“ქარის მერე”

ავტორი: თამარ კვაჭაძე

6 ოქტომბერი, 2019

10 წუთის წასაკითხი

9 ნახვა

ყველას თავის გია ყანჩელი ჰყავს.

ჩემთვის მისი მუსიკა ქარის მერე ჩამომდგარ სიჩუმეს ჰგავს.

სიჩუმეს ჭექა-ქუხილებს შორის, მაგრამ უბრალო სიჩუმეს არა - მოლოდინს შემდეგი ჭექა-ქუხილის.


შტორმის შემდეგ მშვიდ ზღვას, თუმცა, ისევ შტორმის მოლოდინში. და შტორმი უთუოდ იქნება. თანაც როგორი! ეს ხომ ყანჩელია!

ხუთი პიანო, ხუთი ფორტე და შემდეგ ისევ ხუთი პიანო. ხშირ დინამიურ ნახტომებს და მკვეთრ ცვლილებებს ის ცხოვრების სისასტიკეს ადარებდა და იმას, რომ ამ სისასტიკეს დასასრული არ უჩანს.

როდიონ შედრინმა გია ყანჩელის მუსიკა დადუმებულ ვეზუვის შეადარა და მას “მაქსიმალისტის ტემპერამენტის მქონე ასკეტი” უწოდა. ნოტების მინიმალური რაოდენობით მისი მუსიკა სულის ყველაზე ღრმა და ძნელად მისადგომ ადგილებში იპარება და შემდეგ სამუდამოდ იქ რჩება. “ცისფერი მთების”, “როცა აყვავდა ნუშის” ან “მიმინოს” მუსიკა ყველას ახსოვს. ან ვის არ აუწყვია ფორტეპიანოზე ერთხელ მაინც, თუნდაც ცალი თითით, “ყვითელი ფოთლები”?!

თუმცა, მისი მხოლოდ ამ სახალხო ჰიტების ავტორად მოხსენიება იგივეა, რომ მოცარტს “თურქული მარშის” ავტორი უწოდო და ამაზე გაჩერდე. დარწმუნებული ვარ კომპოზიტორს ძალიან ახარებდა ეს საერთო სახალხო სიყვარული, მაგრამ მაინც დასანანია, რომ მის სამშობლოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მას ნაკლებად იცნობენ, როგორც სიმფონისტს, როგორც სერიოზული აკადემიური მუსიკის შემქმნელს და თანამედროვე კლასიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე. თავად კომპოზიტორი იუმორით უყურებდა ამას და იმეორებდა, რომ “ჩიტო-გვრიტო” გია დანელიამ დაწერა, მან კი მხოლოდ შეალამაზა. მართალია, გენიალურ “სტიქსში” კომპოზიტორმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ამ მარტივი სიმღერის მოტივი, თუმცა, პარტიტურაში ასეთი მინაწერი გააკეთა: “კარგი იქნებოდა ამ ვენერიული მოტივის შენიღბვა”. ამაშია ჩემთვის გია ყანჩელის გენიალურობა და საოცარი იუმორი. თავის მეგობარს, მევიოლინე გიდონ კრემერს, რომელსაც ძალიან უყვარს ტანგოს დაკვრა, ყანჩელმა ერთხელ მიუძღვნა ნაწარმოები სათაურით “ტანგოს ნაცვლად” და ესეც ნამდვილი ყანჩელისეული ხუმრობაა.

ალბათ ამიტომ, ჩემთვის მისი მუსიკა, რომელიც სისასტიკეზე ბევრს გვიამბობს, მაინც უფრო ნათელი სევდის გამომხატველია, ვიდრე დაუსრულებელი კოშმარის. მის ერთ-ერთ ნაწარმოებს, ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის, სწორედ “სევდა ნათელი” ჰქვია.

როგორც თვითონ გია ყანჩელი ამბობდა, ეს უეცარი ხმამაღალი მომენტები იმისათვის სჭირდება, რომ ხალხი გამოაფხიზლოს. მუდმივი შტილი არაფრის მომტანია. გამოვფხიზლდეთ და მოვუსმინოთ ქარის მერე ჩამომდგარ სიჩუმეს - მხოლოდ ის ჟღერს განუმეორებლად, ხუთ პიანოზე, სიჩუმეზე ჩუმად.

მსგავსი ბლოგები