Killages - „Original Brothers“
ავტორი: ჯაბა შავიშვილი >>
7 სექტემბერი, 2020 >>
9 წუთის წასაკითხი >>
3 ნახვა
დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებიდან ჩვენთან რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურული კერა არსებობდა, რომლებიც ქვეყანას ახალი იდეებით კვებავდნენ. თბილისთან ერთად იქვე ყოველთვის იყო ქუთაისი, შემდეგ ბათუმი და აქვე უნდა ვახსენოთ რუსთავიც. ამ შედარებით ახლად დაარსებულ ქალაქში შემოქმედებითი ენერგია 90-იანი წლებიდან აღდგენით სამუშაოში იყო ჩართული. ამავე პერიოდში რამდენიმე მუსიკალურმა ჯგუფმა ადგილობრივ სცენაზე საკმაოდ საინტერესო წერტილები მონიშნა და მცირე პოპულარობა მოიპოვა. მათ შორის ყველაზე კარგად ვინც მახსენდება, ჯგუფი „დესპანია“, წინა ათწლეულის მიწურულიდან საინტერესო გამონათებით. ეს შემოქმედებითი ორომტრიალი თავის გავლენას დღემდე ინარჩუნებს.
გავიდა ორი ათწლეული და რუსთავი კვლავ მუსიკალური დუღულის ცენტრია, მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიული ქალაქის წიაღში, ადგილობრივი ბენდები ყოველწლიურად ფორმირდებოდნენ - უსახსრობის, უმოტივაციობისა თუ სხვა სოციალური პრობლემების გამო ხშირად უწევდათ დაშლა. ამ მხრივ კი მგონი გამონაკლისს ვაწყდებით, როცა Killages-ს ვახსენებთ, ბენდს შორის მიმავალი გეგმებით.
მათი მუსიკალური შეხვედრა 2017 წელს შედგა, თავდაპირველად აკუსტიკური მუსიკა და ქართული ტექსტები ჭარბობდა, თუმცა დროულად განვითარების ახალ ფაზაში გადავიდნენ.
და აი შეყრიდან 3 წლის შემდეგ მათი სადებიუტო ალბომის დრომაც მოიწია. მისი დამუშავება და გამოშვება საყოველთაო კარანტნს დაემთხვა, შესაბამისად ფინანსური რესურსების აკუმულირებისთვის, ჯგუფმა შემდგომი კონცერტების ბილეთები წინასწარ გაყიდა - მოკლედ ინოვაცია და არამხოლოდ მუსიკალურად. რაც შეეხება ალბომს - „Original Brothers“მუსიკალურ პლატფორმებზე 4 სექტემბერს გამოჩნდა და 11 სიმღერისგან შედგება.
ალბომს კომპოზიცია “HOES” ხსნის, სადაც ჯგუფის MC/ვოკალისტთან, გუგასთან ერთად ნინი ნუცუბიძის დამატებას ვუსმენთ - ეს დინამიური ინსტრუმენტალი, მიუხედავად მოკლე ქრონომეტრაჟისა მომავალ ისტორიას ენერგიულად უძღვება.
მეორე კომპოზიცია „FUR“ ალბათ ჩვენთვის კარანტინის ჰიმნი გახდებოდა, დროულად რომ მოგვესმინა (თუმცა შეიძლება ამის საშუალება ისევ მოგვეცეს.). Trap ბითზე, შიგდაშიგ მოკლე გიტარის პასაჟები ერთმანეთს ენაცვლებიან, რაც არ იცვლება ეს სიმღერის მთავარი აქტორის გარემოსთან დამოკიდებულებაა - “Feelin bad about this s***! - ყველაზე ხშირად განმეორებადი ფრაზაა ტექსტში.
მესამე კომპოზიცია, ალბომის სახელწოდებას იმეორებს და მიუხედავად მუსიკალურად სხვა მუხტისა, ალბომის ყველაზე რომანტიკულ სიმღერას ვიღებთ. „Energy”-ში აშკარად კენდრიკ ლამარის ინსპირაცია იგრძნობა, როგორც მუსიკალურად, ასევე flow-ს მხრივაც. “Sweet Talk” ალბომის მუსიკალურ დინამიკას უფრო მაღლა წევს და სახელის მიუხედავად უფრო „dirty“ სტილი აქვს.
ალბომიდან მსმენელმა „Next Day” ყველაზე ადრე მოისმინე, რაც ალბათ სწორი ნაბიჯიც იყო. ეს სიმღერა ალბომში ყველაზე მუსიკალურია, რისთვისაც props მის პროდიუსერს. ტრეკი გოგონას ეძღვნება, რომელიც არასდროს არ ჩერდება და სულ წინ მიიწევს - პერსონაჟს კი კითხვები აწუხებს თუ რას უნდა მოელოდეს შემდეგში მისგან.
„Common Freaker“ - ში მუსიკალური მიმართულება სრულიად სხვაგან, ჩატეხილ რიტმებში, ცოტა boogie-ში და 8Bit-ისკენ იწევს. მოდიფიცირებული ვოკალი და მოკლე თემები სინთეზატორზე ტრეკის მთავარი მახასიათებლებია. “Animals“-ს საინტერესო განვითარება აქვს, ალბომის მეორე მელოდიური გაჩერებიდან, ყველაზე რიტმულ, ბოლოში კი მშვიდ პასაჟებში ვინაცვლებთ, რაღაცით კი 2000-იანების Röyksopp-ს რომ მოგაგონებს. აქედან ძალიან ავთენტურია გადასვლა „Dayz”-ზე, რომელიც ფრუტრაციასთან გამკლავების ხერხად, ესკაპიზმს და ქალაქიდან გაქცევას გვთავაზობს, ასე თუ მოხდება ცუდი დღეების სამუდამოდ დავიწყება.
„Bottle SIP“ ალბომის გამოშვებამდეც ცნობილი სიმღერა იყო მსმენელისთვის, რომელზეც კლიპი პანდემიის დასაწყისში გამოვიდა. მუსიკალურად ეს სიმღერა კიდევ უფრო სხვა ტერიტორიას ეკუთვნის და პორტალს EBM-ში ხსნის.
„Bloodstream 3D“ - ალბომის ბოლო და ერთადერთი კომპოზიციაა ვოკალის გარეშე. ჩატეხილი ბიტები და ამორფული ბასი ამ 40 წუთიან ვოიაჟს ეფექტურად ასრულებს.
საბოლოო ჯამში, ალბომი მუსიკალურად მრავალფეროვანი გამოვიდა, ეს ჯგუფის ფორმირების შემდეგ პირველი რეალური განაცხადია მათი ისტორიის შესახებ. ფაქტი ერთია, აკუსტიკური მუსიკა თითქმის გამოცლილია პოტენციური მუსიკალური იარაღებიდან - ჯგუფის წევრები ინდივიდუალურ პროდიუსერებად გვევლინებიან, რაც ალბომის პალიტრასაც დაეტყო - ვნახოთ რა იქნება მათი შემდგომი გაჩერება.
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში