ ფეირის მსგავსი A&R - ის წარმომადგენელი, რომელსაც ბიზნესის გარდა რაიმე შეხება აქვს მუსიკასთან, უფრო და უფრო ძნელი საპოვნი ხდება და ძალიან ხშირად წამყვან ლეიბლებში უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ ავოკადოს სმუზის მსმელ, ირმებიან ჯემპრში გამოწყობილ (კი, ტყავის ქურთუკები და იამამოტოს შარვლები ამან ჩაანაცვლა) A & R -ებს რომლებიც ყვირიან „წადით და ის მომიტანეთ რაც ახლა პოპულარულია“. Wu Tang Clan-მა მათ სიმღერაც კი მიუძღვნა Protect Ya Neck
First of all, who's your A&R
A mountain climber who plays an electric guitar
But he don't know the meaning of dope
When he's looking for a suit and tie rap
that's cleaner than a bar of soap
And I'm the dirtiest thing in sight
Matter of fact bring out the girls and let's have a mud fight
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში