მუსიკის ჰონტოლოგია 001

ავტორი: გია ხადური

2 ნოემბერი, 2020

10 წუთის წასაკითხი

8 ნახვა

თანამედროვე მუსიკის ალბათ ყველაზე გავლენიანმა მკვლევარმა საიმონ რეინოლდსმა, 21-ე საუკუნის მუსიკა დაახასიათა ტერმინით „ჰონტოლოგია“(Hauntology), ეს ტერმინი მან ისესხა ფრანგი ფილოსოფოს ჟაკ დერიდასგან, რაც ნიშნავს „აჩრდილის ონტოლოგიას“, ადამიანურ ენაზე თუ გავშიფრავთ - ადევნებული აჩრდილი, როდესაც ამ აჩრდილის გამომწვევი ობიექტი მოუხელთებელია, ფიზიკურად არ არსებობს.

ჩვენ ვუსმენთ მუსიკას, გვეცნობა, გვგონია რომ სადღაც მოგვისმენია, მაგრამ არა, სინამდვილეში არ არსებობს ასეთი ხელშესახები კონკეტული მუსიკა, ანუ საქმე გვაქვს „დე ჟავიუ“ ეფექტთან.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცდა ყველა იმ მუსიკის მოყვარულს გააჩანია დღეს, ვინც კარგად იცნობს მუსიკის წარსულს, წინაპირობას იმისას, რაც ხდება დღეს თანამედროვე მუსიკაში. მაგრამ თუ ვერ ვპოულობთ ამ აკუსტიკური აჩრდილების გამომწვევ კონკრეტულ ობიექტებს, რასთან გვაგვს მაშინ საქმე? ალბათ იმასთან, რომ ნებისმიერი ახალი მუსიკა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში იქმნება, სტილისტურად პირდაპირ უკავშირდება გასული ეპოქების ამა თუ იმ მუსიკალურ ჟანრს, ან ქვეჟანრს. კი, დღესაც იქმნება ახალი ჟანრები, ხდება სინთეზები, კომბინაციები, მაგრამ ეს მცდელობები ვეღარ ქმნის ახალ ფუნდამენტალურ მუსკალურ ტერიტორიებს და უჩინარდება.

მაშინ როცა 20-ე საუკუნის დროინდელი ჟანრული დეფინიციები ჯერ კიდევ აქტიურ ხმარებაშია. ამიტომაც ალბათ არ იქნება ცუდი, თუ მიმოვიხილავთ იმ კლასიკურ ჟანრებს( ქვეჟანრებსაც) და მიმართულებებს, რომლებსაც ეყრდნობა თანამედროვე მუსიკალური სამყარო, როგორც აკუსტიკურად, ასევევ (არა ნაკლებ მნიშვნელოვანია) იდეოლოგიურად.

50-იანების როკ ნ როლი, როგორც ჟანრი

ჩვენი ისტორიული კვლევის პირველი თავი ეძღვნება როკ ნ როლს, რომლის გარეშე არ იქნებოდა დღევანდელი მუსიკა და არა მარტო მუსიკა სხვათა შორის, არც კონტრკულტურა იქნებოდა და არც სუბკულტურა, არც თანამედროვე „ახალგაზრდული“ ცხოვრების წესი, უფრო მეტიც, ისტორიულ კონტექსტში, როკ როლი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ კულტურული ფენომენი, როგორც როკ ჟურნალისტიკის ლეგენდამ, ლესტერ ბენგსმა თქვა ჯერ კიდევ 1979 წელს:

„როკ-ენ-როლი ეს არ არის მხოლოდ მუსიკა, ეს არის მთელი მსოფლმხედველობა, ეს არის ყოფის, არსებობის და ქმედების მეთოდიო“. არადა თავის დროზე, როკნ როლი კონკრეტული მუსიკალური ჟანრი იყო, ენერგიული, ლაღი და თინეიჯერულად უმანკო, ჟანრი საიდანაც იღებს დასაბამს ზოგადად ახალგაზრდული კულტურა."

როკ ნ როლის მუსიკალური ინგრედიენტები არის რამოდენიმე, პრინციპში როგორც მუსიკა, ის ფორმალურად უკვე არსებობდა ამ დეფინიციამდეც (ტერმინი ეკუთვნის კლივლენდის რადიო დიჯეის ალან ფრიდს), მაგრამ ჯერ არ გააჩნდა ის სოციალურ ტექნოლოგიური ბექგრაუნდი, რომლის გარეშეც როკ ნ როლი ვერ შედგებოდა და აი აქ უკვე პირდაპირ შემოდის იმ დროინდელი ამერიკის სოციალურ-ეკონომიური ასპექტები.

50-იანების ამერიკა ხასიათდება არნახული ეკონომიურ-ტექნოლოგიური ბუმით, ხალხი მასობრივად გამდიდრდა, რითაც იხეირეს მოზარდებმაც, გარდა იმისა, რომ ჯიბის ფულსაც უფრო მეტს აძლევდნენ მსობლები, მათ შესაძლებლობა გაუჩნდათ ადრეული ასაკიდან ემუშავათ და საკუთარი ფულიც გამოემუშავებინათ, და აი როცა მათ საკუთარი ფული გაუჩნდათ, ავანსცენაზე გამოვიდა მომხმარებელთა ახალი და უმძლავრესი ფენა, ახალგაზრდობა. ეს პროცესი სწორედ მაშინ დაიწყო მასობრივად ამერიკაში და დღემდე წარმატებით გრძელდება. შესაბამისად მოზარდებს მიეცათ საშუალება გამოსულიყვნენ მშობელთა უპირობო კონტროლიდან, ჩაეცვათ ის, რაც მათ მოსწონდათ, გაეკეთად ისეთი ვარცხნილობა, როგორიც უნდოდათ.

ასე გაჩნდა პირველი ახალგაზრდული სუბკულტურა ჯერ კიდევ როკ ნ როლამდე. ტყავის „ზმეიკებიანი“ ქურთუკები, აკეცილი ჯინსები, უხეში „ბათინკები“, ანუ ინსპირაცია მარლონ ბრანდოს და ჯეიმს დინის ბრუტალური პერსონაჟებისგან ფილმებში, „პორტში“ და“ მეამბოხე მიზეზის გარეშე“. შემდეგ კი მოზარდებს უკვე გაუჩნდათ სურვილი ეპოვათ ტერიტორია, სადაც მოახერხებდნენ საკუთარი თავის სრულ კულტურული იდენტიფიკაციას და თავდაპირველად მათ ეს იპოვეს „ზანგურ“ რითმ ენდ ბლუზში, აბსოლიტურად რომ განსხვავდებოდა იმ პოპულარულ მუსიკიგან, რადიოში რომ ჟღედა მაშინ. მძაფრი, ძარღვიანი, დეპრესიული, ვნებიანი-ეროტიული და ნაღდი ემოციებით გაჯერებული რიტმ ნ ბლუზი იყო ის, რაც იდეალურად მიესადაგებოდა მოზარდულ ჭირვეულ თუ უკომპრომისო სულისკვეთებას. რა თქმა უნდა შავკანიანები ისედაც იყვნენ რითმ ენდ ბლუზ სამყაროში, მაგრამ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა მაშინ, ოდესაც თეთრი მოზარდები ნარკოტიკივით „დაჯდნენ“ ამ მუსიკაზე.

წარმოიდგინეთ კეთილგონიერი თეთრი მშობლები რა სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდნენ, როცა მათი შვილის სახლში რომელიღაც „ნიგერის“ ველურ მუსიკას მიიტანდა. დრაივი რა თქმა უნდა მთავარი იყო ამ მუსიკაში, ამ დრაივს კი იწვევდა, ლეს პოლის და ლეო ფენდერის რევოლუციურად ტრანსფორმირებული ელექტრო გიტარა, სრულიად ელექტრონული წარმოშობის საუნდით, რომელმაც გააჩინა რადიკალურად ახალი აკუსტიკური რეალობა, ახალი ხასიათი: აგრესიული, უკომპრომისო, სექსუალური, ვერცერთ მოზარდს რომ ვეღარ ტოვებდა უკვე გულგრილს, მაგრამ რითმ ენდ ბლუზში ნაკლები იყო გართობის ელემენტი, მოზარდული ჰედონიზმი და ისეთი ახალგაზრდული უდარდელობა, როგორიც სუფევდა მაშინდელ ამერიკაში, მის „თეთრ“ ნაწილში ყოველშემთხვევაში. პლუს შავი არტისტებიც ვერანაირად გახდებოდნენ მაშინ თეთრი მოზარდების კუმირები, ასე რომ მარკეტინგულადაც კი, საჭირო გახდა ახალი ისეთი ინგრეტიენტები, რომლითაც ხასიათდებოდა სწორედ თეთრების მუსიკა, რომელიც ბოლომდე ახლობელი იქნებოდა თეთერებსითვის და ეს პრინციპში თავისთავადაც მოხდა მას შემდეგ, რაც თეთრმა არტისტებმა დაიწყეს რითმ ენდ ბლუზის შესრულება. მათ შეიტანეს ქანთრის, ურბანისტული ფოლკის და ე.წ. რომანტიულ სენტიმენტალური ბალადების ინტონაციები.

ბლუზში, ქანთრიში და ფოლკშიც(რომელსაც შავებიც ასრულებდნენ), დიდი მნიშვნელობა ენიჭებიდა ტექსტებს, სოციალურს თუ ინტიმურს, პირადი გამოცდილებით თუ განცდებით გაჯერებულს, ეს ვექტორი უმნიშვნელოვანეში ხდება მოგვიანებით შემდეგი თაობის არტისტებისთვის, მაშინ კი, როკ ნ როლის გარიჟრაჟზე, ეს მუსიკა აღიქმებოდა უფრო საცეკვაო მუსიკად, უფრო ცეკვად, ეს ცეკვა კი არანაკლებ პროვოკაციული იყო, ვიდრე მუსიკა. მარტო ეს გოგონების შემოხტომები ბიჭებზე, როგორც სქესობრივი აქტი ლამის ისე აღიქმებოდა. და რა თქმა უნდა, ამას მოყვა უდიდესი ნეგატივი ამერიკული, როგორც პურიტანილი საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ისტებლისმენტის მხრიდანაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც, უკვე 1955-56 -57 წლებში როკ ნ როლ ტრეკებმა ტრიუმფით აიღეს „ბილბორდის“ ჩარტების მოწინავე პოზიციები და წალეკეს ყავლგასული „ქრუნერები“ თუ სოპრანო საესტრადო დივები. ეს კი უკვე სახიფათო იყო, ეს უკვე მთელი თაობის კონტროლიდან გამოსვლის და „დეგრადაციის“ დასაწყისის მომასწავებელი იყო. მართლაც, უფროსი თაობის ამერიკელებისთვის, რთული საყურებელი იყო აღგზნებული შვილების მასობრივი ისტერიკა როკ ნ როლ შოუებზე, და უშეღავათო დაპირისპირებაც დაიწყო, ფარულად ამოქმედდა FBI-ც.

თუმცა ის, თუ როგორ ჩაანაცვლა სისტემამ როკ ნ როლური რევოლუცია დროებით პაპასა კონტრევოლუციით, ამაზე შემდეგში მოგიყვებით, ეხლა კი მინდა გაგაცნოთ, პოპულარული მუსიკის ინგლისელი მკვლევარის, ჩარლი გილიდის ვერსიით ის 5 მთავარი ვექტორი, რომელიც საწყისი პერიოდიდან იყო ჟანრულ როკ ნ როლში და რომელიც შემდგომში გადაიშალა თანამედროვე მუსიკის უკიდეგანო ტერიტორიებზე.

1. ჩრდილოეთის საორკესტრო როკ ნ როლი-ანუ ტრადიციული საორკესტრო ესტრადის, თეთრი პოპულარული მუსიკის გავლენა, შასაბამისი საუნდით, (მაგ. პირველი როკ ნ როლ მეგა ჰიტის, Rock around the clock-ის ავტორი, „ ბილ ჰეილი და მისი კომეტები“).

2. ნიუ ორლეანური საცეკვაო რითმ ენდ ბლუზი- ენერგიული, ექსცენტრული, საცეკვაო, ცოტა ჯაზით, ცოტა დიქსილენდი, ცოტა რეგთაიმი, მთავარი ინსტრუმენტი აქ არის აგრესიული პიანინო(ფეტს დომინო, ლითლ რიჩარდი).

3. ქანთრი როკი მემფისიდან - ნუ გასაგებია აქ ყველაფერი, მოგვიანებით ტრანსფორმირდა „როკაბილი“-ად(ელვის პრესლი, ჯონი კეში, ბადი ჰოლი).

4. ვოკალური ჯგუფების როკ ნ როლი-ანუ იგივე „დუ-ვოპ“(Doo-Wop)-აქცენტი ლამაზ მელოდიებზე, ჰარმონიულ სიმღერაზე, რომელიც დასმულია რბილ რითმ ენდ ბლუზზე, მთელი ეს ბოი თუ გირლ ბენდები პირდაპირი მემკვიდრეები არიან „დუ- ვოპ“-ის(The Platters, The Coasters, Frankie Lymon & the Teenagers).

5. ჩიკაგოს რითმ ენდ ბლუზი-მთავარი საყრდენი როკ ნროლის, დღემდე სხვათა შორის, წმინდა წლის საგიტარო მუსიკა, ენერგიული, აგრესიული და უტიფარი.(ჩაკ ბერი, ბო დიდლი). ამა თუ იმ იპოსტასში, ყველა ეს ჟანრი დღემდე არსებობს და საკმაოდ კომფორტულადაც გრძნობს თავს, იქნება ეს მეინთრიმი თუ მისი ალტერნატივა, იქნება ეს „შავების“ მუსიკა თუ თეთრების, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ წარმოადგენს თანამედროვე მუსიკის ინგრედიენტებს, ბოლო ბოლო სწორედ მაშინ გაჩნდა როკ ნ როლის სიმბოლური ალტერნატივა „სოული“, რომელზეც მომდევნო სტატიაში მოგიყვებით.

მსგავსი ბლოგები