Greenvech Village - ბარონები ნიუ იორკში

ავტორი: ქუჯი დავითულიანი

16 სექტემბერი, 2019

10 წუთის წასაკითხი

8 ნახვა

50-იან წლებში ევროპაში გააქტიურებული ელექტრონული სტუდიების პარალელურად, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო აშშ-ში და მის კულტურულ ცენტრში - ნიუ იორკში.
თუ ევროპაში ახალი თაობის კომპოზიტორების სახელმწიფო ინსტიტუციები უჭერდნენ მხარს და პირველი ელექტრონული სტუდიები საზოგადოებრივი მაუწყებლების ბაზაზე ვითარდებოდა, შტატებში ეს პროცესი მათგან დამოუკიდებლად დაიწყო. მეოცნებე წყვილის ლუის და ბებე ბარონების ინოვაციური იდეა და მისი წარმატებული განხორციელება ამერიკული ელექტრონული მუსიკის ისტორიის პირველი გვერდების განუყოფელი ნაწილი გახდა.

ჩანაფიქრი საკმაოდ ამბიციური გახლდათ - მათ სურდათ შეექმნათ თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სტუდია, რომელიც ავანგარდული მუსიკისა და თანამედროვე კინოს საუნდზე მომუშავე ადამიანებს მოემსახურებოდა. ევროპაში მსგავსი სტუდიები ინსტიტუციური მხარდაჭერის ქვეშ უმიზეზოდ არ იყვნენ. ამის საფუძველი იყო თავად ამ მიმართულების ექსპერიმენტული ხასიათი და არაპოპულარობა, რაც პროდუქტის სარფიან გაყიდვას ჩანასახშივე ართულებდა. მეტიც, ამ წრეში ეს მიზანი უმრავლეს კომპოზიტორსა თუ საუნდ ინჟინერს არ ჰქონდა. მათი ფიქრები უფრო მეტად ახალი აღმოჩენების კვლევასა და ექსპერიმენტირებას უკავშირდებოდა.

ამერიკული ოცნების ერთერთი წახნაგი ალბათ სწორედ ამგვარ მოცუმულობაში წარმატების მიღწევაა. ბარონების თავგადასავალი კი სწორედ ამ შაბლონური სტერეოტიპისთვის ზედგამოჭრილი ისტორიაა.

1948 წელს ახალდაქორწინებული წყვილი, ახალი შესაძლებლობების ძიებაში ჩიკაგოდან ნიუ იორკში გადადის და “სოფელში” იწყებს ცხოვრებას. ასე უწოდებდნენ ადგილობრივები Greenvech Village-ს, ქალაქის ერთ ერთ უბანს, რომელიც სწორედ ალტერნატიული კულტურის მიმდევრების თავშეყრის ადგილად მიიჩნეოდა.

ბებე ბარონი მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს:

“ჩვენ გადავწყვიტეთ გავმხდარიყავით ამ ქალაქის ცხოვრების სტილის ნაწილი. 50-იან წლებში კი ნიუ იორკი იყო მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი კულტურული ცენტრი, ისეთივე საოცარი როგორც პარიზი 20-იან წლებში."

მართლაც, ნიუ იორკი სავსე იყო ექსპერიმენტების ძიებით შეპყრობილი ავანგარდული ხელოვანებით. იქნებოდნენ ესენი კომპოზიტორები, მოცეკვავეები, არქიტექტორები, კინორეჟისორები თუ სხვა… ჯონ კეიჯი, დეივიდ ტუდორი, მართა გრეემი, ლუ ჰერისონი ეს მათი მცირე ჩამონათვალია...

ბარონები ადრეული წლებიდან დაინტერესებულნი იყვნენ ავანგარდული ხელოვნებით. ბებე ბარონი ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორის და მუსიკალური თეორიტიკოსის ჰენრი ქოუველის მოსწავლე იყო, ლუისს კი ძალიან უყვარდა ტექნოლოგიები და ეხერხებოდა ელექტრო აპარატების ტექნიკური ინჟინერია.

გარდა ამისა, მათ ხელში ჩაუვარდათ უნიკალური ნივთი: მაგნეტურ ლენტზე ხმის ჩამწერი გერმანული მოწყობილობა, რომელიც ძალიან იშვიათი იყო შტატებში. მეტიც, ბებე ბარონის თქმით, ის ერთადერთი იყო ამ ტერიტორიაზე. სწორედ ამ მოწყობილობის და იდეის იმედად წავიდნენ ნიუ იორკში. ამასთან ერთად, ლუისს კარგი კავშირები ქონდა Minnesota Mining Company-სთან, სადაც მისი ბიძა მაღალ საფეხურზე იყო დასაქმებული. ლუისს ბიძისგან ჰქონდა დასტური, რომ სხვადასხვა საჭირო შენადნობების დამზადებაში სწორედ ისინი დაეხმარებოდნენ.

ნიუ იორკში ჩასვლიდან მალევე ისინი ხსნიან ამერიკაში პირველ ელექტრონული მუსიკის სტუდიას. დაიწყეს ყველას და ყველაფრის ჩაწერა რაც მათ გარშემო ხდებოდა, იქნებოდა ეს ქალაქში გაფანტული ხმები, თუ იქ მოღვაწე მუსიკოსები, მწერლები, რომლებიც თავიანთი შემოქმედების აუდიო კონტენტად გარდაქმნით იყვნენ დაინტერესებულები.


პირველი ელექტრონული კომპოზიცია მაგნიტური ლენტისთვის აშშ-ში ბარონების მიერ თავიანთ სტუდიაში შეიქმნა სახელწოდებით Heavenly Menagerie - ზეციური მემკვიდრეობა. (ნაწარმოები ინტერნეტში არ მოიპოვება)

სწორედ ეს ნამუშევარი გახლდათ მათი ერთგვარი რეკლამა ნიუ იორკის ავანგარდულ საზოგადოებაში. ნამუშევრის პრეზენტაცია მოხდა მერვე ქუჩაზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ “ხელოვანთა კლუბში”, სადაც ქალაქის კულტურული ბოჰემა იკრიბებოდა ხოლმე.

ამის შემდეგ სტუდიაში ვიზიტები არ წყდებოდა და სულ მალე ბარონები ომის შემდგომი ახალი ამერიკული კულტურის მშენებლობის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. ისინი უნიკალურ მდგომარეობაში იყვნენ. მხოლოდ ბარონებს ჰქონდათ აღჭურვილობა, რომელიც ასე აუცილებელი იყო ახალი ტექნოლოგიური ხედვებით დაინტერესებული ხელოვანებისთვის. ამასთან ლუისი ხმის ინჟინერიითაც იყო გატაცებული და სტუდიაში აუდიომომსახურებაზეც ის აგებდა პასუხს. შეიძლება ითქვას, რომ ბარონებს 50-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში ამ სფეროს სრული მონოპოლია ქონდათ.

მუსიკალური პროდუქტის და აუდიო წიგნების გარდა ბარონების სტუდია მჭიდროდ თანამშრომლობდა კინო რეჟისორებთან საუნდ დიზაინისა და კინო მუსიკის მიმართულებით.

პირველ ეტაპზე ძირითადად ექსპერიმენტული კინოს მიმდევრებთან, მაგალითისთვის იან ჰუგო Ian Hugo და მისი Bells of Atlantis (1952).

მათი პირველი დიდი შეკვეთა კი გახლდათ Metro-Goldwyn-Mayer ის მიერ წარმოებული ფრედ ვილკოქსის საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკა Forbidden Planet(1956), რომელიც სავსეა არამიწიერი ასოციაციების დახვეწილი ელექტრონული საუნდებით. ეს არის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი კინო ისტორიაში, რომლის საუნდტრეკები სრულად ელექტრონული ხმებით შეიქმნა.

ბარონების სტუდიის წარმატებულობა წლების შემდეგ ინსპირაციის წყარო გახდა სხვა კერძო ექსპერიმენტული სტუდიების გაჩენისათვის. ევროპული გამოცდილება, რომ ამ ტიპის ხელოვნებას მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერის პირობებში შეეძლო განვითარება, ალტერნატივა გამოუჩნდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ორივე მიდგომამ ელექტრონული მუსიკის სკოლების ესთეტიკის განსხვავებული ხასიათის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.

მსგავსი ბლოგები