ნიკა მაჩაიძის მუსიკის მეორე სიცოცხლე CES Records-ზე

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

25 სექტემბერი, 2020

12 წუთის წასაკითხი

1 ნახვა

„მე ვამაყობ იმით, რომ საქართველოში ცხოვრობს ისეთი კიბერნეტიკული მუსიკოსი, როგორიცაა NIKAKOI.“

© მომხმარებელი electri_chka / თბილისის ფორუმი, 2007

კიბერნეტიკულზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა რთული ყოფილა იმ მუსიკოსზე წერის დაწყება, რომლის შემოქმედებამაც არამხოლოდ ელექტრონულ, არამედ ზოგადად მუსიკასთან დამამეგობრა.

2005 წლის ნოემბერში, პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის ფორუმზე ქართველ ელექტრონულ მუსიკოსებზე პირველი დოკუმენტური ფილმი დაანონსდა. მალევე სერგი გვარჯალაძის „ელექტრონავტები“ პირველმა არხმა საჯაროდ გაუშვა, სადაც იმ პერიოდისთვის მცირე მუსიკალურ წრეზე იყო საუბარი - მოკლედ ლოკალური ელექტრონული მუსიკის პირველი ნაბიჯებზე.

მუსიკის აქტიური მოსმენა სულ რამდენიმე წლის დაწყებული მქონდა, იმ პერიოდის („როკი მაგარია!“) მოზარდი „მე“-სთვის, ელექტრონული მუსიკა ჯერ კიდევ მხოლოდ კლუბთან, ზედაპირულ და ცოტა ქარაფშუტულ საქმესთანაც ასოცირდებოდა, თუმცა ფილმის ყურებით მაინც დავინტერესდი.

სხვა პიონერების შემდეგ, ფილმის ბოლო ნაწილი ნიკა მაჩაიძის შემდეგი ფრაზით დაიწყო „ლაივების დაკვრაც არ მიყვარს, იმიტომ რომ კლუბებშია ხოლმე ...“ - ეს რიგითი ინტროვერტის „აღსარება“ ემოციურად ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან - ჯერ კიდევ გაუთვიცნობიერებელი, დამწყები მუსიკის მოყვარულისთვის გასაკვირი და სასიამოვნო მოულოდნელობა გამოდგა ელექტრონული მუსიკოსის კლუბის სოციალური გარემოსგან ასეთი დისტანცირება. შემდგომ წლებში ელექტრონულ მუსიკაზე სრულიად შემეცვალა იმ პერიოდის ასოციაციები და დანარჩენი უბრალოდ ისტორიაა - მას შემდეგ 15 წელი გავიდა, ასობით განსხვავებული მუსიკას ვეზიარე, რაღაცეები კი უცვლელი გამოდგა - ნიკა არ ვიცი და მე კლუბებთან ისევ მწყრალად ვარ და მისი მუსიკის ყოველი მოსმენისას ისევ სახლში დაბრუნების, მშობლიური სიმყუდროვის ემოცია იბადება გულში, რომელთანაც მტკიცე იდენტობის განცდა მაქვს.

ნიკა მაჩაიძის მუსიკის ფესვები ბავშვობის შთაბეჭდილებებშია - საბჭოთა მულტფილმებიდან, ძმის ფლეილისტის გავლით, კიბერპანკის სიზმრებით მომავალში.

ელექტრონული მუსიკა 80-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსის ცხოვრებაში უცაბედად გამოჩნდა - ევგენი მაჭავარიანის და „ეს ესტრადას“ წყალობით, Kraftwerk-ის რობოტულმა ხმაურმა ტელევიზიის ეკრანებიდან თბილისშიც დასჭექა. ამ დღიდან ათზე მეტი წელი გაივლის და მუსიკის წყალობით, Aphex Twin-ისა და Warp Records-ის სხვა ვეტერანების შეწევნით, ნიკა Nikakoi-იდ, შემდეგ კი Erast-ად გარდაისახება.

მისი საჯაროდ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან, ყველაზე ადრეული, 1996-წელს, აუდიო რედაქტორ/მანიპულატორ პროგრამა SoundForge 2.0-ში შექმნილი „D 05” გვხვდება. იმ წლების თბილისის გასახსენებლად, თავში მხოლოდ სატელევიზიო არქივებიდან აღებულ კადრებს თუ წარმოვიდგენ, რომლის პარალელურად გამოცანად რჩება ომგამოვლილ, სოციალური აფეთქების პირას მყოფ ქალაქის ერთ-ერთ ბინაში, ვინმე SoundForge-ის მინიმალური შესაძლებლობებიდან ელექტრონული ბგერების გამოთლას რომ ცდილობდა.

სულ რაღაც 2 წელში, მსოფლიო მუსიკოსების, მათ შორის ნიკას ცხოვრებაში „Fruty Loops“ გაჩნდა, რომელიც ციფრულ ხმებთან შეჭიდებისას, დღემდე მისი ძირითადი იარაღია. მალევე დიმა დადიანთან ერთად, პირველი ელექტრონული მუსიკის საღამოც ჩაინიშნა, ვარდების ბაღში, ბარ „ათინათში“ - “Sweet Evening Of Electronic Music”- უშუქობის პერიოდში, კომპიუტერების დიდი ეკრანების მიღმა, მაინც ჩატარდა.

თეატრალურ უნივერსიტეტში, მისი სადიპლომო ფილმის („Fly Alone“) მუსიკაზე გოგი ძოძუაშვილმა იმუშავა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი „Mother On Mondays“-ის ალბომის ჩაწერაზე გადაერთო - ამ დროს განხორციელდა ნიკას და გოგის პირველი ექსპერიმენტები „Ensoniq“-ის სინთეზატორ/სეკვენსერზე, რასაც არაორდინალური ტექსტები დაემატა და შეიქმნა “მჟავა Message” - მოკლე კომპოზიციებისგან შემდგარი საერთო ალბომი, მაია სუმბაძის, ნინო ჩუბინიშვილის და სხვათა ტექსტებითა და ვოკალით.

ეს პირველი ჩანასახი იყო იმისა რაც მომავალში “გოსლაბის", შემდეგ კი "გოსტლაბი" ("მოჩვენებების ლაბორატორია“) სახელით გახდა ცნობილი - ერთიანი ხედვის მქონე სამეგობრო წრე, „მეათე სართულის“ კოლექტივის შემდეგ, ქართული თანამედროვე ხელოვნების მეორე ტალღის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენელს აერთიანებდა.

აკეთებდნენ მუსიკას, ერთმანეთისთვის წერდნენ ტექსტებს, იღებდნენ კლიპებს და აწყობდნენ გამოფენებს. მიუხედავად იმისა რომ მუსიკალური ფორმა და სტრუქტურა დასავლური კულტურიდან იყო ნასესხები, ჟღერადობა ამ გადმოსახედიან მთლიანად ქართული, უფრო მეტად კი თბილისურია. (დღემდე ხშირად ხდება ელექტრონული მუსიკის ახალგაზრდა პროდიუსერებზე მითლოგიური „თბილისური საუნდის“ იარლიყის მიკერება, არადა რეალურად ეს ჟღერადობა 20 წელია რაც არსებობს, უბრალოდ დაკვირვებით მოუსმინეთ).

„ეს მეგობრების წრე იყო, რომლებსაც სურდათ შემოქმედებითი თამაში და გართობა იმდენად, რამდენადაც ეს მოცემულ ვითარებაში იყო შესაძლებელი. ეს სამოქალაქო ომის და ქვეყნის დამაქუცმაცებელი აფხაზეთის ომის დამთავრებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ ხდებოდა. ეს შიშისა და დაბნეულობის, ძალადობისა და იზოლაციის, ტანჯვისა და უიმედობის დრო იყო. მიუხედავად ამისა, იყო უზარმაზარი ტალღა თავდადებისა და სურვილის - გაგვეხსნა ჯადოსნური ოთახის ნაპრალი, რომელმაც ჩვენი წარმოსახვა სრულად მოიცვა.


ჩვენთვის გადარჩენის ერთადერთი გზა ერთად ყოფნა, იუმორის გრძნობის შენარჩუნება, რეალობისგან განსხვავებულ ტალღაზე ცურვაში ერთმანეთის მხარდაჭერა იყო. ერთიანობისა და მთლიანობის უკეთესი განცდა რომ გვქონოდა, "გოსლაბი" დავირქვით. გართობასთან ერთად პროცესიც შეგვიყვარდა და საბოლოოდ, რაღაცნაირად, გადავრჩით.


დღეისათვის კოლექტიური ძალისხმევა უკვე აღარ არის აუცილებელი, რადგან ისეთი დაბრკოლება, როგორიცაა "ომი" აღარ არსებობს. ჩვენ კი ისეთ ადამიანებად ვიქეცით, რომლებმაც, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და გზა საკუთარ შინაგან სამყაროში გაიკვალეს. ყოველივე ჭეშმარიტი, ისევე, როგორც კარგი ხელოვნება ხომ სწორედ შიგნიდან იღებს სათავეს.“


ნატალია ბერიძე

სწორედ „Goslab“-ის მუსიკალური სიცოცხლის დასაწყისი იყო ნიკა მაჩაიძის პირველი ოფიციალური ალბომებიც, რომლებიც 2000-იანი წლების დასაწყისში გამოიცა. ხშირად ვიმეორებ, რომ მუსიკაში ყანჩელთან დაწყებული ქართული სენტიმენტალიზმი, ელექტრონულ მუსიკაში ნიკა მაჩაიძის მელოდიური ორომტრიალით გაგრძელდა. ეს ბავშვური სილაღის მუსიკაა, ოცნებების და იმ პერიოდის ნოსტალგიაა, როცა ზღვის პირას, საათების განმავლობაში უდარდელად შეგიძლია ადევნო თვალი ცის სილაჟვარდეს.

წელს, CES Records-მა გადაწყვიტა თავი მოეყარა და თავიდან გამოეცა ნიკა მაჩაიძის ყველა ოფიციალური ალბომი, ამჯერად მხოლოდ ციფრული ფორმატით. ეს რამდენიმე კვირიანი მარათონი, 25 სექტემბერს დაიწყება და ყოველ პარასკევს შეგვახსენებს ქართული ელექტრონული მუსიკის ოქროს წლებს.

„CES Records 2020 წელს ნიკა მაჩაიძის ახალი ალბომის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა მუსიკოსის თხოვნის გათვალისწინებით, ეს პროცესი გადაიდო, სანამ მისი გამოუქვეყნებელი მუსიკის კატალოგი არ მოწესრიგდებოდა(დაახლოებით 1000-მდე კომპოზიცია). ამავდროულად ის ალბომები, რომლებიც საუკუნის დასაწყისში გამოვიდა უცხოურ ლეიბლებზე, ონლაინ პლატფორმებზე მაინც არ იყო ხელმისაწვდომი, შესაბამისად ლოგიკური იყო მათი თავიდან გამოცემით დაწყება. ეს სერია ნოემბერში “Geo Weddings”-ით გაგრძელდება, რომელიც საინტერესო ფიზიკური ნივთის სახით გამოჩნდება მსმენელისთვის, რის შემდეგაც ნიკას ათამდე ალბომი იხილავს მზის სინათლეს, რომლებიც 1996-2020 წლების შემოქმედებას მოიცავს“ - ნასტია სართანია, CES Records.

1999 წელს პარიზის ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე გრან-პრის შემდეგ, 2001 წელს მისი კომპოზიცია Dynamics Records-ის "Vital Songs Compilation" კრებულში მოხვდა, რაც ლოგიკურად, 2002 წელს გერმანულ WMF Records-ზე (სერია „Komfort.labor”) სადებიუტო ალბომით, „Sestrichka“ დაგვირგვინდა.

ალბომის ყოველი ტრეკი თითქოს სხვადასხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმის საუნდტრეკისთვის შეიქმნა და განსხვავებულ ისტორიას გვიყვება. დელიკატური მელოდიები, ხრაშუნა ბიტები და ვოკალიზაცის, ცნობიერის მელანქოლიურ ჰორიზონტზე მიგვაქანებს. ალბომი პოლიტიკური, სოციალური თუ ხალხური მუსიკის კონტექსტისგან თავისუფალია, ავტორი მსმენელს (პირველ რიგში, ვინაიდან პერსონალური მუსიკაა მაინც საკუთარ თავს) მუსიკის უნივერსალური ენით, რიტმული და ციფრული ეფექტების გამოყენებით ესაუბრება.

ალბომი „Climb“-ით იწყება, სადაც Drill n Bass-ის მინიმალისტური ელემენტებისგან შემდგარ ბიტს, ლამაზი, უპრეტენზიო მელოდია გასდევს, რომელიც უდარდელი ცხოვრების ემოციას აღვივებს. „AdgilCX“ სამეცნიერო ფანტასტიკის სიუჟეტის საუნტრეკია, აქაც განმეორებად, მოკლე მელოდიურ ტალღას არაორდინალური რიტმული სექცია ერთვის.

„Mtavary“-ში პირველად ისმის მუსიკოსის ხმაც, რომელიც კითხვას სვამს: „რა არის მთავარი?“ - ამ ტრეკში, აღნიშნული კითხვის გარდა მოკლე ფორტეპიანოს ჩანართია, რატომღაც იაპონურ თემატიკას რომ მივამსგავსე. „PP“-ში უკვე ნატალია ბერიძის ხმა და ტექსტი ჩნდება, რომელიც აბსტრაქტულ ბიტს გასდევს, თუმცა ტექსტის თხრობა მუსიკისგან განყენებით ხდება.

Teess“-ის მონოტონურ მელოდიას ცნობიერში ისევ კოსმოსიდან მიღებულ რადიოსიგნალებს ვუკავშირებ. რის შემდეგაც ალბომის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია „Dzzenn“ ერთვება საქმეში - მელოდიზმი და IDM-ისთვის დამახასიათებელი ამოვარდნილი დრამ პროგრამირება სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს.

City Lights [Tutta2]“ - ალბომის უდაოდ ტოპ კომპოზიციაა, სხვა ჩანაწერებისგან განსხვავებით (სადაც უბრალოდ ხმოვანი ჩანართები იყო) ეს უკვე სიმღერაა, თან ორხმოვანი, რომელსაც ჯაზური მოტივები და მელოდიური ფონი განსაკუთრებულ მგრძნობელობას ანიჭებს. კლიპი ამ კომპოზიციაზე შეგიძლია იხილოთ აქ.

Maia“ - ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნით იწყება, რაც ჰიპ-ჰოპთან (უფრო კი Glitch-Hop-თან) მიახლოვებული ბიტით გრძელდება.

Saldance“ ალბომიდან ჩემი პერსონალური ფავორიტია, რომელსაც შიდა წრეში „ტკაცუნა IDM”-ის სახელით მოვიხსენიებთ მეგობრები, თუმცა IDM-ის გარდა აქ აშკარაა საცეკვაო მუსიკის გავლენაც. ეს ტრეკი ნიკას დისკოგრაფიიდან იშვიათია, რომელიც ვფიქრობ კლუბშიც აუცილებლად გაამართლებს, აქვს რა გარკვეული „sexiness“ რისი გადმოცემაც სიტყვებით რთულია.

Mtvare“-ში ისევ ტუსია ბერიძის ხმა გვესმის, გადააგდეთ საძილე აბები და ყური უგდეთ ამ ციფრულ იავნანას დაიძინე, თორემ ღამის ფიქრებს, გაეზრდებათ გამჭვირვალე თმა..."


Sestrichka/Bratishka“ - ალბომის დასახელების მიხედვით, ერთ-ერთი გასაღები კომპოზიციაა, ჩვეული ფამილარული ატმოსფეროს შექმნით, იგი ბავშვობის ოჯახურ სიმყუდროვეში გვაბრუნებს, როდესაც სილაღეც მეტი იყო, ურთიერთობის უბრალოებაც.

Adamy“ - მრავალი მუსიკალური ტექსტურის მქონე კომპოზიციაა, რომელიც საბჭოთა ბავშვობის გავლენითაა შექმნილი და ფილმ „Усатый нянь“-ის (კომპ.ალექსეი რიბნიკოვი) მთავარი მუსიკალური თემის ქავერია.

Manglisi“ ალბომის მორიგი პირადი ფავორიტია, მუსიკას იშვიათად თუ დაუხატავს ასეთი ნათელი და უდარდელი დღეების სიუჟეტი, ალბათ მანგლისში ბავშვებთან ერთად პიკნიკის მოსაწყობად მუსიკალურ ფონად უკვე იცით რაც უნდა გამოიყენოთ.


ემოციურად იგივე თემას აგრძელებს „Bavshvebi“.. ეს ბავშვის თვალით დანახული სამყაროა, რომელსაც აკომპანიმენტს პირველად გახსნილი მუსიკალური ზარდახშა უწევს.

„Orudila“ ამ ალბომის ალბათ ყველაზე არალოგიკური მუსიკალური დასასრული, თუმცა ერთობ სახალისო პასტიშია. დასაწყისში მერაბ კაშიას ამაოებაზე მომღერალი ხმა, 90-იანი წლების ნაცნობი თბილისი-ბათუმის სამარშუტო ტაქსის ასოციაციებს იწვევს, რასაც მსმენელისთვის, ვისთვისაც მხოლოდ დარდიმანდული ესთეტიკა არ კმარა, ნიკას ქაოტური დრამ სექცია ემატება.

„Sestrichka“ სოლიდური დებიუტია, რომელიც სრულიად განსხვავებულ სიტუაციებში თქვენი გულითადი მუსიკალური მეგზური შეიძლება გახდეს. ეს 15 კომპოზიცია უცხოელ მსმენელს პირველ შთაბეჭდილებას უქმნის ქართულ ელექტრონულ მუსიკაზე, ლოკალურ მსმენელს კი საშუალებას აძლევს წარსული გაიაზროს და შესაბამისად დააფასოს.

მსგავსი ბლოგები