მუსიკის ჰონტოლოგია 004
ავტორი: გია ხადური >>
18 იანვარი, 2021 >>
17 წუთის წასაკითხი >>
11 ნახვა
ფაქტია, რომ ჩვენში ყველაზე მეტად ბრიტანული მუსიკა უყვართ. დასავლური მუსიკალური კულტურის ის ინექცია, რომელიც მაგიურად ზემოქმედებდა სამამულო თაობებზე - უმთავრესად სწორედ ბრიტანული იყო. „ბითლზი“, „სთოუნზი“, ზეპელინ-ფარფლ-ფლოიდი, სამამულო პანკებისთვის - სექს პისტოლზ-კლეში და ქართული ალტერნატიული ნაციისთვისაც - ბრიტანული პოსტ პანკი, ამასთან ერთად, ბრიტანული მუსიკალური იდენტობის განსხეულება ბრიტ პოპი და ელეტრონიკაც კი, ყველაზე დაფასებული ბრიტანულია ჩვენში.
სხვათა შორის, ამ მხრივ ჩვენ ნამდვილად არ ვართ გამონაკლისები, არა ანგლო-ამერიკული, უფრო მეტად ევროპული თანამედროვე მუსიკაც და მისი მომხმარებელიც კი, უმეტესად ბრიტანულ მუსიკას ეტანება, ვიდრე ამერიკულს.
არადა, თითქმის ყველა მუსიკალური ჟანრი, რაც თანამედროვე მუსიკის ისტორიამ წარმოქმნა, ამერიკაში გაჩნდა, ხოლო ბრიტანელები უმთავრესად ამ ჟანრების სტილიზაციას აკეთებდნენ, ახერხებდნენ უფრო მეტად დახვეწას და მსმენელისთვის მოსახერხებლად დაფორმატებას.
თუ დავკონკრეტდებით, ბრიტანელები უნარიანად აძლიერებენ მელოდიურ საწყისებს და პოპ სენსიტიურობითაც ეფექტურად ტვირთავდნენ ამერიკულ ნოვატორულ იდეებს, მაგრამ, თქმა იმისა, რომ ბრიტანული მუსიკა ამერიკულის ეპიგონიაა - არასწორია, რადგანაც ფესვები, თუნდაც ამერიკული როკ ნ როლის, თუ ჩავეძიებით, ისევეა ბრიტანული, როგორიც აფრიკული. რატომ? იმიტომ, რომ ჟანრული როკ ნ როლის ინგრედიენტი ქანთრი, ისევე, როგორც ამერიკული ურბანული ფოლკი, სათავეებს სწორედ ბრიტანული ფოლკლორისგან იღებს.
მუსიკა, რომელიც სწორედ ბრიტანეთიდან ამერიკაში გადასახლებულმა ხალხმა შეიტანა და შემდგომში ტრანსფორმირდა სწორედ ქანთრის სახით, ის, რომ როკ ნ როლი და მასზე აღმოცენებული პოპ მუსიკა ყველაზე უკეთ ინგლისურად ჟღერს დღემდე, იმის დამსახურებაცაა, რომ ბრიტანული ფოლკის მელოდიური სასიმღერო ფრაზირება არანაკლებ მნიშვნელოვანი ელემენტია, ვიდრე აფრო ამერიკული რიტმ ენდ ბლუზი.
საინტერესოა, რომ ბრიტანეთში გაცილებით უფრო გვიან შევიდა ამერიკული როკ ნ როლი, ვიდრე, მაგალითად, გერმანიაში, ან იტალიაში, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სწორედ იტალიასა და გერმანიაში იყო ყველაზე მეტი ამერიკული სამხედრო ბაზები და სწორედ ამერიკელი ჯარისკაცების გავლენით გაპოპულარულდა ეს მუსიკა ამ ქვეყნებში. ბრიტანეთში კი შედარებით იგნორდებოდა (ლივერპულის გარდა), BBC-ის რადიო მაუწყებლობა “ნიგერულ” ველურ მუსიკას არ გადმოსცემდა და, გარდა ამისა, ბრიტანული კონსერვატიზმი ამერიკულ პოპ მუსიკაზე დახურდავების „უფლებას“ არ იძლეოდა.
ბრიტანული პოპულარული მუსიკა, როგორც ასეთი, მაშინ იკვეთებოდა ჟანრში სახელწოდებით Skiffle, ანუ მოდერნიზებული ბრიტანული ფოლკ მუსიკა ამერიკული დიქსილენდის ელემენტებით, საუნდი:
გიტარები, ბანჯო, ჰარმონიკა და სარეცხი დაფები რიტმის უზრუნველყოფისთვის, შესრულების ექსცენტრული და ცოტა ირონიული მანერა.
ანუ, დღევანდელი დეფინიციით, საქმე გვაქვს DIY (გააკეთე შენ თვითონ) ესთეტიკასთან და შემთხვევითი სულაც არა არის, რომ ამ ჟანრის ლიდერი ლონი დონეგანი, საკმაოდ მოხერხებულად
ისმინება დღესაც, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს პირველ პროტო ბრიტ პოპ არტისტად.
პირველი ინგლისელი პოპ ვარსკვლავი უდავოდ კლიფ რიჩარდი იყო, მაგრამ გაცილებით უფრო სანტერესო იყო მისი აკომპანიმენტი ბენდის - The Shadows შემოქმედება, პირველი ნიმუში იმისა, თუ როგორ ტრანსფორმაციას განიცდის ამერიკული მუსიკალური იდეები ბრიტანელების ხელში: ერთი შეხედვით სტანდარტული ინსტრუმენტული კალიფორნიული სერფ-როკი, მაგრამ უკვე ინგლისური სენსიტიურობით, მანერიზმითა და რომანტიზმით გაჯერებული, ხოლო მათი ტრეკიდან Apache, ისიც აშკარა ხდება, თუ რა ფესვებს ეყრდნობა ბრიტანული ინდი როკიც კი.
კიდევ ერთი ადრეული უმნიშვნელოვანეს პერსონაჟი - ჯო მიკი, ტრაგიკული ბედის მქონე სონგრაითერი და პროდიუსერი. მიკი მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე მანიაკალური დეპრესიითა და მოლანდებებით იტანჯებოდა და ბევრი სწორედ ამით ხსნის მის უცნაურ სტუდიურ ექსპერიმენტებს. სემპლინგისა და რევერბაციის ეფექტის ერთ-ერთ პიონერადაც ითვლება პოპ მუსიკაში და საერთოდ, პირველი მას ეკუთვნოდა იდეა იმის შესახებ, რომ სტუდია მთავარი ინსტრუმენტია მუსიკოსისთვის. პროდიუსერი, როგორც არტისტი - ესეც მიკისთან მიმართებით იხმარეს პირველად. კარიერა ძალიან მძლავრად დაიწყო.
1960-62 წლებში მისი უცნაურად დაპროდიუსურებული ტრეკები ჰიტები ხდებოდა ინგლისში, ხოლო მისი პროდიუსერული შედევრი Telstar პირველი ისტორიული ბრიტანული ჩანაწერი გახდა, რომელმაც ამერიკულ პოპ ჩარტებში პირველ ადგილს მიაღწია.
შემდეგ მიკი მუსიკის წარმოების უცნაურ ფაზაში გადავიდა - სასაფლაოზე დადიოდა მაგნიტოფონით, რათა მკვდრების საუნდი ჩაეწერა, „ბიტლზს“-ის და დევიდ ბოუს დემოები არ მოეწონა და ორივეს დაპროდიუსერობაზე უარი თქვა, სიცოცხლე კი იმით დაასრულა, რომ 1967 წელს ჯერ თავის ბინის მფლობელი მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა. დღეს ჟურნალ NME-ის ვერსიით, ჯო მიკი ყველა დროის საუკეთესო პროდიუსერად დასახელდა, ხოლო „მუსიკალურ პროდიუსერთა გილდიამ“ ჯილდოც კი დააწესა, „ჯო მიკის პრიზი წლის ყველაზე ყველაზე ინოვაციური პროდიუსერისთვის“.
გადამწყვეტი ხდება 60-იანების დასაწყისი, როდესაც ახლად გამოჩეკილი ბრიტანული პოპ მუსიკა ფურორს ახდენს მთელ მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ამ ტრიუმფის ავანგარდში იყო „ბითლზი“ და მისი ბრიტანელი პოპ თანამებრძოლნი.
„ბითლზის“ ფენომენზე საუბრისას, პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ მათი მშობლიური ლივერპული. როგორც ყველა საპორტო ქალაქი, ლივერპულიც ახალგაზრდების ყოფისთვის დამახასიათებელი იყო ქუჩური ბრუტალური სტილითა და მანერით. გარდა ამისა, ლივერპულის პორტებში განლაგებული ამერიკული საზღვაო ბაზებიდან მასიურად შედიოდა ამერიკული მუსიკა ქალაქში, რაც ერთობლიობაში ქმნიდა ნოყიერ ნიადაგს როკ ნ როლური ბუმისთვის. 50-იანების მიწურულისთვის, ქალაქში გაჩნდნენ ბენდები, როკ კლუბები და მათი მხარდამჭერი მედიაც კი. აი, სწორედ ასეთ პირობებში გაჩნდა „ბითლზი“.
მათ ამერიკული როკ ნ როლისგან აიღეს ზუსტად იმდენი, რამდენიც სჭირდებოდათ, დაუმატეს წმინდა ბრიტანული სენსიტიურობა და კოდები, პლიუს საოცარი მელოდიური ტალანტი და რაც მთავარია, რევოლუციური გააზრება იმის შესახებ, თუ რა არის როკ ბენდი და მისი მუსიკა.
ადრეული ბენდები უმთავრესად ამა თუ იმ მუსიკოს-ფრონტმენის ბექ კოლექტივად მოიაზრებოდა, ფაქტიურად დეპერსონიფიცირებულნი იყვნენ და არანაირი კონცეპტუალური დატვირთვა არ გააჩნდათ, „ბითლზი“ კი... ეს არ იყო მხოლოდ მუსიკალური ბენდი, ეს იყო ერთი სულისკვეთებით, მიზნით, ხედვით თუ ფასეულობებით გაერთიანებული საძმო. რა თქმა უნდა, ურთიერთ-ტალანტის ამოცნობა გადამწყვეტი ფაქტორი იყო, მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ურთერთ-კომფორტი პიროვნულ ნიადაგზე. როდესაც პირველი დრამერი პიტ ბესტი რინგო სტარით ჩაანაცვლეს, ლენონმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ ბესტი არ იყო ცუდი დრამერი, მაგრამ რინგო უკეთესი „ბიტლი“აო“.
ის, რომ მონოლითური და ქმედითი როკ ჯგუფისთვის, საერთო მსოფლშეგრძნება, ესთეტიკა და ცხოვრებისეული პოზიცია არანკლებ მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე მუსიკალური უნარ ჩვევები, სწორედ „ბითლზი“-დან იწყებს სათავეს და უმნიშვნელოვანესი იდეა ხდება პირველი ბრიტანული ტალღის როკ ბენდებისთვის (The Animals, The Rolling Stones...), რამაც უკვე მოგვიანებით გადაწყვიტა კიდეც როკ ნ როლის ბედი.
ის, რომ ჯგუფის ინდივიდუალობა უნდა აძლიერებდეს კოლექტიურ იმიჯს, ესეც ბრიტანული მონაპოვარია. ეს ახალგაზრდული უზრუნველობა, ბრიტანული თავხედობა და ენაკვიმატობა, სრულიად უცხო ხილი იყო იმ დროისთვის და ფაქტიურად მაგიურად მოქმედებდა ფანებსა თუ მედიის წარმომადგენლებზე.
რა თქმა უნდა, მათ ნებისმიერ შემთხვევაში ექნებოდათ დიდი წარმატება მხოლოდ თავიანთი მუსიკითაც, მაგრამ სწორედ ასეთი, ერთდროულად ვარსკვლავური და ანტივარსკლავური თამაში, ეს ბრიტანული კეთილგანწყობა vs დისტანცირება, აძლიერებდა მათ ეფექტს, სექსუალურობას და ისეთ ქარიზმატულობას, რომლის წინაშეც უკვე ყველა უძლური იყო.
გადამწყვეტი კი მაინც ის იყო, რომ პირველმა ბრიტანულმა პოპ არმიამ თავდაყირა დააყენა მთელი ამერიკული მუსიკა - ინდუსტრიული ვერტიკალი. იგივე „ბითლზი“, თუ „სთოუნზი“ თამაშობდნენ მხოლოდ საკუთარი თამაშის წესებით, რომლებიც ვერანაირად გახდებოდნენ ვერავის მარიონეტები და სულ ფეხებზე ეკიდათ მანამდე არსებული შოუ ბიზნესური პირობითობები და ნორმები. მათ შექმნეს ახალი ნორმები, უფრო მომგებიანი ყველასთვის და ის უზარმაზარი გავლენა და კონტროლი, რაც როკ ბენდებმა მოიპოვეს მომავალში, სწორედ „პირველი“ ბრიტ-პოპელების გაკვალული გზაა.
აი, ასე შეიქმნა პირველი ბრიტანული ტალღა, ასე განხორციელდა პირველი ბრიტანული მუსიკალური ექსპანსია ამერიკაში და უცებ ყველამ იგრძნო, რომ ბრიტანული იმპერია კვლავ აღდგა, ოღონდ უკვე პოპ ფორმატში, ამერიკა დაეცა, ხოლო მსოფლიო ახალგაზრდული კულტურული იმპერიის ცენტრად ლონდონი გამოცხადდა.
თუ გავაანალიზებთ წმინდა არტისტულ შემოქმედებითად, აქ უმნიშვნელოვანესიაე რთი მომენტი, რომ ყველა ის ამერიკული ჟანრები, რომლითაც იკვებებოდნენ ნორჩი ინგლისელი მუსიკოსები, მათ ხელში სრულიად გაბრიტანულდა. რის ხარჯზე? იმის ხარჯზე, რომ ბრიტანული საიდენტიფიკაციო კულტურული კოდები შეიყვანეს, იქნება ეს რომანტიზმი, დეკადანსი, ვიქტორიანული ეპოქის მანერიზმიც კი. იმ პერიოდის ლონდონში ყველაზე ელიტარული ამერიკული რიტმ ენდ ბლუზიც კი გააბრიტანულეს, გაარომანტიულეს, დახვეწე,ს გაავირტუოზეს და სულ სხვა სიღრმე და მგრძნობელობა შესძინეს.
ასეთი ახალგაზრდული კულტურული ბუმი შეუძლებელი გახდებოდა იმდროინდელი ლიბერალური სოციალური ეკონომიური პოლიტიკის გარეშე. ბრიტანელი მოზარდებისთვის განათლება უფასო და ხელმისაწვდომი გახდა, არტ კოლეჯებიც გაიტენა ყველა სოციალური ფენის ახალგაზდებით, ასე რომ, ახალი თაობის ბრიტანელებს უკვე ადრეული ასაკიდან გააჩნდათ ამბიცია, ხედვა და წმინდა ბრიტანული აროგანტულობა.
აი, ამ პროცესების გვირგვინი კი გახდა პირველი წმინდა ბრიტანული სუბკულტურა, ე.წ. „მოდ“(mod), რომელიც უმნიშვნელოვანესი გახდა არა მხოლოდ ბრიტანული მუსიკისთვის, არამედ ბრიტანული კულტურისთვის, არტისთვის, მოდისთვის, ვიზაჟისთვის, დიზაინისთვისა და ცხოვრების სტილისთვის.
დღეს ეს დეფინიცია როგორც მხოლოდ რეტრო, ისე იხმარება, არადა ბრიტანული განსხვავებულობა, როგორც მუსიკალური, ისე სუბკულტურული, დღემდე სწორედ „მოდ“ სუბკულტურას ეყდნობა ყველგან, როგორც ნიუ იორკში, ასევე თბილსში.
თავდაპირველად „მოდ“-ები გამოჩნდნენ ლონდონში. ეს იყო საშუალო სოციალური ფენებიდან გამოსული ახალგაზრდების „ტუსოვკა“, ჰქონდათ ჩაცმის საკუთარი და ულტრა მოდური სტილი, ვარცხნილობა. სარკე თავმოყვარე „მოდ“-ისთვის უმთავრესი ატრიბუტია. ასევე, აუცილებელი ატრიბუტი იყო იტალიური სკუტერი Vespa, პლუს კლუბები, ცეკვა, ოღონდ მარტო და თვალებ დახუჭული, თითქოს ჩაძირულნი ნარცისისტულ ძილში. „მოდ“-ები არ იყვნენ ბრუტალურები, მაგრამ ჰქონდათ დამცინავი და ზიზღნარევი დამოკიდებულება ყველა იმათ მიმართ, ვინც მათ „ბაბლს“ არ განეკუთვნებოდა, განსაკუთრებით პროლეტარ „ტედი ბოის“ (Teddy Boys) კლანის მიმართ, ამიტომაც იყო მათ შორის გაუთავებელი ჩხუბი და აყალმაყალი.
როკ ნ როლი და პოპ მუსიკა „მოდ“-ებისთვის თავდაპირველად მდაბიური იყო, ისინი ეტანებოდნენ სნობურ free ჯაზს, მაგრამ თანამედროვე მუსიკის ტოტალურმა გაბრიტანულებამ დღის წესრიგში დააყენა ე.წ. „მოდ“ ბენდების გამოჩენა, უფრო სწორედ მათ დაიწყეს ისეთი ბენდების მოძიება, რომლებიც მათი აზრით საკუთარ მუსიკაში ატარებდნენ ბრიტანულ აროგანტულ მანერულ სულისკვეთებას, ასეთად კი მათ აღიარეს რამოდენიმე, პირველ რიგში კი The Who, რომელიც მოიაზრება პირველ, წმინდა ბრიტანულ ბენდად და რომელშიც იკვეთებოდა ისეთი კონტროვერსიები, ბრიტანულ კულტურას რომ ახასიათებს ზოგადად - თავისი დახვეწილი დემონებით და ეგზისტენციური გმირებით. მათი შესრულების მანერა ერთდროულად იყო ოსტატური, მძლავრი და ქაოტური, მაგრამ გადამწყვეტი მაინც მათი ლაივები იყო. ფინალში, მაშინ როდესაც ბენდი ასრულებდა „ მოდ“ ჰიმნს My Generation (ჩემი თაობა), გიტარისტი პიტ ტაუნსენდი იწყებდა მანამდე არნახულ პერფორმანსს. იგი ჯერ დინამიკებს უტევდა და აფეთქებდა, ხოლო შემდეგ, საკუთარ გიტარას უმოწყალოდ ამტვრევდა და ანადგურებდა. ეს იყო ნამდვილი ვანდალური აქტი, მაგრამ არა პლებეური, იმ პერიოდისთვის ნამდვილ ტრანსგრესიას რომ იწვევდა შეშინებულ მაყურებლში ისეთი.
მანამდე, როკ ნ როლი არსებული მუსიკალური კულტურების დესტრუქციად აღიქმებოდა, The Who, უფრო შორს წავიდა, როკ კულტურის შიგნით გააჩინა კონტრ კულტურა. ამსხვრევდა ამ კულტურის როგორც აკუსტიკურ, ასევე იდეოლოგიურ სიმბოლოებს, ელექტრო გიტარას და ხმის ელექტრო გამაძლიერებლებს. შემთხვევითი არ არის, რომ ნებისმიერ სამომავლო ბრიტანულ როკ ჟანრში, იქნება ეს ფსიქოდელია, გლემი, პანკი, პოსტპანკი თუ ბრიტპოპი, Who-ს ნაწილი ყველგან არის.
ისინი გახდნენ ის აუცილებელი ქიმიური ელემნტი, რომლის გარეშეც ბრიტანული როკ იდენტობა არ არსებობს.
თუმცა, წმინდა მუსიკალური თვალსაზრისით და საუნდით და დღევანდელი ყურითაც კი, იმ პერიოდის ბრიტანული „მოდ“ ბენდები აშკარად უფრო ბრიტ პოპულად და არანაკლებ საინტერესოდ ჟღერს, ვიდრე The Who, იგივე Zombies, და, რა თქმა უნდა, The Kinks, რომელსაც უკვე საკულტო სტატუსიც კი აქვს დღესდღეობით.
1966 წლისთვის, უკვე მთელი ბრიტანული ახალგაზრდული კულტურა იქცა ლამის მოდ სუბკულტურის ნაწილად, ხოლო თავად ბრიტანული მუსიკა კი ნელ-ნელა ეშვებოდა ფსიქოდელიაში მაგრამ ეს უკვე სხვა ეტაპია, სხვა იდიომი, სხვა ჟანრი და სხვა ცნობიერებაც კი. რაზეც, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ მომავალში, მანამდე კი მომდევნო სტატიაში, ოდნავ უკან დავბურნდებით და შევეხებით ელექტრონული მუსიკის დაბადებას, რომელიც უკვე საერთოდ სცილდება პოპ კულტურის ფორმატს.
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში