რა სურთ ვარსკვლავებს?

ავტორი: მაშო სამადაშვილი

18 ივნისი, 2019

10 წუთის წასაკითხი

8 ნახვა

კერპები დიდად არ მყავს, არც რომელიმე ცნობილი მუსიკოსი მიყვარს ისე გაგიჟებით, რომ თავი დავკარგო, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ვარსკვლავებთან გადაკვეთას უჩვეულო და ძალიან მიმზიდველი შეგრძნება ახლავს თან.

ბევრი წელია, ორი საყვარელი ჯგუფი მყავს Depeche Mode და Archive. ეს უკანასკნელი ორჯერ იყო საქართველოში.

იმ სამი წლის განმავლობაში, როცა Tbilisi Open Air-ზე ვმუშაობდი, Archive ორჯერ იყო ფესტივალის ჰედლაინერი და როდესაც 2017 წელს, სცენის უკან მესამე საფესტივალო დღის შემდეგ ძალიან დაღლილი, მაგრამ ბედნიერი ვუყურებდი ლაივის შემდეგ როგორ ეხვეოდნენ ჟურნალისტები ბენდის ვოკალისტს და გიტარისტს დეივ პენს, რომელიც ჩემთვის უსაყვარლესი მუსიკოსია, ვფიქრობდი, ნეტავ რატომაა ასე ძნელი მასთან მისვლა და ფოტოს გადაღება-მეთქი, მითუმეტეს რომ მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთის სიახლოვეში ვტრიალებდით და ისიც ძალიან თავმდაბლურად იქცეოდა. როცა უკვე საკუთარ თავს ვტუქსავდი ასეთი მორიდებისთვის, ჩემი მეგობარი და ამ ფესტივალის პრომოუტერი, დავით ცინცაძე იგივე ცოო მოვიდა, ხელი მომკიდა და წამოდიო, დეივთან მიმიყვანა. ამ შეხვედრის შედეგად არსებობს რამდენიმე ძალიან სასაცილო ფოტო, რომელშიც მე ყურებამდე ვიღიმი და დეივს ჩემთვის ხელი აქვს გადახვეული. ეს ერთ-ერთია იმ ძლიერი შთაბეჭდილებებიდან, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

©️ David Levine


ეიფორიამ ცოტა რომ გამიარა, დავფიქრდი, საიდან მოდის ეს აუხსნელი კრძალვა მათ მიმართ, ვინც სცენაზე, ჩვენგან შორს დგას, ვისაც მუდმივად ვუსმენთ და ზუსტად ვიცით, რომ ცხოვრებაში სულ ერთხელ ან ორჯერ ვხვდებით. რატომ გვერიდება, თუ გვეშინია მათი და რატომ გვგონია რომ „ისინი“ სხვანაირები არიან.

ჩემი აზრით, ამ წარმოდგენას ის საყოველთაოდ ცნობილი სურათ-ხატი ქმნის, რომელიც ყველას მრავალჯერ გვაქვს ნანახი - მსოფლიო ვარსკვლავები დიდ სცენაზე, გადავსებული საკონცერტო დარბაზი ან სტადიონი და თავიანთი კუმირების ლაივებზე ატირებული გოგო-ბიჭები.

თუმცა არსებობს სხვა, ერთი შეხედვით კომიკური, მაგრამ მატერიალური მიზეზი - Tbilisi Open Air-ზე მუშაობისას ვისწავლე რომ დიდი არტისტების მოლოდინი მათი ე.წ. „ტექნიკური რაიდერის“ შესახებ წერილის მოსვლიდან იწყება და მხოლოდ კონცერტის შემდეგ მათი გაცილებისას სრულდება, არტისტ მენეჯერების გუნდის დახმარებისას რამდენიმე ისეთი დეტალი აღმოვაჩინე, რომელიც მანამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის და რამაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები ახირებულ ვარსკვლავებად აქცია.

ასე მაგალითად, დღემდე არ ვიცი საიდან მოვიდა ლეგენდა, რომ როდესაც ფესტივალს ბრიტანული ჯგუფი Placebo სტუმრობდა, მისი სოლისტის, ბრაიან მოლკოსთვის თვალებში შეხედვას ჯგუფის „რაიდერი“ გვიკრძალავდა. სავარაუდოდ, ჩვენი გუნდის ერთმა წევრმა იხუმრა, მეორემ გაიმეორა, საბოლოოდ მითი წამებში გავრცელდა და ჩვენც მოლკოს დანახვისას ვცდილობდით სადმე შორს გაგვეხედა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე არტისტმა ყველა იმ სიმღერის შეთანხმება მოითხოვა, რომელიც აეროპორტიდან ჯგუფის წამოყვანისას მანქანაში იქნებოდა ჩართული (ეს ნამდვილად), ასეთი სურვილი არავის გაკვირვებია.

ეს ამბავი კი ლეგენდაა, მაგრამ არც რეალობაა დიდად განსხვავებული:


ძალიან ნათლად, მაგრამ ცუდად მახსოვს, როგორ არ გამოდიოდა სამღერლად ზემფირა, ვიდრე ყველა კამერა, რომელსაც ის სცენიდან დაინახავდა და შესაბამისად მათი განათება (მათ შორის ტელეფონების ვიდეოკამერები) არ გაითიშა და როგორ დააგვიანა ამის გამო კონცერტის დაწყებამ ნახევარ საათზე მეტით. ამასობაში ზემფირა დაუსრულებლად, ნერვულად დადიოდა კულისებში წინ და უკან, ჩვენ ვცდილობდით არ მივკარებოდით და ჟურნალისტები, ოპერატორები და მსმენელები გაგვეფრთხილებინა.

©️NRichey


2015 წელს Tricky-მ მოკრივის „მსხალი“ მოითხოვა, არ ვიცით კონცერტის წინ ვარჯიშობდა თუ ეს უბრალოდ მისი ახირება იყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, Tricky-ს ისედაც დაღლილ არტისტ მენეჯერს ამ ნივთის დინამოს სტადიონზე მიტანა მოუწია.

ისეთი შემთხვევაც იყო მთელი ოთახი დაწნული ყვავილებით რომ უნდა ყოფილიყო მოჩითული, რადგან მხოლოდ ასე დადგებოდა ირანელ-ნიდერლანდელი Sevdaliza კონცერტისთვის საჭირო განწყობაზე.

ამ ტექსტს რომ ვწერდი, ცოოს შევეხმიანე, ფესტივალი ახლოვდება და რამე ახალი და წინა შემთხვევებზე უფრო კომიკური მოთხოვნა ხომ არ გამოჩენილა-მეთქი და ჯერ არ ვიცი, მხოლოდ ვინ რაზეა ალერგიული, ეს გვაცნობესო, სიცილით მიპასუხა, ახირება არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ საფესტივალო წელი ისე არაფრით ჩაივლის, ერთი ახალი ლეგენდა მაინც არ დაიბადოს.

ავტორი: მაშო სამადაშვილი

მსგავსი ბლოგები