Qaji Todia - Fullmetal Georgia
ავტორი: დავით ჟორჟოლაძე >>
21 ივნისი, 2024 >>
10 წუთის წასაკითხი >>
633 ნახვა
ჯგუფ Bedford Falls-ის წევრ დათო ჯიქიას სოლო პროექტი
Qaji Todia თანამედროვე ქართული მუსიკის მსმენელისთვის უცხო არაა - Killages, Circus Mircus, 4D Monster Lobsters, Melqo, Quemmekh - ამ სახელების გვერდით უკვე ვიხილეთ (მოვისმინეთ) იგი.
9 აპრილს მუსიკოსმა სრული სოლო ალბომი წარმოადგინა სახელწოდებით Fullmetal Georgia. საოცრად თანადროულად გაიჟღერა ამ ნამუშევარმა და დაუხვდა ქვეყანაში შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. სტილისტურად მრავალფეროვან თორმეტ კომპოზიციან ამ ალბომში საქართველოს უახლესი ისტორიაა (1989წლიდან 2004 წლამდე) რეკონსტრუირებული ავტორის ხედვით, რომელიც აღნიშნული დროის მონაკვეთის პირველ ნახევარს არც კი მოსწრებია, ხოლო მეორე ნახევარში მისმა ბავშვობამ განვლო. და ამ გარემოების გათვალისწინებით, გამაკვირვა მე, რომელმაც „ზრდასრული მეხსიერებით“ გამოვიარე ისტორიის ეს ეტაპი, სიზუსტემ,რომლითაც აქვს გადმოცემული დათოს იმ პერიოდთან მიბმული ეროვნული ტრავმები; დღესაც სწორედ მათი გამოძახილი აჩენს ახალ დაბრკოლებებს ქვეყნის წინ სავალ გზაზე.
ძალიან მიყვარს არქივი... აქედან გამომდინარეობდა იმ პერიოდისადმი ინტერესიც... ასეთი ბევრი საარქივო მასალა მაქვს ნანახი. მერე კიდე მშობლების მონათხრობიდან ვიგებდი, რა ხდებოდა 9 აპრილს... მის შემდეგ... შემდეგ უკვე თავად ტრანზიციის პერიოდში გავიზარდე.
როგორც დათომ მითხრა, ალბომის იდეა მასში შემავალ, ამ ნახევარი წლის წინ დაწერილ ერთ კონკრეტულ სიმღერას მოყვა - Lobio ’91, რომელსაც თავისთავად საფუძვლად დაედო სამწუხაროდ ცნობილი გამონათქვამი „დემოკრატია ლობიოობა არ არის“. (ფრაზა, რომელიც წინ უძღოდა 1992 წლის საპროტესტო აქციების სისხლში ჩახშობას; ეკუთვნის მხედრიონის ლიდერს ჯაბა იოსელიანს).
...ვიფიქრე, მხედრიონელის პერსპექტივიდან დავწერ ტექსტს... ვითომ ეს ამათი საბოგინო მუსიკაა... თან ვარბევ ხალხს, ვაყაჩაღებ და თან ამას ვმღერი..
თუმცა ალბომის გამხსნელი სიმღერა გახდა ამის შემდგომ დაწერილი „აპრილი“ ემბიენტური ინტროს მქონე, სენტიმენტურ-მელანქოლიური მოკლე სიმღერა, რომელიც არა იმ სულისკვეთებას გადმოსცემს, რომლითაც ქვეყანა 1989 წლის, ან თუნდაც 1991 წლის აპრილს შეხვდა, არამედ ამ გარდამტეხი ეტაპიდან მოვლენათა „არასწორი“ განვითარების შედეგად დამდგარი რეალობისგან გამოწვეულ იმედგაცრუებას და პესიმიზმს.
Lobio ‘91-სთვის დათომ კომპიუტერული თამაშის საუნდტრეკის სინთეზური ჟღერადობა შეარჩია. იუთუბზე ამ სიმღერაზე შექმნილ DIY ფორმატის ვიდეო კლიპ-თამაშსაც წააწყდებით. აქვე გეტყვით, რომ ალბომში შემავალი ყველა ტრეკის ტექსტი, მუსიკა, არანჟირება, მიქსინგი დათოს შექმნილი და შესრულებულია.
ბედფორდს თავისი „ფოლოვინგი“ ყავს და გარკვეული მოლოდინები არსებობს როგორი ჟღერადობა, როგორი მუსიკა იქნება... და აქ უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს გამოხატვაში... ბევრი ტრეპია, ელექტრონული ტრეკებია, სემპლინგი, რომელსაც ადრე არ ვიყენებდი...
ალბომის შემადგენელი კომპოზიციები ისტორიის ქრონოლოგიას მიყვებიან და წინა ორი სიმღერის შემდეგ დგება პოლიტსცენაზე მესიის რანგში ედუარდ შევარდნაძის შემოყვანის ჟამი. ამ ამბავს ჰყვება TABLA, სახელი მასში მჟღერი ინდური ტაბლას ლუპის გამო დაერქვა. რითმულ ნაწილს ამ პერკუსიულ ინსტრუმენტთან ერთად რადიო(რაციის) სიხშირის ხარვეზიანი, წყვეტადი ხმაურის მსგავსი ხმები ადგენს, რომელთაც პირადად მე გამიმძაფრეს კონკრეტული პერიოდის განცდა.
RED, WHITE & BLU (წითელი, თეთრი და ცისფერი) - ქართული ეროვნული მეხსიერების მეტად ტრაგიკული და დრამატული ეპიზოდი სწორედ ამ „ტრიკოლორთან“ ასოცირდება. უსიამოვნო დაძაბულობა მუსიკალური თანხლებაშიც კარგად იგრძნობა და ერთი შეხედვით მსუბუქად, კრინით ნამღერი ეს სიტყვებიც მეტად მძიმედ ჟღერს:
„მამაჩემი წავიდა ომში, დედაჩემი ხატებს ალაგებდა მწყობრში...“
1996- ეს დათო ჯიქიას დაბადების წელი და რიგით მეხუთე კომპოზიციის სახელწოდებაა. ამ მოკლე „ავტობიოგრაფიული“ ბალადით ის მისი ბავშვობის პარალელურად ქვეყნის მიმდინარე ამბავს ყვება მეტად ზუსტად შერჩეული უფრო ტრადიციული მუსიკალური ფორმით და დასამახსოვრებელი მელოდიური ხაზით:
„მე როცა დავიბადე შუქი არ მოდიოდა...“ „მე ვნახე კოკა-კოლა, AES თელასი, ბრითიშ პეტროლიუმი, ყაზტრანსგაზი...“
მკვლელობა მორბის ქუჩაზე- ამ კომპოზიციის ფანტასმაგორიულ მოკლე ტექსტს, რომელიც „ბნელი პერიოდის“ თანმდევ ემოციებს გადმოცემს,საოცრად აქვს მისადაგებული მუსიკალური თანხლება - ფორტეპიანოს დაბალი რეგისტრის ერთეული ნოტები დაძაბულობას მატებს, არპეჯირებული სინთეზური ხმები კი პანიკას.
ალბომის მეშვიდე ტრეკი PARTIA იწყება ნაწყვეტით კანტატიდან „დიდება პარტიას“ (საბჭოური, ყალბი პათეტიკის „ჰიმნი“, რომელიც თავდაპირველად რევაზ ლაღიძემ და პეტრე გრუზინსკიმ სამშობლოს მიუძღვნეს და შემდეგ პარტიის სადიდებლად გადააკეთებინეს). როგორც თავად დათო ამბობს ეს კომპოზიცია „არის ფლეშბეკი“ , სადაც იგი ეროვნული პრობლემის სათავის საძიებლად უფრო შორ წარსულს უბრუნდება - როდესაც ქამელეონივით დროების ფერის მორგება ცხოვრების წესად იყო დამკვიდრებული.
PENOVANI – 1990-იანი წლებიდან (და უფრო ადრე) დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და თანმდევმა უსახსრობამ, ერთ დროს სახელოვანი („ლაღიძის წყლების“) ხაჭაპურის ამ სახეობის უბადრუკი ტრანსფორმაცია მოახდინა და ამავდროულად გადამრჩენად მოუვლინა მშიერ ერს. იმ დროიდან მოყოლებული დაიმკვიდრა მან ადგილი სწრაფი/იაფი კვების მენიუში. რკინიგზის სადგურზე მატარებლის მორიგი გაჩერებისას გაგონილმა და სპონტანურად მობილურით ჩაწერილმა შეძახილმა „ფენოვანი ხაჭაპური!“, წარმოშვა ეს ტრეკი.
ამასთან ერთად ვცადე ის განცდა გადმომეცა... ასეთი რამ დამემართა: პატარა რომ ვიყავი, დედაჩემს ვყავდი წაყვანილი ბაზრობაზე და რაღაც მომენტში დამკარგა.. და პატარა ბავშვისთვის კოშმარად ქცეული ბაზრობის ქაოსის ამ ციებ-ცხელების გამოხატვაც ვცადე.
FULLMETAL GEORGIA - სახელწოდებასთან კონტრასტულად მსუბუქი მუსიკალური ფორმით, ეს სიმღერა „წვიმაში დგომის ფასად“ მოპოვებული, ახალი „ხუთჯვრიანი ოცნების ახდენისკენ“ მომართული ქვეყნის განწყობას გადმოსცემს, რომელიც თანდათან რკინის ჯავშანჟილეტს იცილებს.
აქ მინდოდა Postindustrial Boys სინთეზატორის ხმის ემულაცია... ეს ცალსახად არ გამომივიდა, თუმცა განწყობა იმ რიფის, იმ სინთის ვფიქრობ გამომივიდა...
Gaumarjos- ამ შეძახილის გარეშე არასრული იქნება საქართველოს უახლესი ისტორიის მთელი ამ მონაკვეთის აღწერა.
მინდოდა არა ერთიანობის და არა დადებითი კონოტაციით გაჟღერებულიყო... არამედ ცოტა შემაშფოთებელი და საშიში განწყობა წამოეღო და ამ „უარყოფითი“ სისველის შეგრძნებისთვის ჩემს აბაზანაში ჩავიწერე დაზიანებული მილებიდან როგორ ჟონავდა წყალი... ეს თავში რა ხმებიც ისმის.
„გაუმარჯოს!“ - მარტო შეძახილია და არაფერი არ რჩება მისგან...
America- აშშ-ს ნაციონალური ჰიმნის მელოდია ნამღერი საქართველოს ჰიმნის ტექსტით, ალბომის გარეკანის ერთი დეტალის კონცეფციას მიყვება - წითლად დაზოლილი აშშ-ს დროშის ნაწილი და კუთხეში ვარსკვლავების ნაცვლად მოქცეული ქართული ხუთჯვრიანი დროშა.
ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდია, როდესაც აშშ-ს უფრო მძაფრი ფლირტი ჰქონდა ჩვენს რესპუბლიკასთან.. ჯორჯ ბუში იყო მაშინ... მე პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს ეიფორიული მომენტი იყო, ამერიკამ ყურადღება მოგვაქცია, ამერიკა „ჩამოდის“... აჟიოტაჟი მოყვა ჩვენი და ამერიკის ამ დამეგობრებას... და ეს ღირებულებებშიც გამოიხატა. ჩვენ როგორც ხალხი შევიცვალეთ მაგ პერიოდში...
რა მხრივ შევიცვალეთ ?
მაგალითად, ახალი მცნება იყო „ისწავლე,იმუშავე, დააგროვე“...
ფინალური უგზოუკვლოდ არის მსუბუქი ფსიქოდელიური „ოდა“ მომავალს... როცა ავოკადოს თაობა წამოიზრდება,იმედია მათ მაინც ეყოფათ ნებისყოფა“. მანდ მთავრდება ჩემი მონაყოლი ამბავი. შეიძლება ოდესმე მოვყვე პოსტ 2004 წლის საქართველოზეც, მაგრამ იმ მომენტში ასე მინდოდა.
Powered by VISA
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში