„მყინვარის მუსიკა“ კავკასიონიდან

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

12 მაისი, 2020

13 წუთის წასაკითხი

6 ნახვა

ზოგადი განმარტებით, „საველე ჩანაწერები“ ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც ატმოსფერული, ჰიდროფონიკური, ელექტრომაგნეტური და სხვა წყაროებიდან ხმის ჩაწერის პროცესით ინტერესდება. იგი ამჟამად მუსიკალური კომპოზიციის, ბგერის დიზაინის, ინსტალაციის ხელოვნების და სხვა ესთეტიკური პროდუქტების ხშირად განუყოფელი ნაწილია. თუმცა ეს ყველაფერი ერთ დროს შეუძლებელი და წარმოუდგენელიც კი იყო. აუდიო მასალის ფორმალური სტუდიური გარემოს მიღმა ჩაწერის პროცესს დიდი დრო მიჰქონდა, იყო ძვირი და ტექნიკურადაც დიდი გამოწვევა იყო. 

1889 წელს, 8 წლის ბიჭმა მოახერხა ფრინველის, კერძოდ კი შაშვის ჩანაწერების გაკეთება მამამისის ცილინდრიანი ჩამწერით. ეს ბიჭი ლუდვიგ კოხი იყო, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი რევოლუციური ტელეწამყვანი გახდა, ნატურალური ისტორიის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ამას იმ მომენტისთვის სრულიად ვერ ითავისებდა, კოხის შაშვის ჩანაწერმა გზა გაუკვალა ხელოვნების სრულიად ახალ და ორიგინალურ მიმართლებას, რომელსაც ამჟამად „საველე ჩანაწერებად“ მოვიხსენიებთ.

XX და XXI საუკუნეში, ანალოგური თუ ციფრული მოწყობილობების გამოყენებით შესაძლებელი გახდა ხმის შედარებით მარტივად ჩაწერა. საველე ჩანაწერების ტრადიციები რადიოფონის, ბგერის დიზაინის, ეთნომუსიკოლოგიისა და სხვა დოკუმენტირების მეთოდების გზაგასაყარზე დგას. იგი თავიდან ეთნოგრაფიის განხრით ვითარდებოდა და მიზნად კონკრეტული ადგილისა და დროის ბგერით აღბეჭდვას ისახავდა მიზნად, მაგრამ საველე ჩანაწერების თანამედროვე გაგება ამ ვიწრო განმარტებისგან უკვე შორს დგას.

თანამედროვე არტისტები, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურობენ, თავად მსმენელის სუბიექტური პოზიციიდან ცდილობენ ჩანაწერების შექმნას. ის რაც თავიდან ეგზოტიკური ბუნების აუდიო ამსახველობის მცდელობით დაიწყო, გადაიზარდა ხელოვნების პრაქტიკად, რომელსაც თავად სმენის ფენომენი აინტერესებს.

როგორც ხელოვნების სხვა ფორმებში, საველე ჩანაწერებზე მომუშავე არტისტების გამომხატველობითი ფორმებიც განსხვავდება. ბრიტანელი ქრის უოტსონი თუ დაგლას ქუინი საკუთარ ჩანაწერებში სწორედ სმენის პროცესის სიღრმის დემონსტრირებას ცდილობენ. ქუინის ჩანაწერი ანტარქტიკაში „Weddell Seals“, ამ მიმართულებით დღემდე ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნამუშევარს წარმოადგენს.

კონტრასტულად, ესპანელი ფრანცისკო ლოპეზი მსმენელს უფრო აკუსმატიკური გზით სმენისკენ უბიძგებს, რაც ნიშნავს რომ თავად ბგერა, მისი პირველწყაროს გარეშე არის ფოკუსის ძირითადი ელემენტი.

სხვა ხელოვანები, მაგალითად იაპონელი თოშია ცუნოდა და ავსტრალიელი ჯოის ჰინტერდინგი ატმოსფერული ხმებს იკვლევენ, მათი ნამუშევრები ისეთი ბგერების აღბეჭდვაზეა ორიენტირებული, რომლებიც ხშირად ჩვენი სმენის არეალს გარეთაა.

ეს ინფრაბგერული თუ ელექტრომაგნეტური ხმები ჩვენს გარემოში მუდმივად ტრიალებს, თუმცა სპეციალური მოწყობილობების და ტექნიკის გარეშე მათ აღმოჩენა ჩვენი წარმოსახვისთვის რთულდება.

სმენის პროცესი და როგორ შეიძლება ეს პროცესი გადამდები იყოს ადამიანებს შორის - ეს არის ძირითადი თემატიკა, რაზეც თანამედროვე „საველე ჩანაწერების“ კვლევა ტრიალებს.

ადამიანებისგან განსხავავებით, რომელთა სმენაც სხვადასხვა ფსიქოსოციალური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორების მიერაა შემოსაზღვრული, მიკროფონი და სხვა აუდიო ჩამწერი მოწყობილობები არაკოგნიტურია და სწორედ ამ უნარის გამო, მიკროფონს არ გააჩნია შესძლებლობა რაიმე კონკრეტული ბგერის ჩაწერაზე გააკეთოს ფოკუსი და გაფილტროს არასასურველი ხმები. სწორედ მოსმენილი ხმების, ჩანაწერში გადათარგმნის პროცესშია საინტერესო „საველე ჩანაწერების“ შექმნის ოსტატობაც.

იმისთვის რათა საველე ჩანაწერი წარმატებული გამოდგეს, არტისტმა მეტაფორულად უნდა შექმნას ერთიანი ქსოვილი შიდა, ფსიქოლოგიური სმენასა და გარე ტექნოლოგიური სმენის პროცეს შორის, რომელიც მიკროფონის დახმარებით ხორციელდება. “საველე ჩანაწერები“ ეხმარება მსმენელს გაიგოს თუ რა განსხვავებაა ხმების გაგონებასა გაგონებასა (hear) და მოსმენას (listen) შორის.


საველე ჩანაწერების გამოცდილება საქართველოში

რა თქმა უნდა, საქართველოში საველე ჩანაწერების შექმნის ნაკლები ტრადიცია და პრაქტიკა არსებობს, ეს განპირობებულია იმ 70 წლიანი ისტორიულ-კულტურული ატროფიით, რაც ჩვენს ქვეყანას საბჭოთა მემკვიდრეობით ერგო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სრულიად ამ მიმართულებაზე ორიენტირებული მუსიკოსები არ გვყავს და არც ალბომები არ გამოშვებულა, უნდა აღინიშნოს ცალკული მუსიკოსებისა და ექსპერიმენტატორების ნამუშევრები, სადაც „საველე ჩანაწერებმა“ დამატებითი სილამაზე შესძინეს მუსიკალურ კომპოზიციას.

ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ვეტერანი ელექტრონული მუსიკოსი ქუთაისიდან გიგა ერისთავი, იგივე Bajoo - მან შემოქმედებითი ცხოვრების რამდენიმე ეტაპი გაიარა, იყო პანკ-როკ ჯგუფ „აუთსაიდერის“ წევრი, შემდგომში 90-იანი წლებიდან უკვე ქართული ელექტრონული მუსიკის (ძირითადად ტრანს მუსიკაზე ორიენტირებული) პიონერი, 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან ბაჯუ იწყებს ექსპერიმენტებს ემბიენთ მუსიკასთან, სადაც მედიტაციური ტექსტურები ჭარბობდნენ - სწორედ ამ პერიოდის ბაჯუს მუსიკაში იგრძნობა „საველე ჩანაწერების“ კონტექსტური და საინტერესო გამოყენება.

მეორე მაგალითად ნიკა მაჩაიძის კომპოზიცია „მატარებელს“გამოვიყენებდი. ვაგონის მიმოსვლიდან აღებული მოკლე ლუპი კომპოზიციის რიტმულ სტრუქტურას ქმნის და საინტერესო მოდიფიკაციით სრულიად განსხვავებულად ჩაესმის მსმენელს. აღნიშნული და სხვა მცირე ექსპერიმენტები ახალგაზრდა თაობის მუსიკოსებში, საქართველოში„საველე ჩანაწერებისთვის“ საიმედო მომავლის სურათს გვიხატავს.

„მყინვარის მუსიკა“ კავკასიონიდან

ყაზახეთის გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით, 2012 წელს პირველად, ალმაათში და ტაშკენტში მყინვარისმუსიკის აუდიო/ვიდეო პროექტი განხორციელდა, რომელიც კლიმატის ცვლილებების შედეგებზე გვესაუბრება. აქ არტისტები, მეცნიერები და გარემოს დამცველი აქტივისტები მყინვართა მასობრივი დნობის პრობლემის ირგვლივ, სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით გაერთიანდნენ. გლობალურმა დათმობამ მთელს მხოფლიოში სხვადასხვაგვარად იჩინა თავი, ერთ-ერთი მსგავსი საკითხი კი მყინვარების დნობა და ხშირად ბოლომდე გაუჩინარებაა. პროექტის ფარგლებში რეგიონალური და საერთშორისო არტისტები/მეცნიერები, საკუთარ გამოცდილებასა და ხედვებს უზიარებენ ერთმანეთს - ღონისძიებების, აუდიო ინსტალაციებისა და სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო მეთოდების გამოყენებით.

2019 წელს აღნიშნული პლატფორმის მეორე სერიის ჩაწერა კავკასიაში, საქართველოსა და სომხეთში დაიგეგმა. ქართველი და უცხოელი მეცნიერები წლების განმავლობაში ზომავდნენ და იკვლევდნენ მყინვარებს კავკასიის რეგიონში. აღნიშნულმა დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ დნობის პროცესი გრძელდება, მაგრამ გარკვეული კითხვები მაინც რჩება - როგორ ეხება კლიმატის ცვლილება ყოველდღიურ ცხოვრებას კავკასიის რეგიონიში? როგორ მოქმედებს ეს ცვლილება თავად ხელოვნებაზე? და რა გავლენები შეიძლება ჰქონდეს თავად ხელოვნებას მოსახლეობის მიერ პრობლემის აღქმაზე? პროექტი სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში გვეხმარება, რათა ზოგჯერ რთულად გასაგები სამეცნიერო ენა, ადვილად აღსაქმელ და მისაღებ ფორმებში გადმოვიტანოთ და დავინახოთ თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მსოფლიოში, მათ შორის კავკასიის რეგიონშიც მყინვართა დნობას.

პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი, გერმანელი მულტიმედია არტისტი ლილევანი და მუსიკალური ხელმძღვანელი, ექსპერიმენტალური მუსიკოსი და საუნდ არტისტი რობერტ ლიპოკი ყაზბეგის მთებს ეწვივნენ და მყინვართა დნობის პროცესის „საველე ჩანაწერები“ გააკეთეს. ეს ჩანაწერები მათ ქართველ და სომეხ ახალგაზრდა მუსიკოსებს, შემდგომი დამუშავების მიზნით გაუგზავნეს. საქართველოდან პროექტზე მუსიკალურად ანუშკა ჩხეიძემ იმუშავა, სომხეთიდან ჰაეკ კარაპეტიანმა, ვოკალი კი ეთო გელაშვილს ეკუთვნის. ჩვენ ლილევანს,რობერტ ლიპოკსა და ანუშკა ჩხეიძეს „მყინვარის მუსიკის“ ისტორიისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ვესაუბრეთ:

თქვენ ორივეს გაქვთ სხვადასხვა „საველე ჩანაწერების/Sound Art პროექტში მონაწილეობის გამოცდილება, როგორ გახდა შესაძლებელი თქვენი ჩართვა „მყინვარის მუსიკა“-ში?

ლილევანი: 2011 წელს, „გოეთეს ინსტიტუტის“ მიერ ყაზახეთში, ალმაათში ვიყავი მიწვეული - რომლის ფარგლებშიც Sound Art ნამუშევარი უნდა შემექმნა, თემატიკა კი მყინვარების დნობის პროცესს ეხებოდა, კონკრეტულად კი ალმაათის მთებში მდებარე ტუჯუკსუს მყინვარს. მცირე გასაუბრების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ამ თემას ბევრად დიდი პოტენციალი გააჩნდა, ვიდრე მხოლოდ ერთი ინსტალაცია. ჩვენ დავაარსეთ „მყინვარის მუსიკის“ ფესტივალი, მულტიდისციპლინარული სახელოვნებო პლატფორმა და განვავრცეთ კონცეფცია ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში. „გოეთეს ინსტიტუტიდან“ შემომთავაზეს რომ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გავმხდარიყავი, რაც მას შემდეგ გრძელდება. ამ ყველაფრის ძირითადი კონცეფცია კი შემდეგია: დღეისთვის, როდესაც მეცნიერებს არ აქვთ შესაძლებლობა ფაქტებითა და სტატისტიკით ადამიანთა ყურადღება მიიპყრონ, ჩვენ ვფიქრობთ რომ ხელოვნებაა სწორედ ის მეთოდი და მედიუმი, რითაც ამ მნიშვნელოვან საკითხზე ცნობადობის ამაღლება შეგვიძლია შემდეგი გეგმით - შევქმნათ სახელოვნებო ნამუშევარი მყინვარის დნობის ხმების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ ჩავიწერეთ ციურიხის უნივერსიტეტიდან და ArteRadio-დან წამოღებული ძალიან მგრძნობიარე მიკროფონების დახმარებით, სპეციალური ექსპედიციის დროს ტუჯუკსუზე.

აუდიო ფაილები მივაწოდეთ რეგიონში დაინტერესებულ ახალგაზრდა მუსიკოსებს. და მოვიწვიეთ ისინი მყინვარის დნობით ინსპირირებული ჩანაწერების შექმნისთვის. ამის შემდეგ ჩვენ შევარჩიეთ გამარჯვებულები და მოვაწყვეთ ტური აღნიშნულ ქვეყნებში - ჩატარდა კონცერტები, სადაც ცენტრალური აზიის მუსიკოსებმა და ვიდეო არტისტებმა, ხელოვანებთან ერთად.კოლაბორაციული ნამუშევრები წარადგინეს.

აღნიშნული თანამოქმედებიდან ფორმირდა პირველი „მყინვარის მუსიკის“ CD ჩანაწერი. ყირგიზელი Askat Jetigen Uulu - ბერლინელ რობერტ ლიპოკთან და ლაივ ვიდეოებით ჩემგან. ჩვენ ამ პროგრამით მოვიარეთ ცენტრალური აზია და ასევე შევასრულეთ ნაწარმოებები ევროპაში, მაგალითად კრაკოვის “Unsound Festival”-ზე, “Aqusmatiq Festival“-ზე ანკონაში და ა.შ.

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა და გოეთეს ცენტრმა სომხეთში გადაწყვიტეს ჩვენი გამოცდილებისა და ხედვის კავკასიის რეგიონში გადმოტანა. აქაც იგივე გავიმეორეთ: წავედით ექსპედიციაზე ყაზბეგში და გავაკეთეთ ჩანაწერები განსხვავებული მუსიკალური ბექგრაუნდის მქონე ლოკალურ მუსიკოსებთან, ვინაიდან ვეძებდით ტრადიციული მუსიკისა და ელექტრონული ექსპერიმენტირების სინთეზს. 2019 წელს ჩვენ გავმართეთ ღონისძიებები ქუთაისში, ყაზბეგში, თბილისსა და ერევანში. ამჟამად კი ვმუშაობთ“მყინვარის მუსიკა II”-ის CD-ზე და ვართ მომავალი თავგადასავლების მოლოდინში- მაგალითად ბათუმსა და ბაქოში, რაც ვიმედოვნებთ რომ ამავე წელს გამოგვივა.

რობერტ ლიპოკი: 2015 წელს ლილევანმა შემომთავაზა აღნიშნულ პროექტში ჩართულობა, 2019 წლიდან კი პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი გავხდი.

როგორ ფიქრობთ, რითია მნიშვნელოვანი რომ გავიგოთმყინვარების ეკოსისტემის კომპლექსურობა კლიმატისცვლილებების პერიოდში და როგორ შეუძლია არავიზუალურ/ბგერით თხრობას დაეხმაროს ადამიანებს ამ პროცესის უკეთშესაცნობად?

რობერტ ლიპოკი: კლიმატის ცვლილება ყველას გვეხება. ჩვენ არ შეგვიძლია მისგან დამალვა, ვინაიდან იგი თავს ყველგან განსხვავებულად წარმოაჩნეს. მაგალითად გერმანიში, ზამთარსა და გაზაფხულზე ძალიან მცირე რაოდენობით მოდის წვიმა. აპრილში მხოლოდ 3% იყო სტანდარტული რაოდენობასთან შედარებით. ბუნება სტრესის ქვეშაა -ძალიან ბევრი ხე პარაზიტების მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება, მცენარეების საკმაო რაოდენობა კი ძალიან ადრე იწყებს ყვავილობას. განვითარების ფაზები ძალიან სწრაფია ბუნებისთვის, რათა მისი ადაპტაცია მოხდეს. იგივე ხდება მყინვარების ეკოსისტემასთანაც - იქ მყინვარების დნობის ეფექტი აშკარად ჩანს.

„მყინვარის მუსიკის“ პროექტი ჩაფიქრებულია როგორც დიალოგი - არტისტებს, მსმენელსა და კონცერტებზე დამსწრეებს შორის. ჩვენთვის მუშაობის პროცესში ცხადი გახდა, თუ რამდენად მნიშნელოვანია ამ პრობლემის შესახებ ინფორმაციის აუდიტორიამდე მიტანა. შორიდან, ყირგიზეთში თუ საქართველოში, მთათა სისტემა გასაოცრად ლამაზად გამოიყურება, მათი თოვლით დაფარული ციცაბო კლეებით და ქედებით, რომელიც შეუცვლელი და ღმერთისგან ბოძებულია. თუმცა ბევრმა ადამიანმა არ იცის რომ მყინვარებსაც გააჩნიათ პრობლემები და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჯანსაღი განვითრება. „მყინვარის მუსიკა“ ამ პრობლემის მოკლე ნაბიჯებით შეცვლას ცდილობს.

ლილევანი: როგორც უკვე ავღნიშნე, ზოგადად უფრო ადვილია ცნობადობის ამაღლება იმ საკითხებზე, რომლებიც ადამიანებთან რაღაცით დაკავშირებულები არიან ემოციურ დონეზე - მაგალითად, ბევრად ადვილია დელფინების პრობლემებზე ვესაუბროთ ადამიანებს, ვიდრე კლიმატის ცვლილებებზე, ვინაიდან დელფინებთან უფრო ადვილად ვაკეთებთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, ვიდრე კლიმატთან (ანთროპომორფიზმის ჩვენთვის ცნობილი შედეგი). შესაბამისად ბგერითი ექსპერიმენტირება შეიძლება წარმატებული იყოს როდესაც მყინვარისა და მთის პრობლემებზე ვსაუბრობთ, ისევე როგორც სხვა არავიზუალური და არავერბალური მიდგომები.

მოკლედ თუ შეგიძლიათ რომ აუღწეროთ ჩვენს მკითხველსსაველე ჩანაწერების შექმნის პროცესი და რა განაპირობებსმათ საინტერესოობას თქვენთვის?

რობერტ ლიპოკი: პირველ რიგში ვცდილობ ლოკალური პირობები მიმოვიხილო - გრძელი ექსკურსიები მოვიწყო და ბუნებას ვუსმინო, რაც პირველადი დაკვირვებისას საინტერესოდ მოგვეჩვენება, ყველაფერი როდია ჩასაწერად გამოსადეგი. მიკროფონები ბგერებს თავიანთი ტექნიკური სპეციფიკაციების მეშვეობით იწერენ, რაც რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ადამიანის ყურია მიჩვეული. ხშირად ისეთი ხმაური ხვდება ჩანაწერში, რომელიც თქვენ სრულიად არ გაგიგონიათ. ეს რაღაცნაირად ხმებზე ნადირობას ჰგავს, „საველე ჩანაწერების“ შექმნას საკმაო დრო მიაქვს. ასევე მნიშვნელოვანია რომ ერთ ადგილზე უფრო დიდი დრო გაატაროთ და მოკლე ჩანაწერებით არ დაკმაყოფილდეთ. რაც უფრო გრძელია ჩაწერის დრო - უკეთესია. 20 წუთზე მეტი პერიოდის განმავლობაში აღიბეჭდება ხმების დროში განვითარება, ქარის ქროლვა თუ ამომავალი მზის გამო გახშირებული დნობა. რა თქმა უნდა ამისთვის დაგჭირდებათ კარგი მიკროფონები, რომლებსაც ამ პროცესის ბგერით ნაკადში გადათარგმნა შეეძლებათ.

„მყინვარის მუსიკისთვის“ წინა ექსპედიციის ჩანაწერები გამოვიყენე, რომელში მონაწილეობასაც მე არ ვიღებდი. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, ვინაიდან არ შემეძლო კონკრეტულ ადგილთან იდენტიფიკაცია და არც პერსონალური მოგონებები მაკავშირებდა ამ ხმებთან.

გქონდათ აქამდე ინტერესი ან შესაძლებლობა მყინვარებისხმების ჩასაწერად?

რობერტ ლიპოკი: რა თქმა უნდა - 2001 წელს, ვიზუალურმა ხელოვანმა, დოგ აიტკენმა მიმიწვია რათა მისი ვიდეო ნამუშევრის „New Ocean”-ის მუსიკალური გაფორმება შემექმნა, რომელიც ლონდონის სერპენტინის გალერეაში იყო ნაჩვენები. ასევე ვიმუშავე ვიდეოზე “Tryptichon” რომელიც ყინულისა და თოვლის საფარის კადრებს შეიცავს არქტიკიდან. 

ლილევანი: არა, თუმცა გასული 20 წლის განმავლობაში მქონია გამოცდილება რომ შემექმნა აბსტრაქტული ვიზუალური ნამუშევრები ორგანულ ფენომენზე, შესაბამისად „საველე ჩანაწერები“ არც თუ ისე შორს მდგარი დისციპლინაა შემთვის და ტუჯუკსუს ექსპედიცია ჩემი პირველი შესაძლებლობა იყო რომ მყინვარები ევროპის გარეთაც მომენახულებინა.

რა მოწყობილობები გამოიყენეთ აღშნიშნული პროექტისთვისდა როგორ განსხვავდებოდა მიდგომა თქვენი წინა საველეჩანაწერების გამოცდილებიდან?

რობერტ ლიპოკი: მე ვიყენებდი Sony PCM-D100 და Tascam DR-40 პორტაბელურ ჩამწერ მოწყობილობებს, ასევე გარე მიკროფონებს Microtech Gefell M930 ან Rode - NTG-3B. გერმანული კონტაქტური მიკროფონები გამოვიყენეთ ყინულისა და თოვლის საფარის ხმების ჩასაწერად.

რამდენად რთულია კავკასიის მთებში კარგი ადგილის ნახვასაველე ჩანაწერების გასაკეთებლად, განსაკუთრებით კი იმჩამწერი საშუალებებით რასაც პროცესში იყენებდით? უფროდეტალურად რომ მიმოვიხილოთ, როდის და სად გაკეთდაპროექტისთვის აღნიშნული ჩანაწერები?

რობერტ ლიპოკი: ეს სპონტანური და ძალიან სახალისო ფაზა იყო ჩვენს სამუშაო პროცესში, ვინაიდან აქამდე ამ ადგილების შესახებ არაფერი ვიცოდი. შესაბამიდ გრძელი ტერიტორიის მოვლა დამჭირდა და ასევე გამოვიყენეთ სამთო გიდების რჩევებიც, რომლებსაც ლოკალური ადგილების ცოდნა გააჩნდათ. ყველა ჩანაწერი ჩემს მიერ შესრულებული იქნა ყაზბეგის მთის მიდამოებში, 2019 წლის აპრილსა და სექტემბერში.

ფოტო: ანკა გუჯაბიძე

რამდენი განსხვავებული ხმაა ამ ჩანაწერების სერიაშითავმოყრილი? უკვე ჩაწერილ ხმებთან მოგიწიათ მუშაობა თუგამოიყენეთ დამატებითი ხმოვანი მასალაც?

რობერტი ლიპოკი: ამის თქმა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ჩანაწერები განსხვავებულია და მათთან ინდივიდუალურად მუშაობაა საჭირო. ვინაიდან ეს საკითხის არტისტულ ხედვას ეფუძნება და არ არის დოკუმენტური ნამუშევარი, ჩვენ ასევე ვიყენებთ სხვა ხმებსაც, მაგალითად ელექტრონულად გენერირებულ ტექსტურებს.

გეგმავთ თუ არა მომავალში ლაივ ღონისძიებების მოწყობასრომელიც მყინვარების ხმებთან დაკავშირებული ან მისითინსპირირებული იქნება?

ლილევანი: რა თქმა უნდა და თუ იმ ინტერესს დავუკვირდებით, რაც სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებმა გამოხატეს, ჩვენ აღნიშნული პროგრემის შესრულებას სხვადასხვა ადგილას, არც თუ ისე შორეულ მომავალში ვაპირებთ.

რობერტ ლიპოკი: „მყინვარების მუსიკის“ ფარგლებში ჩვენ კონცერტების მთელი სერია გავმართეთ და 2020 და 2021 წლის გეგმებიც უკვე მონიშნულია.

ფოტო: ანკა გუჯაბიძე

რამდენად მნიშვნელოვანია კულტურულად და მუსიკალურადლოკალური არტისტების ჩართულობა აღნიშნულ პროექტში?

ლილევანი: ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ბევრი სხვადასხვა მიზეზისდა გამო, დასაწყისიდანვე იყო ჩემი მუსიკალური ხედვა „მყინვარის მუსიკის“ პროექტისთვის ერთ-ერთი მათგანი კი არის ჩემი ერთგვარი ოცნება, რომ შევქმნათ და წარვადგინოთ ნამდვილად ახალი მუსიკა, იმ მუსიკოსების დახმარებით, რომლებსაც განსხვავებული გამოცდილებები, მიდგომები და ტრადიციები შემოაქვთ პროცესში.

ამასთანავე ჩემი ერთ-ერთი საფიქრალი ამ პერიოდის განმავლობაში შემდეგი პრობლემა იყო - ასე ვთქვათ „მსოფლიო მუსიკის“ (World Music)-ის მდგომარეობა ელექტრონული მუსიკის პოპულარობის ეპოქაში. ხშირად ეს ყველაფერი წინასწარ ადვილად გამოსაცნობ, „ტრადიციული მუსიკა ტექნო ბითის თანხლებით“ ან კიდევ „ტრადიციული ფლეიტების ხმებით გაჯერებული ტექნო მუსიკა“ მსგავსს კიტჩურ ფორმაში გვევლინება.

შესაბამისად ძალიან მადლობელი ვარ რობერ ლიპოკის, რომელიც მთავარი ღერძი იყო არტისტებს შორის საინტერესო თანამოქმედებებისა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ რომ შევძელით შევხვედროდით და გვემუშავა ისეთ ნიჭიერ ადამიანებთან, როგორიც ანუშკა ჩხეიძე და ეთო გელაშვილია საქართველოდან, ჰაიაკ კარაპეტიანი სომხეთიდან და ასტაკ უგული ბიშკეკიდან. ეს კონკრეტული მომენტისა და ადგილის მუსიკაა. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში კომპოზიციებისა და ხელოვნების ნამუშევრებზე მუშაობის შემდეგ, ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ამ მუსიკას უფრო ღრმა ემოციური გავლენა ექნება ადამიანებზე.

ჩვენს შორის დიალოგი იწყება პირველი ელ-ფოსტის მეშვეობით, გრძელდება სტუდიაში, რაც გვირგვინდება უკვე სცენაზე თანამშრომლობით. ყოველი გამოსვლა ახალ პერსპექტივას აჩენს - დეტალებსა და მომენტებს განსაკუთრებული მუსიკისთვის.

დამატებით კი მინდა ვთქვა: ჩვემთვის ძალიან მნიშნელოვანია რომ თითოეულ ქვეყანაში ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ასე რომ აუდიტორიაც ამოიცნობს ლოკალური ტრადიციებისა და სცენის ასპექტებს, იმის საპირისპიროდ რომ „ვიღაც არტისტები ევროპიდან კავკასიას ეწვივნენ“.

რობერტ ლიპოკი: ლოკალურ მუსიკოსებთან მუშაობა, მათი გამოცდილება, ასევე მუსიკალური ტრადიციის შეცნობა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვცდილობ აღნიშნული პროცესი ერთ დიდ სურათად წარმოვიდგინო. როგორც არტისტი, შენ ხშირად დამოკიდებული ხარ გამართლებაზე და ვფიქრობ ეთო გელაშვილთან, ანუშკა ჩხეიძესთან და ჰაიაკ კარაპეტიანთან მუშაობა სწორედ ამგვარი გამართლება იყო ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაშიც.

ანუშკა ჩხეიძე: 2 წლის წინ, კრეატიული განათლების სტუდიაში, რობერტ ლიპოკის ვორქშოფს ვესწრებოდი. რობერტმა დავალება მოგვცა - ილუსტრაციის მიხედვით დაგვეკრა ჯემი. ილუსტრირებული ქალაქის ნაწილებიდან ავირჩიე ადამიანები, იმ მომენტისთვის ჩემი ინსტრუმენტი პორტეპიანო იყო. აქედან გავიცანით ერთმანეთი და მომდევნო წელს „მყინვარის მუსიკის“ პროექტში ჩართვა შემომთავაზა. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა , თუმცა თანამოქმედებამ ცოტა შემაშინა, რადგან ადვილი არ არის გაიხსნა და სხვა მუსიკოსებთან ერთად დაუკრა, როცა მიჩვეული ხარ მარტო მუშაობას. თავიდან თავს ვერ ვავლენდი და რობერტი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ კომფორტულად გვეგრძნო ყველას თავი. სანამ თავად არ დავჯექი დასაკრავად, არაფერი მითხრა და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო - ამიტომაც ვიხსენებ.

„საველე ჩანაწერებს“ ხშირად ვიყენებ ჩემს მუსიკაშიც, მაგრამ დიდწილად ვცვლი ხოლმე ჩანაწერის ფორმას. ეს იყო განსხვავებული შემთხვევა, რადგან თავიდან, რობერტმა პროექტის პირველი ნაწილიდან მომასმენინა ნაწყვეტები, თავისი საველე ჩანაწერები და მივხვდი, რომ ფორმები უფრო უნდა შეგვენარჩუნებინა, მეტი სიცოცხლისთვის. მუშაობის დასაწყისში მეც შევაგროვე ჩემი ჩანაწერები , ყველამ ერთმანეთს მატერიალები გავუზიარეთ და თითქოს ბენდივით ჩამოვყალიბდით, სად რა ნაწილი გამოგვეყენებინა. დაკვრის დროს სწორედ ეს საველე ჩანაწერებიცვლის ჩემთვის მიმართულებებს, ნიშანივითაა.

პროექტის ყველა მონაწილე განსაკუთრებულია და ინდივიდუალური, დღემდე მიჭირს დაჯერება ასე ადვილად , როგორ ავეწყვეთ ერთმანეთს, ყოველთვის ასე არ გამოდის. გარდა იმისა, რომ მუსიკალურად მიყვარს ეს პროექტი და ვფიქრობ საოცარი იმპროვიზაციაა, მნიშვნელოვან იდეას მოიცავს და ეს ორმაგ თავდაჯერებულობას გმატებს მუშაობის დროს. ყველა კონცერტის დროს ჩვენ სიტყვებით და მუსიკით ვაცნობთ ხალხს ინფორმაციას მყინვართა დნობის პრობლემის შესახებ, შესაბამისად ინფორმაციაც ორმაგად საერთაშორისო ენაზეა გავრცელებული და პოულობს მსმენელს. მიხარია, რომ ამით ღირებული რამ კეთდება, მსმენელიდან კითხვები მოდის და პასუხი ამომწურავია ხოლმე.

„მყინვარის მუსიკის“ რიგით მეორე კომპაქტ დისკის გამოშვება, ასევე აუდიო/ვიზუალური ღონისძიებები 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

ფოტოები: ლილევანი

მსგავსი ბლოგები