საქართველოს ტენიანი ტყეების ხმოვანება
ავტორი: ჯაბა შავიშვილი >>
18 სექტემბერი, 2020 >>
10 წუთის წასაკითხი >>
12 ნახვა
შეუჩერებელი ინდუსტრიალიზაცია თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა - მისი ეფექტები ჩვენს ბუნებასა და ჯანმრთელობაზე კი განუზომელი. კლიმატური ცვლილებები, გამონაბოლქვი თუ დაბინძურებული წყალი მხოლოდ ნაწილია ამ პროცესის, თუმცა ალბათ რაც ყველაზე მეტად მეტად გვაწუხებს ჩვენი ველური ბუნების ხელყოფაა - 1990 წლიდან დღემდე, დედამიწის ველური ბუნების მეათედი განადგურებულია, რაც ჯამურად 3.3 მილიონი კმ ტყის მასივია.
ადამიანის ფსიქოლოგიური ფუნქცია ბუნებრივ გარემოს 6-7 მილიონი წლის განმავლობაში ეჩვეოდა, თუმცა ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, უამრავმა ხელოვნურად შექმნილ გარემოში გადაინაცვლა. ექსპერიმენტულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ სიმწვანეში ყოფნის დროს ჩვენი ქრონიკული სტრესის დონე ბევრად დაბალია. ერთ-ერთ ასეთ კვლევაში, მონაწილეებს ტყეთა ვიზუალურ გამოსახულებებს უზიარებდნენ, რაზეც ორი სხვადასხვა ტესტი ჩაატარეს: ერთი ნატურალური ბუნების ხმების თანხლებით, მეორე კიმის გარეშე - როგორც აღმოჩნდა, ბუნების ხმოვანება კიდევ ერთი სტიმულია ჩვენი მშვიდი ცხოვრებისათვის.
ხელოვნების, მეცნიერებისა და ეკოაქტივიზმის დაკავშირება მსოფლიოსთვის ახალი არ არის, 80-იანი წლებიდან აქტიურად იწყება მუსიკაში დედამიწის ეკო პრობლემატიკის ასახვისა და გადმოტანის პროცესები.
და მაინც რა კავშირი შეგვიძლია დავიჭიროთ კომპოზიციასა და ტყის უწვდენელ სიმწვანეს შორის? რას იტყოდით იმ ინფორმაციაზე რასაც თავად ტყეები გადმოგვცემენ? უკვე რამდენიმე ათწლეული გავიდა რაც კანადელმა კომპოზიტორმა, რეიმონდ შაფერმა ტერმინ „Soundscape”-ს დაუდო სათავე, XXI საუკუნეში კი ხშირად „აკუსტიკურ გარემოს“ იყენებენ - ეს იდეა ბუნებასთან ადამიანის ინტერაქციას ეხება.
სხვადასხვა პერიოდში მუსიკოსები და ხელოვანები ბუნების თემატიკას თავისებურად იკვლევნდნე. მაგალითად რუიჩი საკამოტოს „Forest Symphony” ფოტოსინთეზის პროცესს ხმებით ასახავს.
აქვეა ასევე მერედით მონქის “On Behalf of Nature“ და ჯონ ლუთერ ადამსის “Colorado“. ასევე გვაქვს ბიოაკუსტიკოს და მუსიკოსსის, ბერნი კრაუზის არტ ინსტალაცია, „The Great Animal Symphony”, რომელიც ცხოველებისა და ფრინველების ხმებზეა დაფუძნებული.
ტყეები ერთგვარი საკონცერტო დარბაზებია მგალობელი ფრინველებისთვის. აკუსტიკური სიგნალები ყოველთვის დამოკიდებულია გარემოზე, საიდანაც ისინი იწარმოება. ბგერის სიჩქარე ტენიანობის პირობებში ვარირებს და ცხელი ჰაერის პირობებში უფრო სწრაფად მიმოიცვლება ვიდრე წვიმაში -ეს ფაქტორი ტროპიკული თუ სუბტროპიკული ტყეების კვლევისთვის მნიშვნელოვანია.
ამერიკელი მეცნიერის, პოლ ალაბაქის განმარტებით, ტენიან ტყეებს წლიურად 1400 მმ-ზე მეტი ნალექი ახასიათებს, რომლიდანაც 10% მაინც ზაფხულის პერიოდზე მოდის. ამ განმარტების მიხედვით მსგავსი ტერიტორიები ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც გვხვდები - მტირალას ეროვნული პარკი ამის საუკეთესო ნიმუშია.
მტირალას მთა შავ ზღვას და აჭარის მთათა სისტემას შორის, ჩაქვისწყლისა და ყორაღისწლის წყალგასაყარზე მდებარეობს. აქაური მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებენს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მაგრამ თვით ნალექებით უხვ აჭარაში მტირალას მთა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1381 მეტრია, ყველაზე ნალექიანი ადგილია. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ. ნალექი მოდის, რაც მტირალას არათუ აჭარის, ჩვენი ქვეყნის ყველაზე სველ ადგილად აქცევს.
ტოპონიმი „მტირალაც“ ამ მთას სწორედ უხვნალექიანობიდის გამო შეერქვა. მდიდარი და მრავალფეროვანია მტირალას ფლორა. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია როგორც ტყის მცენარეულობა, რომელიც წაბლნარებით, წიფლნარებით და კოლხური ტიპის შერეული ტყით არის წარმოდგენილი, ასევე კოლხეთისთვის დამახასიათებელი მარადმწვანე ბუჩქებით შექმნილი შქერიანი ბუჩქნარებით.
სწორედ მტირალას ეროვნულ პარკში, ტენიანი ტყეების გარემოცვაში განხორციელდა წელს „საველე ჩანაწერები“ მუსიკოსების ანუშკა ჩხეიძისა და რეზო კიკნაძის მიერ, რომელიც ერთადერთი ხმოვანი წყარო იქნება აუდიო/ვიზუალურ ფესტივალ, “Interchange”-ის მიერ გამოცხადებული კონკურსისა, სადაც მუსიკოსებმა და კომპოზიტორებმა, 11 სექტემბრამდე აკუზმატიკური კომპოზიციები უნდა შექმნან.
„საველე ჩანაწერებთან მუშაობის საშუალება ადრეც მქონია, ოღონდ განსხვავებული ფორმატით, როდესაც პროექტ „მყინვარის მუსიკაზე“ ვმუშაობდი. იქ უკვე ჩაწერილ ჩანაწერებზე ვქმნიდი კომპოზიციას, “Interchange”-ის კონკურსის ფარგლებში ყველაფერი პირიქითაა, საველე ჩანაწერების გაკეთება თავად მომიწია და ამჯერად კონკურსის მონაწილეებს მოუწევთ მისი გამოყენებით კომპოზიციის აგება. აქ მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ ჩანაწერები გამოსულიყო საინტერესო და სხვადასხვანაირი." - ანუშკა ჩხეიძე
ტყის ამ ხმებზე დაფუძნებული მოკლე აკუზმატიკური მუსიკალური კომპოზიციები შეირჩევა მულტიმედია ინსტალაცია “HOME”-ისთვის, რომელიც წარმოადგენს საუნდის, ვიზუალური გამოსახულებების და მეცნიერული ფაქტების კომბინაციას და ამით მაყურებელს უქმნის ტყის გარემოს ესთეტურ და ემოციურ ასოციაციას. პროექტის მიზანია, ვიზუალური ხელოვნების მეშვეობით შედგეს დიალოგი გარემოსდაცვითი პრობლემატიკის გარშემო, კონკრეტულად ტენიანი ტყეების, რომელიც ბიომრავალფეროვნების გადარჩენისა და შენარჩუნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური სივრცეა კლიმატური ცვლილებების პირობებში.
„2 დღე ვიყავი უშუალოდ მტირალას ტყეში, მხოლოდ ჰენდ რეკორდერ Zoom-ით ვაკეთებდი ჩანაწერებს . Rain Forests ეძღვნება ზომიერი სარტყლის ტენიან ტყეებს , რომელიც უნიკალურია, რადგან სამყაროში ბევრი სახეობის გადარჩენა შეუძლია... მტირალას ტყეს რომ მიუყვები მუდმივად გხვდება გადამფრენი ფრინველების ნიშნული ... ვცდილობდი ჩიტების ხმებზე გამეკეთებინა ორიენტაცია , მაგრამ სასაცილო იყო , რომ მდინარის ხმა მუდმივად შემოდიოდა ჩანაწერებში და გავურბოდი” - ანუშკა ჩხეიძე
კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. ცენტრის დირექტორი და ლექტორი მარინა ადამია, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, გვიყვება, რომ მიუხედავად იმისა რომ აკუზმატიკური მუსიკა სიახლეა საქართველოსთვის, საინტერესო ჩანაწერებს ელოდებიან მოყვარულებისგანაც, რომლებიც კომპოზიციებს ყოველგვარი ფორმალური განათლების გარეშე ქმნიან:
„ეს ერთ-ერთი პიონერული პროექტია საქართველოში, რომელიც მეცნიერებას, ამ შემთხვევაში ეკოლოგიას და ხელოვნებას ერთმანეთთან აკავშრებს და ცდილობს იმ პრობლემებზე ხაზგასმას, რაც ყველა ჩვენგანს ადრე თუ გვიან შეეხება. ჩვენთვის მთავარია კონცეპტუალურ დონეზე საინტერესო იყოს კონკურსში მონაწილეების ნამუშევრები, რა თქმა უნდა არსებობს ტექნიკური დეტალებიც, მაგრამ მთავარია არსებული მასალა რამდენად ოსტატურად და იდეურად იქნება გამოყენებული.“
ინიციატივის კიდევ ერთი მონაწილეა ამავე უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი, მეცნიერი ზურა ჯავახიშვილი გვიყვება, რომ ფრინველთა ხმებს და ვოკალიზაციის ინსტრუმენტებს აქამდეც იკვლევნდნენ, თუმცა ხელოვნების სფეროსთან გადაკვეთა ნაკლებად არსებობდა:
„დედამიწაზე კლიმატი მუდმივად იცვლება, თუმცა არსებობს ადგილები, სადაც ტყე, ტენიანობის დამსახურებითძირითად მონაკვეთზე ათასწლეულების განმავლობაშიმაინც ნარჩუნდებოდა - მტირალას პარკი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში ერთ-ერთი ყველაზე ტენიანი ადგილია. მცენარეების თუ ცხოველების სხვადასხვა სახეობების გადარჩენისთვის ეს ადგილი უმნიშვნელოვანესია. განვითარებასთან ერთად, ადამიანს უფრო დიდი სურვილი აქვს ამ რესურსის ათვისების, თუმცა ვინაიდან ტერიტორია დაცულია, ინდუსტრიალიზაცია მტირალას ტყეებს ნაკლებად შეეხო.“
პროექტ “HOME”-ის ფარგლებშივე მოხდება რეზო კიკნაძისა და ანუშკა ჩხეიძის ერთობლივი მუსიკალური ნამუშევრის წარდგენაც, რომელიც იმავე ჟღერადი მასალიდან იქნება ნაწარმოები.
„ორიგინალ ჩანაწერზე ავაშენებთ ჰარმონიებს და რეზო დაამატებს იმპროვიზაციების საქსაფონით. მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი, ცოცხალი და დაუგეგმავი ლაივი იქნება, თვითონ ბუნების ხმები მსგავსი თავისუფლების საშუალებას ყოველთვის გვაძლევს“ - ანუშკა ჩხეიძე
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში