მუსიკის ჰონტოლოგია 008 - ფსიქოდელიური მუსიკა

ავტორი: გია ხადური

4 მაისი, 2021

10 წუთის წასაკითხი

28 ნახვა

ძნელია, ზუსტად განსაზღვრო, თუ რას ნიშნავს ფსიქოდელია. ის შეიძლება მოიძიო სხვადასხვა ჟანრის, საუნდის და კონსტრუქციის ნაწარმოებში, ის უდავოდ ყველაზე მოუხელთებელი ფენომენია მუსიკაში და, ალბათ, ამიტომაც იწვევს დღემდე ინტრიგას, არადა 55 წელია, რაც უკვე არსებობს.

დღევანდელ ფსიქოდელიას უკვე აღარ აქვს ის (კონტრ)კულტურულ-სოციალური ბექგრაუნდი, რაც დასაწყისში ჰქონდა, მაგრამ ფაქტი, რომ ფსიქოდელიური ეფექტი დღემდე აქტუალურია, თუნდაც როგორც მუსიკის კეთების მეთოდი და დაფორმატების ხერხი, უკვე დიდი საქმეა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ინტერესს მოკლებული არ იქნება ფსიქდოდელიის ფესვების მოძიება.

მაინც რა არის ფსიქოდელიური ეფექტი და რატომ არის აქტუალური დღემდე?

გადამწყვეტი აქ, ალბათ, არის კონცეფცია-მუსიკა, როგორც პროცესი, მომენტი, როდესაც ხდება განთავისუფლება სტანდარტული ფორმატისგან, ნიველირდება დომინანტური ჟღერადობები და მუსიკა გარდაიქმნება აკუსტიკურ ნაკადად. ასეთი გამოწვევა კი ყოველთვის, ყველა ეპოქაში, დამაინტრიგებელი იყო და არის ექსპერიმენტატორი მუსიკოსებისთვის.

ფსიქოდელია 60-იანების მეორე ნახევარის აკუსტიკური დაღია, გარდაუვალი დაღი, რადგანაც თავად ეპოქა იყო ფსიქოდელიური. ეპოქა, როცა მთელი სამყარო შეიშალა და ირაციონალურ ჰედონიზმში გადავარდა.

თავად ტერმინი ფსიქოდელია უკავშირდება ჰალუცინოგენურ პრეპარატს LSD-ს, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდა მეცნიერ ფსიქოლოგთა გარკვეული სეგმენტი. ეს პრეპარატი იწვევდა ტვინის უჯრედების გაფართოებას, შესაბამისად იწვევდა აღქმის უნარის გამძაფრებას, ფანტასმაგორიულ-სიურეალისტურ ხედვებს, ზღვარი რეალობას და ირეალურს, ქვეცნობიერს და ცნობიერს შორის იშლებოდა.

მეორე მხრივ, 60-იანების შუა პერიოდიდან ახალი თაობის არტისტები ცდილობდნენ გაეფართოებინათ საკუთარი სააზროვნო თუ კრეატიული არეალები, ამისათვის კი საჭირო იყო შემოქმედებითი ექსპერიმენტები, საკუთარ ცნობიერებაზე ექსპერიმენტი თვალსაწიერის გაფართოების მიზნით.

ასეთი მდგომარეობის მუსიკალური კვინტესენცია გახდა სწორედ ფსიქოდელიური მუსიკა. მუსიკა, როგორც უცნაური ფანტასმაგორიული მოგზაურობა, სადაც ჩვეული ფორმები და საუნდი დეფორმირდება და ისეთი აკუსტიკური რეალობა დგება, რომელიც რაციონალურ აღქმას ნაკლებად ემორჩილება.

ახალ, წამოჩიტულ პოპ თუ როკ მუსიკოსებს აღარ აკმაყოფილებდათ მსუბუქი, უპრეტენზიო მუსიკის წარმატებული და პოპულარული გმირები ყოფილიყვნენ, მათ უფრო სერიოზული მიზნები დაისახეს და ფსიქოდელია, სწორედაც რომ იდეალური იარაღი იყო შემოქმედებითი გარღვევის განსახორციელებლად.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოპ კულტურაში დაყოფა, მეინსთრიმად და მის ალტერნატივად, პაპსად და ექსპერიმენტულ იატაკქვეშეთად, სწორედ ფსიქოდელიური ეფექტის წარმოშობის შემდეგ დაიწყო. გონებრივი თუ სულიერი რესურსების ფსიქოდელიურმა ძიებებმა, სრულიად ახალი შემოქმედებითი იმპულსები მისცა პოპ მუსიკოსებს, ამის რეზულტატი იყო ის, რომ მათ მზერა მიმართეს სხვა მუსიკალური ტერიტორიებისკენ, პირველ რიგში თავისუფალი ჯაზისკენ და ინდური რაგასკენ, რომელიც იდეალურად იჯდა ფსიქოდელიის ესთეტიკაში.

პირველ ფსიქოდელიურ პოპ როკ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს კალიფორნიული ბენდ The Byrds -ის სიმღერა Eight Miles Higher(1965). ბენდის წევრები აქტიურად უსმენდნენ ჯონ კოლტრეინს, რავი შანკარს და რეზულტატიც სახეზეა, თავისუფალი ჯაზის და ინდური რაგას ელემენტების შეტანის მცდელობა სტანდარტულ პოპ ფორმატში, გაწელილი ნოტები, „დრონ“-ის (drone) ეფექტი ვოკალში, სიტარის იმიტაცია, შიგადაშიგ გაჯაზებული ბასი, მიკრო იმპროვიზაციის მცდელობა.

შემთხვევითი არაა, რომ ცენზურამ აკრძალა ტრეკი, სათაური „8 მილით მაღლა“ ჰალუცინაციურ-ნარკოტიკული ფრენის პროპაგანდად ჩათვალა და იმიტომ, თუმცა სიმღერა გაჰიტდა და აქ უკვე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტი, პუბლიკა მზად იყო მაშინ ნებისმიერი, თუნდაც სრულიად გიჟური ექსპერიმენტის აღსაქმელად.

freak out! ანუ გამოდი, განთავისუფლდი საკუთარი გარსიდან, შეზღუდული ცნობიერებიდან, აი ეს იყო მთავარი ფსიქოდელიური ლოზუნგი მაშინ, რაც ლამის მთელმა თაობამ აიტაცა.

ეს უკვე იყო კონტრკულტურის დაბადება. რეალობა სასტიკი, დაუნდობელი და უსამართლო იყო, ხოლო ფსიქოდელიური თრიფები - უკეთესი რეალობის ძიება და დამკვიდრების მცდელობა, ახალი, უკეთესი „მეს“ პოვნა და შეცნობა. მუსიკალურ ტერმინოლოგიაში, ფსიქოდელიის პირველი გამოყენება უკავშირდება როკი ერიქსონს, ბენდ The 13’th Floor Elevators-ის ფრონტმენს, ტრეკი Roller Coaster (ამერიკული გორაკები), ერთ-ერთი პირველი და იდეალური ნიმუშია ფსიქოდელიური როკ სონგის.

საწყისი თემა განიცდის მუტაციას და გადადის ავანტიურისტულ, ქაოტურ დისონანსულ კალაპოტში და ისეთი მძაფრი ტრაექტორიით მიექანება, როგორც ატრაქციონი -„ამერიკული გორაკები.“ ფსიქოდელიური თრიფი, შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც, ვინ იცის ქვეცნობიერში რა ამოტივტივდება, აი, სწორედ ეს ხიფათი იკვეთება ამ სიღერაში, მაგრამ სწორედ ეს იწვევს ადრენალინს, მუდმივად გაისმის უცხო, არამუსიკალური ხმები, რომელსაც მუსიკალურ თემასთან უშუალო კავშირი არა აქვს, მაგრამ ისეთივე აუცილებელი ელემენტია, როგორც ინსტრუმენტები, ანდაც ვოკალი. საუნდი ბგერათა პარიტეტულ საწყისზე მუშაობს, სწორედ ასე მოძრაობს აკუსტიკური მასა, რომელიც საით მიდის, გაუგებარია.

ფსიქოდელიის განტოტვა საწყის ეტაპზევე მოხდა, თავდაპირველად ესენი იყვნენ მუსიკოსები, რომლებიც მიმართავდნენ ბლუზის ბაზაზე დაფუძნებულ იმპროვიზაციულ მეთოდს, ჯემ სეიშენებს, თუმცა ასეთი მიდგომა ავტომატურად არ იწვევდა ფსიქოდელიურ ეფექტს. აი, როცა მელოდიური თემა ამორფული ბგერით ლავად (აი, როგორც ვულკანის) გარდაიქმნება, და ცნობიერების გვერდის ავლით ცდილობს, შეაღწიოს მსმენელის ( და თავად მუსიკოსისაც) ქვეცნობიერში, აი, სწორედ მაშინ ვიღებთ ფსიქოდელიური ეფექტს.

იმპროვიზაციაზე დაფუძნებული ფსიქოდელიური როკი ფორმით, რა თქმა უნდა, წააგავდა ჯაზს, მაგრამ ჯაზში რთული ჰარმონიები, აკორდები, ნოტების სიმრავლე, მუსიკოსისგან ვირტუოზობის გარდა, მოითხოვს თეორიის ზედმიწევნით ცოდნას, მაქსიმალურ კონცენტრაციას და სიფხიზლეს, ანუ ჯაზი, თავისუფალიც კი, აპელირებს ცნობიერებაზე და არა ქვეცნობიერზე, ხოლო ფსიქოდელიური მუსიკა სულაც არ არის აუცილებელი, იყოს რთული, უმთავრესად ინსტინქტის დონეზე მოქმედებს, თითქოს აჰიპნოზებს მსმენელს და აი, აქ, გადამწყვეტი ხდება უკვე „საუნდი“, ბგერის რესურსების კვლევა. სწორედ ელექტრო ინსტრუმენტები და მასზე მანიპულაციები უზრუნველყოფს მუსიკის ფსიქოდელიურობას. მდიდარი საუნდ ეფექტების გარეშე შეუძლებელია იმ ფანსტასმაგორიის გადმოცემა, რაც მუსიკოსის თავში ბობოქრობს.

შემთხვევითი სულაც არ არის, რომ უდიდესი ფსიქოდელიური მუსიკოსები, იგივე ჯიმი ჰენდრიქსი, მიუხედავად მისი საოცარი მუსიკალური ტალანტისა, მაინც საუნდის კვლევის დარგში ითვლება პიონერად, აღმოაჩინა რა ელექტრო გიტარის განუზომელი შესაძლებლობები. სწორედ საუნდი კარნახობს მას, თუ რა მიმართულებით გადაისროლოს საკუთარი იმპროვიზაცია. ჯაზში კი პირიქით, აკუსტიკური საუნდ რესურსები შეზღუდულია და პირწმინდად ემორჩილება წმინდა მუსკალურ კომპონენტებს.

გავლენების მხრივ, ფსიქოდელიას ჯაზზე არანაკლები დაღი დაასვა აკადემიურმა მინიმალიზმმა, ანდაც ინდურმა რაგებმა, რომელიც თავისთავად ისე მოედინება, როგორც უწვეტი ბგერითი ნაკადი. სწორედ ამერიკული მინიმალიზმის გავლენა იკვეთებოდა Velvet Underground-ის ფსიქოდელიაში. ეს უკვე სხვა ფსიქოდელიაა, მინიმალური აკორდები, ხშირად ერთი ნოტა, მონოტონური პრიმიტიული ბარაბანი, ერთ ადგილზე მბრუნავი დისონანსური ატონალური აკუსტიკური მასა, საიდანაც იკვეთება გაუცხოება, სტრესები და ყოფიერების ნეგატიური ასპექტები, ეს უკვე აღარც ფანტასმაგორიაა და აღარც ჰალუცინაცია. ეს სასტიკი აკუსტიკური რეალობა, უაპელაციო ნაკადი, დისიკომფორტში რომ აგდებს მსმენელს.

იმ ეპოქის ფსიქოდელია, ეს არ იყო მხოლოდ მუსიკალური ექსპერიმენტები, ხშირად ეს იყო რეალობის დაფიქსირების მცდელობა მუსიკაში და სწორედ ეს ასპექტი განასხვავებდა 60-იანების როკ ფსიქოდელიას სხვა მუსიკალური იდიომებისგან.

საბოლოო ჯამში, სწორედ სტუდიური ექსპერიმენტების და მრავალშრიანი ჩაწერის შედეგად მიღებული რეზულტატები გახდა მაინც გადამწყვეტი ფსიქოდელიის დამკვიდრებისთვის პროგრესულ მუსიკაში. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა Beatles -ის ლეგენდარულმა სიმღერამ Tomorrow Never knows.

შტოკჰაუზენის გავლენით ჩაწერილი მაკარტნის საუნდ სავარჯიშოები სტუდიაში დაადეფორმირეს, წინ და უკან დაატრიალეს, დაამატეს ახლი შრეები, დაადეს მონოტონური რითმი და ლენონის გაჭიმული ნარატივი, რეზულტატი-პოპ მედიტაცია, ჯადოსნური მისტიური მოგზაურობა, როცა არ იცი რა გელოდება.

ბრიტანეთში ხმის ჩამწერი ტექნოლოგიების პოტენციალის კვლევა და სრული ამოქმედება, სწორედ ფსიქოდელიური მუსიკის ჩაწერის მცდელობებმა განაპირობა. სტუდიური საუნდ ექსპერიმენტების შედეგად მიღებული მოულოდნელი რეზულტატები თავად კარნახობდა მუსიკოსებს, თუ რა მიმართულებით უნდა განევითარებინათ საკუთარი იდეები. აი, სწორედ ასე შეიქმნა Pink floyd -ის უტოპიურ ფუტურისტულ-აკუსტიკური სამყარო, რაც იმ დროინდელი ბენდ ლიდერის, სიდ ბარეტის ურიცხვი ფსიქოდელიური თრიფების პირდაპირი რეზულტატი იყო.

საინტერესოა, რომ ბენდი საკუთარ ლაივებზე, სწორედ ასეთი არამიწიერი, ირაციონალური ატმოსფეროს შექმნას ცდილობდა, სინათლის ეფექტების და თვალისმომჭრელი სტრობოსკობების გამოყენებით. შემთხვევითი არ არის, რომ ფსიქოდელიას მაშინ ვიზუალური ექვივალენტიც გაუჩნდა, ასეთი უფორმო ფერადი ვიდეო კოლაჟები, სივრცის თუ ნივთების აჭრელებული გადახატვა გაფორმება, ანდაც ე.წ. ფსიქოდელიური ტანსაცმელი. თითქოს, რეალობაში უნდოდათ გადმოეტანათ ის შთაბეჭდილებები და ხილვები, რასაც ჰალუცინოგენების ზემოქმედების ქვეშ მყოფნი ხედავდნენ.

ფსიქოდელიური კულტურის ერთ-ერთი მთავარი მკვებავი უდავოდ გახდა ინგლისელი მწერლის, ლუის კეროლის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შექმნილი ზღაპარი, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, რომელიც ფსიქოდელიის აპოლოგეტებისთვის ნამდვილი ბიბლია გახდა, ხოლო ამ ნაწარმოების შთაგონებით შექმნილი Jefferson Airplane-ის სიმღერა White Rabbit, ფსიქოდელიური კონტრკულტურის ნამდვილ ჰიმნადაც გადაიქცა.

ამ სიმღერა-ჰალუცინაციაში ნაკლებადაა როკ-ფსიქოდელიური თრიფებისთვის დამახასიათებელი დეფორმაციები, ფსიქოდელიურ ეფექტს იწვევს უწყვეტი კრეშჩენდო - მუსიკა და ვოკალი თანდათანობით სულ უფრო ძლიერდება, ინტენსიური ხდება და ფინალში კულმინაციას აღწევს, შესაბამისად სიმღერაც, რომლის ტექსტში ისედაც უხვადაა ჰალუცინოგენური აბები, სოკოები და ჯადოსნური სითხეები, თანდათანობით სტანდარტულ ფორმას კარგავს და ფინალისკენ ერთიან აკუსტიკურ ნაკადად გარდაიქმნება.

ფსიქოდელიამ უდავოდ მძლავრი იმპულსი მისცა ელექტრონული მუსიკის საბოლოო დანერგვას პოპ მუსიკაში და ეს არც არის გასაკვირი. ელექტრონულ-სინთეზირებულ ბგერას მაშინ უკვე ჰქონდა უზარმაზარი რესურსი უცნაური, ირეალური აკუსტიკური რეალობის შესაქმნელად და არ იყო აუცილებელი ამისთვის ძვირიანი სინთეზატორების შეძენა, საკმარისი იყო გენერატორების, ოსცილოგრაფების და სხვა პრიმიტიული დანადგარების გამოყენება ბგერის წყაროდ.

ის, რომ ასეთი კუსტარულ მოწყობილებებს ძაბვის ცვლილებაზე საუნდი გაურბოდა, სულაც არ იყო პრობლემა, პირიქით, იქმნებოდა მოულოდნელი, სრულიად მოურჯულებული ატონალური მუსიკის ეფექტი, რაც იდეალურად ჯდებოდა ფსიქოდელიის კონცეპტში, აი სწორედ ასე მუშაობდა ნიუ იორკული დუეტი Silver Apple, რომლიც დღემდეც არანორმალურად ჟღერს. რადგანა დღესაც ძნელია იმ სპონტანურობის და არაპროგნოზირებადობის მიღწევა, რაც ასე ბუნებრივად გამოსდიოდათ „ვერცხლის ვაშლებს“.

მთავარი ბექგრაუნდი, რაც მოიტანა მაშინ ფსიქოდელიურმა კონტრკულტურამ იყო რევოლუციის ახლებური გადააზრება. ის ეპოქა, რევოლუციური სულისკვეთებით იყო გამსჭვალული, კულტურული, სოციალური თუ პოლიტიკური. ავანგარდში, რა თქმა უნდა, იყვნენ ახალგაზრდები, თავიანთი ახალგაზრდული მუსიკალური კულტურით. მაგრამ უმთავრესი ადგილი, სადაც რევოლუცია იყო მოსახდენი, ადამიანთა ცნობიერება იყო, სწორედ ამას ქადაგებდა ფსიქოდელია, სწორედ ამ ფუნქციას იღებდა საკუთარ თავზე მუსიკის მეშვეობით. მაშინ ამის სჯეროდათ, თითქმის მიაღწიეს კიდეც და, ალაბათ, ამიტომაც გადარჩა ფსიქოდელიური მუსიკა, რა თქმა უნდა, მან სახე იცვალა, დეიდეოლოგიზირდა, მედიტატიურობა ტრანსმა შეცვალა, რევოლუციური მისტიკა კი - ჰიპნოტურმა მანტრებმა და აი, აქ კი ავანსცენაზე გამოდის უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი, ჩემ მიერ უკვე ნახსენები აკადემიური მინიმალიზმი, რომელის გარეშეც ფსიქოდელია კი არა, უკვე ზოგადად მუსიკალური თანამედროვეობაა წარმოუდგენელი, მაგრამ მინიმალზმზე უკვე შემდეგ ტექსტში ვისაუბრებთ.

მსგავსი ბლოგები