მუსიკის ჰონტოლოგია 002

ავტორი: გია ხადური

30 ნოემბერი, 2020

10 წუთის წასაკითხი

6 ნახვა

ერთხელ, ერთმა შავკანიანმა მუსიკოსმა, ჯერ კიდევ 70-იანებში, ასეთი რამ თქვა: „აი სულ ასე ხდება, ჩვენ ვიგონებთ ახალ მუსიკას, რომლითაც მერე თეთრი მუსიკოსები მილიონებს აკეთებენო“. ეს მოსაზრება შეიძლება სადაოც იყოს, მაგრამ თანამედროვე მუსიკის ისტორიას თუ გადავხედავთ და გავაანალიზებთ, არის ამ სიტყვებში ლოგიკა. პირველად იყო ჯაზი, საიდანაც დაიწყო სწორედ თეთრების მიერ შავი მუსიკალური მონაპოვარის ექსპლუატაცია, ჯერ იყო და „სვინგ“-ის, ამ წმინდად აფრო-ამერიკული ჯაზ ჟანრის მეფე თეთრი ბენი გუდმანი გახდა, ხოლო მოგვიანებით „ქულ ჯაზის“ მთავარ კორიფედ ასევე თეთრი დეივ ბრუბეკი აღიარეს. ეს ძალიანაც კი აღიზიანებდა შავკანიან მუსიკალურ საზოგადოებას, მაგრამ ისინიც ხვდებოდნენ, რომ, ასეთი რეზულტატი გარდაუვალი იყო, კულტურული, თუნდაც უნებლიე რასიზმის გარდა, აქ მუშაობდა წმინდა კომერციული მოტივაციაც, მაქსიმუმ 13% შავი მოსახლეობა, ვერანაირად გახდებოდა მუსიკალური ინდუსტრიის მამოძრავებელი ძალა ამერიკაში.

მსმენელთა უმთავრესი მასა იყვნენ თეთრები, ამერიკაში კი ყველაფერი, მუსიკა და ხელოვნებაც კი, ბიზნესის კანონს ემორჩილება. ამიტომაც თეთრი მასობრივი მსმენელის ყურზე მორგება, ამა თუ იმ შავი მუსიკის, მთავარი კომერციული გამოწვევა იყო, ამას კი თეთრები შავებზე უკეთ ახერხებდნენ, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ შავი თუნდაც გენიოსი მუსიკოსი, ვერ გახდებოდა მაშინ თეთრების კუმირი. ამიტომაც შავ მუსკოსებს რჩებოდათ ერთადერთი გზა, წინ წასულიყვნენ და ახალი მუსიკალური ტერიტორია შეექმნათ, თანაც ისეთი, რომელიც თეთრი მუსიკოსებისთვის მაქსიმალურად დისკომფორტული იქნებოდა, რათა შეენარჩუნებინათ შავ-რასობრივი დომინანტი ჟანრზე, თუმცა ცხადია, წინასწარ დაგეგმილად, კონცეპტუალურ ბაზაზე ეს არ იქმნებოდა. სწორედ ასეთი ჟანრი გახდა „სოული“ და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ის ასეთად რჩება დღესაც. კი, იყო და არის თეთრი მცდელობები, სუროგატული ჟანრიც კია-„ცისფერთვალება სოული“(Blue Eyed Soul), მაგრამ თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა (Righteous Brothers, ემი ვაინჰაუსი, მერაია ქერი, ..) „სოულის“ შესრულება, თეთრი არტისტებისთვის, გადაულახავ ბარიერადაა ქცეული და ეს გასაგებიცაა, სოული წმინდა წყლის „შავი“ მსოფლშეგრძნებაა, მათი კულტურული იდენტობა, როგორც აკუსტიკური, ასევე სულიერი.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ სოული, ფაქტობრივად, იყო რეაქცია გათეთრებულ რიტმ-ენდ-ბლუზზე, როკ-ნ-როლზე, რომელიც 50-იანების შუაწელს, ამერიკულ პოპ-მეინსთრიმშიც შეიჭრა და ამ ჟანრს, შავი შემსრულებელები უკვე დიდად აღარც სჭირდებოდა, არამომგებიანიც კი იყო. შემთხვევითი არ არის, რომ პირველი თაობის როკ-ნ-როლერებს თუ არ ჩავთვლით, შავი დამწყები მუსიკოსები ამ ჟანრში აღარც მიდიოდნენ, მათ დაიწყეს ახალი აფრო-ამერიკულ მუსიკალური იდენტობის ძიება და სწორედ ამ ძიების რეზულტატი გახდა „სოული“, ასე 1955-56 წლებში.

სოულის კარკასიც, ისევე როგორც როკ-ნ-როლის, სწორედ რიტმ-ენდ-ბლუზია, მაგრამ თუ როკ-ნ-როლში მეორე მთავარი ინგრედიენტი თეთრების „ქანთრია“, „სოულში“ ასეთი ინგრედიენტი, „გოსპელია“, გოსპელს კი უკვე არანაირი კავშირი აღარ აქვს თეთრების მუსიკალურ თუ კულტურულ იდენტობასთან. თუ ჯაზი და რითმ-ენდ-ბლუზი, თეთრმა მუსიკოსებმა საწყისი ეტაპიდანვე ეფექტურად აითვისეს, გოსპელის შემთხვევაში ეს შეუძლებელი იყო, ის მხოლოდ და მხოლოდ შავების კულტურაა, რელიგიურ-ქრისტიანული, სპირიტუალური, რომელიც აფრო-ამერიკულ ბაპტისტურ ეკლესიებში სრულდებოდა. შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ სასიმღერო, ანდაც ორღანის აკომპანიმენტით. „ გოსპელს“ ძალინ ღრმა საფუძვლები აქვს და პირდაპირ უკავშირდება შავკანიანების აფრიკულ ფესვებს, აფრიკულ წარმართულ რიტუალებს, როდესაც რიტუალის მონაწილეები, მუსიკის თანხლებით ვარდებიან ექსტაზში და სულიერად იხნებიან, რათა მათში შევიდეს კულტის მადლი. ასეთი ექსტატური რიტუალები, წარმართულ პრაქტიკაში ხშირად აშკარა ეროტიულ ხასიათსაც ატარებს, რაც ასევე სულიერი პრაქტიკის შემადგენელი ნაწილია. აფრიკელმა მონებმა ეს ყველაფერი შეიტანეს ამერიკაში, ხოლო მასობრივად გაქრისტიანების შემდეგ, შექმნეს „სფირიჩუელსი“, ანუ რელიგიურ-საკრალური სასიმღერო რიტუალები და სწორედ სფირიჩუელსიდან მოდის გოსპელიც.

ბევრი მკველავარი, გოსპელს და სფირიჩუელს ერთმანეთთან აიგივებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის სწორედ აფრიკული რიტუალური ექსტაზის შერწყმა ქრისტიანულ სულიერ გაცისკროვნებასთან. ალბათ ყველას გინახავთ, ფილმებში მაინც, ეკლესიებში რელიგიური გოსპელის დროს ტრანსში ჩავარდნილი მრევლი, ანუ აქტი, სადაც თითქოს შერწყმულია ქრისტიანულ სულიერი და აფრიკულ რიტუალურ-ეროტიული ექსტაზი. წინააღმდეგობა, ამ ერთი შეხედვით შეუსაბამო კატეგორიებში, აქ არ არის, რაც გოსპელის უნიკალური თვისებაა და რაც შემსრულებლისგან უმძლავრეს არტისტულ-სულიერ ძალისხმევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, გოსპელში უდიდესი გავლენა ჰქონდა ავთენტურ ბლუზს, ფაქტობრივად, ეს იყო ეგზალტირებული ბლუზ სასიმღერო მანერა. მოგვიანებით საერო ბლუზი გადაიქცა რიტმ-ენდ-ბლუზად, ხოლო როდესაც თეთრებმა „წაართვეს“ შავებს ეს რითმ-ენდ-ბლუზი როკ-ნ-როლისთვის, „შავებმა“ გადაწყვიტეს შეექმნათ უკვე როკ-ნ-როლის ქმედითი ალტერნატივა და რითმ-ენდ-ბლუზში შეიყვანეს გოსპელი, ასე გაჩნდა „სოული“, რამაც გადატრიალება მოახდინა პოპულარულ მუსიკაში. პირველივე სოულ არტისტები, ანუ არტისტები ვისაც უკავშირდება ამ ჟანრის დანერგვა, არიან უდიდესები ამ მუსიკის ისტორიაში, რეი ჩარლზი და ჯეიმს ბრაუნი.

მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე ორივე დაახლოებით ერთ დროს გამოჩნდნენ, ისინი სრულიად განსხვავებებოდნენ ერთამანეთისგან. რეი ჩარლზი უდიდესი ვოკალისტია, ნამდვილი გოსპელ მომღერალი, მისი რითმ-ენდ-ბლუზ სექსუალური დრაივით, ვოკალური ტრაექტორიებით მელოდიური, ჰარმონიულად კი უზრუნველყოფილია გოგონათა ბექ ვოკალ ბენდით, The Realettes და აქ იკვეთება კიდევ ერთი აფრო-ამერიკული ფენომენი, ე.წ. „ქოლ ენდ რესპონს“ (Call and Response), ანუ შეძახილი და პასუხი, რაც აფრო-ამერიკელების პლანტაციებში მუშაობის დროს, კოდირებული კომუნიკაციის ფორმა იყო, შემდგომში გადავიდა გოსპელშიც, ინსტრუმენტულ ჯაზშიც (როცა ორი ინსტრუმენტი სოლირებს) და მოგვიანებით ჰიპ-ჰოპშიც კი, როცა ორი რეპერი, „ბეთლს“(Battle) აჩაღებს. რეი ჩარლზი უდავოდ ყველაზე მონუმენტური ფიგურაა აფრო-ამერიკულ სოულში და, ზოგადად, კულტურაში. მისი ხავერდოვანი ბარიტონი და ფრაზირება უნიკალურია და ვერავინ გაიმეორა. ჯეიმს ბრაუნი იყო სრული ანტიპოდი ჩარლზის, ექსპანსიური, ბობოქარი, უცნაური პლასტიკისა და საცეკვაო მანერის მქონე. მისი სასცენო შოუები კიდევ უფრო უკავშირდებოდა აფრიკულ რიტუალურ პერფომანსებს. მის მუსიკაში მთავარი რიტმია და არა - მელოდია, უფრო მეტიც, სწორედ რიტმს ემორჩილება ყველაფერი, ვოკალიც და ყველა ინსტრუმენტიც, სწორედ აქედან მოდის ბრაუნის უზომო ენერგია და დრაივი. მოგვიანებით ბრაუნი შექმნის ახალ აფრო-ამერიკულ მიმართულებას, ფანკს, რაზეც უკვე სხვა დროს ვილაპარაკებთ. 50-იანებში იყო კიდევ ერთი უნიკალური არტისტი, სქრიმინ ჯეი ჰოუკინსი, მას ოპერის მომღერლობა კი უნდოდა, მაგრამ ჯერ ერთი შავ-კანიანი იყო, მეორეც, ნამდვილი ფრიკი, არანორმალური, „სახიფათო“ და ველური, 1956 წელს, ის შედის სტუდიაში, ვისკის ბოთლებით ხელში, გამოათრობს ყველა მუსიკოსს, თვითონაც გაილეშება და ასე ჩაწერს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ალტერნატიულ სოულ სტანდარტს I Put a Spell on You, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დაქავერებული სიმღერაც კი გახდა.

სოულმა, ფაქტობრივად, აფრო-ამერიკელები შეუნარჩუნა პოპ მუსიკას, სწორედ ამ ჟანრში მოღვაწეობდა, უკვე 60-იანებში, დიდი მუსიკოსი და შემსრულებელი სემ კუკი, რომელიც ითვლება კიდეც სოულ-პოპის პიონერად. 60-იანების დასაწყისსში, მემფისში იხსნება სოულ ლეიბლი Stax, რომელიც აფრო-ამერიკული მუსიკის კულტურული დასაყრდენი გახდება, ამ ლეიბლის მთავარი გენიოსი ხდება ოტის რედინგი, ერთ ერთი ყველაზე დიდი შემსრულებელი ზოგადად პოპ მუსიკაში.... და რა თქმა უნდა, სოულის დედოფალი - არეტა ფრანკლინი, რომლის მიმართ არასდროს, არც ერთ კრიტიკოსს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, არეტა ფრანკლინის სოულ მანერაში თანაბარი ძალით იკვეთება პროტესტიც, რომანტიზმიც და რასობრივი და ფემინისტური სიამაყეც კი.

70-იანებიდან სოული უკავშირდება ფანკს, იქმნება დისკო, თუმცა სუფთა სოულიც არ კვდება, ისეთი დიდი არტისტების ხარჯზე, როგორებიც იყვნენ უკიდეგანოდ ემოციური ჰედონისტი მარვინ გეი და ელ გრინი, ბრწყინვალე ვოკალისტი, რომელმაც შექმნა ღრმა სულიერი ძიებების და სოულ ეროტიზმის ლამის კულმინაციური სინთეზი, შემთხვევითი არ არის, რომ ელ გრინმა მოგვიანებით საკუთარი ბაპტისტური ეკლესიაც კი შექმნა და „გოსპელში“ გადაბარგდა.

სოულ ინგრედიენტის გარეშე წარმოუდგენელი ჰიპ-ჰოპიც, თანაც დღემდე, სწორედ ჰიპ-ჰოპის, ახალი ფანკის და ელექტრონიკის გავლენით, 90-იანების მეორე ნახევრიდან იწყება სოულის ხელახალი აღორძინება, ე.წ. ნეო სოული, რომელთა წარმომადგენლებმა უზარმაზარი წარმატება მოიხვეჭეს (ერიკა ბადუ, ლორენ ჰილი, დ’ანჯელო), პროცესი უფრო გააღრმავეს 21-ს საუკუნეში წამოსულმა ახალმა „სოულმენ“-ებმა (მიგელ, ფრენკ ოუშნ), მაგრამ თუ მათი მუსიკა გატარებულია აქტუალურ საუნდ-პრიზმაში, აი უკანასკნელ წლებში, უკვე ადგილი აქვს რეტრო სოულ ტენდენციებსაც, რომელიც არანაკლებ დამაინტრიგებლად აჟღერდა, ვიდრე პოპ-მუსიკის სხვა აქტუალური ჟანრები, ნუ გასაგებია რატომაც, არსად ისე არ იკვეთება აფრო-ამერიკული კულტურული თუ სულიერი სიმდიდრე, როგორც ავთენტურ სოულში, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან რთულია გახდე ამ სულისკვეთების ჭეშმარიტი მატარებელი, ხოლო თუ ეს სულისკვეთება არ გაქვს, მაშინ უკვე „სოული“ აღარ არის „სული“, და ის მხოლოდ ხმის იოგების ფიზიკური ვარჯიშია, რასაც არანაირი ღირებულება არ გააჩნია.

P. S. - შემდეგ ტექსტში გავაგრძელებთ იმ ნიშნულიდან, სადაც შევჩერდით პირველ სტატიაში, როკ ნ როლის კომა და პაპსას დაბადება.

მსგავსი ბლოგები