ᲐᲤᲘᲨᲔᲑᲘᲗ ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲘᲚᲘ ᲛᲣᲡᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲦᲐᲛᲝᲔᲑᲘ

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

16 დეკემბერი, 2020

0 წუთის წასაკითხი

3 ნახვა

ვინც საკუთარ თავს პრე-ინტერნეტ სამყაროს შვილად მიიჩნევს, ახსოვს მუსიკალური აფიშებით აჭრელებული ქუჩის კუთხეები და მათი მნიშვნელობა საღამოს წარმატებით ჩატარებისთვის.

ყოველ მუსიკალურ მოძრაობასთან ერთად, ვიზუალური გაფორმებისა თუ ბეჭდვის ტექნიკა ფორმირდებოდა, რომლებიც ხშირად გასული პერიოდის პოსტერებით იყო ინსპირირებული.

კრივის მატჩების პოსტერებით დაწყებული, აჭრელებული ფსიქოდელიური საკონცერტო აფიშებით დამთავრებული - ისინი უკვე ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენენ, რომლებიც საკუთარ ადგილს კოლექციონერებთან იმკვიდრებენ.

როკ-ენ-როლის 1950-იანი წლების საკონცერტო პოსტერებზე გავლენა იქონია გასართობმა, მათ შორის, ცირკის წარმოდგენებმა, ბიგ ბენდების მუზიცირებამ და სხვა. ეს აფიშები მუყაოზე იქმნებოდა და დახვეწილობით არგამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სტანდარტებით ისინი ისტორიეული მნიშვნელობის არიან, გასულის საუკუნის შუა პერიოდისთვის არავინაც არ მიიჩნევდა მათ ხელოვნების რაიმე წყაროდ, რომლადაც მომავალში იქცა.

Little Richard

დისკ ჟოკეი ალან ფრიდს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ადრეული როკ-ენ-როლის პოსტერების გავრცელებაში. თავად ტერმინ როკ-ენ-როლსაც კი მას მიაწერენ. იგი მუსიკას, ძირითადად აფრო ამერიკელი მუსიკოსების მიერ შექმნილ რიტმ ენდ ბლუზს, 1951 წლიდან ატრიალებდა რადიოში.

მალევე მან ნიუ იორკში როკ შოუების გამართვა დაიწყო. ამ პროგრამისთვის ბევრი პოსტერი არ იბეჭდებოდა, ვინაიდან ისინი არა ცალკეულ კონცერტებს, არამედ მთლიანად ტურნეს პროგრამას უწევდნენ რეკლამირებას. მალე ამ შოუებზე ისეთმა გიგანტებმა მოიყარეს თავი როგორებიც იყვნენ ჩაკ ბერი, ფეტს დომინო, ჯერი ლი ლუისი და სხვა

ამავე პერიოდში აქტუალიზდება ფოლკ მუსიკა, რომელსაც საპროტესტო მუხტს ისეთი მუსიკოსები აძლევნდნენ, როგორიცაა ბობ დილანი და ჯოან ბაეზი. მათი კონცერტები კაფეებსა და პატარა კლუბებში იმართებოდა, პოსტერები კი ძალიან უბრალოდ იყო - იგი მუსიკოსის ფოტოს, ძირითად ტექსტს და მცირე გრაფიკულ ელემენტებს შეიცავდა.

Joan Baez

ამ პერიოდს ემთხვევა ბიტლომანია და ბრიტანული მუსიკის ექსპორტი ამერიკაშიც. „ხოჭოებისთვის“ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი პოსტერი უეს ნილსონმა შექმნა, რომელიც მომავალში ფსიქოდელიური მოძრაობის ერთ-ერთი არქიტექტორი იყო. კალიფორნიაში „The Family Dog“ კომუნის წევრები ვიზუალური ხელოვანებიც იყვნენ.

The Family Dog

სწორედ მათ მიერ შექმნილი აფიშები და ფლაერები იყო კონტრკულტურული მოძრაობის იდეის მთავარი გავრცელების საშუალება.

Wes Wilson

70-იანი წლებიდან სრულად სხვა ეპოქა იწყება, როგორც მუსიკის,ასევე აფიშების ვიზუალურ/გამომხატველობითი მიმართულებით. მუსიკა უფრო მონეტიზებადი გახდა, მისმა მასშტაბურობამ კი რეკლამირების სხვა, მასობრივ საშუალებებში გადაინაცვლა.

პოსტერებიც უფრო პრიალა და საინტერესო გახდა, რაც იმ პერიოდის მუსიკალურ ცვლილებებს შეესაბამებოდა. დიზაინერებმა პოსტერების გარდა უკვე მაისურებისა და ალბომების ყდებზე მუშაობა დაიწყეს - ეს უკვე განდგომა იყო ფსიქოდელიური ერიდან.

Siouxsie and the Banshees


პოსტერების კულტურული მნიშვნელობა ახალი ტალღის და პანკ მუსიკის აღზევებასთან ერთად იზრდებოდა. პანკ კონცერტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ძირითადი ხაზი სწორედ ქუჩაში პოსტერების გამოფენა იყო, მათი ვიზუალური მიმართლება კი მკაოფიოდ განსხვავდებოდა მეინსტრიმული ნარატივისგან.

ფსიქოდელიური პერიოდის ნამუშევრებთან შედარებით, მათი სტილი ნაკლებად დახვეწილი იყო, ვინაიდან ყველაფერში DIY მიმართულებას ავითარებდნენ - შესაბამისად ძირითადად შედარებით იაფი, შავ-თეთრი ფორმატის აფიშებს ამზადებდნენ.

პანკ მუსიკის პოსტერების სტილი ლონდონელი სკინჰედების მოძრაობიდან წამოვიდა და ხშირად მათ ქუჩიდანაც კი ხევდნენ, ვინაიდან ვიზუალური ენა მეტად უხეში და ხშირად მიუღებელიც კი იყო ტიპიური მოქალაქისთვის.

80-იანი წლების მეორე ნახევრიდან, ვიზუალური გაფორმების მხრივ გაცილებით უფრო საინტერესო პერიოდი იწყება, როდესაც საცეკვაო მუსიკა ახალზარდების ცხოვრებაში უფრო აქტუალური ხდება.

ამ პერიოდისთვის რამდენიმე განსხვავებული მუსიკალური, შესაბამისად ვიზუალური სცენა არსებობს ლონდონში, ბერლინსა თუ ნიუ იორკში. იმ პერიოდის ყოველი ფლაიერი, წარმოდგენითი საუნდტრეკის თანხლებით ცალკეული ღამის ისტორიას გვიყვება.

90-იანი წლების შუა პერიოდში კი საბეჭდი ტექნიკის და კომპიუტერული პროგრამების გამოჩენასთან ერთად უამრავმა დიზაინერმა გადაწყვიტა საკუთარი შემოქმედება აღნიშნულ მედიუმზე გადმოეტანა.

Rave Poster

ინტერნეტის ოქროს ხანის დადგომასთან ერთად, დაბეჭდილმა პოსტერებმა თითქოს დაკარგეს აქტუალობა და ისინი კოლექციონერთა ინტერესის ობიექტად იქცნენ, რომლებიც ერიოდულად ადამიანთა ამ მოგონებებს გამოფენებისა და წიგნების სახით აცოცხლებენ.

ქართული პერსპექტივიდან, რამდენიმე საინტერესო აფიშას 90-იანი წლებიდანაც ვხვდებით. მარტივი, დამატებითი ვიზუალური ელემენტის გარეშე არსებულ პოსტერებს ძირითადი, ინფორმაციული დატვირთვა ჰქონდა და არავითარ დამატებითი წარმოსახვისა თუ ასოციაციის გაჩენას არ ისახავდა მიზნად.

Vodka Vtraiom

2000-იანი წლების დადგომასთან ერთად, ახალმა თაობამ თავისი ხელწერა გამოკვეთა, შეიძლება ეს არ იყო პროფესიონალი ვიზუალური ხელოვანის მიერ გაკეთებული ნამუშევრები, თუმცა მსმენელს, მოსალოდნელ ღონისძიებასთან დაკავშირებით ბევრად მეტი კავშირის გაჩენის შესაძლებლობას აძლევდა.

2010-იანი წლებიდან კი მუსიკალურმა პოსტერებმა 90%-ით ციფრულ სივრცეში გადმოინაცვლა. ელექტრონული მუსიკის აქტუალიზაციასთან ერთად, კლუბებმა თუ სხვა სფეროში მოღვაწე ფრომოუთერულმა ჯგუფებმა საკუთარ იდენტობაზე დაყრდონით, აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის კონკრეტული ვიზუალური ხაზი შეიმუშავეს.

Kung Fu Junkie

Young Georgian Lolitaz

თამი მორჩილაძე ერთ-ერთია მათგანია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, „Vodkast Records“-ის მუსიკალური წვეულებების ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობს - ჯერ მხოლოდ ჰობის დონეზე.

თუ ამ პოსტერებს დაუკვირდებით აშკარად შეამჩნევთ მის ხელწერას, რჩეულ ფერთა პალიტრას და ვიზუალურ სტილს, რომელიც თბილისის საკლუბო სივრცეებს მეტად საინტერესოს ხდის.

- გვითხარი, როგორ მოხვდი ამ სფეროში და როდის გაჩნდა ამ საქმე კეთების სურვილი.

- ჩემი ამ სფეროში მოხვედრა, ალბათ, ენთუზიაზმის და კარგი მეგობრების დამსახურებაა. ცოტა უცნაურად დაიწყო, მგონი 3 წლის წინ. გამიჩნდა სურვილი ვოდკასტის ერთ-ერთი ღონისძიებისთვის არტვორკი გამეკეთებინა, ციფრული არტვორკი მანამდე არ მქონდა გაკეთებული, მხოლოდ ხელით ვხატავდი სკეჩებს, უფრო პატარა ილუსტრაციებს, რაღაც კონკრეტულ მოგონებებს ნახატების სახით ვინახავდი. ჯადოსნური პროცესი აღმოჩნდა სწავლის, დაკვირვების, საკუთარი თავის და სხვების აღმოჩენის.

- რამდენად მნიშვნელოვანია რომ ვენიუს თუ ღონისძიებების სერიის პოსტერები საერთო ვიზუალურ ხაზს ატარებდეს?

- კარგია, როცა ღონისძიებების სერია რაღაც საერთო ვიზუალის ქვეშაა მოქცეული, რომელიც თვალისთვის სასიამოვნო და ადვილად დასამახსოვრებელია. ჩემი აზრით, უფრო დიდი გამოწვევა, მრავალფეროვნებაა.

- როგორ ფიქრობ, რა კომპეტენციას საჭიროებს ადამიანი, რომ ამ საქმიანობაში ჩაერთოს? აუცილებელია, როგორც დიზაინერი პროფესიონალი იყოს?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზუალური ხელოვნების სიყვარულია. ბევრი რამ უნდა გქონდეს ნანახი, ბევრ მიმართულებას, ტექნიკას, სტილს უნდა იცნობდე. ტიპოგრაფიაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილია არტვორკის. კარგი დამკვირვებელი უნდა იყო. დიგინგივით არის, რაც უფრო მეტ რამეს ნახულობ, მით უფრო იწვრთნება თვალი და გემოვნებაც გიყალიბდება. შემდეგი ეტაპი გონებაში წარმოდგენილი იმიჯების რაღაც ფორმით გადმოცემაა, და ყველა ფორმა მისაღებია. სწავლაც თითქმის ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია, მთავრია ინტერესი და იმის სიყვარული რასაც აკეთებ.

- რა არის შენი ვიზუალური იდენტობა, რომელიც სხვების ნამუშევრებისგან განასხვავებს შენს პოსტერებს?

- ვცდილობ, ჩემი პოსტერები ამბის თხრობის ფორმა იყოს, რაღაცაზე მიგანიშნებდეს და რაღაც მომენტში ხდებოდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ახლაც სწავლის პროცესში ვარ, ნამუშევრები ვიზუალურად ერთმანეთს არ გავს. ყოველ ჯერზე რაღაც ახალი ცდაა უფრო.

- როგორია თავად იდეაზე ფიქრის პროცესი? რამდენად მნიშვნელოვანია ვისი ღონისძიებაა, რა ტიპის მუსიკა იქნება წარმოდგენილი და მსგავსი დეტალები?

- მნიშვნელოვანია ადამიანები და დეტალებზე დაკვირვება. ჩემ შემთხვევაში, იუმორიც დიდ როლს თამაშობს. რაღაც კავშირი უნდა იპოვო და მიჰყვე.

მუსიკა ყოველთვის ინსპირაციის პირველი წყაროა, განწყობას გიქმნის და წარმოსახვას გიძლიერებს. ამასთან ერთად, კონკრეტული არტისტის შექმნილი, დაკრული ან შესრულებული მუსიკა თავისთავად უკვე ძალიან ბევრი ინფორმაციაა.


- რამდენად ხელჩასაჭიდი და პერსპექტიული სფეროა კარიერის თვალსაზრით? თუ უბრალოდ ჰობად რჩეუბა უმეტესი არტისტისთვის?

- გრაფიკული დიზაინი ყოველთვის იქნება მოთხოვნადი. იმდენ სფეროს, განხრას, იდეას და დროს აერთიანებს რთულია, ხელმოსაჭიდი არ იყოს. უზარმაზარი სამყაროა გამოგონებების და აღმოჩენების, თუ ამის გააზრების და აღქმის უნარი გაქვს.

როგორც დევიდ ქარსონი ამბობს:

“Graphic design will change the world right after rock and roll does”

მსგავსი ბლოგები