ფირსაკრავი: გზამკვლევი დამწყებთათვის

ავტორი: -

7 დეკემბერი, 2020

13 წუთის წასაკითხი

4 ნახვა

(ტექსტი დაწერილია მარტივ ენაზე, არ არის გადატვირთული ტექნიკური ხასიათის ტერმინოლოგიით და განკუთვნილია დამწყები კოლექციონერებისთვის. ფონოს ძვირფასო ექსპერტებო და აუდიოფილებო, ეს პუბლიკაცია თქვენთვის არ არის).

ვინილის ფირფიტაზე ჩაწერილ მუსიკას საბჭოთა საქართველოში აქტიურად უსმენდნენ. იმ დროისთვის, თბილისში ერთადერთი საბჭოური ლეიბლის, Мелодия-ს ფირფიტების წარმოებაც კი ხდებოდა (რითიც დედაქალაქი დღეს სამწუხაროდ ვეღარ დაიკვეხნის). 90-იანებში, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ეს კულტურა ჩამოიშალა, ფირფიტების მწარმოებელი დანადგარები ჯართად გაიყიდა, ხოლო ფირფიტის კოლექციონერების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მიუხედავად ქვეყანაში არსებული ურთულესი ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობისა, ენთუზიაზმი არ შენელებიათ და აქტიურად განაგრძობდნენ ვინილის ფირფიტების მოძიებას.

21-ე საუკუნის საოცარმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით, ამ „მოძველებულ“ აუდიო მატარებელს ვერა დააკლო რა და ის კვლავ ინარჩუნებს მელომანების საყვარელი ფორმატის სტატუსს. უფრო მეტიც, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით ფირფიტებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციაც კი შეინიშნება. ამ გლობალურ ტრენდს საქართველომაც აუწყო ფეხი და, ბოლო პერიოდში, ქართველებმა კვლავ დაიწყეს ფირსაკრავებთან დაბრუნება.

გაზრდილი დაინტერესების შედეგად, ხშირად ისმის ხოლმე კითხვა: „როგორ შევარჩიო ფირსაკრავი?“ — ამ ერთი შეხედვით მარტივ ამოცანას კი საკმაოდ კომპლექსური პასუხი აქვს.

დასაწყისისთვის, ფირსაკრავების ორი ტიპი გამოვყოთ: Hi-Fi და ე.წ. „სათამაშო“ ფირსაკრავები

„სათამაშო“ ფირსაკრავებს ძირითადად All In One ან Plug & Play სისტემა აქვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, გულისხმობს ფირსაკრავშივე ინტეგრირებულ სპიკერებს, გამაძლიერებელს, USB პორტსა და ბლუთუზ მაკავშირებელს. როგორც წესი, „სათამაშოს“ ჩემოდნის, რადიოლას ან სხვა ვინტაჟური საკრავის ფორმა აქვს, დამზადებულია პლასტმასის იაფფასიანი მასალისგან და უხარისხო ნაწილების გამო მალევე გამოდის მწყობრიდან. წარმოდგენის უკეთ შესაქმნელად, გეტყვით, რომ მსგავსი ტიპის ფირსაკრავები 3-4 ახალი ფირფიტის ფასი ღირს და მათი სრული უმრავლესობა ფირფიტის უსაფრთხოდ გაჟღერებასაც კი ვერ უზრუნველყოფს, რომ აღარაფერი ვთქვათ მთავარ კომპონენტზე — რაც ხმის ხარისხია.

თუ თქვენ პირველი ფირსაკრავის არჩევის პროცესში ხართ, ბედზე მოგვისწრია! განაგრძეთ კითხვა და თავად დარწმუნდებით, რომ დეკორაციულ ფირსაკრავებში ფულის გადაყრა არც თუ ისე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.

Hi-Fi კატეგორიის ფირსაკრავები

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ასეთი ფირსაკრავი თავად ხმას არ გამოსცემს, შესაბამისად, მისი აუდიო სიგნალის გასაგებად ხმის გამაძლიერებელი და სპიკერები დაგვჭირდება. რადგან ჩვენი გზამკვლევი მხოლოდ ფირსაკრავებს ეხება, ხმის გამაძლიერებლებზე და სპიკერებზე მოგვიანებით გიამბობთ.

ფირსაკრავის მექანიზმში და მის ფუნქციონირებაში უკეთ გასარკვევად რამდენიმე ახალი სიტყვის სწავლა მოგვიწევს. თითოეულ მათგანზე აქვე მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას და გაგიწევთ რეკომენდაციებსაც.

ტონარმი (Tonearm): მილი, რომელშიც აუდიო კაბელებია მოთავსებული. უნდა იყოს იდეალურად გამართული. მოერიდეთ პლასტმასის ტონარმიან ფირსაკრავს. უკეთესია, თუ ტონარმი გადაბმების გარეშეა ჩამოსხმული. დღესდღეობით, საუკეთესოდ კარბონის ფაქტურის მქონე მილები ითვლება.

ნემსი/კარტრიჯი (Cartridge): ფირფიტაზე დატანილი აუდიო ინფორმაციის წამკითხველი სისტემა. 

კარტრიჯი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ფირსაკრავში. High-End (ყველაზე მაღალი კლასის) ფირსაკრავსაც კი არ აქვს კარგად გაჟღერების შანსი, თუ ის უხარისხო კარტრიჯითაა გაწყობილი. 

არსებობს ორი ტიპის ფონო-კარტრიჯი: Moving Magnet და Moving Coil. MC ნემსები პოპულარუბით სარგებლობს გამოცდილ აუდიოფილებში. MM-თან შედარებით ის საგრძნობლად ძვირი ღირს, ფაქიზია და გასაჟღერებლად ხშირად სპეციალურ პრე-გამაძლიერებელს საჭიროებს. რადგანაც ეს ტექსტი დამწყებთათვის არის, აქცენტს MM კარტრიჯებზე გავაკეთებთ.

Moving Magnet ნემსები ელიფსისებრ და სფეროსებრ კატეგორიებად იყოფა. 

ელიფსისებრი ნემსის თავი წვეტიანია, რაც მას საშუალებას აძლევს ღრმად და საიმედოდ მოთავსდეს ფირფიტის კანიონში და აკურატულად გაუყვეს აუდიო ჭრილს. ელიფსისებრი ნემსისთვის დამახასიათებელია მაღალი ხმა და სიხშირეების დეტალიზაცია, თუმცა ღირს უფრო ძვირი და მალე ცვდება.

უფრო მეტად პოპულარული და ხელმისაწვდომი სფეროსებრი ნემსებია. მათ მომრგვალებული ფორმა აქვთ და კანიონის უკიდურეს სიღრმეებს პრაქტიკულად ვერ წვდებიან. ამან, შესაძლოა, რიგ კომპოზიციებში მაღალი სიხშირეების დეფიციტი წარმოქმნას, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება უპირატესობადაც კი ჩაითვალოს, რადგან ნაკლებ შრიალს და ტკაცუნს გავიგებთ, განსაკუთრებით ძველი ფირფიტების მოსმენისას.

ყურადღება მიაქციეთ, რომ აპარატს მინიმუმ 150 ლარის ღირებულების ნემსი მოყვებოდეს. საშუალოზე მაღალი დონის კარტრიჯების ფასი დაახლოებით 250 ლარიდან იწყება და რამდენიმე ათასსაც კი აჭარბებს.

*სასარგებლო ინფორმაცია* მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი კარტრიჯების მწარმოებელი კომპანია Ortofon-ია და თუ ფირსაკრავს Ortofon-ის ნემსი უკეთია, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

საპირწონე (Counterweight): ტონარმის წონასწორობაში მოსაყვანი სიმძიმე/ტონარმის გასაწონასწორებელი სიმძიმე. 

ყველა კარტრიჯს გააჩნია ფირფიტაზე დაწოლის რეკომენდებული სიმძიმე, რომელიც საპირწონეს საშუალებით რეგულირდება. არ შეიძინოთ ფირსაკრავი, რომელსაც საპირწონე არ აქვს.

მოსრიალების საწინააღმდეგო სისტემა (Anti-Skating): უზრუნველყოფს ნემის სწორად გადაადგილებას ფირფიტის კანიონში/გრუვში. 

ეს სისტემა ყველა Hi-Fi ფირსაკრავს უნდა ჰქონდეს. ზოგი მწარმოებელი წინასწარ გასწორებულ ვარიანტებსაც უშვებს. საკრავის შერჩევისას აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია Anti-Skating-ზე, თუ ფირსაკრავს ის არ გააჩნია, უმჯობესია თავი შეიკავოთ მისი შეძენისაგან.

თეფში (Platter): მბრუნავი მრგვალი დისკო, რომელზეც ფირფიტას ვათავსებთ. 

რაც უფრო მძიმეა თეფში, მით უფრო ნაკლებად რეზონანსულია ის. პლასტმასის თეფში ყველაზე დაბალი ხარისხისაა, ხმაურიანია და მარტივად იბრიცება. უკეთესი ვარიანტია ფოლადის ან მაღალი ხარისხის MDF-ის ფლეთერი და ალბათ საუკეთესოა აკრილის ან ალუმინის ულტრა მძიმე წონის მქონე თეფშიანი ფირსაკრავი.

დასაფენი (Mat/Slipmat): თეფშსა და ფირფიტას შორის დასაფენი საშუალება, ამცირებს ვიბრაციასა და ხახუნის ძალას. დასაფენი საშუალება შეიძლება იყოს ნაჭრის, რეზინის ან კორპის.



ბაზისი (Base/Plinth): ხის, მეტალის ან სხვა მასალის კონსტრუქცია, რომელზეც ფირსაკრავია აწყობილი.

არჩევანი შეაჩერეთ მასიურ, მძიმე ბაზისზე, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იქნება დამზადებული პლასტმასისგან და არ ექნება ნახვრეტები. რაც უფრო მასიურია ბაზისი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მოტორის ვიბრაცია მასზე ნაკლებად ზემოქმედებდეს, რაც ხმის ხარისხში დადებითად გადაითარგმნება.

აქვე გეტყვით, რომ არსებობს ორი ტიპის ფირსაკრავი: ღვედით მართული და პირდაპირ მართული.

ღვედით მართული/Belt Drive — ფირსაკრავი ღვედით მართულია, თუ მისი თეფში მოტორზე მიმაგრებული რეზინის ღვედის საშუალებით ბრუნავს. ასეთ ფირსაკრავებში მოტორისგან გამოწვეული ხმაური და ვიბრაცია მინიმუმამდეა დაყვანილი.

პირდაპირ მართული /Direct Drive — ფირსაკრავი პირდაპირ მართულია, თუ ფლეითერი მბრუნავი ღერძის საშუალებით პირდაპირ ელექტრო [მაგნიტურ] მოტორზეა ინტეგრირებული. ასეთი ფირსაკრავები გამოიყენება დიჯეების მიერ.

ზემოთ მიღებული ინფორმაციის ხარჯზე გთავაზობთ ფირსაკრავის აუდიო სისტემასთან დაკავშირების ოთხ ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს.

ეს ყველაზე კომპაქტური და საკმაოდ ბიუჯეტური სეტაპია. თუ თქვენს ფირსაკრავს ჩაშენებული პრე-გამაძლიერებელი (Preamp) აქვს, შეგიძლიათ ის RCA კაბელის საშუალებით პირდაპირ მიაერთოთ აქტიურ სპიკერთან. ეს კომპლექტი საუკეთესოა მცირე სივრცისთვის ან ისეთი გარემოსთვის, რომელიც მინიმალისტურ და მარტივ გადაწყვეტას მოითხოვს.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა ფირსაკრავს პრე-გამაძლიერებელი არ აქვს ინტეგრირებული, ამიტომ გადაამოწმეთ, რომ ის ფირსაკრავში ან სულაც სპიკერში იყო ჩამონტაჟებული.


ფირფიტის ენთუზიასტებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კომპლექტია.

ფირსაკრავს RCA კაბელით დაუკავშირებთ აუდიო/ვიდეო მიმღებს, რომელიც თავის მხრივ, ორ ან მეტ სპიკერს მიაწოდებს გაძლიერებულ აუდიო სიგნალს. ა/ვ გამაძლიერებელი საშუალებას იძლევა მარტივად დააკავშიროთ ფირსაკრავი თქვენს ხელთ არსებულ სხვა სისტემებთან, როგორებიცა სახლის კინოთეატრი, მუსიკის ონლაინ სტრიმინგის მოწყობილობები და სხვა.

თუ თქვენს მიმღებს phono input არ აქვს, ხოლო ფირსაკრავს ჩამონტაჟებული პრე-ამპი გააჩნია, ფირსაკრავიდან Line სიგნალს ხმის გამაძლიერებლის Line in პორტში აუდიო კაბელით შეაერთებთ. თუ მიმღებს აქვს phono input, საქმე კიდევ უფრო კარგად არის და საკუთარ თავს ხუმრობით აუდიოფილიც შეგიძლიათ უწოდოთ.

ეს ყველაზე მეტ კომპონენტიანი მიერთებაა და თავგადაკლული მელომანებისთვის საუკეთესო ვარიანტად ითვლება, რადგან დროთა განმავლობაში თითოეული კომპონენტის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. რაც საბოლოოდ, ზუსტად თქვენთვის სასურველ ხმას მოგცემთ. ამ კომპლექტით თუ მოიხიბლეთ, წინასწარ უნდა შეეგუოთ იმ ფაქტსაც, რომ საკმაო ბიუჯეტის გამოყოფა მოგიწევთ სასურველ ჟღერადობის მისაღებად, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ბოლო არ უჩანს.

ეს შედარებით ახალი ტექნოლოგიაა და ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ფირსაკრავი უსადენო სპიკერებთან დააკავშიროთ Bluetooth გადამცემით. ასეთი წყობა უპირატესად გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სპიკერები საგრძნობლად დაშორებულია ფირსაკრავიდან და მათი კაბელით დაკავშირება არ ხერხდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ wireless კომპრესიის გამო, აუდიომ შეიძლება ვერ შეინარჩუნოს ხმის ის მაღალი სტანდარტი, რომელითაც ვინილის ფირფიტა თავს იწონებს.

იმედი გვაქვს მიხვდით, რომ კარგ ფირსაკრავს უხარისხოსგან სწორედ ის დეტალები განასხვავებს, რომლებზეც ზემოთ თქვენი ყურადღება შევაჩერეთ.

არჩევისას გადაამოწმეთ ზემოთ განხილული ყველა დეტალი თუ მექანიზმი, გაიარეთ დამატებითი კონსულტაცია აუდიო მაღაზიის პერსონალთან და ამის შემდეგ მიიღეთ ფირსაკრავის ყიდვის გადაწყვეტილება.

ხარისხიანი ფირსაკრავის შეძენაზე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი სწორად გამართვაა. ზედმიწევნით წაიკითხეთ და მიჰყევით ინსტრუქციას — გახსოვდეთ, უნაკლოდ გამართული ბიუჯეტური ფირსაკრავიც კი უკეთესად გაჟღერდება გაუმართავ საშუალო ან მაღალი კლასის ფირსაკრავზე.




მსგავსი ბლოგები