სადაც ადამიანია, იქ მუსიკაა
ავტორი: ნიკო ნერგაძე >>
29 აგვისტო, 2019 >>
10 წუთის წასაკითხი >>
8 ნახვა
ერთი წამით წარმოიდგინე, რომ რაღაც ჯადოქრობით უძველესი წინაპარი გეწვია. გვიანდელი პალეოლითის ხანაში, ვთქვათ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 30 ათას წელს მცხოვრები. ცუცხვათის რომელიმე მღვიმეში ცხოვრობდა თავისთვის და, უცებ, ფილმებში როგორცაა ხოლმე, მეხი დაეცა და შენთან გაჩნდა. ახლა კი, ქვეყანა უნდა დაათვალიერებინო და აუხსნა, რა როგორ ხდება ჩვენთან.
ეს შენი სტუმარი, ერთი მხრივ, ჩვენგან ძალიანაც არ განსხვავდება. ლაპარაკობს, რელიგიურია, ხატავს, იარაღს აკეთებს...
მეორე მხრივ კი, გარესამყარო, რომელსაც ისაა მიჩვეული სულ სხვაა. ელექტროენერგიას რომ თავი დავანებოთ - ჯერ ის უნდა გაიგოს, ქალაქი რა არის. როგორი მისახვედრია, ბანკომატი რას აკეთებს, როდესაც ჯერ ფული არ იცი, რა არის. ეგ კი არა, ლუდის ახსნაც კი დაგჭირდება, რადგან იმასთან ჯერ მიწათმოქმედებაც არ განვითარებულა და ალკოჰოლის დამზადება ჯერ არავინ იცის.
მაგრამ, აი, სადმე კლუბში თუ წაიყვან, მგონია, რომ ადვილად გაიგებს. დინამიკებიდან გამომავალ ხმას ალბათ მიჩვევა დასჭირდება, მაგრამ თვითონ "პონტი" ნაცნობი იქნება - ხალხი ერთად შეიკრიბა, მუსიკას უსმენენ, ცეკვავენ... მაგას ხომ იმ ცუცხვათის მღვიმეშიც აკეთებდნენ!
ზუსტად რისთვის გვჭირდება ადამიანებს მუსიკა არავინ იცის. უამრავი თეორია არსებობს - ზოგი მეტად დამაჯერებელი, ზოგი ნაკლებად. მაგალითად, იკვლევენ, თუ რატომ ვყვებით ხოლმე რიტმს ძალაუნებურად. რატომ ვაქნევთ თავს დასარტყამი ინსტრუმენტის ხმასთან ერთად ან რატომ ვათამაშებთ ფეხს. კვლევებში კორტექსებზე და ტვინის ქიმიაზე და ეგეთებზე ლაპარაკობენ და ადგენენ, მაგალითად, რომ რიტმიანი მუსიკა ვარჯიშშიც გვეხმარება (თითქოს, რად უნდა მაგას ექსპერიმენტები. ისედაც ხომ ვიცით!), სწავლაშიც გვიწყობს ხელს და სიარულშიც. მოკლედ, მუსიკის გავლენაზე აქა-იქ ბევრი რამე გვესმის, მაგრამ საერთო სურათს ჯერ ვერ ვხედავთ.
ის კი ნამდვილად ვიცით, რომ მუსიკა, სხვადასხვა სახით, ყველა კულტურასა და საზოგადოებაში არსებობს, მათ შორის ყველაზე იზოლირებულ ტომებში.
არც ის ვიცით, თუ ზუსტად რა დროიდან დავიწყეთ მუსიკის შექმნა. მაგას ალბათ იქამდე ვერ დავადგენთ, ვიდრე დროის მანქანას არ გამოვიგონებთ. თავდაპირველი მუსიკალური ინსტრუმენტები ხომ ადამიანის ხმა და ხელები იყო - მღეროდნენ და ტაშს უკრავდნენ. ჩვენი პირველი „ნამდვილი“ ინსტრუმენტები - უძველესი დოლები და სალამურებიც ადვილად ლპებოდა და ნადგურდებოდა.
მით უფრო რთული გასარკვევია, ცეკვა როდის დავიწყეთ. უძველესი ცეკვების შესახებ ლარნაკებზე გამოსახული ნახატებიდან ვიქმნით წარმოდგენას - მანამდე რა იყო, მხოლოდ ვარაუდი თუ შეგვიძლია.
თუმცა, აი ამ ნახატებზე და თანამედროვე ცეკვებზე დაყრდნობით მკვლევარებმა ისტორიამდელი ცეკვების აღდგენაც შეძლეს. რამდენად ზუსტია, ცხადია, არავინ იცის, მაგრამ ნამდვილს კი ჰგავს. ყველაზე მეტი ცეკვა წრეში სრულდება - ხორუმივით რაღაცაა - წრეში ყველა თანაბარია და შიდა და გარე სამყარო ერთმანეთისგანაა გამოყოფილიო - ასე ხსნიან.
ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სწორედ მუსიკა და ცეკვა იყო ის გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ჰომო საპიენსისა და ნეანდერტალელების დაპირისპირებაში ჩვენი წინაპრების გამარჯვება განაპირობა.
ამ თეორიის მიხედვით, ნეანდერტალელები კულტურით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდნენ. გამოქვაბულებში არ ხატავდნენ. მუსიკა არ ჰქონდათ.
ჰომო საპიენსი კი ნახატებსაც ხატავდა, ძველ ფლეიტებისმაგვარ ტიპებზეც უკრავდა და წრეშიც ცეკვავდა. შესაბამისად, ჩვენს წინაპრებს უკეთ შეეძლოთ ჯგუფის შეკვრა, საერთო იდენტობის განვითარება, ერთად დგომა... ერთად ცეკვავდნენ და ერთად გაიმარჯვეს.
ამ თეორიას კრიტიკოსიც ბევრი ყავს. ჯერ ერთი, იმაზეც ბევრს კამათობენ, რამდენად დაპირისპირებულები იყვნენ ჩვენები და ნეანდერტალელები. ხან ჩხუბობდნენ, ხანაც - არაო - ამბობენ. მეორეც, ბოლო წლებია დიდი მსჯელობა მიდის ნეანდერტალელების სამარხში აღმოჩენილ ნივთზე, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 40 ათასი წლით თარიღდება. დათვის ძვალია, რომელსაც ზედ ნახვრეტები აქვს დატანილი. ზოგი მიიჩნევს, რომ უძველესი სალამურია. სხვები ამბობენ არა - ეგ ნახვრეტები ცხოველის კბილების კვალიაო.
მე ის თეორია მაინც მომწონს. ლამაზი ამბავია - რომ, აი, მუსიკამ გაგვამარჯვებინა.
თუმცა, სულ რომ ეგრე არ იყოს, მაინც რა საოცრებაა, არა? რომ, აი, იმ ჩვენი სტუმრის მერე რამდენი რამე შეიცვალა, ერთი კი უცვლელია - უხსოვარი დროიდან ადამინები სიბნელეში ვდგავართ - რომელსაც ხან კოცონი არღვევს ხან კი - საკლუბო განათება - რიტმულად ვირწევით და ხელ-ფეხს ვამოძრავებთ.
რატომ ვაკეთებთ ამას და როდიდან ზუსტად შეიძლება არ ვიცოდეთ, მაგრამ ვიცით, რომ ეგრეა საჭირო. სადაც ადამიანია, იქ მუსიკაა. ან, იქნებ სულაც პირიქითაა - მუსიკა გვაქცევდეს ადამიანებად.
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში