Soft Eject - დამოუკიდებელ საქართველოზე უფროსი ჯგუფი
ავტორი: ნიკო ნერგაძე >>
2 ივლისი, 2019 >>
10 წუთის წასაკითხი >>
10 ნახვა
And They Carry On…
როდის მოვუსმინე პირველად Soft Eject-ს არ მახსოვს. მაგრამ ვიცი, სადაც იქნებოდა - რესპუბლიკის მოედანზე. იქ ტარდებოდა ხოლმე 90-იანების დასაწყისში ერთობლივი კონცერტები - როკი ამის წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ... შიდსის, ძალადობის, ჰოლოკოსტის...
ჯგუფი მაშინ უკვე რამდენიმე წლის შექმნილი იყო. საბჭოთა კავშირი ბოლო წლებს ითვლიდა, როდესაც ერთმანეთს დაუმეგობრდნენ და ერთად დაკვრა გადაწყვიტეს. აუ, რამდენი ხანი გასულა - Soft Eject დამოუკიდებელ საქართველოზე ცოტა უფროსი გამოდის.
არსებობის პირველი რამდენიმე წელი, „ბითლზისა“ არ იყოს, გერმანიაში გაატარეს. ქუჩაში, ბარებში, ბორდელებში და ქორწილებში უკრავდნენ და გზადაგზა სიმღერებსაც წერდნენ. როდესაც დაბრუნდნენ, თან იქ ჩაწერილი 4 ალბომი ჩამოიტანეს. ალბომი რა, კასეტები იყო, დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო დემო-ჩანაწერები - ახლა ოფიციალურ დისკოგრაფიაში აღარც ახსენებენ ხოლმე. თუმცა, იმ დროისთვის ურიგო სულაც არ ყოფილა.
თუმცა მთავარი, რაც გერმანიიდან ჩამოიტანეს ალბათ გამოცდილება იყო. ეს განსაკუთრებულად კარგად აი, იმ კონცერტზე იგრძნობოდა, თავიდან რომ ვახსენე, როკი რომ რაღაცას ებრძოდა. სცენაზე მაშინ ყველა გულით და მონდომებით იდგა, მაგრამ ევროპიდან ახლად დაბრუნებულ Soft Eject-ს სულ სხვა დონის პროფესიონალიზმი ეტყობოდა.
ჯგუფის წევრებს იმ კონცერტიდან ცოტა ხნის შემდეგ დავუახლოვდი. მეგობრებთან ერთად მათ რეპეტიციებზე დავდიოდით ხოლმე. მერე, Please Just Carry On-ის კლიპში გადასაღებად დაგვიძახეს.
ეგ გადაღებები ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი მოგონებაა. მე სულ ორი წამის განმავლობაში ვჩანვარ - სულელივით ვიქნევ ხელებს. თუ კლიპი გინახავს შეიძლება იფიქრო - რა მოგონება, განა კი რამდენი ხანი დაჭირვებოდა გადაღებებს? ნახევარი დღე? მთელი დღე?
არა, გენაცვალე. ლამის სამი კვირის განმავლობაში დავდიოდით. რად უნდოდა მაგას ამდენი ხანი არ ვიცი, მაგრამ არ ვჩივი - ორი თვეც ვივლიდი მეც და ჩემი მეგობრებიც.
მაგ ვიდეოსთან, ჩემ გარდა, კიდევ უამრავი ადამიანს აკავშირებს ტკბილი მოგონებები. Youtube -ზე კლიპის ქვეშ დღემდე კომენტარები იწერება - როგორ უყვარდათ და უყვართ, ვისთვის როგორი ბავშვობის სიმღერაა, რომ თავიდან უცხოური ჯგუფი ეგონათ...
თუმცა, Soft Eject-ს მხოლოდ ეს სიმღერა რომ დაეწერა, არა მგონია, დღეს რამდენიმე მუსიკის მოყვარულის გარდა ვინმეს ხსომებოდა. ჯგუფის ხიბლი იმაშიცაა, რომ ის ძალიან, ძალიან დიდი ხანია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში, რამდენიმე წელს თუ არ ჩავთვლით, მუშაობა არ შეუწყვეტია. შეიძლება კონცერტს კონცერტზე არ ატარებდნენ, მაგრამ სიმღერებს სულ წერდნენ - აქა-იქ რამდენიმეწლიან პაუზას თუ არ ჩავთვლით. ამ სიმღერებიდან ბევრი ალბათ მოსმენილი გაქვს, თუმცა, შეიძლება არც კი იცოდე, რომ მათია.
ყველანაირი ლოგიკით Soft Eject 90-იანებში უნდა დარჩენილიყო. ჯერ თუნდაც იმიტომ, რომ იმ კლიპის გადაღებიდან ცოტა ხანში ირაკლი „პეჩო“ ჭელიშვილი, მუსიკოსობას შეეშვა და მთლიანად ექიმობას მიჰყო ხელი. (დღეს საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ნეიროქირურგად ითვლება). როგორია, როდესაც ჯგუფიდან ვოკალისტი მიდის, რომლისნაირადაც საქართველოში ცოტა თუ მღერის?
თუმცა, ცხადია, მუსიკა სპორტი არ არის და „უკეთესი“ და „უარესი“ შედარებითი ცნებებია.
გააჩნია, რა გაქვს სამღერი. Soft Eject-მაც გადაწყვიტა, სხვანაირი სიმღერები ეწერათ.
ამდენ ხანს ალბათ იმიტომაც გაძლეს, რომ ჯგუფს ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს. თუ ერთი მიდის, დანარჩენები ცდილობენ, რომ „კერიაში ცეცხლი ენთოს“. ბენდი სახეს იცვლის და სხვანაირი ხდება. „ვოკალი-გიტარა-ბასი-დრამის“ ფორმატი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს „გიტარა - გიტარა - ფაგოტი - ჭიანური - ბას-ჭიანური - ბოტსვანური ღოროტოტო - სოპრანო - მეცო-სოპრანო - ბარიტონი“. ან, ვთქვათ - „ვოკალი - კომპიუტერი - რაც ხელში მოგვხვდება ის ინსტრუმენტი“.
ეს სახეცვლილება კი ბუნებრივად ხდება ხოლმე, რადგან Soft Eject რომელიმე ერთ ჟანრს არ არის მიბმული. „ვიკიპედიაში“ ინდი-როკად და ფოლკ-როკადაა მოხსენიებული, მაგრამ ეგეც ძალიან არაზუსტ დახასიათებად მეჩვენება. ამ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ბენდს უამრავი სხვადასხვანაირი რამე დაუკრავს - „ბითლზით“ შთაგონებული სიმღერები, „პინკ ფლოიდური“ კომპოზიციები, (ბავშვობაში ეგენი მიყვარდა ყველაზე უფრო. იმ რესპუბლიკის მოედნის კონცერტზე It’s Another Day-მ მომხიბლა ყველაზე უფრო, რომელიც, მგონი, ინტერნეტში არცაა. კარგა ხანია არ მომისმენია და ვინძლო სულ არ გავდეს „პინკ ფლოიდს“, მაგრამ მაშინ ეგრე მეჩვენა), Carry On რა ჟანრიცაა, ეგ - (რა ქვია მაგას, სიმღერა?), ქართული ხალხური მუსიკით და არაქართული ხალხური მუსიკით შთაგონებული „ვეშჩები“, ოპერა, მორედიოჰედო კომპოზიციები...
თუმცა, ამ მრავალფეროვნებას თან ხშირად მსგავსი განწყობა დაყვება. ამ განწყობის სიტყვებით გადმოცემა რთულია - აი, ერთგვარი ბავშვობის ნოსტალგია, რაღაცაირი სეპია თუ გახუნებული სლაიდის ფერი ... შეიძლება მხოლოდ ჩემი სუბიექტური შთაბეჭდილება იყოს, მაგრამ, არა მგონია... ჯგუფიც თავისი სიმღერების თანმხლებ ვიდეოებს მაგ სულისკვეთებით იღებს ხოლმე.
არადა, თავად ჯგუფი აეგეთი ნოსტალგიური არასოდეს ყოფილა. შეიძლება, ტექსტებში განსაკუთრებული სოციალური თემატიკით არ ჰქონოდათ, მაგრამ მუდმივად იყვნენ ჩართულები - საბჭოთა დროიდან მოყოლებული, შევარდნაძის გავლით დღემდე. „წვიმის მუსიკოსებში“ გადიან, სხვა თუ არაფერი. მაგრამ მაინც, Shady Town Story არ არის Killing In The Name Of (ამ ხუმრობის დამფასებლებმა კვირის ბოლოს სადმე პატარა კუპე დავჯავშნოთ. ძვირი არ დაგვიჯდება - 50 ხინკალი, ორი ბოთლი არაყი, ცოტა ლუდი...) და მათი შეხედულებები მუსიკაზე, ჩემი აზრით, მაინცდამაინც არ აისახება ხოლმე.
საბოლოოდ კი ამ ყველაფერს - უზარმაზარი გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, ბევრნაირ კარგ სიმღერას - მივყავართ იქ, რისთვისაც ეს ბლოგი დაიწერა.
ცოცხლად Soft Eject-ს საქართველოში ცოტა თუ შეედრება. არადა, კონცერტები ათასში ერთხელ აქვთ ხოლმე. 6 ივლისს Lisi Wonderland-ზე დაუკრავენ. ყველა „სოფთელი“ იქ იქნება.
თქვენი რომ ვიყო, არ გამოვტოვებდი.
ავტორი: ნიკო ნერგაძე
ფოტოები: soft eject-ის არქივი
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში