სადაც ჰიპ-ჰოპი და ჯაზი ერთმანეთს ხვდებიან | ნაწილი 1
ავტორი: ჯაბა შავიშვილი >>
24 სექტემბერი, 2019 >>
10 წუთის წასაკითხი >>
2 ნახვა
“როდესაც ჰიპ-ჰოპზეა დისკუსია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ბევრი დასაწყისი აქვს. მას აქვს საწყისები გოსპელში, მას აქვს საწყისები ჯაზში, ასევე ბლუზში, როკ ნ როლსა და დისკოში.“ - KRS ONE
ხშირად, როდესაც ჰიპ-ჰოპ მუსიკაზე ვსაუბრობთ, ზოგიერთ არტისტსა და შემსრულებელს უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე ვაყენებთ. ფუნქციურად თუ ვისაუბრებთ, ჯაზ რეპი ჰიპ-ჰოპ სამყაროში, სწორედ უფრო მაღალსაშემსრულობლო და უნიკალურ ხელოვნების სტილს განსაზღვრავს.
80-იან წლებში, ჯაზ მუსიკა შტატებში არა ჟანრის განვითარებაზე, არამედ ძველის სტილების გაცოცხლებაზე იყო ფოკუსირებული. ამ პერიოდისთვის შესაბამის კომუნაში დომინანტური იყო აზრი, რომ ჯაზი „სერიოზული მუსიკაა“, რასაც საფუძვლები ჯერ კიდევ 1940-იანი და 1950-იანი წლების ბიბოპ-ში ჰქონდა. მოგვიანებით ამ ნარატივის გაცოცხლება ისეთმა მუსიკოსებმა შეძლეს, როგორიც ვინტონ მარსალისია - ამ დროს ჯაზი ინაცვლებს საკონცერტო დარბაზებში, აკადემიურ ინსტიტუციებში და ამით უფრო უახლოვდება იმ ადგილებს, სადაც მხოლოდ კლასიკური მუსიკა მეფობდა.
ამ პერიოდში ჯაზი საკმაოდ ბევრი რამის სიმბოლო გახდა: ამერიკის, დემოკრატიის, აფრო-ამერიკული კულტურის და რაც მნიშვნელოვანია - იგი „ინტელექტუალური მუსიკის“ კონცეფციის მატარებელი შეიქმნა. 80-იანი წლებში, გარკვეული მუსიკოსების მიერ, ჯაზის რენესანსი, ხელს უწყობდა ამ მუსიკის მიკუთვნებულობას მაღალისაზოგადოებრივი ტენდენციებისადმი.
იწყება არამხოლოდ კლასიკური ჯაზ ალბომების გამოცემა, არამედ ახალგაზრდა ჯაზ მუსიკოსების მეტად აგრესიული მარკეტინგული კამპანიაც. ფილმები, როგორიცაა Bird (1988) და Round Midnight (1986) ჯაზ შემსრულებლების ცხოვრებას გვიჩვენებდნენ, ხოლო სპაიკ ლის ფილმმა Better Blues (1990), ჯაზის რომანტიზება მოახდინა და იგი ჰიპ-ჰოპ თაობის ცნობიერებაში მოაქცია.
იწყება ბეჭდური მედიის ყურადღების მიპყრობაც, გამოდის წიგნები, ავტობიოგრაფიები და იქმნება თითქოს ხელოვნური მოთხოვნა მსგავს პროდუქტებზე.
„კოსბის შოუ“, რომელიც ამ წლების ყველაზე პოპულარული ამერიკული სიტკომია - საშუალოზე მაღალი კლასის ფერადკანიანი ოჯახის ცხოვრებას ეხება, სადაც ხშირად, ცნობილ ჯაზ მუსიკოსებს იწვევდნენ (დიზი ჯილესპი, ქაუნთ ბეისის ბენდი, მაქს როუჩი). ასევე, შოუს ტიხრებს შორის ჯაზ მუსიკის გავლენით შექმნილი ფონური მუსიკა გასდევდა. სხვათაშორის, ამის გამო, „კოსბის შოუს" ხშირად აკრიტიკებდნენ, ვინაიდან, მიიჩნევდნენ რომ მათი მხრიდან, რასის ჩაგვრის თემა იგნორირებული იყო.
ამ პერიოდში აზრი იმის შესახებ, რომ ჯაზი „სერიოზული მუსიკაა“, მედიამ ფართოდ აიტაცა და მთლიანი ჟანრი ასოცირებული გახდა ფუფუნებასთან და ინტელექტუალურ ესთეტიკასთან, რომელიც გამუდმებით უარყოფდა კავშირს „პოპულარულ მუსიკასთან“.
ჟღერადობამ, რომელიც იდენტიფიცირებული იყო როგორც ჯაზი, მალევე მეინსტრიმის კულტურული ცნობიერი დაიპყრო და ამის შედეგად, გავლენა მოახდინა სტილის თითქმის ყველა წარმომადგენელზე.
აკუსტიკური ბასი, საქსაფონი, ტრამპეტი, ჯაზ გიტარა და სხვა მუსიკალური ელემენტები ერთგვარ „ჯაზ კოდებად“ იწოდებიან.
შესრულებისას, იშვიათადაა გაგებული, თუ რას ფიქრობს ან აკეთებს შემსრულებელი. ყველაფერი უმეტესად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ არის მათი მუსიკა ინტერპრეტირებული ან სიმბოლიზებული. იგივე შეიძლება ითქვას ჟანრების კატეგორიზაციაზეც.
ჯაზ კოდებიც სწორედ აუდიტორიის მიგნებებზეა აგებული და არა მუსიკოსის გამიზნულობაზე და სემპლის წყაროზე.
უინტონ მარსალისმა ერთხელ აღნიშნა:
„ხალხმა არ იცის რას ვაკეთებ, ვინაიდან საერთოდ არ ესმით მუსიკის, მათ უბრალოდ რეაქციები გააჩნიათ იმის შესახებ, რასაც შორიდან ისმენენ.“
სწორედ ეს გახდა იმ აზრის საფუძველი, რომლის მიხედვითაც ავტორის ან შემსრულებლის მიზანი და მსმენელის ინტეპრეტაცია შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.
მაგალითისთვის: აკუსტიკურ ბასს, შეიძლება ცოცხლად შესრულებული ჯაზ მუსიკის ესთეტიკა ჰქონდეს, ამავდროულად კი იგივე ჟღერადობა ციფრული სემპლინგის დახმარებითაც მიიღწეოდეს. თუ რეპ ჯგუფი საყვირის ხმას იყენებს სემპლისთვის, ეს ძველ კონტექსტში, როგორც ფანკი ისე შეიძლება იყოს აღქმული, მაგრამ ახალ კონტექსტში საქსაფონისა და ტრამპეტის შერწყმა ჯაზად შეიძლება განვიხილოთ.
უმეტესად ჰიპ-ჰოპს სოციოლოგიური თუ ისტორიული პერსპექტივიდან განიხილავენ, ვიდრე მუსიკალური მხრიდან, ვინაიდან, ეს უკანასკნელი ხშირად ელიტურად აღიქმება. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ სრული სურათის დასანახად, ჩანაწერების დეტალებზე ყურადღების გამახვილება ძალიან მნიშვნელოვანია.
ჯაზ შემსრულებლის მიდგომა ინსტრუმენტისადმი ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც მელოდია, ჰარმონია ან სხვა მუსიკალური მახასიათებლები. ჯაზის შესრულებას თან ახლავს შესაბამისი მდგომარეობა და გრძნობა, რომელიც გარკვეულ ინსტრუმენტებთან და მათ ტემბრთან ასოცირდება. ეს პარამეტრები კი, ჯაზ კოდების იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს.
„ჯაზ კოდები“ ინსტრუმენტი ან მუსიკალური სტრუქტურაა. ჯაზ რეპში კი მისი შექმნა ბგერითი მონაკვეთის ტემბრის მანიპულირებით არის შესაძლებელი."
ჯაზ რეპისთვის ეს ელემენტები ტექსტებსა და მუსიკის ინსტრუმენტალურ ვერსიებში აისახება.
მაგალითისთვის: A Tribe Called Quest-ის ალბომში “The Low End Theory”, ჯაზ კოდები ადვილად შესამჩნევია. აკუსტიკური ბასის ხმა, საქსაფონისა და ვიბრაფონის ჟღერადობა, მთლიანი კომპოზიციის განმავლობაში წინ არის წამოწეული.
მეორე მხრივ კი მთლიანი ალბომის ტექსტებს თან ახლავს იმ RnB თუ New Jack Swing შემსრულებლებისა კრიტიკა, რომლებმაც კომერციული წარმატებისთვის იბრძოდნენ. ამის შესახებ ჯგუფის ემსი, Q-Tip სიმღერაში “Check the Rhyme“ კარგად აღნიშნავს „Rap is not pop, if you call it that then stop“.
როგორც უინტონ მარსალისი და სხვა ჯაზ მუსიკოსები დისტანცირებას აკეთებდნენ პოპ მუსიკისგან, A Tribe Called Quest-იც ცდილობდა იგივე გაემეორებინა რეპთან მიმართებაში. იმისთვის რათა „ნამდვილ“ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლად დაეპოზიცირებინა თავი, Q-Tip-მა ზღვარი გაავლო მასსა და ისეთ პოპულარულ რეპერების შორის, როგორიცაა MC Hammer.
ბითიც და ფლოუც ჰიპ-ჰოპში ერთად ქმნიან იმ განცდას, თუ რა არის ავთენტური და არაკომერციულიიდენტობა. A Tribe Called Quest დიდხანს ცდილობდა რომ "ხელოვნება vs კომერცია" დისკურსი წინ წამოეწია. ამისთვის კი მას ჯაზ მუსიკასთან კავშირი დაეხმარა.
"შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა დროს რამდენიმე ფაქტორმა განსაზღვრა ჯაზის "მაღალ ხელოვნებად" აღქმა. ამას ხელი შეუწყო 80-იანი წლების მეინსტრიმულმა მედიამაც. შემდეგი საფეხური გახდა 90-იანი წლების ჰიპ-ჰოპ ჯგუფების ინიციატივა, რომელიც ჯაზთან და აფროამერიკულ მუსიკალურ წარსულთან კავშირის გაღრმავებას გულისხმობდა."ჯაზ კოდები" დაეხმარა იმ დროინდელ რეპ მუსიკას, ჩამოეყალიბებინა დამატებითი ქვეჟანრი (რომელსაც დღეს "ჯაზ რეპად" მოიხსენიებენ) და მუსიკალურ სამყაროში "ელიტურობა" შეენარჩუნებინა.
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში