შერეული გრძნობები ახალ ქართულ გრუვში.

ავტორი: გია ხადური

25 ნოემბერი, 2020

10 წუთის წასაკითხი

4 ნახვა

უნდა შევაფასოთ თუ არა ქართველი მუსიკოსები იმ კრიტერიუმებით, როგორითაც ვაფასებთ, მაგალითად, ანგლო-ამერიკელ არტისტებს? მე მგონი, არა. იქ სხვა ისტორიული ევოლუციასთან გვაქვს საქმე, ლოგიკურ მემკვიდრეობითობასთან, ჩვენთან კი ეს განვითარება სრულიად ამოვარდნილია კონტექსტიდან, რადგან არ არსებობდა განვითარების არანაირი ლოგიკური ჯაჭვი.

იგივე მაგალითად ინგლისში, თაობებია უკვე ამ მუსიკალურ კულტურაზე გაზრდილი, ჩვენგან განსხვავებით, და ამიტომ ჩვენი და მათი მუსიკალური რეალობის შედარება არაკორექტულიც კია, ამიტომაც ის მკაცრი მოთხოვნები და გამოწვევები, რაც, ვთქვათ, ინგლისელი მუსიკოსის წინაშე დგას, ობიექტურად ვერ იდგება ქართველი მუსიკოსის წინაშე, და, შესაბამისად, ქართული მუსიკაც, გაცილებით უფრო შემწყნარებლურად უნდა შავაფასოთ, ჯერჯერობით მაინც. პირველ რიგში კი, ეს ეხება ისეთი ხასიათის მუსიკას, რომელსაც უწოდებენ "მეინსთრიმს", რადგანაც გაცილებით უფრო რთულია, გააკეთო ფასეული პროდუქტი მეინსთრიმში, ვიდრე მაგალითად ალტერნატივა ანდერგრაუნდში, სადაც „პროდუქტის ხარისხს“ დიდი მნიშვნელობა არც აქვს. აი სწორედ მეინსთრიმულ მუსიკასთან გვაქვს საქმე დავით დათუნაშვილის ახალ მინი ალბომში, 6 Plus. 

პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მე, ასეთი მუსიკა დიდად არ მომწონს, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტივიზმი, უნდა შეიცვალოს ობიექტივიზმით, როცა საქმე გვაქვს ასეთი ხასიათის მუსიკის ქართულ ვერსიასთან, სწორედ ზემოხსენებული მიზეზების გამო, დისკურსია სხვა - სამამულო და ეს ცვლის ყველაფერს. 

პოზიტივიზმი - აი რა გხვდება პირველად ყურში ალბომის მოსმენისას. ამ პოზიტივიზმს კი იწვევს, სოულ-არ-ნ-ბი-ფანკ სტილისტური კარკასი, სადაც იმპლანტირებულია ქართული სასიმღერო რეჩიტატივი, ცოტა სევდიანი, ელეგიური ხასიათის. ისევე, როგორც ადრეულ ქართულ საესტრადო მუსიკაში, ასევე შედარებით ახალ ქართულ პაპსაშიც კი, ასეთი ხასითის ჟანრული ინგრედიენტები უკვე დიდი ხანია აპრობირებულია, ანუ, ერთი შეხედვით, სახეზეა მემკვიდრეობიობა, მაგრამ სად იგრძნობა ეს კონკრეტულად, ამ ალბომში, შეუძლებელია მიუთითო.

დავით დათუნაშვილს ორიენტირები არ ყავს და არც არავის ეყრდნობა. მთავარი განმასხვავებელი, ანალოგიური ხასიათს სამამულო პროდუქციისგან არის ის, რომ დათაუნაშვილს პერიოდულად შემოყავს ე.წ. „დრიმ-პოპ“ განწყობილებები, მაგრამ „დრიმ-პოპი“ არა სუფთა ანგლო-ამერიკული ხასიათის, არამედ სწორედ ქართული ხასიათის, აქ სახეზეა ქართული მელანქოლია, ეს მელანქოლიაც არ არის ახალი, ერთი შეხედვით, ის გვხვდებოდა არქაულ ქართულ საბჭოთა ესტრადაშიც კი, მაგრამ ამ ალბომში, და განსაკუთრებით ინსტრუმენტალურ ორნაწილიან ტრეკში „36.6“, საქმე გვაქვს უკვე თანამედროვე ჯაზ-ლაუნჯთან, მის ლამის საავტორო აღქმასთან.

პირველ ნაწილში, ინიციატივას იღებს საყვირი, რომელიც ანაცვლებს ალბომის წინა ტრეკების ვოკალურ ნარატივს და ამით მუსიკა აშკარად იგებს, ხდება უფრო ჯაზური და ემოციურიც კი, ვიდრე სხვა, ვოკალზე აწყობილი ტრეკები. „36.6“ მეორე ნაწილში, მოსცილდა საყვირი, და წამოვიდა სინთეზატორული ტალღები, მუსიკამაც გადაინაცვლა ლამის პოპ-ლაუნჯში, ანუ შეიცვალა აკუსტიკური ხასიათი და დასრულებილი სახე მიეცა მთელ კომპოზიციას.

ჩემი მოსაზრებით, ამ ალბომის ინსტრუმენტალური შემადგენელი, უკეთესად მუშაობს, ვიდრე ვოკალური ნაწილი. პირველად ეს ნათელი ხდება მეორე ტრეკში - Mixed Feelings. აშკარაა, რომ არანჟირება-პროდუსინგი უფრო დახვეწილია, ვიდრე ვოკალური ხაზები.

ეს ტენდენცია უფრო ღრმავდება მომდევნო ტრეკში - 4 real, ეს არ არის სიმღერა აკომპანიმენტის თანხლებით, თითქოს, რაღაც უკუეფექტს აქვს ადგილი = ანუ როცა ვოკალური პარტია „აკომპანიმენტის“ შემავსებელი ნაწილი უფროა. რა თქმა უნდა, ეს ვოკალისტების ბრალი არ არის, ეს უფრო იმის ბრალია, რომ ვოკალურ პარტიებს აკლიათ მკაფიო მელოდიურობა. მეორე მხრივ, შეიძლება ასე უნდოდა ავტორს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ეფექტი უნდა გამოიწვიოს უკვე ინსტრუმენტალის მოულოდნელმა განვითარებამ, რაც არ ხდება, ყველაფერი პროგნოზირებადი და, შესაბამისად, ნაკლებად დამაინტრიგებელია. სწორედ ამიტომ ვიღებთ ე.წ. smooth რეალობას, როცა მუსიკა „მომრგვალებულია“ და კომფორტული. რა თქმა უნდა, არაფერი ტრაგიკული ამაში არ არის, ერთ აკუსტიკურ ყალიბში ჩამოსხმულს რომ არ დაემსგავსოს ტრეკები. კიდევ ერთი ნიუანსი, რაც არ მომეწონა ვოკალთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბოლო ტრეკში „საოცრებები“, მომენტებში არის აპელირება ქართულ სასიმღერო პაპსა მანერიზმთან, ასე მოდაში რომ იყო 2000-იანი წლების დასაწყისში, მახვილების და ინტონაციების აქცენტირებული წანაცვლება, დეფორმაციები ლამის ქართული ბოი ბენდების სტილში.

ჩემი ფავორიტი ტრეკი კი ბოლოში მოვიტოვე, ეს არის ალბომის გამხსნელი „ქვიშებზე ან ქვებზე“, დახვეწილი, ზომიერად ემოციური და მანევრული, ზუსტი ჟღერადობით.

იდეალურადაა დაბალანსებული მელოდიურ-ვოკალური ფრაზირება და ინსტრუმენტალი, ბასი, ლამის ინდი-პოპ გიტარა, პერკუსიები, სინთეზატორი, ყველაფერი ძალიან კარგად კომბინირებს ერთმანეთში, თანაც ეს ყველაფერი ესწრება ორ წუთში (ტრეკის ხანგძლივობა).

საბოლოოდ, იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ქართული თანამედროვე ხარისხიანი პოპ მეინსთრიმის შექმნის მცდელობა, მთლიანობაში საკმაოდ პოზიტიურ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს, ისეთი. უფრო მეტიც, მე არც მახსოვს როდის მოვისმინე ბოლოს ასეთი დახვეწილი, ლამის ეროტიული ჰედონიზმი რომ გამოსჭვიოდეს ქართული პოპ მუსიკიდან, რაც არ არის პატარა ამბავი, თუნდაც იმიტომ, რომ ეროტიზმის და ჰედონიზმის გარეშე, პოპ მუსიკა საერთოდ კარგავს ინტრიგას, კასტრირდება და ელემენტარულად კვდება.

მსგავსი ბლოგები