ვიკინგი მეექვსე ავენიუდან - ნაწილი II

ავტორი: ქუჯი დავითულიანი

20 ივნისი, 2021

12 წუთის წასაკითხი

12 ნახვა

1943 წელს კანზასიდან ნიუ იორკში ბედის საძიებლად ჩავიდა ჩვენთვის უკვე ნაცნობი ლუის ტომას ჰარდინი, 60 დოლარით ჯიბეში, ახალი ცხოვრების დაწყების სურვილით შეპყრობილი, უსინათლო მუსიკოსი და როგორც ამბობენ:

„ნიუ იორკი საშიში ადგილია ავტობუსიდან ახალჩამოსული უცხოელებისთვის“, მაგრამ ლუისი პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო ადგილობრივ ბოჰემურ ცხოვრებაში.

გახდა “Social animal”, მალევე იპოვა სამსახური, ახალი მეგობრები და მისი სიმაღლის, აღნაგობისა და ახალი მეგობრების წყალობით ფენიქსის სამხატვრო აკადემიაში მოდელად დაიწყო მუშაობა. Barbara Prentice, რომელიც ამავე აკადემიაში ასწავლიდა, მისი პირველი მეგობარი და ნიუ იორკის გლამურული ივენთების გასაღები გახდა. Elsie Marcello - მომღერალი ჰარლემის ბატისტური ეკლესიიდან, Raymond Duncan - ამერიკელი მოცეკვავე და პოეტი, New York Philharmonic-ის წევრები, კომპოზიტორი Mary Siegrist, რომელმაც 1944 წელს ორგანიზება გაუკეთა წვეულებას სპეციალურად ლუისისთვის, დაპატიჟა ნიუ იორკის სახელოვნებო წრეები და წარუდგინა ის, როგორც ახალგაზრდა უსინათლო კომპოზიტორი.

მისმა ცხოვრებისეულმა ტრავმამ, შეიძლება ითქვას, რომ მის მუსიკალურ კარიერაში ერთგვარი დადებითი როლი შეასრულა, მის გარშემო ყველა დახმარებას ცდილობდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიუ იორკის სახელოვნებო წრეებმა პოზიტიური ბიძგი მისცეს მისი არტისტული კარიერის სწრაფ განვითარებას.

მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ცნობილმა ბალერინა - Anna Naila-მაც, მისმა მეორე დიდმა სიყვარულმა, რომელიც მუსიკოსის პირველ კომპოზიციებს წლების განმავლობაში ნოტებში იწერდა.

„ის მკარნახობდა ყოველ ნოტს, ნახევარი ტონი მესამე ხაზზე, ტონი პირველზე, და ეს პროცესი დიდხანს და დაუსრულებლად გრძელდებოდა“. ამ პერიოდში ლუისმა მას მიუძღვნა მისი ერთ-ერთი პირველი კლასიკური ნამუშევრები Portrait of a Monarch (1945) და Callisto (1946), თუმცა ისინი დიდიხნის შემდეგ გამოიცა. 

კომპოზიციებთან ერთად ის აქტიურად წერდა მცირე პოეტურ მადრიგალებს და ვიკინგის სამოსში გამოწყობილი მეექვსე ავენიუზე ყიდდა, ეს ქუჩის წარმოდგენა ხანდახან პოლიციასთან პრობლემებითაც სრულდებოდა.

ერთ-ერთი პირველი უსიამოვნება მის მადრიგალების სერიას „კალამი და ხმალი“ მოჰყვა, რომელიც შეიცავდა ხელისუფლების მკაცრ სოციალურ კრიტიკას და მისი ნამუშევრების გარდა, გამოყენებული იყო რამდენიმე მემარცხენე ავტორის არალეგალურად გამოცემული ლექსები. პოლიციამ ის დააპატიმრა, წაართვა საწერი დაფა, ფურცლები, კალამი და ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოუშვა .

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის (1945-48) პოეტური ჩანაწერები მნიშვნელოვანი სოციალური მესიჯების მიუხედავად, არ გამოირჩეოდა მაღალი მხატვრული ღირებულებით, განსხვავებით 60-იანი წლების ლექსებისგან, ამის გამო არ არსებობს ადრეული წლების ჩანაწერი ამაზე და კიდევ იმიტომ, რომ ნიუ იორკის მოსახლეობისთვის ეს 2 მეტრის სიმაღლის უსინათლო ვიკინგი ამ პერიოდში უბრალოდ მეექვსე ავენიუს ცოცხალ ატრაქციონად აღიქმებოდა და მისი ჩანახატების გამოცემაზე არავინ ფიქრობდა.

ამ პერიოდშივე შეხვდა მუსიკოსი და ნიუ იორკის ფილარმონიულ ორკესტრს. ქალაქში ჩამოსვლისას ლუისი დაესწრო კონცერტს, სადაც სრულდებოდა რიხარდ შტრაუსის სიმფონიური პოემა დონ კიხოტი, სადაც მონაწილეობდნენ დირიჟორი ბრუნო ვოლტერი და ჩელისტი ჯოსეფ შუსტერი. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ნიუ იორკ ფილარმონიქის მთავარმა დირიჟორმა და მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, არტურ როძინსკიმ მას ორკესტრის რეპეტიციებზე დასწრების უფლება მისცა, რაშიც ისევ მისი აღნაგობა და ვიზუალი დაეხმარა. „2 მეტრის სიმაღლის კაცი, ქრისტეს სახით“ ასე უწოდა როძინსკიმ ლუის.

რამდენიმე წლის განმავლობაში ახალგაზრდა კომპოზიტორი მუდმივად ესწრებოდა მათ რეპეტიციებს, დაუმეგობრდა არტურს, მის მეუღლე ელენას, ყველა აქ მომუშავე მუსიკოსს და მალევე გახდა ორკესტრის თილისმა, ზედმეტსახელად The Mascot

წლების შემდეგ კი, რამდენიმე მათგანთან საინტერესო კოლაბორაცებიც შექმნა. მევიოლინე ბილ ლინდსერი Epic-ის მიერ გამოცემულ ალბომში Moondog And His Friends, ფლეიტისტი იულიუს ბეიკერი და ვინერ საბინსკი ლეიბლ Prestige-ზე გამოსული The Story Of Moondog-ში... 

1953 წელს ვუდი ჰერმანის ლეიბლ Mars Records-ზე ტონი შვარცის და ჰოვი რიჩმონდის ძალისხმევით, გამოიცა მისი პირველი სტუდიური ალბომი Moondog on the Streets of New York. ფოტოგრაფ ბენ მიჩელის მიერ შექმნილ ალბომის გარეკანზე გამოსახული იყო თავად მუსიკოსი ხელნაკეთ დასარტყამ ინსტრუმენტზე შესრულებისას.

1953 წლის 31 მაისის ნიუ იორკ თაიმსის რუბრიკა - კვირის ხელოვნებაში მიმომხილველმა John Briggs-მა ალბომის ქოვერის შესახებ დაწერა:

„მუნდოგი ზის როგორც ქუჩის მუსიკოსი, სადღაც აღმოსავლეთ აზიის ბაზარში, გაურკვეველი ყავისფერი მოსასხამითა და სანდლებით, მოუვლელი წვერითა და გრძელი თმით.“

ეს იყო პირველი პროფესიონალურად ჩაწერილი პროდუქტი მის შემოქმედებაში, თუმცა ეს ჩანაწერი არა სტუდიურ გარემოში გაკეთდა, არამედ პირდაპირ ქუჩაში, მუნდოგის, როგორც ქუჩის მუსიკოსისთვის ჩვეულ ატმოსფეროში, ამიტომაც, ალბომში ხშირად ისმის იმ სივრცისთვის დამახასიათებელი „ქუჩის ხმები“ და გამოყენებული Field recording-ის ტექნიკა ჩანაწერის ავთენტურობას და უნიკალურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. 

თავად კომპოზიციებიც გაჟღენთილია ქუჩის, როგორც ჟღერადი ურბანული მოვლენის ღრმა ესთეტიკით, ეს კომპოზიტორის მიერ აღქმული ნიუ იორკის ჟღერადობაა, სადაც მას თავისი ინსტრუმენტული შესრულებით მისი წვლილი შეაქვს. ეს მუსიკოსის და ნიუ იორკის ქუჩების საერთო პერფორმანსია. ალბომის სახელიც ამ ერთიან მოცემულობას ნათლად წარმოადგენს.

ნაწარმოებების ძირითადი ჟღერადობა პერკუსიული, იშვიათად ჩასაბერი ინსტრუმენტებისგან შედგება, თუმცა პერიოდულად ისმის ლუის ვოკალიც. დასარტყამი ინსტრუმენტებით გაჯერებული რიტმული კომპოზიციები ამერიკელ ინდიელთა ტრანსულ მუსიკას, ჯაზურ რიტმებსა და მინიმალიზმისთვის დამახასიათებელ განმეორებადობებს მოიცავს.

ალბომის გამოსვლის შემდეგ მუსიკოსი მონაწილეობდა ნიუ იორკის უნივერსიტეტის საზაფხულო კემპ Folklore of New York City-ის მუსიკალურ სერიებში, სადაც ქალაქში მოღვაწე სხვა მუსიკოსებთან ერთად ლაივ სერიებიც დაუკრა.

საერთოდ 50-იანი წლები მის შემოქმედებით კარიერაში ყველაზე აქტიურ ფაზად ითვლება. ამ პერიოდში მან დაწერა ოთხმოცამდე ნაწარმოები, ჩამოყალიბდა, როგორც წარმატებული კომპოზიტორი, შექმნა მისი უნიკალური ჟღერადობა და კომპოზიციური სტილი, რომელმაც მის პერფორმანსებთან ერთად მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ჩაწერა სახელი Moondog. 

Moondog Symphony, Timber-wolf, Sagebrush, Oboe Rounds, All Is Loneliness და სხვა უამრავ ნაწარმოებში მუსიკოსი მღერის და ყველა დასარტყამი და პერკუსიული ინსტრუმენტების პარტიებს თავად ასრულებს. მათ შორისაა „თრიმბა“, ლუისის მიერ შექმნილი დასარტყამი ინსტრუმენტი.

კომპოზიციების მოსმენასთან ერთად ცხადი გახდა, რომ ამ ნამუშევრების რომელიმე ერთი მუსიკალური სტილისთვის მიკუთვნება წარმოუდგენელი იყო.

„ჩემი მუსიკა, ჩემი ჯაზი, დაწერილია კლასიკური მუსიკის ფორმით, ეს არის ამერიკელი ინდიელებისა და ევროპული მუსიკის გავლენების კომბინაცია."

ასე შეაფასა საკუთარი მუსიკა

კომპოზიტორმა France Musique-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ეს არის კლასიკური, სურიალისტური, ელექტრონული, ფოლკლორული მუსიკა... თითქოს ყველაფერი ერთად.“

ფილიპ სტარკი

„კლასიკური მუსიკა, ჟღერადი როგორც ჯაზი.“

(დომინიკ პონტი, პიანისტი, რომელიც მუნდოგთან ერთად

ასრულებდა მის ნაწარმოებებს მის უკანასკნელ კონცერტზე)

მისით აღფრთოვანებული ფილიპ გლასი და სტივ რაიხი კი მას მინიმალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად მოიხსენიებენ. 50-იანი წლების ბოლოს მუნდოგი უკვე ყველასათვის ცნობილი ხელოვანი იყო. ყველას სურდა ნიუ იორკის ფოლკლორის ამ იდუმალ ქუჩის გმირთან შეხვედრა. მას ყოველდღე სტუმრობდნენ ცნობილი გამოცემები ინტერვიუებისთვის, ადამიანები უბრალოდ მუსიკასა და ფილოსოფიაზე სასაუბროდ, დუკ ელინგტონი, ბენი გუდმანი, ჩარლი პარკერი, მუჰამედ ალი, მარლონ ბრანდო, ჯონ კეიჯი... ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადამიანების, ვინც სხვადასხვა დროს მასთან შეხვედრებს იხსენებენ...

გაგრძელება იქნება...

მსგავსი ბლოგები