ჰიპ-ჰოპის ანატომია - ნაწილი 5

ავტორი: გიორგი ზურაბიშვილი

7 სექტემბერი, 2020

13 წუთის წასაკითხი

5 ნახვა

გარდამავალი წლები და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპი

დღევანდელ ბლოგ-პოსტში ჰიპ-ჰოპ კულტურის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდზე მოგითხრობთ, რომელიც 1989-1991 წლებს მოიცავს. ჰიპ-ჰოპის განვითარებისთვის ეს სამწლიანი მონაკვეთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოდგა. შეგვიძლია ის გარდამავალ პერიოდადაც მივიჩნიოთ, რომელიც ძველ სკოლას და ჰიპ-ჰოპის ოქროს ხანას აერთიანებს.

როგორც წინა ბლოგ-პოსტში აღვნიშნე, ძველი სკოლის მთავარ გამოწვევას ჰიპ-ჰოპის მუსიკალური მხარე წარმოადგენდა. 80-იან წლებში ბევრი უნიჭიერესი რეპერი იყო, მაგრამ იმ დროინდელი ტექნოლოგიური განვითარება პროდიუსერებს დიდ გასაქანს არ აძლევდა. ამიტომაც, ძველი სკოლის ჰიპ-ჰოპის ჟღერადობა შემდეგ ეპოქებთან შედარებით უფრო ერთფეროვანია. 80-იანი წლების ბოლოს ბაზარზე რამდენიმე ახალი დრამ-მანქანა გამოჩნდა, რომლებმაც ჰიპ-ჰოპის ჟღერადობა საბოლოოდ შეცვალეს და მუსიკის ეს სტილი ბევრად მრავალფეროვანი გახადეს.

ჰიპ-ჰოპ კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ლეგენდარული დრამ-მანქანისა და სემპლერის, E-mu SP-1200-ის გამოჩენა, რომელიც გაყიდვაში 1987 წელს ჩაეშვა და მალევე მუსიკალურ ინდუსტრიაში უდიდესი მოვლენა შეიქნა. SP-1200-ის თორმეტ ბიტრეიტიანი, ჭუჭყიანი, ჟღერადობა ჰიპ-ჰოპის გარდამავალი ეპოქის და ოქროს ხანის ქრესტომათიული საუნდი გახდა. ეს ლეგენდარული სემპლერი თავისი გამორჩეული ჟღერადობის გამო დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო დრამ-მანქანად მიიჩნევა და გამოშვებიდან ოცდაცამეტი წლის მერეც ბევრი ჰიპ-ჰოპ პროდიუსერისთვის საოცნებო ინსტრუმენტად რჩება.

1988 წელს გამოვიდა კიდევ ერთი ლეგენდარული სემპლერი Akai MPC60, რომელმაც MPC-იების სერიას ჩაუყარა საფუძველი. Akai MPC-ის სხვადასხვა მოდელი ჰიპ-ჰოპის პროდიუსერებისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ და პოპულარულ ინსტრუმენტად რჩება. MPC60 კი ამ სერიის პირველი გამოშვებაა, რომელიც იმ პერიოდის ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში დიდი გარღვევა იყო.

შესანიშნავი ჟღერადობის გარდა, SP-1200-ის და MPC60-ის პოპულარობა იმანაც განაპირობა, რომ ეს მოდელები, დრამ პარტიების შექმნის პარალელურად, ძველი მუსიკალური კომპოზიციების დასემპვლისა და შემდეგ ამ მონაკვეთების სეკუენსირების საშუალებას იძლეოდა. პროდიუსერებმა ელექტრონული, სინთ ბიტები დიდწილად წარსულს ჩააბარეს და სემპლინგის მეშვეობით კომპოზიციებში ჯაზის, ფანკისა, და სოულის ინტეგრირება დაიწყეს, რამაც ჰიპ-ჰოპ მუსიკა უფრო ცოცხალი, ავთენტური და სულიანი გახადა. აქედან გამომდინარე, ჰიპ-ჰოპის გარდამავალი ეპოქის ჟღერადობა ძველ სკოლასთან შედარებით გაცილებით მრავალფეროვანი გახდა.

პროდაქშენის განვითარებამ ჰოპ-ჰოპ-ში პროდიუსერების როლი მნიშვნელოვნად გაზარდა და გარდამავალ პერიოდში მათ უკვე ემსიებზე არანაკლები პოპულარობა მოიპოვეს. სწორედ ამ დროს ჩაწერა პირველი ალბომი ლეგენდარულმა ჰიპ-ჰოპ დუომ, Gang Starr-მა, რომელიც შესანიშნავი ჰიუსტონელი პროდიუსერის და დიჯეის - DJ Premier-ისა და ჰიპ-ჰოპის ბობ დილანად წოდებული ბოსტონელი ემსის - Gifted Unlimited Rhymes Universal, იგივე Guru-სგან შედგებოდა.

Guru & DJ Premier (Gang Starr)

ამ ლეგენდარულ ჯგუფს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. Keith Edward Elam-მა Gang Starr ჯერ კიდევ 80-იანი წლების შუაში ჩამოაყალიბა. ბოსტონელი ემსი სხვადასხვა პროდიუსერებთან თანამშრომლობდა, მაგრამ თავდაპირველად ამ გენიალურმა რეპერმა ლეიბლების ყურადღება ვერ მიიპყრო და თავის მშობლიურ ქალაქში პრაქტიკულად იგნორირებული დარჩა. 1989 წელს კი Guru-მ DJ Premier-ის მიქსთეიფი მოისმინა, რომელიც ძალიან მოეწონა და ამის გამო ჰიუსტონელ პროდიუსერთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. მალევე დუო ნიუ იორკში დაფუძნდა და ასე დაიწყო ჰიპ-ჰოპ კულტურაში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფის ისტორია. ძალიან მალე, 1989 წელს, Gang Starr-მა თავისი პირველი ალბომი No More Mr. Nice Guy გამოუშვა, რომელმაც დუოს ნიუ-იორკის მიწისქვეშეთის წრეებში სახელი გაუთქვა, ხოლო 1991 წელს გამოშვებული მეორე ალბომი Step Into The Arena უკვე დიდი კომერციული წარმატება შეიქნა. ამის შემდეგ ჯგუფმა კიდევ არაერთი შედევრალური ალბომი ჩაწერა, მაგრამ დუოს დაბადება სწორედ ჰიპ-ჰოპის გარდამავალ ეპოქაში მოხდა.

დაახლოებით ამავე პერიოდში პროდიუსერისა და ემსის კიდევ ერთი გენიალური დუეტი შეიქმნა: ბრონქსელი პროდიუსერი Peter Philips-ი იამაიკელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. პიტერს ოთხი და-ძმა ჰყავდა, ოჯახს ძალიან უჭირდა და პიტერიც იძულებული იყო ნიუ-იორკის ქუჩებში გაზეთების გამყიდვლად ემუშავა. პარალელურად იგი მუსიკის პროდაქშენს სწავლობდა. ჰაი სქულში პიტერმა იმ დროს უცნობი ნიუ-იორკელი ემსი Corey Brent Penn Sr. გაიცნო. პროდიუსერმა და რეპერმა თანამშრომლობა გადაწყვიტეს და ასე დაიბადა შესანიშნავი ჰიპ-ჰოპ დუო Pete Rock & CL Smooth.

Pete Rock & CL Smooth

მათ პირველი ჩანაწერი All Souled Out 1991 წელს გამოუშვეს. დუომ დროთა განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა და რამდენიმე შედევრალური ალბომიც ჩაწერა. Pete Rock დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს პროდიუსერად ითვლება. მან ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და მომავალი პროდიუსერებისთვის მთავარი ინსპირაცია შეიქნა.

ალტერნაირული ჰიპ-ჰოპის დაბადებაც დიდწილად ჰიპ-ჰოპის პროდაქშენის გამრავლფეროვნებას უკავშირდება. 80-იანი წლების ბოლოს რამდენიმე ისეთი არტისტი თუ კოლექტივი გამოჩდა, რომლებიც იმ პერიოდის მუსიკალურ ნორმებს დაუპირისპირდენ და იქამდე არსებული ჰიპ-ჰოპისგან რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობისა და თემატიკის მუსიკა შექმნეს, რითიც ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის განვითარებას ჩაუყარეს საფუძველი.

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი იყო Ultramagnetic MCs, რომელიც ჯერ კიდევ 1984 წელს შეიქმნა და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი პიონერი გახდა. ჯგუფმა 1988 წელს თავისი პირველი ალბომი Critical Breakdown გამოუშვა, რომლის სულისჩამდგმელიც დღემდე საკმაოდ დაუფასებელი პროდიუსერი Ced Green იყო. სემპლინგის თვალსაზრისით Critical Breakdown იმ დროისთვის ყველა სხვა ჰიპ-ჰოპ ალბომისგან განსხვავდებოდა.

Ultramagnetic MCs

Ultramagnetic MCs-ის წევრი იყო ასევე ლეგენდარული რეპერი, ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ექსცენტრული ფიგურა Kool Keith, რომელიც ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის მამად მიიჩნევა. Kool Keith-მა თავისი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა სასცენო სახელით არაერთი შესანიშნავი ალბომი ჩაწერა. საინტერესო ის არის, რომ ეს ალბომები, როგორც ჟღერადობით, ასევე თემატიკით ერთმანეთისგან რადიკალულარ განსხვავდებიან. Kool Keith 1984 წლიდან დღემდე აქტიურია და მას კარიერის განმავლობაში ათობით ალბომი აქვს გამოშვებული.v

ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის კიდევ ერთ მამად შეგვიძლია ნიუ-იორკელი პროდიუსერი Prince Paul მივიჩნიოთ. Paul Edward Houston-მა თავისი კარიერა ჯგუფ Stetsasonic-ისთვის დიჯეობით დაიწყო. ეს კოლექტივი ჰიპ-ჰოპის ისტორიაში პირველი ლაივ ბენდი იყო და Stetsasonic-ს როგორც ჯაზ-რეპის, ასევე ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

Stetsasonic

Prince Paul-მა კი პოპულარობა იმით მოიპოვა, რომ იგი ლეგენდარული ჯგუფის De La Soul-ის პირველი ალბომის 3 Feet High and Rising-ის პროდიუსერი და სულისჩამდგმელი გახდა. ეს ალბომი ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

De La Soul-მა იმ პერიოდის კიდევ ორ გამორჩეულ ჯგუფთან A Tribe Called Quest-თან და The Jungle Brothers-თან ერთად კოლექტივი The Native Tongues ჩამოაყალიბა. ეს გაერთიანება კი ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის მთავარი კერა გახდა. A Tribe Called Quest-ის პირველი ალბომი People’s Instinctive Travels And The Paths Of Rhythm, რომელიც 1990 წელს გამოვიდა, ასევე ალტერნაიტული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, ხოლო ჯგუფის მიერ 1991 წელს გამოშვებული მეორე ალბომი - The Low End Theory, ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად ითვლება.

The Native Tongues-ის ჯგუფები სხვა კოლექტივებისგან ჟღერადობის გარდა ლირიკულადაც ძალიან განსხვავდებოდნენ. მათ ტექსტებში პოზიტიური მესიჯი და ჰედონისტური თემატიკა ჭარბობდა. ამის გამო იმ პერიოდში The Native Tongues-ის წევრებს ჰიპსტერ რეპერებსაც კი უწოდებნენ. De La Soul-მა, A Tribe Called Quest-მა და The Jungle Brothers-მა წლების განმავლობაში არაერთი შედევრალური ალბომი გამოუშვეს და ამ ჯგუფების შემოქმედებაზე დეტალურად საუბარს ცალკე ბლოგ-პოსტები სჭირდება.

ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის გამორჩეული ჯგუფი იყო კიდევ ერთი ნიუ-იორკული კოლექტივი Brand Nubian, რომელიც სამი ემსისგან (Grand Puba, Sadat X, Lord Jamar) და ორი დიჯეისგან (DJ Alamo, DJ Sincire) შედგებოდა. Brand Nubian-მა თავისი პირველი ალბომი All For One 1990 წელს გამოუშვა და თავიდანვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. მალევე Grand Puba-ს Sadat X-თან და Lord Jamar-თან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც Puba-მ და DJ Alamom-მ ჯგუფი დატოვეს. თუმცა, 1997 წელს ისინი Brand Nubian-ს დაუბრუნდნენ და ჯამში ჯგუფმა ექვსი შესანიშნავი ალბომის გამოშვება შეძლო.

1989-1991 წლების მონაკვეთი კიდევ რამდენიმე ლეგენდარული არტისტის კარიერაში საუკეთესო პერიოდი გამოდგა. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ემსი Big Daddy Kane თავის ფორმის პიკში სწორედ ამ პერიოდში შევიდა. Antonio Hardy-მ პირველი ალბომი Long Live The Kane 1988 წელს ჩაწერა, ხოლო 1991 წელს მას უკვე ოთხი ბრწყინვალე ალბომი ჰქონდა გამოშვებული. Big Daddy Kane-ის ფლოუ მართლაც შეუდარებელია და ის არაერთი ცნობილი რეპერისთვის უდიდესი ინსპირაცია გახდა. ტექნიკური თვალსაზრისით Big Daddy Kane ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რეპერად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

გარდამავალ ეპოქაში ასპარეზზე ქალი ემსიებიც გამოჩნდნენ და მათ ჰიპ-ჰოპის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. 1988 წელს პირველი ალბომი გამოუშვა ლეგენდარულმა რეპერმა MC Lyte-მა, რომელიც მომავალი რეპერებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა. ასევე ამავე პერიოდში გამოჩნდა კიდევ ერთი შესანიშნავი ემსი Queen Latifah, რომელმაც თავისი პირველი ალბომი All Hail The Queen 1991 წელს გამოუშვა.

1989-1991 წლები ჰიპ-ჰოპ არტისტებისთვის თანამშრომლობის და კოლაბორაციების პერიოდიც გამოდგა, რაც იმ დროისთვის ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში სიახლე იყო. ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა მნიშნელოვანი თემის გარშემო არაერთი საინტერესო კოლაბორაცია ჩაიწერა.

მთლიანობაში, ეს სამწლიანი მონაკვეთი ჰიპ-ჰოპის ისტორიაში მუსიკალურად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იყო. პროდაქშენის გამრავალფეროვნებამ ბევრი ქვე-ჟანრის შექმნასა და განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. დროთა განმავლობაში ჯაზ რეპი, გენგსთა რეპი, ბუმ-ბეპი, ინდი ჰიპ-ჰოპი, ჰარდქორ ჰიპ-ჰოპი და სხვა სტილები ცალკე მიმდინარეობებად მოგვევლინენ. თუმცა, ჰიპ-ჰოპ მუსიკის ქვე-ჟანრებზე და ამ უდიდესი კულტურის ოქროს ხანაზე უკვე შემდეგ ბლოგ-პოსტებში მოგითხრობთ.

მსგავსი ბლოგები