ჰიპ-ჰოპის ანატომია - ნაწილი 4

ავტორი: გიორგი ზურაბიშვილი

28 აგვისტო, 2020

14 წუთის წასაკითხი

7 ნახვა

დღევანდელ ბლოგ-პოსტში ჰიპ-ჰოპ კულტურის ძველი სკოლის მეორე პერიოდზე მოგითხრობთ, რომელიც 80-იანი წლების შუა მონაკვეთს მოიცავს. ეს ის პერიოდია, როდესაც ჰიპ-ჰოპი ნიუ-იორკის ფარგლებს სცდება და მსოფლიო მასშტაბით ძალიან პოპულარულ მიმდინარეობად ყალიბდება.

ჰიპ-ჰოპ კულტურის ასეთი უეცარი წარმატება რამდენიმე კოლექტივს და მუსიკალურ ლეიბლს უკავშირდება. 1984 წელს ჯგუფმა Run-DMC თავისი პირველი ალბომი გამოუშვა, რომელმაც ჰიპ-ჰოპისთვის იქამდე არნახული პოპულარობა მოიპოვა. ჰიპ-ჰოპ ტრიო ქუინსიდან უკვე მაღალი ცნობადობით სარგებლობდა ნიუ-იორკში, მაგრამ Profile Records-ზე გამოშვებული რელიზი Run-D.M.C. მთელი ინდუსტრიისთვის უდიდესი გარღვევა გახდა. ეს იყო პირველი ჰიპ-ჰოპ ალბომი, რომელმაც RIAA-სგან (Recording Industry Association of America) ოქროს სერტიფიცირება მიიღო.

Run-DMC სხვა ჰიპ-ჰოპ ჯგუფებისგან ვიზუალური სტილითაც განსხვავდებოდა. იქამდე პოპულარული არტისტები, როგორებიც იყვნენ Afrikaa Bambaataa, Grandmaster Flash, Melle Mel და სხვები უპირატესობას ჩაცმულობის ფერად და მყვირალა სტილს ანიჭებდნენ, რაც იმ დროინდელი დისკო არტისტებისთვის იყო დამახასიათებელი. Run-DMC-ის წევრებმა მოდის გლამურული ელემენტები მიატოვეს და აქცენტი უბრალო ტანსაცმელზე გააკეთეს. ასე გაჩნდა „ქუჩის სტილი“, რაც მალევე ჰიპ-ჰოპ მოდის წამყვანი მიმდინარეობა შეიქნა. ადიდასის ბოტასები, კენგოლის ქუდები და სპორტული ტანისამოსი, Run-DMC-ის დამსახურებით, ჰიპ-ჰოპ კულტურის დამახასიათებელი ჩაცმულობა გახდა.

ჰიპ-ჰოპის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ლეიბლმა Def Jam Recordings, რომელიც 1982 წელს რიკ რუბინმა ნიუ-იორკის უნივერსტეტის საერთო საცხოვრებელში დაარსა. თავდაპირველად ეს ლეიბლი პანკ-როკზე ორიენტირდებოდა. რიკ რუბინი თავადაც პანკ ჯგუფის წევრი იყო და მუსიკალური საქმიანობის პირველ წლებში მას ეს სტილი უფრო აინტერესებდა. 1983 წელს რიკმა ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი პიონერი DJ Jazzy Jay გაიცნო და აქედან მოყოლებული რუბინის მთავარი ინტერესი სწორედ ჰიპ-ჰოპი გახდა. Jazzy Jay-მ რიკ რუბინს იმ დროისთვის უკვე საკმაოდ წარმატებული პრომოუტერი რასელ სიმონსი გააცნო. სიმონსმა თავისი კონტაქტები გამოიყენა და ლეიბლისთვის რამდენიმე საინტერესო არტისტი მოიზიდა. საბოლოოდ რუბინისა და სიმონსის დუეტმა Def Jam Recordings ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლეიბლი გახადა.


ლეიბლის პირველი აღმოჩენა ახალგაზრდა ქუინსელი რეპერი ჯეიმს ტოდ სმიტი იყო. ჯეიმსი მუსიკოსების ოჯახში გაიზარდა და რეპმა იგი ჯერ კიდევ ცხრა წლის ასაკიდან გაიტაცა. თექვსმეტი წლის ახალგაზრდა რეპერს კი უკვე საკმაოდ კარგი აპარატურა გააჩნდა. ორი ფირსაკრავი, მიქშერი, გამაძლიერებელი და დრამ-მანქანა ჯეიმსს საშუალებას აძლევდა დემოები ჩაეწერა და სხვადასხვა ლეიბლისთვის გაეგზავნა. ერთ-ერთი ასეთი დემო ჩანაწერი 1984 წელს Def Jam-შიც მოხვდა. ამ ჩანაწერმა რუბინისა და სიმონსის დიდი მოწონება დაიმსახურა. ჯეიმსმა სასცენო სახელი Ladies Love Cool James მოიფიქრა და აქედან გაჩნდა ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოლო შემსრულებელი LL Cool J, რომელმაც Def Jam Records-ს და მთლიანად ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიას უდიდესი წარმატება მოუტანა. მისი პირველი სინგლი “I Need A Beat” 1984 წელს გამოიცა და ის ლეიბლის ერთ-ერთი პირველი კომერციული წარმატება იყო.

ასევე ძალიან წარმატებული აღმოჩნდა Def Jam Records-ის კიდევ ერთი ადრეული პროექტი Beastie Boys, რომელიც იმ დროისთვის ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში დიდი ინოვაცია იყო. Beastie Boys 1978 წელს ჩამოყალიბდა და ექვსი წლის მანძილზე ძირითადად პანკ-როკზე ორიენტირდებოდა. 1983 წელს ჯგუფმა ექსპერიმენტული EP Cooky Puss გამოუშვა, რომელიც პანკის, დაბის და ჰიპ-ჰოპის ნაზავს წარმოადგენდა. ამ რელიზმა რიკ რუბინის ყურადღება მიიპყრო. Def Jam-ის ბოსი ჯგუფის წევრების იუმორის გრძნობითაც მოიხიბლა და ეს ფაქტორი ლეიბლის წარმატებაში კრიტიკულად მიიჩნია. რუბინი არ შემცდარა. Def Jam-ზე 1984 წელს გამოშვებულმა პირველივე სინგლმა Rock Hard ჯგუფსა და ლეიბლს სახელი გაუთქვა.

Beastie Boys გახდა თეთრკანიანებისგან შემდგარი პირველი კოლექტივი, რომელმაც ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში წარმატება მოიპოვა. 1986 წელს კი ჯგუფმა თავისი პირველი სრულფასოვანი ალბომი Licensed To Ill გამოუშვა. ეს რელიზი ჰიპ-ჰოპის ისტორიაში პირველი ალბომი გახდა, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალის, Billboard-ის საუკეთესო ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.Beastie Boys გახდა თეთრკანიანებისგან შემდგარი პირველი კოლექტივი, რომელმაც ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში წარმატება მოიპოვა. 1986 წელს კი ჯგუფმა თავისი პირველი სრულფასოვანი ალბომი Licensed To Ill გამოუშვა. ეს რელიზი ჰიპ-ჰოპის ისტორიაში პირველი ალბომი გახდა, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალის, Billboard-ის საუკეთესო ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

ჰიპ-ჰოპის ძველი სკოლის ყველაზე დიდი კომერციული წარმატება მაინც Def Jam Recordings-ის მესამე პროექტს უკავშირდება. იმ დროისთვის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა რადიო წამყვანმა, ანდრე „დოქტორ დრე“ ბრაუნმა (ეს სხვა დოქტორ დრეა) რიკ რუბინს Chuck D-სა და Flavor Flav-ის წყვილის სინგლი Public Enemy #1 მოასმენინა. რუბინმა გადაწყვიტა დუოს მუსიკა თავის ლეიბლზე გამოეცა და ასე დაიწყო ჰიპ-ჰოპ ინდრუსტრიაში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფის ისტორია. Public Enemy თავდაპირველად Beastie Boys-ის კონცერტებს ხსნიდა, მაგრამ ძალიან მალე ჯგუფმა აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა და 1987 წელს გამოსული მათი პირველი ალბომი Yo! Bum Rush The Show უდიდესი კომერციული წარმატება გახდა. ამ რელიზს ერთი წლის მერე მოჰყვა მეორე ალბომი It Takes A Nation Of Millions To Hold Us Back, რომელიც დღემდე ჰიპ-ჰოპში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ალბომად ითვლება.

Public Enemy-ს მუსიკა Def Jam Records-ისთვის დამახასიათებელი როკ ჟღერადობით იყო გაჯერებული, რაც ჯგუფის აგრესიულ ლირიკას კიდევ უფრო წონიანს ხდიდა. დუოს პოპულარობა დიდწილად მათი ტექსტების პოლიტიკურმა დატვირთვამ განსაზღვრა. ეს იყო აფროცენტრული მუსიკა, რომელიც შავკანიანი ადამიანების პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობდა. Chuck D-ს პოლიტიკურ ტექსტებს და განუმეორებელ, აგრესიულ ფლოუს Flavor Flav-ის შეუდარებელი ცეკვა და მისი ოდნავ კომიკური, ექსცენტრული პერსონა აბალანსებდა. საბოლოოდ, ხასიათების ერთი შეხედვით უცნაურმა კომბინაციამ ჰიპ-ჰოპ კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლო შექმნა. რთულია სიტყვებით გადმოსცე ის პოპულარობა და გავლენა, რაც იმ დროს Public Enemy-ს აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში ჰქონდა.

80-იანი წლების შუაში გამოჩნდა კიდევ ერთი კოლექტივი, რომელმაც ჰიპ-ჰოპ კულტურაში ბიტ-ბოქსის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. The Get Fresh Crew ორი დიჯეის, ერთი ემსის და ერთი ბიტ-ბოქსერისგან შედგებოდა. ამ კოლექტივის სულისჩამდგმელი იყო წარმოშვებით ბარბადოსელი, ჰარლემში გაზრდილი დუგლას დევისი, იგივე Doug E. Fresh - „ადამიანი ბიტ-ბოქსი“. Doug E Fresh-თან ერთად ჯგუფის წევრები იყვნენ დიჯეები Chill Will, Barry B და ემსი Ricky D, რომელმაც შემდეგ სოლო კარიერა ახალი სახელით Slick Rick გააგრძელა და ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სთორითელერი შეიქნა. Doug E. Fresh &The Get Fresh Crew-მ 1985 წელს ეპოქალური კომპოზიცია The Show ჩაწერა. ამას მალევე მოჰყვა კიდევ ერთი სინგლი La Di Da Di, რომელიც მხოლოდ Doug E. Fresh-ის ბიტ-ბოქსისგან და Ricky D-ს რეპისგან შედგებოდა. ეს ორი კომპოზიცია ერთად 12 ინჩიან ფირფიტაზე გამოიცა. ამ რელიზმა ჯგუფს უდიდესი პოპულარობა მოუტანა და ბიტ-ბოქსის ტექნიკა ფართო აუდიტორიას გააცნო.

ძველი სკოლის მეორე პერიოდის ყველაზე ქრესტომათიულ ალბომად კი თავისუფლად შეგვიძლია Eric B-სა და Rakim-ის 1987 წელს გამოშვებილი Paid In Full მივიჩნიოთ. ეს ალბომი ლეგენდარული ლონგ აილენდური წყვილის დებიუტი იყო. დიჯეისა და ემსის დუეტმა თავიდანვე საყოველთაო აღიარება მოიპოვა. Rakim იგივე The God MC, ანუ „ღმერთი ემსი“ დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს რეპერად მიიჩნევა და მისი ფლოუ მართლაც შეუდარებელია. Rakim-ს ტექსტების წერის ორიგინალური მეთოდი ჰქონდა: იგი თავის რვეულში წერტილებს სვამდა და შემდეგ ამ წერტილებს შორის დარჩენილ სივრცეებს მარცვლებით ავსებდა. შესაბამისად, Rakim-ის მიერ დაწერილი ყველა სტროფი ერთი და იგივე რაოდენობის მარცვლებს შეიცავდა, რაც მის რიტმებს ძალიან მუსიკალურს და პრაქტიკულად უნაკლოს ხდიდა.

ჰიპ-ჰოპ კულტურის პოპულარიზაციაში უდიდესი როლი იმ დროინდელმა ტელე და რადიო გადაცემებმა ითამაშეს. ცნობილი რადიო წამყვანები ჰიპ-ჰოპ არტისტებზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობდნენ და ჰიპ-ჰოპ კულტურის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილი ნამდივლად განუზომელია. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული რადიო წამყვანი იყო ანტიგუის წარმოშვების ჰარლემელი დიჯეი ფრედერიკ კრუტი, იგივე Kool DJ Red Alert, რომელმაც უამრავი არტისტის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. Red Alert-მა თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ათასობით ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს უმასპინძლა და ამ მხრივ იგი დღემდე რეკორდსმენია. Red Alert-ი იყო ასევე პირველი ადამიანი, ვინც სხვადასხვა ალბომიდან ჰიპ-ჰოპ კომპილაციები შეადგინა და მიქსტეიფების კულტურას ჩაუყარა საფუძველი.

იმ პერიოდის კიდევ ერთი გამორჩეული რადიო დიჯეი ჯონ რივასი - იგივე DJ Mr. Magic-ია, ვინც პირველი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჰიპ-ჰოპ რადიო შოუს, Rap Attack-ის, წამყვანი იყო. Red Alert-მა და Mr. Magic-მა ერთმანეთში მტრობა გააჩაღეს და ეს ჰიპ-ჰოპ კულტურაში ერთ-ერთი პირველი დაპირისპირება იყო, რაც შემდეგ ჰიპ-ჰოპ არტისტების მტრობაშიც გადაიზარდა. Mr. Magic-ის მთავარი პროტეჟე მისივე რადიო გადაცემის დიეჯი ქუინსბრიჯელი პროდიუსერი Marley Marl იყო, რომელმაც ჯგუფი Juicy Crew ჩამოაყალიბა და DJ Red Alert-ის ფავორიტ ჯგუფს, Boogie Down Productions-ს დაუპირისპირდა. Boogie Down Productions ლეგენდარული სამხრეთ ბრონქსელი არსტისტის KRS One-ის ჯგუფი იყო და ეს კოლექტივი Red Alert-ისგან დიდ მხარდაჭერას იღებდა. რადიო დიჯეების და ჰიპ-ჰოპ არტისტების ამ დაპირისპირებას შემდეგ The Bridge Wars ეწოდა. ქიშპობის მთავარი მიზეზი ჰიპ-ჰოპის დაბადების ადგილი იყო.

სწორედ რადიო დიჯეების დამსახურებაა, რომ ჰიპ-ჰოპ კულტურა მშობლიურ ნიუ-იორკს მალევე გასცდა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვა დიდ ქალაქებშიც დაფუძნდა. დროთა განმავლობაში ფილადელფია, ლოს-ანჯელესი, დეტროიტი და სხვა ქალაქები ჰიპ-ჰოპ კულტურის ალტერნატიულ კერებად ჩამოყალიბდნენ. ძალიან მალე ტექნოლოგიის განვითარებამ ჰიპ-ჰოპ მუსიკას ახალი ენერგია და იქამდე არნახული მრავალფეროვნება შესძინა. თუმცა, გარდამავალ პერიოდზე და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის დაბადებაზე უკვე შემდეგ ბლოგ-პოსტში მოგითხრობთ.

მსგავსი ბლოგები