„სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი“

ავტორი: დიმიტრი შუბითიძე

10 აგვისტო, 2019

10 წუთის წასაკითხი

11 ნახვა

სიკვდილი სიცოცხლის არა მხოლოდ დასკვნითი, არამედ შემადგენელი მომენტია: ადამიანის მთელი არსებობა არის ყოფნა-სიკვდილისთვის (რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც ,,შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა შესაძლებლობა შეუძლებლად იქცეს”), ამიტომაც ჭეშმარიტი სიცოცხლე ისაა, რომელიც იღებს წუხილის განზომილებას, არ ცდილობს, საკუთარი შეზღუდულობა და სასრულობა ამქვეყნიურზე ზრუნვაში დაივიწყოს (არაჭეშმარიტი ცხოვრების გაშმაგებული საქმიანობა და ფუჭი ლაყბობა).

ოდითგანვე ადამიანმა იცოდა, რომ თუ პირდაპირ ვერ შეცვლიდა მოვლენების განვითარებას, მასზე ირიბი ზეგავლენის მოხდენა მაინც შეეძლო.

მუსიკა ერთერთი ძლიერი იარაღია იდეოლოგიისა და ნარატივის გასამჟღავნებლად.

ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია, ჰიტლერის დამოკიდებულება ვაგნერის ოპერების მიმართ. ადოლფ ჰიტლერი ვაგნერის მუსიკის თაყვანისმცემელი იყო და მის ოპერებში გერმანული ერის შესახებ თავისი ხედვის ხორცშესხმას ხედავდა. 1922 წელს წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ ვაგნერის ოპერები ადიდებდა „გმირულ ტევტონურ ბუნებას... დიდებულება გმირობაშია.“

ვაგნერს რიგ შემთხვევებში ნაცისტური იდეოლოგიის შტურმანადაც მოიხსენიებენ.

საინტერესო ფენომენი გვხვდება ბეთჰოვენის შემოქმედებაშიც. მეცხრე სიმფონიის (Ode to Joy) მსმენელი გაფართოებულ ფორმატში ხედავს სამყაროს. ისეთს, როგორიც ის არის ვარდისფერი სათვალეების გარეშე.

უცნაური ისაა, როგორ შეიძლებოდა ამ ცნობილი კომპოზიციის ყველა იდეოლოგიისთვის მორგება. მას იყენებდნენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები: ნაცისტურ გერმანიაში მას საერთო ლხინისა და დიდი ღონისძიებების დროს იყენებდნენ. საბჭოთა კავშირში მეცხრე სიმფონია სრულდებოდა როგორც კომუნისტური მუსიკა. ჩინეთში დიდი კულტურული რევოლუციის დროს, როცა მთლიანი დასავლური მუსიკა აკრძალული იყო, მეცხე სიმფონია დაშვებული იყო. ის სრულდებოდა, როგორც პროგრესული ბურჟუაზიული მუსიკა.

მაგალითები მემარჯვენეებშიც გვხვდება. როდეზიაში, სანამ ის ზიმბაბვეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდებოდა, მეცხე სიმფონია, რა თქმა უნდა, შეცვლილი ტექსტით ქვეყნის ჰიმნის ფუნქციას ითავსებდა.

მაშინ, როცა ორი გერმანია არსებობდა, ოლიმპიური თამაშების დროს, თუ გერმანელი ავიდოდა ფიდესტალზე, იქაც მეცხრე სიმფონია ისმოდა DDR-ის ან GDR-ის ჰიმნების ნაცვლად.

დღესაც Ode to Joy ევროკავშირის არაოფიციალური ჰიმნია.

ხოლო პირველი კლასიკური პოლიტიკური კომპოზიციის შექმნა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან რევოლუციას უკავშირდება. 1789 წლის მოვლენების შემდეგ, რამდენიმე წელიწადში აჯანყებულმა ფრანგებმა რესპუბლიკა დააარსეს, რომლის წინააღმდეგ კონტინენტური ევროპის ყველა მონარქია დაირაზმა. ორგანიზებული მონარქისტული ძალები თამამად და მარტივად უმკლავდებოდნენ ახლადშექმნილი რესპუბლიკური სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგობას. საფრანგეთის საკანონმდებლო კრება უამრავი წაგებული ბრძოლის შედეგების გაქარწყლებას საგანგებო დადგენილებით შეეცადა და რევოლუციის ავანგარდულ ძალას, ახალგაზრდობას, მორიგი შეტევისკენ მოუწოდა.

1792 წლის 20 სექტემბერს დაბა ვალმისთან გამართულ შეტაკებაში დაგლეჯილი უნიფორმებით შემოსილმა და მშიერმა ფრანგმა ჯარისკაცებმა პრუსიის არმია დაამარცხეს. იოჰან ვოლფგანგ გოეთემ სწორედ ვალმის ბრძოლის შესახებ თქვა: “ამ დღიდან და ამ ადგილიდან ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება. ესაა მეეფებზე ხალხების პირველი გამარჯვება…” რევოლუციურ ეპოქაში, მონარქისტებთან ბრძოლის დროს, ფრანგთა მთავარი სიმღერა რუჟე დე ლილის ლექსზე შექმნილი „მარსელიეზა” გახლდათ. სხვათა შორის ამავე კომპოზიციის შესრულება ძალიან უყვარდათ 1900-იანი წლების გურიაშიც.

„მარსელიეზას” შემდეგ ათობით პოლიტიკური ჰიმნი და მარში დაიწერა, რომელთა გარეშეც ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნებოდა მეცხრამეტე საუკუნის ევროპის მატიანე. ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი „ინტერნაციონალი” გახლავთ, რომელიც რუსმა იმპერიალისტებმა და ბოლშევიკებმა ჩვენს მეხსიერებაში ყველაზე მახინჯი ფორმით აღბეჭდეს.

მუსიკა ყოველთვის მნიშნელოვან როლს თამაშობდა ადამიანის თუ იდეოლოგიის განვითარებაში.

ჩარლზ მენსონი ამბობდა, რომ მას კულტის შექმნის და სერიული მკვლელობების სურვლი ბითლზის თეთრი ალბომის მოსმენის შემდეგ გაუჩნდა.

აქედან გამომდინარე, ვარაუდი მართლდება, რომ მუსიკა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია ის გვართმევს და გვძენს, ანგრევს და აშენებს.

მსგავსი ბლოგები