კლასიკური მუსიკა და ბავშვები
ავტორი: თამარ კვაჭაძე >>
13 აგვისტო, 2020 >>
11 წუთის წასაკითხი >>
2 ნახვა
როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კლასიკური მუსიკა?!უამრავი სტატია ვნახე ინტერნეტში ამ თემაზე (იქვე იყო სტატიები, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვებსს ბროკოლი). ბევრი ხერხი წავიკითხე „როგორ“, მაგრამ არსად არ ეწერა „რისთვის“.
რატომ უ ნ დ ა უყვარდეს კლასიკური მუსიკა ბავშვს? (ბროკოლის შემთხვევაში გასაგებია - ის სავსეა ვიტამინებით. ისე გაირკვა, რომ ბროკოლიში მავნე ნივთიერებაც არის, ასე რომ გული ნუ დაგწყდებათ, თუ ბავშვი უარს ამბობს ამ ბოსტნეულზე).
სიყვარული რომ „ვერ იქნება ძალადა,“ ეს ხომ ყველამ ვიცით. და მაინც, მშობლები ა ყ ვ ა რ ე ბ ე ნ ბავშვებს კლასიკურ ლიტერატურას, კლასიკურ მუსიკას, კლასიკურ მხატვრობას, კლასიკურ კინოს - ყველაფერს კლასიკურს . თითქოს, ეს იმის გარანტიაა, რომ ბავშვს კარგი გემოვნება ჩამოუყალიბდება, რაც ძალიან საეჭვოა, რადგან საერთოდ არ მესმის როგორ შეიძლება გემოვნება იყოს კარგი ან ცუდი. თვითონ სიტყვაში დევს ისეთი ორი ფუძე - გემო და ვნება, რომ ეს მცნება თავიდან ბოლომდე სუბიექტურ შეგრძნებებზეა აგებული.
კიდევ ერთხელ მივედი იმ დასკვნამდე, რომ კლასიკას ბავშვს ძალით ვერ შეაყვარებ. მერე გამახსენდა, რომ ეს ბოლო 10 დღეა მე და ჩემმა 8 წლის შვილმა ილიკომ დავიწყეთ ასეთი პროექტი (ეხლა ხომ ყველაფერს პროექტი ჰქვია): ყოველ დღე ვუსმენთ კლასიკურ ნაწარმოებს. მხოლოდ იმისთვის, რომ მეტ ახალ მუსიკას მოვუსმინოთ, სხვა მიზანი არ გვაქვს. არანაირი დაძალება, არანაირი წესები. უბრალდო შევთანხმდით, რომ ნაწარმოები 12-15 წუთიანი მაინც უნდა იყოს. პირველი 3-4 წუთი გრძელდება უამრავი შეკითხვის დასმა კომპოზიტორზე, შემსრულებელზე, ინსტრუმენტებზე... შემდეგი 2 წუთი სჭირდება სრულ კონცენტრაციას და დარჩენილი დრო უკვე სრულად მუსიკას ეთმობა. 15 წუთზე მეტი კი ამ ასაკში რთულია ერთ საქმეს დაუთმო, მითუმეტეს კლასიკას. ეს შეგიძლიათ ჩემს პირველ რჩევად (დაკვირვებად) ჩათვალოთ.
მეორე რჩევა იქნება, რომ ჩართოთ ვიდეო ჩანაწერი და არა აუდიო - ცოცხალი შესრულების ყურება და მოსმენა უფრო საინტერესოა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ორკესტრის შემთხვევაში. იქ ბავშვი ბევრ ინსტრუმენტს ხედავს, დირიჟორის მოძრაობებიც შეიძლება გაიმეოროს, სოლისტის თითების მოძრაობას დააკვირდეს კლავიატურაზე და თუ პიანისტი, მაგალითად, რიმსკი-კორსაკოვის „კელას გაფრენას“ უკრავს, ბავშვს ის სუპერ-გმირად მოეჩვენება. ჩვენი მიზანი ხომ ბავშვის ყურადღების მიპყრობაა, მისი დაინტერესება და რაიმე დასამახსოვრებელის ჩვენება ხარისხიანი მუსიკის ფონზე, კლასიკა იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება და სტილი. ჩვენი მიზანი ხომ არ არის ბავშვს შ ე ვ ა ყ ვ ა რ ო თ კლასიკური მუსიკა.
ილიკო დამთანხმდა სხვა ბავშვებისთვის შეედგინა კლასიკური მუსიკის ფლეილისტი. შემდეგში ჰიპ-ჰოპს მოვასმენინებო, ასე შემოგითვალათ მკითხველებს.
1.ერთხელ, ვიოლინოზე ვუკრავდი ჩემთვის სახლში. დიდი ხანია აღარ ვარ მევიოლინე, მაგრამ დრო და დრო ვმეცადინეობ. ილიკომ მომიტანა თავის დაწერილი ნოტები და მთხოვა, რაც დაწერა, ვიოლინოზე დამეკრა. მეც დავიდე ნოტები წინ და ვივალდის სავიოლინო კონცერტის (ლა მინორი, RV 356) პირველი ნაწილის დაკვრა დავიწყე. ორი ფრაზის შემდეგ გაოცებულმა ილიკომ მითხრა:
- ეს რა კარგად დამიწერიაო!
ილიკო სიხარულიძე, „ვივალდის კონცერტი“
ამის შემდეგ ძალიან უყვარს ამ კონცერტის პირველი ნაწილი, რომელსაც ასე ტანჯავენ მუსიკალურ სკოლებში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ის ტექნიკურად მარტივად ითვლება მე-4-5 კლასელებისათვის, სუფთად შესრულებას იშვიათად თუ ახერხებს ვინმე.
2. ჩვენი ახალი „პროექტი“ კი ძალიან ბანალურად, ბახის ნაწარმოებით დაიწყო. ვფიქრობდი საფორტეპიანო მუსიკით დაგვეწყო ჩვენი მარათონი და იუთუბზე ვეძებდი რაიმე კარგ ვიდეოს. ილიკომ უცებ ჩემი საყვარელი გლენ გულდი იცნო და თვითონ აარჩია ვიდეო. აღმოჩნდა ბახის კონცერტი #5, ფა მინორი, BWV 1056. ორიგინალში კლავესინისთვის. მართლა ძალიან გამიკვირდა, როდესაც ილიკომ თავიდან ბოლომდე მოუსმინა ამ კონცერტს. თუმცა, ეს რთული არც იყო - სამივე ნაწილი სულ 10 წუთი გრძელდება. ყველაზე მეტად პირველი ნაწილი მოეწონა. როგორც თვითონ თქვა „ორკესტრში, რომ რაღაცეები ხდება და ამ დროს ფორტეპიანოზე სულ სხვა რაღაც რომ ხდება ის მომწონსო“.
გლენ გულდზე კი ჯერ კიდევ 5 წლის რომ იყო მაშინ მითხრა: „ეს ძალიან კარგი მუზიკანტი არისო!“ (არ ვიცი „მუზიკანტი“ საიდან მოიტანა).
3. ამ მუსიკაზე ილიკომ თქვა ძალიან „სტარვორსული“ არისო (Star Wars). მთელი სცენა დადგა, როგორ ემზადებიან საბრძოლველად იმპერიის “ტრუპერები” და ჯედაები. ბალეტიდან ნაწყვეტი რომ ჩავრთე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, ასე რომ უბრალოდ საორკესტრო შესრულებას გირჩევთ: პროკოფიევის „რაინდების ცეკვა“ ბალეტიდან „რომეო და ჯულიეტა“. აქვე შექსპირზეც მოგიწევთ ორიოდე სიტყვის თქმა, მოკლედ, ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ.
4. ილიკოს, როგორც ფეხბურთის მოყვარულს ძალიან გაეხარდა და გაუკვირდა ჰენდელის მუსიკაში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი რომ ამოიცნო. რომც არ იყოს ბავშვი ფეხბურთის მოყვარული, ეს ჰიმნი მაინც გაგონილი ექნება ტელევიზორიდან და ალბათ გაუკვირდება, რომ ლიგის ჰიმნის ორიგინალი მუსიკა, „Zadok the Priest“, 1727 წელს დაიწერა, დიდი ბრიტანეთის მეფის გეორგ II კორონაციის ცერემონიისათვის. ახალი ვერსია კი ტონი ბრიტენს ეკუთვნის.
5. კიდევ ერთი ჰიმნი და ისევ ვივალდი: Gloria in Excelsis Deo-მ ილიკო „გამარჯვებულ ხასიათზე“ დააყენა, როგორც თვითონ ახსნა - მგონი ყველა ბავშვს მოეწონებაო, თითქოს დიდ ბრძოლაში გამარჯვებული ვბრუნდებით სახლში დიდი ჯარითო, თან ამდენი ხალხი ერთად ასრულებსო. მართლაც, სადღაც 200 მუსიკოსზე მეტი ასრულებს ამ ნაწარმოებს (ორკესტრი + გუნდი).
6. ბეთჰოვენის საფორტეპიანო სონატა #17, მეტსახელად Der Sturm, ანუ ქარიშხალი, ასევე ძალიან მოეწონა ილიკოს. ჯერ მხოლოდ პირველი ნაწილი მოისმინა. საერთოდ, ნელი ნაწილები, რომელიც კონცერტის, სიმფონიის თუ სონატის მე-2 ნაწილია ძირითადად, უფრო რთული მოსასმენია ბავშვებისთვის. ჩქარ მუსიკაში ბევრი რამ ხდება, დიდი ამბები ტრიალებს, „ექშენია“ ძალიან ბევრი და ისევ და ისევ, ყურადღების მისაქცევად უფრო ეფექტურია. (ხომ გახსოვთ, ჩვენი მიზანი არ არის პატარებს შევაყვაროთ კლასიკა, არამედ უბრალოდ შევაჩვიოთ ამ მუსიკის ჟღერადობას, სხვა უამრავი სტილის მუსიკასთან ერთად.)
ილიკოს ნახატი „ქარი“ ძალიან მოუხდა „ქარიშხალს“,და მისი ნებართვით ამ სურათსაც ვაქვეყნებ.
ილიკო სიხარულიძე "ქარი"
7. მოცარტის „ღამის პატარა სერენადას“ ილიკო ძალიან ხშირად ღიღინებს ხოლმე თამაშის დროს. მისი მოფიქრებული სიუჟეტების საუნდტრეკია. თვლის რომ ძალიან ბევრ ბავშვს მოეწონება. მოცარტი თან სუპერ-ძალის მქონე გმირია - ფაქტიურად, რისი დაწერაც მან მოასწრო, ერთი ადამიანისათვის წარმოუდგენელი ამბავია. ნამდვილად რაღაც კომიქსურ და კოსმიურ ზე-ძალას ფლობდა.
ილიკო საუნდტრეკებს ძალიან დიდი ყურადღებას აქცევს მულტფილმებშიც და კინოშიც. ყველაზე ძალიან ჯონ ულიამსის „ვარსკვლავური ომების“ მუსიკა უყვარს. მარტო ჰიტები არა, მთელი ნაწარმოები მოსწონს. ეს მართლაც დიდი სიმფონიური ნაწარმოებია და თუნდაც ფონად მოსმენილი, ამდენი ინსტრუმენტი და მუსიკალური მრავალფეროვნება ძალიან კარგია ბავშვებისათვის, თანაც მე-20 საუკუნის ნამდვილი კლასიკაა.
იმედია ეს ფლეილისტი დაგეხმარებათ ბავშვებთან ერთად უსმინოთ ხოლმე კლასიკას, პირველ რიგში იმისათვის, რომ კარგი დრო გაატაროთ ერთად და ისიამოვნოთ.
ეს ვიდეო კი მე და ილიკომ ბისზე გვინდა შემოგთავაზოთ
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში