ჯაზი და ამერიკული დემოკრატია
ავტორი: გიორგი ჩიკვილაძე >>
12 მაისი, 2020 >>
10 წუთის წასაკითხი >>
9 ნახვა
ამერიკული თავისუფლება, ყველა სხვა პრინციპთან ერთად,
დაფუძნებულია ადამიანის პირადი თავისუფლების იდეაზე. ყველასთვის კარგად ცნობილია ამერიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფრაზები: — “We the People,” “E Pluribus Unum” , “A More Perfect Union”, რაც აშკარად გამოძახილია იმ ამერიკული მიზნებისა და მისწრაფებების, რაც აშშ-ის შექმნისას იბადებოდა დამფუძნებელი მამების დებატებში.
“We the People” - სწორედ ამ სიტყვებით იწყება ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია, რაც ხაზს უსვამს ამერიკის
ჭეშმარიტად რევოლუციურ ხასიათს, მისი მოქალაქეების რწმენას,
რომ სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის მხოლოდ და მხოლოდ ხალხი.
“E Pluribus Unum” - (ლათინ. ბევრიდან ერთი) დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ დევიზადაც ითვლებოდა, რაც ამერიკის სახელმწიფოს მოწყობისას სხვადასხვა ერის ერთ საერთო ეროვნებად - ამერიკელ ხალხად ჩამოყალიბებას გულისხმობს.
“A More Perfect Union” - აღნიშნული ფრაზა აშშ-ის კონსტიტუციის პირველ პარაგრაფში გვევლინება, როგორც იდეა, რომელიც მიისწრაფვის სახელმწიფოს, ხალხისა და ზოგადად ქვეყნის დაუცხრომელი განვითარებისკენ, რომელიც ცდილობს იყოს უფრო და უფრო სრულყოფილი.
მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამ იდეებზე დგას ჯაზი და ზოგადად ჯაზის სამყაროც: განსხვავებული და მრავალფეროვანი მუსიკოსები ერთიანდებიან და ერთმანეთში იწყებენ მუსიკალურ დიალოგს, ურთიერთობას, ეს კი დრო და დრო ქმნის საერთო განწყობასა, რომელიც შემდგომ სარკისებურად ირეკლავს თითოეული მუსიკოსის უნიკალურ პიროვნულობასა და ძვირფას მელოდიურობას, რაც
ინდივიდუალიზმს ახასიათებს მუსიკაში,
განსაკუთრებით კი ჯაზში.
ექსპერიმენტაციისა და იმპროვიზაციის ის ტრადიციები, რაც ასე ახასიათებს ჯაზს, ცხადია, რომ ძალიან დიდ მსგავსებას პოულობს ამერიკის დემოკრატიასთან, რომელიც თავის მხრივ იმპროვიზირებს, მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს ხალხს.
ესაა ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული სახელმწიფოს რეალური მნიშვნელობა - შეძლოს ერთის მხრივ, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევისას დაიცვას საზოგადოების, როგორც უმრავლესობის ნება-სურვილი და ამავდროულად იყოს ლიბერალური სწორედ იმ ინდივიდების მიმართ, რომლებიც წმინდა სახის დემოკრატიული მმართველობისას შესაძლოა დაჩაგრულ, დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოჩენილიყვნენ. შესაბამისად, ინდივიდსა და საზოგადოებას შორის არსებული ურთიერთობის უფლებრივი დაბალანსებისას წარმოქმნილი ჰარმონიაა
ამერიკული დემოკრატიის სახე, როგორც სხვა არაფერში, სწორედ ჯაზშია გამჯდარი, როდესაც მთელი ჯაზ-ბენდი აძლევს ბენდის თითოეულ წევრს შესაძლებლობას მუსიკის ფონზე თქვას თავისი სათქმელი ინსტრუმენტით. სათქმელი კი არასდროსაა წინასწარ დაწერილი და განსაზღვრული, მისი მთელი პრინციპი სწორედ ისაა, რომ ინტერპრეტაცია, იმწუთიერად, მუსიკოსის გულიდან წამოსული მელოდია უნდა იყოს, რაც ყველაზე მეტად უსვამს ხაზს ჯაზის, როგორც ყველაზე მეტად გულწრფელი მუსიკის მნიშვნელობას.
ნიუ-ორლეანური ცხოვრების სტილმა და აფრო-ამერიკულმა სულმა მეოცე საუკუნეს ძალიან საინტერესო დასაწყისი აჩუქა - ამ დასაწყისის საოცარი გამოხატულებაა ჯაზიც, რომელიც მოკლედ რომ ვთქვათ, აფრიკული კულტურისა და მუსიკალური გამოხატვის ტრადიციების, რეგთაიმისა და ბლუზის წიაღიდან
მომდინარეობს.
ამ ყველაფრის ერთ-ერთი პირველი სულის ჩამდგმელი კი რეგის მეფედ წოდებული სკოტ ჯოპლინია:
სწორედ ამ დროს იწყებენ გაჭირვებით უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევებით დაღლილ-დაქანცული აფრო-ამერიკელების ხმის ამოღებას, მაგრამ ეს არ ყოფილა არც ყვირილის ან სიბრაზის გამომხატველი ქმედება. ამ ხალხმა ეს ტკივილი თავისივე ტრადიციული რიტმისა და მელოდიურობის ხარჯზე მუსიკაში გადაიტანა. სწორედ ამ დროს, მეძავებით გადაპენტილ სასტუმროებში, სიგარითა და ალკოჰოლით შეზავებულ სურნელში, ძველ, აუწყობელ პიანინოებზე იშვა მუსიკა, რომელიც შეფარულად, მაგრამ მაინც, სასტუმროების ღრიანცელსა და გართობაში, მწუხარების ფონს ქმნიდა.
იმ დროისთვის, ჯაზურმა საწყისებმა განაქარვა მწუხარება, რომელიც ტანჯავდა ხალხს. საღამოობით, თავისუფალ დროს, იკრიდებობდნენ, ჯერ იწყებდნენ ტრაგედიის მუსიკალურ გადმოცემას, ატონალურობით გაამძაფრებდნენ და თავიანთ სათქმელს უფრო მეტად გულწრფელს ხდიდნენ, შემდეგ კი იმპროვიზაციული ნიჭით გააშარჟებდნენ ხოლმე თავიანთ ასეთ მდგომარეობას. მათ უმრავლესობას ხშირად შესაძლოა არც კი ესმოდათ ერთმანეთის, მაგრამ ჯაზი ხდებოდა ის საერთო ენა, რომლის გარშემოც ერთი იდეით გაერთიანებულები იცინოდნენ და ტკივილს იქარვებდნენ. ამ დროისთვის კი უკვე ნელ-ნელა ფეხს იკიდებენ, ასპარეზზე გამოდიან და კიდევ მეტად აღრმავებენ ჯაზის მუსიკალურობას იგივე დიუკ ელინგტონი, ჩარლი პარკერი, დიზი გილესპი და სხვები:
ამერიკის იმდროინდელი რეალობა ნიუ-ორლეანით არ შემოისაზღვრებოდა, ამიტომ, ჯაზმა მალევე შეძლო ქალაქის საზღვრებს გაცდენოდა და მთელს ამერიკას მოსდებოდა. შესაბამისად, ბლუზის, ადრეული ჯაზის, რეგის, სპირიჩუელზის მუსიკალურმა საფუძვლებმა შეძლო და წარმოუდგენელი განვითარება ჰპოვა - ჯაზმა საკმაოდ საინტერესო ისტორიული პერიოდი განვლო მეოცე საუკუნეში ისევე, როგორც ამერიკამ და უმცირესი ჯგუფებიდან აფეთგებულმა მუსიკამ შეძლო სუინგური სიგიჟის, ბიბოპის, ჰარდბობის, ქულ ჯაზის, ჯაზ-ფიუჟენის, ჯაზ-როკის, თავისუფალი ჯაზისა და კიდე უფრო შორს წასული მუსიკალური სტილების ჩამოყალიბება, შესაბამისად, ჯაზი ამერიკულ კულტურაში გახდა ინდივიდუალიზმის, დემოკრატიისა და ინკლუზიურობის სიმბოლო, ამ ყველაფერს კი ფონად გასდევდა თავად აფრო-ამერიკელ ხალხთა უფლებების აღიარებაც.
ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელები არავინ იყვნენ თუ არა ჩარლს მინგუსი, თეოლონიუს მონკი და, რაღა თქმა უნდა, მაილზ დეივისი, რომელმაც ქულ ჯაზსა და მოდალურს ჩაუყარა საფუძვლები.
ამერიკული დემოკრატიისათვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თავისუფლების პრინციპი, რომელიც მოსახლეობის თითოეულ წევრს ფართო უფლებებსა და თავისუფლებებს სთავაზობს, მოქმედების არეალი კი იზღუდება ისევ და ისევ ლეგიტიმური საჯარო ინტერესის უპირატესი დაცვიდან გამომდინარე. სწორედ ასეთი მიდგომაა ჯაზშიც, თუ კი მუსიკოსს იმპროვიზაციულობის შესაძლებლობა არ აქვს, ის ვერ შეძლებს გამოიყენოს თავისი უფლება - მსმენელის წინაშე წარსდგეს ინდივიდუალურად ისე, რომ ბენდის მიერ შექმნილ ჰარმონიულ ფონს თავისი სოლოთი არ დაუკარგოს ხიბლი. ბენდი ყოველთვის აძლევს მის თითოეულ წევრს უფლებას რაღაც დროის მანძილზე ინსტრუმენტით თქვას თავისი სათქმელი და ამავე დროს იყოს მთლიანი ბენდის მიზნების გამომხატველი საკუთარი მელოდიურობით, შესაბამისად, ჯაზ ბენდებში არსებობს მუსიკალური თავისუფლების საოცარი შერძნება, რაც იმპროვიზირებასა და სოლო გამოსვლებით აშკარავდება.
რომ შევადაროთ, ასეთი საინტერესო პრაქტიკა საერთოდ არ გვხვდება კლასიკური მუსიკის სიმფონიურ ნაწარმოებებში, სადაც ყველაფერი ზუსტად ისე უნდა მოხდეს, როგორც ეს პარტიტურაზეა დაწერილი. ამ ყველაფერს კი განაგებს დირიჟორი, ერთადერთი პირი, რომელიც მთლიან ორკესტრს წინასწარ დაწერილი სისტემურობით მართავს, ორკესტრის ერთი წევრის არასწორი ბგერა კი მაშინათვე აშკარა და საგრძნობი ხდება მსმენელისთვის. ჯაზს არ ჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც წინამძღოლობას გაუწევს მუსიკას, რადგან აქ მთავარი განმსაზღვრელი მხოლოდ და მხოლოდ ძირითადი მელოდია და რითმია, დანარჩენი კი უკვე მთლიანი ბენდისა და მისი თითოეული წევრის გემოვნების საკითხია, რომელსაც ვერასდროს ,,დაიჭერს“ დირიჟორი. ამიტომ ჯაზ მუსიკა უფრო მეტად თავისუფალია და მისი მონაწილეები თავისი სურვილისამებრ ცდილობენ გამოელაპარაკონ, რაღაც ჰკითხონ, გაეხუმრონ თუ მუსიკალური ანეგდოტი მოუყვნენ ერთმანეთს და რაღა თქმა უნდა მსმენელს.
ეს იყო დემოკრატიის იდეაც. ის უმთავრესი რითმის - კონსტიტუციის ერთგული რჩება, მაგრამ ამავე დროს, ყოველთვის ცდილობს დახვეწოს და ჰარმონიული გახადოს სახელმწიფოებრივი მიდგომები. ამიტომ, უნდა ითქვას, რომ ჯაზი, ესაა ამერიკული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო მიმდინარეობა, რომელიც ირეკლავს ამერიკული ყოფის სახეს და მას გადმოგვცემს ისეთს, როგორიც არის.
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში