ნათელა სვანიძე და მუსიკა, რომელიც არ შეიძლებოდა არ დაწერილიყო
ავტორი: რეზი ხუნწელია >>
4 ივლისი, 2020 >>
10 წუთის წასაკითხი >>
3 ნახვა
„იმის საფასურად, რომ ვყოფილიყავი წარმატებული, ცნობილი და ფულიანი, არ მიღალატია ჩემი პრინციპებისათვის, არ წავსულვარ არანაირ კომპრომისზე და არასოდეს არ მითქვამს უარი ხელოვნებაში ჩემი შინაგანი სიმართლის განხორციელებაზე, მსმენელისთვის არასოდეს შემითავაზებია ყალბი მონეტა, ე.ი. დავწერე მხოლოდ ის, რაც არ შეიძლება არ დაწერილიყო..“
4 სექტემბერს CES Records თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჩანაწერს გამოსცემს, რომელიც ქართველი კომპოზიტორის, ნათელა სვანიძის შემოქმედებას ეძღვნება. „ნათელა“ - ასე ქვია კომპილაციურ ალბომს, სადაც ზემოთხსენებული მუსიკოსის ნაწარმოების, Epitaphium-ის გარდა, HVL, Mess_Montage და თამო ნასიძის კომპოზიციებიც გვხვდება. როგორც ლეიბლის დამფუძნებელი ნათია სართანია (sTia) იხსენებს, ამ პროექტის შესახებ ფიქრი ზუსტად წელიწადნახევრის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც მუსიკის მკვლევარმა იან ჩუდაზილოვმა ნათელა სვანიძის ექსპერიმენტული ნაწარმოებები მიაწოდა:
„მთელი ამ დროის განმავლობაში სულ ვფიქრობდი ნათელაზე, მაგრამ ვერ ვპოულობდი იმ ფორმას, რომლითაც ამ ყველაფერს თავს მოვუყრიდი.. ლოქდაუნის (კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები) პერიოდში, როდესაც მომავალი ყველაზე ბუნდოვანი იყო, ეს ფიქრები კიდევ უფრო გამიმძაფრდა. გამიმძაფრდა გრძნობა იმ წარსულის შესახებ, საიდანაც ჩვენ მოვდივართ“ - როგორც ჩანს იმ პერიოდში sTia ერთადერთი არ იყო, ვის გონებაშიც ნათელა სვანიძის შემოქმედება ტრიალება, რის შედეგადაც პროექტს ჯერ გიგი ჯიქია (HVL), შემდეგ კი თამო ნასიძე და თორნიკე მარგველაშვილი (პროექტით Mess_Montage) შემოუერთდნენ. „როდესაც მათი ვერსიები მოვისმინე, ერთი მოსმენით ვიცოდი, რომ ეგ იყო.. ყველაფერმა ერთი ამოსუნთქვით მიიღო ფორმა“. სწორედ ეს ფორმა არის CES Records-ის მორიგი რელიზი, რომელიც ნათელა სვანიძის ორატორიის, „ქართული ლამენტაციების“ ერთ-ერთ ეპიზოდს ეძღვნება.
ახალციხეში დაბადებული კომპოზიტორი ძალიან უცნაური და შეიძლება ითქვას ტრაგიკული ბედის მქონე ადამიანი იყო, რომლის შემოქმედება დღესაც კი არ არის საკმარისად განხილული ან შეფასებული. თუმცა როდესაც მის ნაწარმოებებზე ვსაუბრობთ, დიდი სიფრთხილის გამოჩენაც არის საჭირო, რადგან საქმე გვაქვს მუსიკის შექმნის არაორთოდოქსულ სტილთან, რომლის აღწერა ან დახასიათება არც თუ ისე ადვილია. 60-იანი წლების დასაწყისამდე, ნათელა სვანიძის შემოქმედებაში ნეორომანტიკული, ტონალური მუსიკის ტენდენციები ჭარბობდა, რაც იმ პერიოდის აკადემიური მუსიკალური ტრადიციებისთვის უცხო ხილი ნამდვილად არ იყო. ყველაფერი შეიცვალა 1963 წელს, როდესაც ქართველმა კომპოზიტორმა პოლონეთში იმოგზაურა და იქაურ ავანგარდულ მუსიკალური სცენას ეზიარა. ბგერებით მანიპულაციის ის ახალი ტექნიკები და მეთოდები, რომელიც იმ პერიოდის ავანგარდულ მუსიკაში გვხდებოდა, მუსიკოსისთვისაც ძალიან საინტერესო ექსპერიმენტების წინაპირობა აღმოჩნდა.
„60-იან წლებში მე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები - ეს რომანტიკული ფორმა აღარ მაკმაყოფილებდა და მზად ვიყავი სიახლის მისაღებად მაშინ, როდესაც ჩემს ქვეყანაში ყველა ამისთვის მზად არ იყო.“ - ის არც ცდებოდა, ახალი, ატონალური მუსიკის მიმართ ინტერესის გამო კომპოზიტორს დიდი ფასის გადახდა მოუწია - მისი ნაწარმოებები თითქმის არსად არ იკვრებოდა. ამასთან დაკავშირებით დანანებით აღნიშნავდა: „მე ადრე ვარ მოსული.. მე ელექტრონული მუსიკისთვის ვარ გაჩენილი, მაგრამ ჩვენთან ამ მუსიკის შექმნისთვის არანაირი ტექნიკური საშუალება არ არის“
როდესაც დღეს ქართულ ელექტრონულ მუსიკაზე ვსაუბრობთ, ხშირად ათვლას უკეთეს შემთხვევაში 90-იანი წლების მუსიკალური სცენით ვიწყებთ, უარეს შემთხვევაში კი თანამედროვე საკლუბო სივრცეებით. ამ დროს კი გვავიწყდება, რომ მაშინ, როდესაც პიერ შაფერი თავის სტუდენტებს იმ პერიოდის ინოვაციას, აკუსმონიუმს აცნობდა, პარალელურად ნათელა სვანიძე სინთეზატორ Synthi – 100-თან ერთად ექსპერიმენტობდა. სამწუხაროდ მუსიკოსის შემოქმედება არ ყოფილა ბევრი ნაწარმოებით დატვირთული, რასაც ნათელა ასე ხსნიდა: “ცოტას ვწერ იმიტომ, რომ არ ვიმეორებ ფორმას. არასდროს დამიწერია მუსიკა ფულისთვის, როცა რამე მომწიფდება შესაქმნელად, მაშინ ვქმნი.“
ერთ-ერთ ინტერვიუში ელექტრონული მუსიკის პიონერმა კარლჰაინც შტოკჰაუზენმა თქვა, რომ ვისაც ელექტრონული მუსიკის შექმნა უნდა, მან აუცილებლად უნდა დაივიწყოს ადრე არსებული კომპოზიტორული მეთოდები. ნათელა სვანიძის მუსიკალური ფილოსოფიაც თითქოს ამ ტრაექტორიას იმეორებდა: ის პრინციპულად გაერიდა თავის ძველ ნაწარმოებებს და გადაწყვიტა, რომ მისი შემოქმედებითი სტილისტიკის მარკერი უნდა ყოფილიყო ის ახალი მუსიკალური ენა, რომელიც მან აღმოაჩინა. არსებობს ისტორია, რომ როდესაც მან საცხოვრებელი გამოიცვალა, თავისი ყველა ძველი ნაწარმოები გადაყარა. ეს ყველაფერი იმის ნიშნად, რომ მას საკუთარი თავის, როგორც არტისტის ხელახალი დაბადება გამოეხატა.
ამ დაბადების მანიფესტაციაა 1974 წელს შექმნილი ნაწარმოები „ქართული ლამეტაციები“, რომელიც შეგვიძლია ქართული ელექტრონული მუსიკის ჩანასახად დავინახოთ. CES Records-ის ახალი რელიზი კი ერთის მხრივ ამ წარსულთან მიბრუნების და პატივის მიგების ძალიან ღირსეული მცდელობაა, მეორეს მხრივ კი ამ წარსულის აწმყოსთან დაკავშირების ფორმაც. თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის არტისტები ძალიან საინტერესო შეეცადნენ ის მემკვიდრეობა, რომელიც ნათელა სვანიძემ დატოვა, ახალი მუსიკალური ფორმებისთვის მოერგოთ და საკუთარი ინტერპრეტაციები შეექმნათ. სამივე ასეთი ინტერპრეტაცია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, რაც მთავარი მიზეზია იმისთვის, რომ აუცილებლად მოუსმინოთ „ნათელას“. როგორც sTia ამბობს, ამ კომპილაციისთვის ნაწარმოებების არჩევისას მხოლოდ ერთი პრინციპით იხელმძღვანელა, რომელიც ასე ჟღერს: „მე მხოლოდ და მხოლოდ მივდივარ იქ, სადაც ჩემი ყურები წამიყვანენ“.v
ამ ლეიბლის დისკოგრაფიას თუ დავაკვირდებით, აშკარად ვნახავთ, რომ ძირითადად ექსპერიმენტული ჩანაწერები გვხვდება, თუმცა ‘ესეც მხოლოდ დამთხვევაა’, რადგან CES Records მუდმივად ცდილობს ჟანრობრივ კლიშეებს თავი დააღწიოს. ამის დანახვა ამ ბოლო რელიზშიც მარტივად შეიძლება. წინ კი უფრო დიდი და საინტერესო პროექტები გველოდება - იმდენად საინტერესო, რომ ახლა მოყოლის დაწყებაც კი არ ღირს. მანამდე კი მოვუსმინოთ მუსიკას, რომელიც „არ შეიძლება, რომ არ დაწერილიყო“.
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში