KORDZ & DRO - Shish Kebab Requiem

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

1 თებერვალი, 2021

9 წუთის წასაკითხი

4 ნახვა

ყოველ თაობას საკუთარი მუსიკალური და პოპ კუმირი ჰყავს, ნაწილობრივ ეს შეიძლება გლობალური ინდუსტრიიის გავლენით ჩამოყალიბდეს, ნაწილიც კი ცალკე აღებულ ნებისმიერ მცირე ლოკალურ სცენას ახასიათებდეს. ამ უკანასკნელთა რიგებს მიეკუთვნება 90-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბებული ქართული ბენდი „სახეც“, რომელთა სიმღერებიც იმ პერიოდის თაობის იმედებსა და მისწრაფებებს აჟღერებდა.

დრო გადის, თაობები იცვლება, იცვლება მუსიკალური ინდუსტრიაც, თუმცა უცვლელი რჩება ის ჯაჭვი და ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სცენაზე ახალი პოპ ფენომენის დაბადების დრო დგება.

შეიძლება ამაზე საუბარი ჯერ ადრეა (თავადაც ასე მიიჩნევენ), თუმცა სწორედ მსგავსს პოტენციალს ვხედავ ალექსანდრე კორძაიას და სანდრო ფოფხაძის დუეტში - Kordz & DRO. მათი თანამშრომლობა მუსიკალურად რამდენიმე წლის წინ, „LTFR”-ის ლეიბლზე, „Sakamoto”-თი დაიწყო, რამაც 2018 წლის მთავარ საზაფხულო ჰიტში, „Coca Cola“-ში ნახა გაგრძელება. ირონიით სავსე პროექტი, ხმოვანების გარდა, ნამდვილად ატარებს იმ სხვა სიმბოლოებს, კომუნიკაციის ენას და ესთეტიკას, რომელიც ახალი თაობისთვის ყველაზე ახლოსაა - მსმენელისთვის მთავარი კი მუსიკასთან საკუთარი იდენტობის გადაჯაჭვაა, აქ სიყალბეს ადვილად არავინ გაატარებს.

„Shish Kebab Requiem“ - აღნიშნული დუეტის პირველი ოფიციალური EP-ია, რომელიც 6 კომპოზიციას აერთიანებს.

„ამ პროექტზე მზადება დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დავიწყეთ და საკმაოდ გაგვეწელა დასასრულთან მისვლა. მუსიკას ვწერდი ჩემთვის და შემდეგ სანდროს ვუგზავნიდი, მისი კომენტარების მიხედვით ვასწორებდი და ასე ვითარდებოდა პროცესი გარკვეული პერიოდის განამავლობაში. თითქმის ყველა ტრეკს ის აერთიანებს ,რომ ერთ ადგილზე დაიწყო და შემდეგ სრულიად სხვა მხრივ იპოვა განვითარება“

- იხსენებს Kordz.

„ჰიპ-ჰოპის გარდა ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ რამეს ვუსმენთ, ეს იქნება კლასიკური მუსიკა, Trap თუ პოპი - ეს ალბომიც სწორედ ამის გამოძახილია და იგრძნობა სხვადასხვა ტიპის მუსიკის შეზავება“

– ალბომის მუსიკალურ ფონზე გვიყვება DRO.

და მაინც, რატომ Shish Kebab? რატომ არა უბრალოდ „მწვადი“? - თუმცა კი, როგორც აღმოჩნდა, მუსიკოსებს აქცენტი ამ შემთხვევაში თბილისური კვების ინდუსტიის #1 ჰიტზე, შაურმაზე ჰქონდათ.

„მე და ალექსანდრე კომუნიკაციის დროს ყოველთვის გარკვეულ სლენგს ვიყენებთ, „საკამოტოს“ დროს ეს იყო Slash”, რომელიც უკვე ვფიქრობთ რომ მოძველდა და ასე დაიბადა Shish“, რომელიც თავდაპირველად უბრალოდ Ad-Lib-ის სახით დაიწყო, შემდეგ კი აღმოვაჩინეთ, რომ თურმე Kebab-თანაც შეგვეძლო მისი დაკავშირება“

- ალბომის სახელის წარმომავლობაზე ირონიით იხსენებს DRO

სწორედ „Shish Kebab“-ზე ოდით იწყება ალბომის პირველი კომპოზიცია, „დიდი გოგოები“, რომელმაც ჩემს გონებაში, თავიდანვე The Smith-ის Some Girls Are Bigger Than Others“-თან მოახდინა პარალელის გავლება - როგორც ჩანს, ფიზიკურ მახასიათებლებზე ასოციაცია მსმენელის ფანტაზიის შედეგია.

„საბოლოოდ ეს კომპოზიცია იმაზეა, რომ ყველა გოგო დიდი, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია”

- DRO

სიმღერა თრეფ ბიტით იწყება და მეორე ნახევარში მელოდიურ აღმასვლას განიცდის, რომელსაც წარმოშობით ქართველი, რუსეთში მოღვაწე კომპოზიტორის, ალექსანდრე ბოროდინის თემა გასდევს პრინცი იგორიდან“.

„ბოროდინის შესახებ შემთხვევით გავიგე და აღმოვაჩინე მისი მუსიკა, გარკვეულ წლებში ბროდვეის მუსიკაზე ჰქონდა გავლენა, შემდეგ კი ლაღიძეში, ყანჩელისა და ცინცაძის მუსიკაშიც იგრძნობა მისი ფონი - მეც დიდხანს დამყვებოდა და ვფიქრობდი მის გამოყენებას“

– Kordz

მეორე კომპოზიცია, „Skeet“, ექვსეულიდან ყველაზე ნაკლებადაა მელოდიური, თუმცა ამ დანაკლისს თავად DRO-ს ვოკალი და მუსიკალური დინება ავსებს.

„ხშირია ჩვენს მუსიკაში არასტანდარტული მუსიკალური სტრუქტურა, აქაც გამოვიყენეთ ტრეპ მუსიკისთვის დამახასიათებელი Auto-tune-ის ეფექტი და DRO-ს ვოკალის მანიპულაციითა და თამაშით ვეცადეთ მისი აგება“

– Kordz

„Skeet-ში თბილისის სხვადასხვა უბნისთვის და ბაზრობისთვის დამახასიათებელი ფრაზები გამოვიყენე, ესეც Coca-Cola-დან დაწყებული ფორმის გაგრძელებაა“

- DRO

ნუ მეკამათება რა ბიძიაა, ეგ საათები Именна Fake-ია”

მესამე კომპოზიციას კი, ვფიქრობ, არაფერი ემუქრება, გაჰიტების გარდა. Skateboard DRO”-ში სანდროს მუსიკალურ (და არამარტო) ინსპირაციას ეძღვნება - ფარელ უილიამსს, რომელიც, ასევე სკეიტბორდზეა შეყვარებული, Skateboard P-ის ფსევდონიმით იცნობენ. ფიქრის შემდეგ მივხვდი რომ, კორძისა და DRO-ს დუეტი, სწორედ N.E.R.D-ის (ფარელ უილიამსი და ჩად ჰუგო) განვლილ გზას მაგონებს. აღნიშნული კომპოზიცია ძველი სკოლის, 90-იანების ჯაზ ჰიპ-ჰოპის ტრადიციიდანაა და დუეტს სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული სტეფანეს მგრძნებარე ჰუკი ემატება.

„პოპ მუსიკასთან მუშაობის დიდი გამოცდილება არ მქონია, სტეფანესთან კი ის მომწონს, რომ ხშირად საერთოდ არ აქცევს ყურადღებას სიტყვებს, შეიძლება უბრალოდ მუსიკის რაღაც ნიმუში მოისმინოს და მთლიანად წამღერებაზე ააგოს საკუთარი ტექსტი“

- Kordz

„ვინაიდან მუსიკით ჩვენს სამყაროს ვაზიარებთ, სულ ვფიქრობ, რამდენად სწორი იქნებოდა აღნიშნული ალბომის დადება ამ ყველასთვის ცუდ პერიოდში - ჰიპ-ჰოპის საწყისიც ხომ ყოველდღიური ბრძოლის და სირთულეების შესახებ თხრობაა, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ინტერნეტი თუ ტელევიზია ისედაც სავსეა ნეგატიური ინფორმაციით. ამიტომაც მიმაჩნია, რომ გარკვეული კომპოზიციები ან ალბომები უნდა არსებობდეს, რომელთა დახმარებითაც ამ ინფორმაციულ ველს ცოტა ხნით გამოეთიშები და გაერთობი - რაც ყველას ასე გვაკლია“

- DRO

კომპოზიციაში, რომელიც ალბომის დასახელებას იმეორებს, ჯონ უილიამსის „შინდლერის სიის“ საუნდტრეკის ვიოლიონოს პარტია ფორტეპიანოზე ინაცვლებს. აქ DRO თბილისის ქუჩის ცხოვრებაზე, სულიერ თერაპიასა და ამ თერაპიის ძირითად მომოძრავებელ ენერგიაზე - „Shish Kebab“-ზე გვიყვება - თუმცა ყველა თერაპიას გვერდითი ეფექტი შეიძლება ახლდეს და გამონაკლისი არც „შაურმა“-ზე რეფლექსია გამოდგა.

„გზაში ვარ“ - კიდევ ერთი სრულიად განსხვავებული ხასიათის ტრეკია. შედარებით მძიმე მუსიკალური ფონისთვის ისევ აქტიურადაა გამოყენებული სემპლინგი და სიტყვათა თამაში.

„ზოგადად ამ ალბომში, რაღაც ფრაზებია, რომლებსაც ცხოვრებისეულ სიტუაციებში ხშირად ვიყენებ და უკვე ამ ტრეკებთან მოდის ასოციაცია - მაგალითად, დღეში 20-ჯერ ვამბობ „გზაში ვარ“ და ასე გაჩნდა ეს ტრეკის იდეაც“

– DRO

ირონია რომ ამ დუეტის განუყოფელი ნაწილია, ეს უკვე ვახსენეთ, თუმცა ვინ იტყვის ამ ირონიაშიც რამხელა სიბრძნე გამოერევა ხოლმე. სწორედ მსგავსი პერსპექტივით მთავრდება 20 წუთიანი მოგზაურობა Kordz-ისა და DRO-ს სამყაროში. „Success“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თანამედროვე მომხმარებლური საზოგადოების მიერ დაწესებულ ნიშნულებსა და პირობებს, ცხოვრების მიზნების წინასწარ გაწერილ ფორმულასა და ამ ფორმულის ჭეშმარიტებასთან გათანაბრებას - ამ სიმღერამ თავისმხრივ კომიკოსს, დეივ შაპელის მიდგომა გამახსენა, რომელიც ცხოვრებისეული დაკვირვების აღსაღნიშნად, იუმორსა და ირონიას ინსტრუმენტად იყენებს.

„ვფიქრობ, ყველაზე უბედური ხარ, როდესაც გარედან მოხვეულ „წარმატების ფორმულებს“ მისდევ და ასე ცდილობ გზის გაკვლევას - მთავარია აკეთო ის რაც მოგწონს და იცხოვრო შენი ცხოვრებით“

– DRO

„Shish Kebab Requiem“ 1 თებერვლიდან მსმენელისთვის, სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი.

მსგავსი ბლოგები