Nikakoi - Requiem for Deranged Robot

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

27 სექტემბერი, 2020

9 წუთის წასაკითხი

3 ნახვა

ნებისმიერი უკვე დამკვიდრებული მუსიკოსის დისკოგრაფიაში, ყოველთვის გადააწყდებით ისეთ ალბომს, რომელსაც მალევე „დაუფასებელის” იარლიყს მიაბამთ. მსგავსი შემთხვევები ყველგანაა და იმ ნამუშევარზე მიუთითებს, რომელმაც შეიძლება „მსმენელის“ მასობრივი სიყვარული ვერ დაიმსახურა, თუმცა საკუთარი მუსიკალური, ემოციური თუ იდეური საზრისით და ღირსებებით ეს ყურადღება უცილობლივ ეკუთვნოდა. მსგავსთა რიგებს მიეკუთვნება ნიკა მაჩაიძის 2009 წლის ალბომი „Requiem For Deranged Robot“, რომელიც ორი დისკისგან შედგება და „Laboratory Instinct“-ზე გამოვიდა.


მუსიკა აქ სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც თითქოს მსმენელი ნიკასგან სტანდარტულად მოელის. ნაკლებად შეხვდებით ხრაშუნა ბიტებს, ენერგიულ ჩატეხვებს, მუსიკოსის ფავორიტ სიმებიან ინსტრუმენტებსაც კი. ერთადერთი რაც რჩება, ის ნაწილობრივი ნოსტალგია და შეუვალი სენტიმენტალიზმია, რისგან თავიდან დაღწევაც არც ისე ადვილი აღმოჩნდა.

ალბომის პირველი დისკი მხოლოდ ორი, გრძელი კომპოზიციებისგან შედგება. “System Switch Off”-ში წამყვანი მანიპულირებული პიანინოს ხმებია, რომელთა მოულოდნელი ტონალური თუ იდეური ცვლილებები მსმენელს მოდუნების საშუალებას არ უტოვებს და მუდმივად აქტიური სმენის პროცესში ამყოფებს. აქ თითქოს დაშლილი რობოტის მეხსიერების ბარათიდან წამოღებული ინფორმაცია, უფრო ჰუმანურ ხმებად ფორტეპიანოს დახმარებით ითარგმნა, რაც თავის მხრივ საინტერესო განვითარების შესაძლებლობას წარმოადგენს.

Requiem for Deranged Robot - Disarrange

„Disarrange“-ის დასაწყისი ადვილად მოგაგონებთ „Blade Runner“- ის შესავალ კადრებსა და ვანგელისის ლამაზ თემებს, ეს თითქოს რამის გაცხადების, საიდუმლოსთან მიახლოების სიმულაციაა, რომლის შესახებაც მსმენელი რადიოტალღების მეშვეობით იგებს.

აქ ცოტათი შავი ატმოსფერო ისადგურებს და მუსიკა ამოუცნობი მოგზაურობისთვის გვამზადებს, სადაც ხიფათიც კი თამაშის ნაწილია.

ალბომის მეორე დისკი 12 „Ghostfile“-ის კომპოზიციით გრძელდება. ეს რობოტის მეხსიერებიდან გადარჩენილი ფაილები და მოგონებებია, სადაც მექანიკურზე მეტად ისევ ადამიანური საწყისები გამეფებულან. ზოგან ფორტეპიანო უფრო მეტყველი და სევდიანია, ზოგანაც კი ისევ გლიჩური ჩანართები ცდილობენ საინტერესო ტექსტურების მოქსოვას. ეს ფონი რომელიმე საინტერესო ფილმს აშკარად მოუხდებოდა და დარწმუნებული ვარ ნიკას გონებაში მისი სცენარიც უკვე კარგა ხანია არსებობს.

Requiem for Deranged Robot - Ghost File

იმ ეპოქაში, სადაც ემბიენთ მუსიკის შექმნა თითქოს არანაირ იდეურ თვალსაწიერს, სტილის გრძნობას ან ტექნიკურ ცოდნას აღარ მოითხოვს და სადაც ყოველი მეორე „ემბიენთ არტისტად“ პოზიციონირდება, ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარი ხელწერა, რომელიც ამ ათასობით, ხშირად არაფრისმთქმელი ხმოვანი ნაკადისგან განგასხვავებს, ემბიენთ მუსიკა უბრალოდ კარგი ფონისთვის როდია განკუთვნილი და აქ ხშირად მუსიკოსის იდეური გაქანებაც ნათლად ჩანს ხშირად.

„Requiem For Deranged Robot“-ის მესამე ნაწილი „Sonic Point Cloud“ , ელექტრონიკისა და მომზადებული ფორტეპიანოსთვის, SOU ფესტივალის ფარგლებში 2017 წელს თბილისშიც შესრულდა.

ნიკა მაჩაიძის ეს დაუფასებელი ალბომი, ხელმეორედ ციფრულად CES Records-ზე გამოიცა.

მსგავსი ბლოგები