მუსიკის ჰონტოლოგია 006 - Motown და აფრო-ამერიკული მუსიკა

ავტორი: გია ხადური

9 მარტი, 2021

16 წუთის წასაკითხი

4 ნახვა

დეტროიტი, ერთ დროს ინდუსტრიულად განვითარებული ქალაქი იყო (დღესდღეობით თითქმის სრულიად გაკოტრებულია), შესაბამისად ურბანისტული და კონტრასტულიც. ურბანისტული კონტრასტულობა კი, თავის მხრივ ქმნის ნოყიერ ნიადაგს ახალი მუსიკალური აღმოჩენებისთვისა და განვითარებისთვის.

ფაქტია, რომ ამერიკული პანკი დეტროიტში შეიქნა (The Stooges, MC5), იატაკქვეშა ტექნოს სამშობლოც დეტროიტია, მაგრამ ამ ქალაქის მთავარი ისტორიული მუსიკალური მონაპოვარი უდავოდ არის „მოთაუნი“ (Motown), ლეიბლი, რომელმაც ფაქტიურად შექმნა აფრო-ამერიკული მუსიკალური პოპ ინდუსტრია და რომლის უმძლავრესი ინერციაც დღემდე იგრძნობა. „მოთაუნმა“ შემნა ახალი შოუ ბიზნესის პარადიგმა და ამ მხრივ, მასთან ახლოსაც ვერავინ მივა.

მუსიკალურ ინდრუსტრიას და ბიზნესს ყოველთვის განაგებდნენ თეთრები. რადიო როტაციის დროსაც კი, ფერადკანიანი არტისტები მინიმალურად კვოტირებულნი იყვნენ. ისინი წყვეტდნენ, თუ როგორი სიფთხილით უნდა წარედგინათ ესა თუ ის ფერადკანიანი არტისტი ფართო აუდიტორიის წინაშე და განა იმიტომ, რომ რასისტები იყვნენ, უბრალოდ ასე ამართლებდა სისტემა, ასე სჭირდებოდა ბიზნესს და, ამასთანავე, დამფინანსებლების და მომხმარებლის უმეტესობაც თეთრები იყვნენ, შესაბამისად, თამაშის წესებსაც თეთრები ადგენდნენ.

ნიჭიერმა აფრო-ამერიკელმა კომპოზიტორმა და პროდიუსერმა ბერი გორდიმ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა და მას ასეთი თამაშის წესების მიღება არ სურდა.

გორდის უნდოდა, შეექმნა ისეთი ლეიბლი, რომელიც ოჯახივით იფუნქციონირებდა, სადაც ყვეალფერს „შავები“ გადაწყვეტდნენ, იქნებოდა ეს არტისტების რეკრუტირება, პიარი, პროდუქტის წარმოება თუ მენეჯმენტი.

სწორედ ამ იდეით დაარსდა „მოთაუნი“ 1959 წელს, რომელიც გადაიქცა დასაყრდენად და ოაზისად იმ თინეიჯერი აფრო-ამერიკელებისათვის, რომლებიც სახელსა და კარიერაზე ოცნებობდნენ და რომელთაც მიზნის მისაღწევ გზაზე არ უხდებოდათ კომპრომისებზე წასვლა თავიანთი კანის ფერის გამო.გორდის უნდოდა, შეექმნა ისეთი ლეიბლი, რომელიც ოჯახივით იფუნქციონირებდა, სადაც ყვეალფერს „შავები“ გადაწყვეტდნენ, იქნებოდა ეს არტისტების რეკრუტირება, პიარი, პროდუქტის წარმოება თუ მენეჯმენტი.

სწორედ ამ იდეით დაარსდა „მოთაუნი“ 1959 წელს, რომელიც გადაიქცა დასაყრდენად და ოაზისად იმ თინეიჯერი აფრო-ამერიკელებისათვის, რომლებიც სახელსა და კარიერაზე ოცნებობდნენ და რომელთაც მიზნის მისაღწევ გზაზე არ უხდებოდათ კომპრომისებზე წასვლა თავიანთი კანის ფერის გამო.

ლეიბლის დაფუძნება ბერი გორდიმ სწორედ სწრაფად განვითარებად დეტროიტში გადაწყვიტა, სადაც ფართოვდებოდა აფრო-ამერიკული მუშათა კლასი და ნორჩი ტალანტების მოძიება მოსახეხრხებელი იქნებოდა.

„მოთაუნ“ ლეიბლის სახელიც სიმპტომატურია, შემოკლებული Motor Town. დეტროიტი მაშინ უკონკურენტოდ ითვლებოდა ამერიკული საავტომობილო წარმოების დედაქალაქად.

თავდაპირველად, გორდი დაეყრდნო ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ გამოცდილ არტისტებს, რომლებიც ცდილობდნენ თვითდამკვიდრებას მუსიკალურ ბაზარზე, პლუს, მას აღმოაჩნდა საოცარი ალღო და შედეგმაც არ დააყოვნა - „მოთაუნის“ რამოდენიმე ტრეკი ჩარტების სათავეში მოექცა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი - Please Mr. Postman,(1961) The Marvelettes-ის შესრულებით, N1-ც კი გახდა „ბილბორდის” პოპ ჩარტებში და მოგვიანებით თვით „ბითლზ“-მაც კი დააქავერა.

თანდათანობით გორდიმ შეკრიბა ძალიან ძლიერი გუნდი ადგილობრივი დეტროიტული კადრებით. პირველ რიგში, ეს იყო სონგრაითერი, პროდიუსერი და მომღერალი სმოკი რობინსონი, რომელიც „ლეიბლის“ ვიცე პრეზიდენტადაც კი იქცა და, ასევე, დეტროიტელი მომღერალი მერი უელსი. მათი სიმღერები - ეს ჯერ კიდევ არ იყო „მოთაუნის“ საფირმო პროდუქტი, მაგრამ კომერციული წარმატება მოიტანა (მერი უელსის ერთ-ერთი სიმღერა გრემიზეც კი იყო ნომინირებული 1962 წელს). ბერი გორდიმაც გააფართოვა ბიზნესი და ახალი ხალხიც მოიწვია. მის განკარგულებაში იყო ორსართულიანი შენობა, „ჰიტსვილ“-ის (Hitsville) სახელით რომაა ცნობილი და დღეს ქალაქის ღირშესანიშნაობას რომ წარმოადგენს, ის.

თავად გორდი მეორე სართულზე დასახლდა, ხოლო პირველი სართული დაეთმო ხმის ჩამწერ სტუდიას, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღია იყო, რათა რომელიმე არტისტს, ავტორს ან პროდიუსერს მყისვე განეხორციელებინა თავში მოსული იდეები. მალე უკვე ამერიკის სხვადასხვა ადგილიდან დაიწყო შემოდინება ნორჩმა აფრო-ამერიკელებმა ლეიბლის კასტინგებზე. ზოგ ახალბედას, თავდაპირველად, სწორედ სტუდიაში უწევდა ღამის თევა. ასე მოხვდნენ „მოთაუნში“ მარვინ გეი, დაიანა როსი, სტივი უანდერი, The Temptaions, ახალბედა პროდიუსერთა და სონგრაითერთა ჯგუფი და აი, სწორედ ასეთ, ერთდროულად იმპულსურ და პრაგმატულ სამუშაო, ლამის საოჯახო, ვითარებაში შეიქმნა ე.წ. „მოთაუნის საუნდი“, რომლის პირველ და იდეალურ ნიმუშს წარმოადგენს Martha & The Vandellas-ს სუპერჰიტი - Dancing in the Street.

მკაფიო, წინ ამოწეული რითმი, სათანადო ეფექტის მისაღებად ხშირად გაორმაგებული დრამინგი ტამბურინის ბექ რითმით, არანაირი გაჯაზება და სვინგი. ფაქტიურად, სახეზეა ხისტი და პირდაპირი ბითი, თან ისეთი, როგორიც იმ დროის როკ მუსიკაშიც კი არ გვხვდება ჯერ. ბერი გორდის არ აკმაყოფილებდა მხოლოდ არ ნ ბი ჩარტები, მას უნდოდა, შეჭრილიყო გლობალური შოუ ბიზნესის ტერიტორიაზე, რაც საკმაოდ რთული გამოწვევა იყო მაშინ „შავი“ მუსიკისთვის. ის მიიჩნევდა, რომ სიმღერების სტრუქტურა უნდა ყოფილიყო მარტივი, ხოლო მელოდია ეფექტური და დახვეწილი, რათა გაზრდილიყო პოპ მომხიბვლელობა და მსმენელზე მასობრივი ზემოქმედება. სწორედ ამიტომ, „მოთაუნში“ გაჩნდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სონგრაითერ-პროდიუსრეთა ტრიო, ჰოლანდ-დოზიე ჰოლანდი, რომელთა სიმღერებსაც ჩარტებში მოხვედრის სიხშირით, მხოლოდ მაკარტნი-ლენონის დუეტი თუ შეედრებოდა 60-იანებში.

გოგონათა ვოკალური ტრიო The Supremes, რომლებსაც ყველაზე მეტი N1 ჰიტი ჰქონდათ მაშინ და, რომელთა რეპერტუარს სწორედ ჰოლან-დოზიე-ჰოლანდი ქმნიდა, არის მკაფიო ნიმუში იმისა, თუ როგორი პრინციპით მუშაობდა „მოთაუნი“.

ჯგუფის საუკეთესო მომღერალი უდავოდ ფლორენს ბალარდი იყო, მაგრამ მისი მძლავრი სოულ ვოკალი და გოსპელ მელიზმები (ხმოვან ბგერებზე მანიპულაცია), ართულებდა ფაქტურას და, შესაბამისად, კომერციულ პოტენციალს უკარგავდა სიმღერებს. სწორედ ამიტომაც გახდა პროექტ The Supremes-ის ლიდერ ვოკალისტი 18 წლის დაიანა როსი, მას უფრო სუსტი მონაცემები კი ჰქონდა, მაგრამ უფრო მარტივად მღეროდა, შესრულების მანერაში კი, მოზარდული უმანკოება და თავდაჯერებულობა ერთდროულად იკვეთებოდა, რაც იდეალურად ესადაგებოდა „მოთაუნის“ საუნდ კონცეფციას. ერთადერთი, რაც უცვლელი დატოვა ლეიბლმა აფრო-ამერიკული სასიმღერო გოსპელ კულტურიდან, არის ე.წ. შეძახილი და პასუხის ფაბულა, რაც 60-იანების ესთეტიკას იდეალურად ერგებოდა.

რა თქმა უნდა, „მოთაუნის საუნდში“ უმნიშვნელოვანესი იყო არანჟირება და პროდიუსინგი. სასულე სექცია, სიმებიანი ინსტრუმენტები და მკაფიოდ გამოკვეთილი ვალტორნა ისე ოსტატურად იყო შერწყმული მელოდიებსა და რიმთმებს, რომ ერთდროულად მდიდრული და ძუნწი ჟღერადობის ეფექტს იწვევდა.

მიქსინგის დროს ძლიერდებოდა მაღალი სიხშირეები გამომდინარე იქიდან, რომ რადიო ფორმატით უფრო მომგებიანად გაჟღერებულიყო სიმღერები ეთერში. და ბოლოს, რა თქმა უნდა, სტუდიური ბენდი-ორკესტრი Funk Brothers, რომელიც ბერი გორდიმ დეტროიტის ყოფილი ჯაზ მუსიკოსებისგან დააკომპლექტა. „მოთაუნის“ თითქმის ყველა ამა თუ იმ არტისტის მიერ გამოშვებულ პირველადგილოსან ჰიტ ტრეკში, სწორედ Funk brothers უკრავს და ამ მაჩვენებლით, ეს ბენდი აღემატება Beatles-ის, Rolling stoens-ის და Beach Boys-ის ერთად აღებულ N1 ჰიტების რაოდენობას.

განსაკუთრებული გამორჩევის ღირსია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბასისიტი, ჯეიმს ჯეიმერსონი, რომელიც ახერხებდა, „მოთაუნის“ ბიგ ბიტში ფანკ გრუვიც გამოემუშავებინა და მელოდიური ხაზებიც განევითარებინა.

„მოთაუნი“, როგორც ლეიბლი, გახდა პოპ ჰიტების მთავარი სამჭედლო მუსიკალურ პოპ სამყაროში, თანაც როდის, 60-იანების მუსიკალური კონკურენციის პირობებში, როცა ლამის ყოველ თვე ახალ დიდ მუსიკალურ აღმოჩენებს ჰქონდა ადგილი, როდესაც შავკანიანები ჯერ კიდევ მეორეხარისხოვან ადამიანებად ითვლებოდნენ ამერიკაში და რომელთათვისაც სერიოზული განათლება და მაღალანაზღაურებადი სამსახურები ჯერ კიდევ მიუღწევადი იყო.

ერთადერთი შანსი ფერადკანიანი მოზარდის თვითდამკვიდრებისთვისა და წარმატებისთვის მხოლოდ სცენა იყო და სწორედ ამის შანსს იძლეოდა „მოთაუნი“. გაპოპულარულებულნი მაინც აწყდებოდნენ სეგრეგაციას, განსაკუთრებით კონცერტების დროს, ამის გადალახვას კი ახერხებდნენ კოლექტიური სულისკვეთებით.

შემთხვვეთი არ არის, რომ „მოთაუნის“ მთელი გუნდი, მიუხედავდ იმისა, ვინ უფრო წარმატებული იყო და ვინ არა, ვინ უფროსი იყო და ვინ უმცროსი, ერთობლივად დადიოდნენ გასტროლებზე, ერთი ავტობუსით. „მოთაუნ რევიუ”, ასე ერქვა მათ ტურნეებს, საერთო სცენა, ურთიერთ დაზღვევა და საერთო გამარჯვება.

მათი მასობრივი წარმატება თეთრ მოზარდებში, გარკვეულწილად, გახდა კიდეც წინაპირობა რასობრივი სეგრეგაციის მენტალური რღვევისა - სწორედ ეს იყო „მოთაუნის“ მისია. მათ მთელი ევროპაც მყისვე დაიპყრეს, ყველგან დიდი წარმატებით გამოდიოდნენ, მათ ცნობილ ჰიტებს ფრანგი, იტალიელი თუ სკანდინავიელი შემსრულებლებიც აქავერებდნენ უკვე საკუთარ ენაზე და სერიოზულ წარმატებასაც აღწევდნენ. მოგვიანებით ასეთი აზრიც გაჩნდა, რომ იქ, „მოთაუნის „ „ჰიტსვილ“ სტუდიაში განსაკუთრებული აურა იყო, სმოკი რობინსონი კი ამტკიცებდა: „ადგილს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერი გულიდან მოდის, სიმღერებიც, საუნდიც და ატმოსფეროც“.

ბერი გორდი იმასაც კი ცდილობდა, რომ ინტელექტუალურად დაეხვეწა „თავისი“ ვარსკვლავები. ამისთვის ქირაობდა ქორეოგრაფებს, მასწავლებლებს და ათას პედაგოგს. გასაგებია, სრულიად ახალგაზრდა, ლამის გეტოდან წამოსული გასელებრითებული გოგო ბიჭებისთვის, საჭირო ხდებოდა უკვე დახვეწილი მანერების ცოდნა. მოკლედ, ბერი გორდის „მოთაუნ“ კონვეიერი აწყობილი მექანიზმივით მუშაობდა 1968 წლამდე, მერე კი თავი წამოყო პრობლემებმა.

ეპოქა იცვლებოდა, შესაბამისად, სამყაროც სხვანაირად აჟღერდა, როგორც აკუსტიკურად, ასევე სოციალურად, „მოთაუნი“ კი, როგორც მხოლოდ კომერციული ჰიტების საამქრო, უკვე ისე აღიქმებოდა. გორდი სოციალურ პოლიტიკურ თემაზე სიმღერების ჩაწერასაც კრძალავდა და უკვე ამბიცია მოძალებულ ლეიბლის არტისტებს, დამოუკიდებლობასაც უზღუდავდა და მათ ახალ ნამუშევრებსაც ბლოკავდა, საბოლოო სიტყვა მზა პროდუქტზე, მას ეკუთვნოდა. სწორედ ასე უარყო მან ლეიბლის ვარსკვლავის და საკუთარი სიძის, მარვინ გეის სიმღერა I Hear It Through The Grapevine, რომელიც მხოლოდ მოგვიანებით გამოუშვა მარვინმა რედაქტირებული ფორმით და საკულტო ტრეკადაც იქცა (დღემდე ასეთი სტატუსი აქვს).

იგივე პრობლემები შეიქმნა სტივი უანდერთან მიმართებაში, მარვინ გეიც და უანდერიც გრძნობდნენ საკუთარ რესურსებს და ლეიბლის სარედაქციო მკაცრი და უკვე კონსერვატული კონტროლიდან გამოსვლას ცდილობდნენ, საკუთარ შემოქმედებაზე სრული კონტროლის მოპოვებისკენ მიისწრაფოდნენ, რაც მათ უაღრესად წარმატებით განახორციელეს უკვე 70-იანებში და მეგა ვარსკვლავებათაც გადაიქცნენ.

ამ პერიოდში ბევრმა არტისტმა დატოვა ლეიბლი: მარვინ გეი, სტივი უანდერი, დაიანა როსი დარჩნენ, მაგრამ მათი წარმატება უკვე ნაკლებად იყო „მოთაუნის“ პოლიტიკის დამსახურება, ეს უკვე სხვა ეპოქა იყო, სხვა მუსიკით, სხვა საუნდით და სხვა არტისტულ-მენეჯერული გამოწვევებით. გაჩდნენ ახალი ლეიბლები, ახალი გააფდეითებული „შავი“ მუსიკით, და ისედაც, აფრო-ამერიკელი პოპ ვარსკვლავების წინაშე, ისეთი რთული რასობრივი ბარიერები შოუ ბიზბესში, როგორიც ადრე, აღარ იდგა, შესაბამისად „მოთაუნი“ ვეღარ იქნებოდა აფრო-ამერიკული პოპ მეინსტრიმის მენტორი.

ის, რომ მოგვიანებით ლეიბლი მსხვილმა კონცერნმა, „იუნივერსალმა“ ჩაყლაპა, სრულიად ლოგიკურია, მაგრამ მთავარი ეს სულაც არ არის, მთავარია ის, რომ ის ძველი „მოთაუნის საუნდი“, განწირულია უკვდავებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ უამრავი თანამედროვე, არა მარტო არ-ენ-ბი არტისტი, იყენებს პროდუქტის წარმოების იმ სქემებს და, შესაბამისად, იმ საუნდს, რაც დანერგა ამ ნოვატორულმა ლეიბლმა 60-იანებში. ისე სრულიად სიმბოლურია, რომ „მოთაუნის“ 60-იანების უნიკალური ისტორიის ბოლო გაელვება, მისი ბოლო აღმოჩენა, გახდა ლეგენდარული ჯექსონების კლანის ხუთეული, განუმეორებელი ბავშვის მეთაურობით, მაიკლი რომ ერქვა სახელად.

მსგავსი ბლოგები