ნიკა კაჩაროვი vs Young Georgian Lolitaz

ავტორი: დავით ჟორჟოლაძე

20 იანვარი, 2020

10 წუთის წასაკითხი

8 ნახვა


ახლა ალბომს ვასრულებ, ოცი სიმღერაა, მაგრამ უნდა შევკვეცო თორმეტამდე.

ვინილზე მინდა დავბეჭდო. ისე მომრავლდა აქაც ლეიბლები და მათგან უკვე შემოთავაზებებია, მაგრამ ერთი დილემა დამიდგა - რა სახელით გამოვცე -Young Georgian Lolitaz ასაკს აღარ შეეფერება, განსაკუთრებით უცხოელ მსმენელში გამოიწვევს გაუგებრობას ორმოცი წლის კაცს რომ აღმოაჩენენ ამ სახელს მიღმა.

-ნიკა კაჩაროვი

დიახ, ნიკა კოჩაროვი ორმოცი წლის ხდება. აქედან ოცი წელი მისი სახელი ამ ნაუცბათევად მოგონილ Young Georgian Lolitaz-ს ერთვის.

1980 წლის 22 ივნისს, ცნობილი ბიტლზ-ორეული ჯგუფის, “ბლიცის” ლიდერი, ვალერი კოჩაროვი ვაჟის დაბადებას ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენაზე შეხვდა.

მამას შვილისთვის მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გაჟღენთილი გარემოს ალტერნატივა არ შეუთავაზებია და ამავდროულად გიტარაზე დაკვრა გამიზნულად არ უსწავლებია.

ნიკამ დამოუკიდებლად მაინც მოახერხა გიტარის აკორდების შესწავლა და ცამეტი წლის ასაკში, “ბლიცის” ლივერპულური ტურის ერთ-ერთ საღამოზე (სადაც ის მამას ახლდა), ინგლისელი მსმენელისგან აკუსტიკური გიტარით და ჯგუფ “Queen”-ის სიმღერების წიგნით დასაჩუქრდა. ეს საახალწლო ღამეს მოხდა, სცენაზე პირველი გამოსვლისას შესრულებული “Hard Day’s Night”-ის წყალობით.

“ქვინების” წიგნი თბილისში არ ჩამოუტანია - მხოლოდ გიბსონის გიტარა, რომელზეც თქვენთვის კარგად ნაცნობი თუ დღემდე უცნობი მრავალი სიმღერა დაიწერა.

- წერა როდის დაიწყე?

- როგორც კი ორი აკორდი, რე მაჟორი და ლა მაჟორი ვისწავლე დავიწყე სიმღერების წერა. კითხვა არც დასმულა რა ენაზე უნდა აჟღერებულიყო ეს ჩემი “შემოქმედება”, იმდენად გარემოცული ვიყავი ინგლისური ენით, იმ აზრების გადმოცემას, რასაც ჩემს სიმღერაში ვდებ, დღემდე ინგლისურად უფრო ადვილად ვახერხებ, ეს ჩემთვის ორგანულია. დავიწყე ინგლისურად წერა და ვვითარდები ამ მიმართულებით. თავდაპირველად მუსიკა იდგა პირველ ადგილზე და ტექსტი ამ მუსიკის თანმხლები იყო, რითმიკა და მეტი არაფერი. ალბათ ასაკთან ერთად ტექსტი მნიშვნელობით მუსიკას გაუტოლდა. ამ ბოლოს ერთი სიმღერა დავწერე და მე თავად გაკვირვებული “ვუყურებ” მის ტექსტს.შეიძლება ვთქვა, რო ეს სიღერა ამ ტექსტისთვისაა

- შენი ტექსტი მეტად პერსონალურია. არის ძირითადად ორი პერსონაჟი, “მე” და “შენ”, ხშირად ცოტა სევდიანი “ფონით”.

- კი, უფრო ჩემი განცდებია. თუმცა ამ ახალ ალბომში ცოტა ფილოსოფიურობაზეც მაქვს პრეტენზია.

- განსხვავებულია Z For Zulu-ს ტექსტი

- მანდ ორი სონგრაითერი რადგანაც ვიყავით, ბუნებრივია, ასეც იქნებოდა. გიას (გია იაშვილი, Sky Diving Pinguins) შემოქონდა ეს ირონია, ცინიზმი, ფსიქოდელიაში გასვლა.

- Z for Zulu რა იყო?

- ეს იყო დიდი ხნის სურვილი, უფრო “მამაკაცური” როკი დაგვეკრა. “ლოლიტების” აღმავლობის პერიოდში ინგლისიდან ლევან შანშიაშვილის წამოსვლამ ფაქტიურად დაგვაკოჭლა და შევეშვით.მერე ნინოს (ნინო ტოგონიძე, ყოფილი მეუღლე) ბასზე ვასწავლე დაკვრა და ტრიო “Electric Apeal” გავაკეთეთ. იმავე პერიოდში გავიცანი გია. ის დიდი ხნის წამოსული იყო თბილისიდან ინგლისში და უკან ბრუნდებოდა. 2011-ში მეც ჩამოვედი და გიასთან, ნიკა დავითაშვილთან და დიმა ოგანესიანთან ერთად ავისრულე სურვილი - ლონდონში ცხოვრებისას ბანკში ან სადმე რო ვრეკავდი, ტელეფონზე ხშირად მხვდებოდნენ ინდოეთიდან გამოსული ოპერატორები, რომლებიც რაიმე სიტყვის ასოებად დამარცვლისას მეტად საინტერესოდ გამოთქვამდენენ “ზეტ ფორ ზულუ”. მაშინ ვიფიქრე, რო კარგი სახელი იყო ჯგუფისთვის.

მანმდე იყო მუსიკალური რევოლუცია სახელად “ნირვანა” და მისი ტალღა თოთხმეტი წლის ნიკასაც შეეხო, იმდენად, რომ ბიტლების “ზე”-ობას კითხვის ნიშანი დაესვა. 1992 წლის რედინგის (ბრიტანეთი) ფესტივალზე კურტ კობეინის იმიჯით (ინვალიდის ეტლში და ლაბორანტის თეთრ ხალათში) შთაგონებულმა, ბებიას თეთრი ხალათი ჩაიცვა, მარკერით ბლანჟე მიიხატა და საბავშვო ეტლით მეგობარს დაატარებინებდა თავს ეზოში.

მერე იყო პლეხანოვზე (მარჯანიშვილზე) “ბალოტად” წოდებული სარეპეტიციო, სადაც ჯგუფები გარკვეული განრიგით რეპეტიციობდნენ, თუ გაუმართლებდათ და დენი მოვიდოდა, ისიც ხუთი წუთით.

- იქ გავიცანი კოტე კალანდაძე (Небо СССР, Lady Heroine). ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი იყო ჩემთვის.

კოტე კალანდაძესთან ერთად, ნიკას სახლში, მამის რვა არხიან ანალოგურ რექორდერზე, ბიჭები იწერდნენ სიმღერებს, რომელთაგან ნაწილმა შეადგინა სპლიტ-ალბომი Positive Days. 1998 წელს გამოცემული კასეტის ერთ მხარეს ნიკას სიმღერებია, მეორეზე - კოტესი. ამ თანამშრომლობიდან ორი წლის თავზე ნიკამ გადაწყვიტა, საკუთარი ჯგუფი შეექმნა.

ახალმა ჯგუფმა ყურადღება სიმღერა “Yellow Duck”-ზე გადაღებული პროვოკაციული ვიდეოთი მიიპყრო. თუმცა ეს არ გახდა მუსიკალური ხაზის განმსაზღვრელი სიმღერა.


ეს სიმღერა სპონტანურად რეპეტიციაზე გაჩნდა, ისევე როგორც ჯგუფის სახელი Young Georgian Lolitaz. მზიურის ფესტივალისთვის ვემზადებოდით და სარეპეტიციოში ბახალასთან (გიორგი გიორგანაშვილი)ერთად “ვიმაიმუნეთ” და მეორე დღეს ფესტივალზე გავიტანეთ ეს სიმღერა.

ამ სიმღერის შემდეგ ბევრისთვის გასაკვირი იყო დახვეწილი ალბომის “Lemonjuice” (2004 წ.) გამოჩენა მასში შემავალი სიმღერებით “Mister” და “Star” და მათი თანმხლები კლიპები.

ალბომი დაუგეგმავად გაჩნდა: ღამ-ღამობით ვმუშაობდი სახლის სტუდიაში. მოკლე დროში დაგროვდა ეს ათი სიმღერა. ჯგუფმაც ლევან შანშიაშვილის შემოსვლით საბოლოო სახე მიიღო და გადავწყვიტეთ ალბომის გამოშვება. ძალიან კარგად მახსენდება საპრეზენტაციო კონცერტი კლუბში “ბერლინი”...

შემთხვევითობის წყალობით გადაიკვეთა ნიკას და მომავალი გიტარისტის, ლევან შანშიაშვილის (Kid Jesus) გზები; ისევ, ნიკას და კოტეს სტუდიაში, Banzai Records, ნიკას არყოფნის პერიოდში ჩაიწერა ჯგუფი “ქაოსი”. ნიკას გიტარის პარტია მოსწონებია და, შეცდომით, არა ამ პარტიის შემსრულებელი, არამედ მეორე გიტარისტი აიყვანა ჯგუფში დასაკრავად.

ბავშვობის შემდეგ ინგლისს ნიკა კიდევ ერთხელ 2006 წელს ესტუმრა. როგორც აღმოჩნდა, დიდი ხნით. ჩასვლიდან მეორე დღეს გამოვიდა სახლიდან, პირველივე მოწონებულ ბარში შევიდა და მენეჯერს შესთავაზა საკუთარი მუსიკალური ტალანტი.

- იქ გატარებული ხუთი წელი რა გამოცდილებაა?

- მაყურებელთან კონტაქტით დაწყებული, ხმის ოპერატორთან ურთიერთობით დამთავრებული, ეს კორექტულობა მუსიკალურ სფეროში საჭირო თვისება.

ინგლისური ენა, რომელიც კიდევ უფრო ორგანული გახდა. “ლოლიტების” სახელით იქაურ ლეიბლზე (4REAL records) გამოცემული EP Lava, რომლითაც უკმაყოფილო დავრჩი, თუმცა დაიწყო ურთიერთობა სიხასთან (გიორგი სიხარულიძე) და ზურიჩასთან (ზურა ძაგნიძე), რაც იმით დაგვირგვინდა, რო ამ ორი წლის წინ ჩემთვის და ჩემი თაობისთვის ერთ-ერთ საყვარელ ქართულ ხელახლად შეკრებილი ჯგუფის (Afternoon Version) ბასისტი გავხდი.

- მიუხედავად იმისა, რომ შენ ინგლისურენოვანი ხარ, მაინც იმ ანდერგრაუნდიდან ხარ გამოსული, რომელსაც ლადო ბურდული, დადა დადიანი, ქიშო გლუნჩაძე და სხვა ათეულობით ქართველი მუსიკოსი ქმნიდა, თუ არ ვიტყვით, რომ საფუძველს უყრიდა.

- ბავშვობაში, მამას როდესაც დავყავდი რეპეტიციებზე თუ სტუდიაში, იმ დროიდან მახსოვს დადა და სერგი (სერგი გვარჯალაძე), რადგან ერთ სტუდიაში იწერებოდნენ. მაშინ სტილისტურ დიფერენციაციას ვერ ვახდენდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს ხალხი რაღაც განსხვავებულს ქმნიდა და მღეროდა.

- ქართულად სიმღერა კარგად გამოგდის: პირველად ეს იყო მამას სიმღერა “შენი მეგობარი”(“სიროკი”) და ამ ერთი წლის წინ ვაჟა მართან ერთად ჩაწერილი “ტაქსის” “ზამთარი (შენი აღარ მჯერა)”


- კი, ეს სიმღერა მამაჩემმა დაწერა, თუმცა მითხრა, რო ტექსტი დადა დადიანისაა. თავად დადას რომ ვუთხარი, გაიკვირვა, მაგრამ დადაა და მოსალოდნელია მისგან. ეს სიმღერა მაშინ დაიწერა, მე რომ ექვსი წლის ვიყავი, მაშინ დაკვრა არ ვიცოდი, მაგრამ აღმოჩნდა ზუსტად ისე დამიმახსოვრებია. ამ ერთი წლის წინ მივაგენი კასეტას, ვალერას ნამღერ ამ სიმღერას და ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე ასე ზუსტად გამეორებული არანჟირება.

დადას “ზამთარი” კი... ვაჟიკო მარი დამადგა, ამ სიმღერის ქავერი დამიკვეთეს და რა აზრის ხარ, შენ რო იმღეროო. ჩავწერეთ, გავუგზავნეთ და დაიწუნეს. საღამოს მანქანით არაყზე გავედით და მობილურით გადავიღეთ ის, რაც მერე ნახეთ.

- ბოლო ერთი წლის მანძილზე ორი საინტერესო ექსპერიმენტი შესთავაზე მსმენელს: გაზაფხულის Soundwave-ის ფარგლებში სოლო კონცერტი და გიორგი ცაგარელის სიმებიან ორკესტრთან ერთად კონცერტი გორში.


- როცა სოლოდ დაკვრა შემომთავაზეს, მივხვდი, რო ასე მარტო გიტარით დაჯდომა და სიმღერა არ იქნებოდა საინტერესო. საქმეში “ლუპერი” ჩავრთე. და ასე ცოცხლად ვაკეთებდი არანჟირებას შესრულების პარალელურად. საინტერესო გამოცდილება იყო. ეს კამერულობა, რაც ამგვარმა შესრულებამ მოითხოვა ჩემთვის და ჩემი მუსიკისთვის ცოტა უცხოა.

სიმებიანთან ჩემი სიმღერების აჟღერება სულ მინდოდა და ეს შესაძლებლობაც დადგა. ორ თვიანი მუშაობის შემდეგ კონცერტით და გიორგისთან მუშაობით კმაყოფილი დავრჩი. რაღაცნაირი განცდა ყოფილა, შენს მუსიკას ასე ორკესტრად რომ უკრავენ. გამიხარდება, თუ ამ ათ სიმღერას ალბომის სახით ვნახავ.

მსგავსი ბლოგები