სტვენა კლასიკურ მუსიკაზე
ავტორი: თამარ კვაჭაძე >>
21 მაისი, 2019 >>
10 წუთის წასაკითხი >>
12 ნახვა
როგორც წესი, დღეს თავს ყველაზე ახალგაზრდად კლასიკური მუსიკის კონცერტებზე ვგრძნობ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, დარბაზში უფროსი და ძალზედ უფროსი თაობის წარმომადგენლები სხედან. რატომ ხდება ასე? სად არიან ახალგაზრდები?
"ქალი შლაპით" პაბლო პიკასო
კლასიკური მუსიკის კონცერტები თავიანთი მკაცრი წესებით, რიტუალებით, დრესკოდით და რაფინირებული პუბლიკით ხშირად უფრო აფრთხობს ახალგზარდა მსმენელს, ვიდრე უშუალოდ მუსიკა. არა და იყო დრო, როდესაც ვერდის ოპერების შესრულებისას მთელი დარბაზი სოლისტებთან ერთად მღეროდა ხოლმე. ამბობენ, „რიგოლეტოს“ რეპეტიციებს ვერდი მდინარის შუაგულში, ტივზე ატარებდა, რომ სიმღერის მოყვარულ იტალიელებს პრემიერის დღეს ზეპირად არ სცოდნოდათ ოპერის მთავარი „ჰიტები“. ცნობილი არია „La donna e mobile“ ჰერცოგის პარტიის შემსრულებელმა პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო და მას არა მხოლოდ წაღიღინება, არიაზე ფიქრიც კი ეკრძალებოდა თეატრის კედლებს გარეთ. „რიგოლეტოს“ პრემიერა ვენეციაში შედგა და მეორე დღეს მთელი ქალაქი ამ არიას მღეროდა. დღესაც ნუ დავუკარგავთ კლასიკას გასართობი მუსიკის დანიშნულების მხარეს.
"სამი მუსიკოსი" პაბლო პიკასო
კლასიკური მუსიკის შესრულებისას სტვენა, შეძახილები და გამამხნევებელი ტაში მიღებული იყო. დღეს აკადემიურ დარბაზებში ბევრად მკაცრი წესებია. ტაში შესრულების დროს კი არა, ნაწილებს შორისაც მიუღებელია. ვინც პირველი ტაშს წამოიწყებს სიმფონიის ან სონატის ნაწილებს შორის მცირე პაუზისას, განრისხებულ „შშშშშშ“-ს გაიგებს და სამუდამოდ დაივიწყებს გზას კლასიკური მუსიკის დარბაზისაკენ. რა თქმა უნდა ხმაურისაკენ არ მოგიწოდებთ. პირიქით, მობილური ტელეფონის გამორთვა აუცილებელია და არც ყოველწამიერი ჩახველებაა საჭირო. უბრალოდ ზედმეტი ფიქრი, რომ რამე შეგეშლება, როგორც 5 ვარსკვლავიან რესტორანში, სადაც 4 წყვილი დანა-ჩანგლის გამოყენების წესები ზუსტად უნდა იცოდე, არასასურველ დაძაბულობას იწვევს. ამიტომ, მოდუნდით და თქვენს გემოზე ისიამოვნეთ.
"მანდოლინა და ვიოლინო" პაბლო პიკასო
კლასიკური მუსიკის მოსმენა სულაც არ არის საჭირო დარბაზში. არსებობს უამრავი შესანიშნავი ჩანაწერი და თანამედროვე აპლიკაცია. მათი მეშვეობით კლასიკის მოსმენა სახლში, ტრანსპორტში, სეირნობისას და სხვა საქმეების კეთებისას შეიძლება. ეს სულაც არ არის დაუშვებელი. პირადად მე, 32 წლიანი სტაჟის მქონე მევიოლინე, როდესაც ვახშამს ვამზადებ, ყოველთვის იტალიურ ოპერას ვუსმენ. არაფერი ისე არ უხდება ვერდის, როგორც ერთი ჭიქა წითელი ღვინო და ბოლონიეზე. სახლის დალაგება ბევრად ხალისიანად მიდის მოცარტის ან ვივალდის მუსიკის თანხლებით.
"პიანინო" პაბლო პიკასო
ხოლო ტრანსპორტში ან ფეხით სიარულისას ბეთჰოვენის საფორტეპიანო სონატებს ვრთავ ყურსასმენებში. რაღაც დაუწერელი წესი, რომ კლასიკას სავარძელში გაშეშებულმა უნდა უსმინო, მოგონილია და ხალხს სულ ტყუილად აფრთხობს. ჩემს მეგობრებს, რომლებსაც ჩემს გაცნობამდე კლასიკა დიდად არ უყვარდათ (სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო), დღეს თავის ფლეილისტში პუჩინის საოპერო არიები, ვაგნერი, შოსტაკოვიჩი, ბეთჰოვენი, მოცარტი და უფრო ადრინდელი კომპოზიტორებიც ჰყავთ. ასე რომ, ნუ იფიქრებთ, რომ კლასიკის არაკლასიკურ გარემოში მოსმენისას არასათანადოდ ექცევით ბუმბერაზ კომპოზიტორებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ მუსიკალური სკოლის კორიდორში ჩამწკრივებული პორტრეტებიდან გაშინებდნენ.
"აკორდეონისტი" პაბლო პიკასო
სხვათაშორის, ასევე გავრცელებული მითია, რომ შეუძლებელია გიყვარდეს „სერიოზული“ მუსიკაც და „მსუბუქი“ მუსიკაც. როკენროლიც მიყვარს, როკიც და ელექტრო მუსიკაც კლუბებში. და საერთოდ, კიდევ საკითხავია, რომელი მუსიკა უფრო მსუბუქია, თბილისური ტექნოს შემხედვარე. მოკლედ, კიდევ წერა-კითხვას, აჯობებს მოვუსმინოთ რამეს. მაგალითად ბეთჰოვენს. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს მისი მე-7 სიმფონიის მე-2 ნაწილი ასეთ გარემოში გაიჟღერებდა.
კლასიკას უხდება ჩარჩოებიდან გამოსვლა. სწორედ ამიტომ რჩება ის კლასიკად.
ავტორი: თამარ კვაჭაძე
ქავერ ფოტო: scott jones ,"night at paris opera"
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში