ჰიპ-ჰოპის ანატომია - ნაწილი 3

ავტორი: გიორგი ზურაბიშვილი

20 აგვისტო, 2020

13 წუთის წასაკითხი

7 ნახვა

70-იანი წლების ბოლოს ჰიპ-ჰოპი ნელ-ნელა თვითმყოფად კულტურად ყალიბდება და აქედან იწყება მისი პირველი პერიოდი, რომელსაც დღეს როგორც „ძველი სკოლა“ (Old School) ისე მოიხსენიებენ. ეს ეპოქა, უხეშად, 70-იანი წლების ბოლო პერიოდს და 80-იანი წლების პირველ ნახევარს მოიცავს.

ჩამოყალიბების და თვითგამორკვევის პროცესი ჰიპ-ჰოპისთვის იოლი არ ყოფილა. 70-იანი წლების ძველი სკოლის სტუდიური ჩანაწერი ბევრი არ მოიპოვება, რადგან, თავდაპირველად ჰიპ-ჰოპი მხოლოდ ცოცხალი ფენომენი იყო. ძალიან ბევრს არ ჯეროდა, რომ ნიუ-იორკის უბნების წვეულებებიდან შეიძლებოდა ცალკე მდგომი მუსიკალური ჟანრი და, მითუმეტეს, თვითმყოფადი კულტურა შექმნილიყო. ამ ყველაფერს ისიც ართულებდა, რომ, რეალურად, ჰიპ-ჰოპს თავისი მუსიკალური საფუძველი არ გააჩნდა და, წვეულებების დროს, რეპინგი ძირითადად ფანკისა და სოულის პერკუსიების სექციების ფონზე ხდებოდა. არ არსებობდნენ ჰიპ-ჰოპ პროდიუსერები - იყვნენ მხოლოდ ჰიპ-ჰოპ დიჯეები, რომლებიც, ფირფიტებით მიქსინგის მეშვეობით, პერკუსიების სეგმენტებს იმეორებდნენ და, შესაბამისად, ჰიპ-ჰოპის მუსიკალურ ნაწილს ცოცხლად ქმნიდნენ.

1975 წელს, ახალგაზრდა ბრონქსელი დიჯეი Grand Wizzard Theodore სწორედ ამ ტექნიკას ამუშავებდა, როდესაც მას ოთახში მოულოდნელად დედა შეუვარდა და 13 წლის დიჯეის ხმის ჩაწევა მოსთხოვა. შეშინებულმა თეოდორმა ფირფიტას ხელი დააჭირა და მუსიკა ასე გათიშა. ამ მომენტში ფირსაკრავის ნემსი შემთხვევით უკან გადახტა, ხოლო ფირფიტამ ძალიან უხეში ხმა გამოსცა. თეოდორს ეს ჟღერადობა იმდენად მოეწონა, რომ მან ახალი ვირტუოზული ტექნიკა შეიმუშავა - ახალგაზრდა დიჯეი ფირსაკრავის ნემსს განზრახ ახტუნავებდა და ფირფიტებს უკან ატრიალებდა, რაც ძალიან თავისებურ ხმას გამოსცმედა. ასე გაჩნდა სქრეჩინგის ტექნიკა, რაც განსაკუთრებით ძველი სკოლის და შემდეგ მთლიანად ჰიპ-ჰოპ კულტურის უმნიშვნელოვანესი ელემენტი გახდა. Grand Wizzard Theodore ამ ტექნიკას ორი წლის განმვლობაში ხვეწდა და მან ის სახალხოდ პირველად, 1977 წლის 18 აგვისტოს, კლუბ Sparkle-ში გამართულ წვეულებაზე წარმოაჩინა, რისთვისაც თეოდორმა Incredible Bongo Band-ის Bongo Rock-ის ფირფიტა გამოიყენა.

ძალიან მალე ახალგაზრდა თაობაში ჰიპ-ჰოპმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და ნელ-ნელა უკვე აშკარა გახდა, რომ ეს კულტურა მხოლოდ ლოკალური მოვლენა არ იქნებოდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ აფრო-ამერიკული მუსიკის წიაღში, ჰიპ-ჰოპი იყო პირველი ჟანრი, რომელიც თეთრკანიანი აუდიტორიის წინაშე კეკლუცობას არ ცდილობდა და ამიტომაც ის ახალი თაობის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. შავკანიანი მოსახლეობისთვის ჰიპ-ჰოპი თვითგამოხატვის ყველაზე ეფექტური ფორმა შეიქნა.

თავდაპირველად, ლეიბლები ჰიპ-ჰოპ კულტურის მიმართ ინტერესს არ იჩენდნენ, მაგრამ, 70-იანი წლების ბოლოს, ჰიპ-ჰოპის დედად წოდებულმა ჰარლემელმა მომღერალმა, სილვია რობინსონმა, რეპში კომერციული პოტენციალი დაინახა და თავის ქმართან ერთად ისტორიაში პირველი ჰიპ-ჰოპ ლეიბლი Sugar Hill Records ჩამოაყალიბა. პირველი რელიზი ლეიბლმა 1979 წელს გამოუშვა. საინტერესოა, რომ სილვია რობინსონი ლეიბლის სინგლისთვის რეპერებს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, მაგრამ იმ დროისთვის არცერთი გამორჩეული ემსი სტუდიაში მუშაობას არ თანხმდებოდა. საბოლოოდ, სილვია რობინსომა ყველასთვის უცნობი სამი ადამიანი შეკრიბა, ჯგუფს სახელი თვითონ მოუფიქრა და ბენდის მუსიკის ფონზე რეპინგის პროცესი ჩაიწერა. ასე გაჩნდა ჰიპ-ჰოპის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი Sugar Hill Gang - Rapper’s Delight, რომელიც ჰიპ-ჰოპ კულტურის პირველი კომერციული წარმატება იყო. ამ სინგლმა საერთაშორისო მასშტაბით უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.

Sugar Hill Records-ს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა უკავშირდება. იმ დროისთვის უკვე ლეგენდარულმა ბრონქესლმა დიჯეიმ, ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთმა პიონერმა, Grandmaster Flash-მა 1978 წელს ჯგუფი Grandmaster Flash & The Furious Five შეკრიბა და 1982 წელს სილვია რობინსონის დახმარებით სინგლი The Message გამოუშვა. ამ რელიზმაც მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ეს სიმღერა მნიშვნელოვანი იმიტომ აღმოჩნდა, რომ, ლირიკული თვალსაზრისით, ის ჰიპ-ჰოპის განვითარების ახალ ეტაპს წარმაოდგენდა. მარტივი, ჰედონისტური რიტმების გარდა მასში სოციალური კონტექსტი დომინირებდა. ამ რელიზით გამოჩნდა, რომ კომერციულ რეპს ძალიან სერიოზული პოლიტიკური, ან სოციალური მესიჯი შეიძლება ჰქონოდა და რომ ჰიპ-ჰოპის მეშვეობით ამ მესიჯის ადამიანებამდე მიტანა ძალიან ეფექტურია. ეს პრაქტიკულად იყო იმ ფორმის მიგნება, რომელსაც აფრო-ამერიკული საზოგადოება ათწლეულების განმავლობაში ეძებდა და ეს აღმოჩენა ჰიპ-ჰოპ კულტურის თვითგამორკვევისა და შემდგომი განვითარებისთვის უდიდესი ბიძგი გახდა.

ძველი სკოლის იმ პერიოდის მთავარ გამოწვევას მაინც ჰიპ-ჰოპის მუსიკალური მხარე წარმოადგენდა. ჟღერადობის თვალსაზრისით სილვია რობინსომა თავდაპირველად იოლი გზა აირჩია და რეპი იმ პერიოდისთვის ძალიან პოპულარული ჟანრის, დისკოს, მუსიკალურ ბაზაზე ჩაწერა. ამ გადაწყვეტილებამ კომერციული თვალსაზრისით თავიდან ნამდვილად გაამართლა, მაგრამ, ჰიპ-ჰოპის პოპულარობის საგრძნობლად მატების ფონზე, უკვე აშკარა იყო, რომ ამ კულტურას თავისი მუსიკალური საფუძველი უნდა ჰქონოდა.

ჟღერადობის თვალსაზრისით ძველი სკოლის ჰიპ-ჰოპზე უდიდესი ზეგავლენა კიდევ ერთმა ლეგენდარულმა არტისტმა Afrika Bambaataa-მ მოახდინა. სამხრეთ ბრონქსელი რეპერი და პროდიუსერი Kraftwerk-ით და იმ პერიოდის ელექტრო ჟღერადობით იყო ინსპირირებული. Afrika Bambaataa-ს ეს ინსპირაცია ჰიპ-ჰოპის პროდაქშენზეც აისახა. შესაბამისად, ძველი სკოლის პირველი პერიოდის სახასიათო ჟღერადობად სწორედ ელექტრო, სინთ ბიტები მოგვევლინა. აღსანიშნავია, რომ იმ დროის პროდიუსერები სემპლინგის ტექნიკას ჯერ არ იყენებდნენ, რადგან ტექნოლოგია მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. სემპლერები უფრო 80-იანი წლების მეორე ნახევარში გაჩნდა, რამაც ჰიპ-ჰოპის ჟღერადბა ძალიან გაამრავალფეროვნა. თუმცა, მანამდე Afrika Bambaataa-მ ძალიან პოპულარული გახადა Rollan TR-808 დრამ მანქანა, რომელიც ძველი სკოლის პირველი პერიოდის ჰიპ-ჰოპ ჟღერადობის მთავარი მწარმოებელი შეიქნა.

ლენს ტეილორს, იგივე Afrika Bambaataa-ს, უკავშირდება, ასევე, ჰიპ-ჰოპის, როგორც კულტურული მოძრაობის პოპულარიზაცია. აღსანიშნავია, რომ იამაიკისა და ბარბადოსის წარმომავლობის არტისტი სიცოცხლეშივე ძალიან პოპულარული გახდა. სწორედ Afrika Bambaataa-ს დამკვიდრებულია ტერმინი „ჰიპ-ჰოპ“. 70-იანი წლების ბოლოს, ტეილორმა კოლექტივი Universal Zulu Nation ჩამოაყალიბა. ეს მოძრაობა, როგორც რეპერებს, პროდიუსერებსა და დიჯეებს, ასევე გრაფიტი არტისტებსა და ბრეიქის მოცეკვავეებს აერთიანებდა. Afrika Bambaataa-მ ჰიპ-ჰოპის ფილოსოფია განსაზღვრა და მის მთავარ ცნებებად მშვიდობა, ერთობა, სიყვარული და გართობა დაადგინა. ცნობილია, რომ ტეილორმა უამრავი ადამიანი კრიმინალური ბანდებისგან და ძალადობრივი ცხოვრების სტილისგან დაიხსნა. ამის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში Afrika Bambaataa აღიქმება, როგორც საზოგადო მოღვაწე და ჰიპ-ჰოპ კულტურის ერთ-ერთი მთავარი მისიონერი, რომელმაც პოზიტიური მესიჯის გადაცემით ათასობით ადამიანი სწორ გზაზე დააყენა.

გარდა ზემოთ ხსენებული ადამიანებისა, ძველი სკოლის პირველი პერიოდის გამორჩეული არტისტები არიან: ჰიპ-ჰოპის ნათლიმამა Kool Herc, The Treacherous Three, Grandmaster Caz, Melle Mel, Kurtis Blow, Kool Moe Dee, Doug E. Fresh, Lovebug Starski, Jazzy Jay და ა.შ.გარდა ზემოთ ხსენებული ადამიანებისა, ძველი სკოლის პირველი პერიოდის გამორჩეული არტისტები არიან: ჰიპ-ჰოპის ნათლიმამა Kool Herc, The Treacherous Three, Grandmaster Caz, Melle Mel, Kurtis Blow, Kool Moe Dee, Doug E. Fresh, Lovebug Starski, Jazzy Jay და ა.შ.

80-იანი წლების შუიდან ჰიპ-ჰოპის ჟღერადობა ახალ ეტაპზე გადადის და, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრად უფრო მრავალფეროვანი ხდება. თუმცა, ძველი სკოლის მეორე პერიოდზე უკვე შემდეგ ბლოგ-პოსტში მოგითხრობთ.

მსგავსი ბლოგები