კოკა ნიკოლაძის უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტები

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

27 აპრილი, 2021

13 წუთის წასაკითხი

12 ნახვა

კოკა ნიკოლაძე იდეებით შეპყრობილი ადამიანია. მისი სახელი ბოლო 5 წლის განმავლობაში აქტიურად მესმოდა და ყოველთვის განსხვავებულ აქტივობებთან მიმართებაში - საბოლოოდ კი ყველაფერი მაინც მუსიკის ირგვლივ იკვრებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა, ბოლო დეკადაში მისმა ცხოვრებამ და პროფესიულმა საქმიანობამ მრავალმხრივი ტრანსფორმაცია განიცადა.

პროფესიით მევიოლინემ მოზარდობის ასაკიდან გამოსვლის პერიოდში აღმოაჩინა, რომ უკვე დაწესებულ ცხოვრებისეულ ჩარჩოებზე უარის თქმა და სხვა, განსხვავებული გზების ძიება, მისთვის გაუკვალავ და ბუნდოვან, თუმცა ამავე დროს საინტერესო გამოცდილებებით სავსე მომავალს ქარგავდა. ასე გადაერთო მისი მოღავაწეობა მუსიკალურ კომპოზიციაზე, რა დროსაც რამდენიმე საოპერო ნამუშევარიც შექმნა, ამას მოჰყვა კოკას დაინტერესება კომპიუტერული მუსიკით.

როდესაც მიხვდა, რომ უკვე არსებული ინსტრუმენტები მისი ჟღერადობით დაინტერესებას საზღვრებს უწესებდა, საკუთარი ინსტრუმენტის შექმნის იდეა გაუჩნდა - არა მხოლოდ გაუჩნდა, არამედ რეალურად განახორციელა და უკვე საკმაოდ ბევრიც.

მისი უახლესი ინსტრუმენტის, Pocket Beatbox-ის იდეა პანდემიის დასაწყისისას, ოსლოში გაჩნდა. ჯიბის სემპლერზე მუშაობის პროცესმა რამდენიმე თვე და გათენებული ღამეები მოიცვა. მიუხედავად იმისა რომ თავდაპირველი პროტოტიპის შექმნას მხოლოდ 2 დღე დასჭირდა, საბოლოო ეტაპამდე მისასვლელი გზა ჯერ ისევ შორი იყო. დღეს Pocket Beatbox ფართო მუსიკალური საზოგადოების წინაშეა და მისი წინასწარი რეზერვაციაც უკვე შესაძლებელია. კოკას მისი პროფესიული ტრანსფორმაციის შესახებ და Pocket Beatbox-ის სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

კოკა, საკმაოდ კონსერვატორიული მუსიკალური წარსულიდან მოდიხარ, როგორი იყო გზა ვიოლინოდან კომპიუტერულ მუსიკამდე?

განცდა მაქვს, რომ უკვე რამდენიმე ეპოქაში მოვასწარი ცხოვრება. 90-იანების თბილისში გავიზარდე. ჩემი ბავშვობის და თინეიჯერობის წლები მკაფიოდ აღარ მახსოვს, ისე შორს დარჩა, რომ აღარ იკითხება.

© Colección SOLO

მახსოვს, როგორ გავიღვიძე ერთ დღეს, თვრამეტი წლის რომ გავხდი, და როგორ დამეცა თავზარი. აღმოვაჩინე, რომ მთელი ცხოვრება ვიოლინოზე ვუკრავდი და მალე უმაღლესს დავამთავრებდი. თითქოს მხოლოდ ერთი რამ შემეძლო - ვიოლინოზე დაკვრა. ამ დიადი მიზნის სანაცვლოდ, იმდროინდელმა განათლების სისტემამ გამომართვა ბევრი რამ. მიჭირდა ასის ფარგლებში გამრავლება, მიჭირდა კრიტიკულად აზროვნება. არაფერი მესმოდა მეცნიერების და ფილოსოფიის. ისიც კი ვერ შევძელი, საკუთარი თავისთვის წესიერად ამეხსნა ხელოვნების მნიშვნელობა.

ჰოდა თაბახის ფურცელზე დავწერე ამ ჩიხიდან თავის დაღწევის გენ-გეგმა და ორ წელიწადში შევცვალე ყველაფერი, რაშიც დედაჩემი და ჩემი მეუღლე - მარიამი დამეხმარნენ. ვიოლინოსკენ აღარ გამიხედია.

„ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, ყოველ დღე, მთელი დღე, რაღაც ახალს, და ასე ვაპირებ სულ."

პირველად როდის მიხვდი, რომ გარდა იმისა რომ კონკრეტულ ინსტრუმენტს ფლობ და კომპოზიტორიც ხარ, დამატებით სხვა რამის გაკეთებაც შეგეძლო/სურვილი გქონდა მუსიკის ირგვლივ?

ბავშვობაში ოჯახის წევრები fანტაზёრს მეძახდნენ. ეს ერთგვარი პრობლემაც იყო, ხშირად იშლებოდა ზღვარი ნამდვილ და წარმოსახულ რეალობებს შორის. თან პირს ვერ ვაჩერებდი და Daydreaming-ს მუდამ თან ახლდა ცნობიერების უწყვეტი ნაკადი. იდეები, იდეები, იდეები. იმ მდგომარეობას ოცი წლის ასაკში დავუბრუნდი, ოღონდ გადავწყვიტე იდეების საკუთარი ძალებით განხორციელება მესწავლა.

არაფერი არ შეცვლილა, ისევ fანტაზёრი ვარ, ოღონდ თან ბევრს ვმუშაობ, რომ თუნდაც სპონტანური იდეები ამ სამგანზომილებიან სამყაროში გადმოვთარგმნო და დავტესტო.

უკვე 1 წელია აქტიურობ Youtube-ის გვერდზე - რა იყო აღნიშნული არხის შექმნის მოტივაცია და რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე მუსიკოსისთვის, თავად აიღოს ინიციატივა და იაქტიუროს მსგავსს პლატფორმებზე?

ყოველდღიურად, Spotify-ზე 60 000 ახალი ტრეკი იტვირთება. თუ სიმწრით გაკეთებულ ტრეკს ატვირთავ, ერთ-ერთი იქნება სამოციათასში. დაიკარგები. ან თხუთმეტ წუთს იცოცხლებ. ვორჰოლი მართალი იყო, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩემი აზრით შემოქმედებითი პროფესიის ადამიანმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს თავის პლატფორმაზე, სადაც მიმდევრებს მოუყრის თავს. მე დამაგვიანდა, გაცილებით ადრე უნდა დამეწყო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. კიდევ ათეულობით წელი ვაპირებ მუშაობას და აქედან ათ წელიწადში, ორმოცი წლის რომ ვიქნები, ჩემი იუთუბის არხი ჩემი მედიაპლატფორმა იქნება. მაყურებელთან პირდაპირ შევძლებ ურთიერთობას, შუამავლების გარეშე.

შემოდგომაზე ვიდეოების სერია გამოაქვეყნე, სადაც შენი ვიდეო სემპლერის დახმარებით ცდილობ კომპოზიციის აწყობას? რა იდეა დგას ამ ვიდეო სემპლერის უკან და როდიდან დაიწყე მისი გაკეთება?

ყოველთვის მინდოდა და არც ერთი კომერციული სემპლერი არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი, მომიწია გაკეთება. დიდი ხანია გატაცებული ვარ სემპლინგით. ხშირად ვაწყდები საოცარი ჟღერადობის ნივთებს. ზოგს ისეთი ხმა აქვს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენ. სულ მინდოდა, რომ ვიზუალის დასემპვლაც და დაკვრაც შემძლებოდა. ჩემი ვიდეოსემპლერი საშუალებას მაძლევს დავუკრა Full-HD ვიდეო ფაილები პროექტორზე, საუნდის პარალელურად. ახლა საუნდების პარალელურად მოკლე ვიდეოებსაც ვაგროვებ.

რისი ცოდნა არის საჭირო, რომ უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტი შექმნა და რამდენადაა აღნიშნული პრაქტიკა თუნდაც დასავლეთის ქვეყნებში გავრცელებული?

ყველა ინსტრუმენტი ერთ დროს უნიკალური იყო. გააჩნია. ახალ ინსტრუმენტამდე ბევრი სხვადასხვა, გაკვალული თუ გაუკვალავი ბილიკით შეიძლება მისვლა. მე გაუკვალავი ბილიკები მიყვარს.

ყველაფერი იწყება სურვილით, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნივთი გავასულიერო. მუსიკალური იდენტობა ვშთაბერო. ტექნიკური თვალსაზრისით ელექტრო-მექანიკური ინსტრუმენტების შესაქმნელად, სხვადასხვა შეფარდებით, სასურველია გქონდეს საშემსრულებლო გამოცდილება, საკომპოზიტორო გამოცდილება, გესმოდეს აკუსტიკა, იცოდე პროგრამირება, სინთეზი, მექანიკური და ელექტრონული ინჟინერია, მატერიალების მეცნიერება ა.შ., მაგრამ მთავარი - იდეები და მოტივაცია საიდან მოდის, ეგ არ ვიცი.

© Colección SOLO

Pocket Beatbox შენი უახლოესი გამოგონებაა -სხვა მოწყობილობებისგან განსხვავებით, რომლებიც ერთეული ეგზემპლარების სახით არსებობენ - Pocket Beatbox-ის მასიურ წარმოების სურვილი თუ გაქვს? თუ კი, რა ეტაპზე ხარ ამ მიმართლებით?

ჯიბის ბითბოქსი წელიწადნახევრის წინ დავხატე მაგიდაზე. შოუსთვის ვემზადებოდი და საჭირო სინთეზატორები რომ დავალაგე, მომრჩა ადგილი, ათი კვადრატული სანტიმეტრი. ძალიან მინდოდა რამე პატარა დასარტყამი მოდულის ჩადგმა, რომ ადგილი შემევსო. ვერაფრით მოვძებნე ასეთი პატარა მოდული, იმ ფუნქციებით, რაც მჭირდებოდა, ჰოდა იმ შაბათ-კვირას ჩავიკეტე სახელოსნოში და გავაკეთე მუშა პროტოტიპი.

ჩემს მეგობრებს ისე მოეწონათ, რომ გადავწყვიტე გამეგრძელებინა ბითბოქსზე მუშაობა. წინასწარი დათვლით, სადღაც ასორმოცდაათი ათასი ევრო მჭირდებოდა მისი კომერციალიზაციისთვის. თავისუფალი თანხა არ მქონდა. იმ პერიოდში აფეთქდა პანდემია და დაიწყო ლოქდაუნები, ამიტომ გადავწყვიტე ჩამედო საკუთარი დრო და ზედმიწევნით მესწავლა ყველაფერი, რაც მისი კომერციული ვერსიის შექმნას ჭირდებოდა. თვეების განმავლობაში, თან ვსწავლობდი, თან ვაკეთებდი, დღე და ღამე. ახლა ბითბოქსი ცოცხალია, ყავს ასეულობით შემკვეთი, ბევრის აზრით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯიბის ზომის სემპლერია. დღეის მდგომარეობით ბითბოქსს კონკურენტი არ ყავს.

როგორია იდეიდან პროდუქტის სრულყოფამდე გზა? - რა პროფესიის ადამიანების დახმარება გჭირდება და რისი სწავლა მოგიწია თუნდაც შენ?

მაგალითად, ბითბოქსის სრულფასოვანი პროტოტიპი ორ დღეში გავაკეთე, ხოლო საწარმოო ვერსიის შესაქმნელად წელიწადნახევარი დამჭირდა. დიდ კომპანიებს აქვთ იმის ფუფუნება, რომ ერთ დიზაინზე ბევრი ვიწრო სპეციალობის ექსპერტი ამუშაონ, მაგრამ მათი დანახარჯი ძალიან დიდია. მათ შეუძლიათ გარისკონ და ახალი პროდუქტის განვითარებაში მილიონი ჩადონ, მაგრამ ასეთი პროცესები ბევრი მინახავს და ვიცი როგორ იოლად შეიძლება გაიფლანგოს ინვესტორის ფული სამუშაო პროცესში.

ბითბოქსზე მუშაობისას, არაერთი შემოთავაზება მქონდა მდიდარი მეგობრებისგან. მთავაზობდნენ ჩემთვის წარმოუდგენლად დიდ ინვესტიციებს კომპანიის წილების სანაცვლოდ, ექსპერტების დაქირავებას, საქმის თავიდანვე განაწილებას, მაგრამ ყველა ასეთ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. ექსპერიმენტი ჩავატარე. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მე თითონ შემეძლო. საქმის ოთხმოცი პროცენტი მე თითონ შევასრულე და დანარჩენი ოცი - სხვადასხვა შემოქმედებით პროექტებში აღებული ჰონორარით დავაფინანსე.

© Colección SOLO

ახლა ათასჯერ უფრო თავდაჯერებული ვარ და მგონია, რომ საქმის არსი უკეთესად მესმის. ყველა კუთხიდან, მათ შორის ინჟინერის კუთხიდანაც შევისწავლე ტექნოლოგიური სტარტაპის პროცესი და მგონია, რომ მეტი შანსი მაქვს გავხდე უკეთესი ლიდერი, როცა გუნდი მეყოლება.

ხშირად არის მუსიკალურ წრეებში, რომ თავიანთ შემოქმედებას „პროდუქტს“ ნაკლებად უწოდებენ - შენთვის, რომლისთვისაც აღნიშნული პროექტმა როგორც ბიზნესმა, ისე უნდა იმუშაოს, რამდენად ადვილი აღმოჩნდა აღნიშნულ სტერეოტიპზე თავის დაღწევა?

სულ რამდენიმე წლის წინ ჩემთვის სიტყვა პროდუქტი ყოველდღიურობასთან ასოცირდებოდა. მე კი მინდოდა ,ჩემ შემოქმედებას ყოველდღიურობაზე მაღლა ეფარფატა. მოკლედ - ერთი გულუბრყვილო ელიტისტი ახალგაზრდა ვიყავი. მაგანაც გამიარა, პროდუქტია, აბა რა?! თუ იყიდება - პროდუქტია. ჩემს საქმეს გულწრფელი გატაცებით ვაკეთებ, ჩემთვის ესაა მთავარი, მაგრამ ძალიან მიხარია, როცა ჩემი შემოქმედება იყიდება. ხუთნიშნა ჰონორარები მიყვარს ძალიან, ექვსნიშნა ჯერ არ მიმიღია, მაგრამ დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გამეხარდება.

საკუთარი პროდუქტის მარკეტინგზე უკვე თავადაც აქტიურად ზრუნავ, თან ისე, რომ ძალიან კარგ შედეგს თითქმის ნულოვანი დანახარჯით აღწევ - რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს ეფექტური კომუნიკაციის უნარი პოტენციურ მომხმარებლებთან?

ამ თემაზე ბევრი არ მიფიქრია. უკეთესად მაქვს შესასწავლი. მომხმარებელთან ურთიერთობის საკითხს მარტივად ვუყურებ - თუ რამე განსაკუთრებულს სიყვარულით შექმნი, რაც ადამიანებს ნამდვილ პრობლემას მოუგვარებს, ცხოვრებას გაუუმჯობესებს, შთააგონებს, მოკლედ, თუ შექმნი ნამდვილ ღირებულებას, მომხმარებელი თითონ მოვა შენთან. მერე ყველას, რაც შეიძლება მალე უნდა გასცე გულწრფელი და ზრდილობიანი პასუხი. ზედმიწევნით ყველას უნდა შეუსრულო ის, რასაც დაპირდი. მე საკუთარ კომპანიაში საკუთარი მომხმარებლების ადვოკატი ვარ. მომხმარებელს უნდა დახვდე, როგორც ოჯახის საყვარელ წევრს, რადგან მომხმარებელს შეუძლია დაგაჯილდოვოს ფულით, რომლითაც შენ გააგრძელებ საყვარელი საქმის ბედნიერად კეთებას.

რამდენად ხელს გიწყობს მსგავსი იდეების განხორციელებაში ის გარემო, სადაც იმყოფები (ოსლო) და როგორ ფიქრობ, საქართველოში ყოფნის შემთხვევაში დამატებით რა სირთულეებს გადააწყდებოდი? შესაძლებელი იყო საქართველოდან იგივე შედეგის დადება?

სურვილის შემთხვევაში, მსგავს პროექტებს განვახორვიელებ ყველგან, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ, რთულად ჩნდება მსგავსი სურვილები. ეს ყოველდღიური კულტურის შედეგია. სამწუხაროდ საქართველო ძალიან ნელა პროგრესირებს ტექნოლოგიური საზოგადოებისკენ. იმედია მომავალში აჩქარდება.

სანამ კომპანიის დაფუძნებას ნორვეგიაში გადავწყვეტდი, გამოვიკვლიე შესაძლებლობები საქართველოშიც. სამწუხაროდ, ყველა დეტალის გათვალისწინებით, გარკვეული ტიპის ტექნოლოგიური სტარტაპები, ნორვეგიაში უფრო იაფი ჯდება, ვიდრე საქართველოში. არ ვაზოგადებ, მხოლოდ საკუთარ ქეისზე ვსაუბრობ, გამიჭირდა კვალიფიციური კადრების მოძებნა სახელოსნოსთვის. განათლების სისტემა კატასტროფულ მდგომარეობაშია და გულწრფელად მიკვირს, რომ ეს არაა ყოველდღიური მთავარი თემა.

© Colección SOLO

რა არის Pocket Beatbox-ის სამომავლო გეგმები და როგორ ფიქრობ, როდიდან შეეძლებათ უკვე პოტენციურ მომხმარებლებს მისი შესყიდვა?

დიდი იმედი მაქვს, რომ 2022 წლის სექტემბერში ასობით ადამიანს ექნება თავის ბითბოქსი. ამის გარდა მაგიდაზე სამი ახალი პროდუქტის პროტოტიპი მიდევს, რომელთა ბაზარიც გაცილებით დიდია. ვნახოთ, რა იქნება.

Pocket Beatbox-ის წინასწარი რეზერვაცია შეგიძლიათ ბმულზე.

მსგავსი ბლოგები