Glispy Records - საქართველოში დაფუძნებული ახალი ლეიბლი
ავტორი: ჯაბა შავიშვილი >>
15 თებერვალი, 2021 >>
10 წუთის წასაკითხი >>
3 ნახვა
ლეიბლები ის არის, რაც ქართულ მუსიკალურ სცენას ბოლო წლებში ამრავალფერვონებს. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ ციფრულ სამყაროში ლეიბლების დანიშნულება მცირდება, ვფიქრობ, პირიქით უნდა ითქვას - მათი მნიშვნელობა გადააზრების პროცესშია.
დღეს იმისთვის, რომ მუსიკალური ლეიბლი წამოიწყო, აღარ არის საჭირო მხოლოდ ბიზნეს გათვლებით იმოქმედო (თუმცა არც უამისობა მოიტანს შედეგს). დღეს, როგორც არასდროს, მცირე, დამოუკიდებელი მუსიკალური ლეიბლები შორს არიან იურიდიული თუ ფინანსური ბიუროკრატიისგან, რაც წარსულში მუსიკოსებსა და ლეიბლებს შორის მუდამ განხეთქილების მიზეზი იყო. მეტიც, დღეისთვის ახლად შექმნილი ლეიბლების უკან თავად არტისტები დგანან.
მათ გააცნობიერეს წარსულის გამოცდილების მანკიერი მხარეები - საჭიროებენ რა საკუთარ კარიერაზე სრულ კონტროლს, ეკონომიკურ თავისუფლებას, საკუთარი ნამუშევრების მარკეტინგის თუ დისტრიბუციის პროცესში ჩართვას.
დღევანდელობის ტექნოლოგიური ასპექტები კი, მარტივად აძლევს მუსიკოსს ყველა იმ ხელსაწყოს, რაც საკუთარი ბედის განკარგვაში გამოადგება.
არტისტების მიერ მართული ლეიბლების მოძრაობა, ყველაზე სწრაფად სწორედ ელექტრონული მუსიკის სფეროში იკიდებს ფეხს, შედეგად უამრავმა მუსიკოსმა ლეიბლის მხოლოდ ციფრული მიმართულება აირჩია. ფაქტია, რომ DIY ფილოსოფიის მიდგომით შექმნილი ბიზნეს მოდელები ამართლებს - ისტორიულად ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე პროდიუსერებმაც ცნობადობა ალტერნატიული გზებით, ინტერნეტში მოიპოვეს.
საქართველოში, ბოლო პერიოდში, რამდენიმე კონკრეტული მიმართულების და მუსიკალური/ვიზუალური/lifestyle ესთეტიკის მქონე ლეიბლი დაფუძნდა, რომლებიც საკუთარ მსმენელს ელოდებიან. დღეს ერთ-ერთ მათგანზე, ახლად დაარსებულ Glispy Records-ზე გიამბობთ. 5 მეგობრის - ლევან გრძელიძის, ნოდარ ტრაპაიძის, ბუბა მცხეთაძის, ნიკი ბექაურის და რეზი ხვედელიძის იდეა, პანდემიის პერიოდში გაჩნდა და რამდენიმე თვიანი აქტიური მუშაობა კი, 14 თებერვალს პირველი კომპილაციური ალბომით დაგვირგვინდა.
„სახელი გლისფი ძალიან უცბად მოგვაფიქრდა. გვინდოდა რაიმე ქართული სიტყვა ლეიბლის სახელად, და როგორც ვიცოდით, გლისპი არის ძველ ქართული სიტყვა. ჩვენ კი გადავაკეთეთ და დავარქვით ლეიბლს გლისფი. რათა ყოფილიყო უფრო მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი” - ალბომის დასახელების ისტორიაზე მოკლედ აღნიშნავს ლევან გრძელიძე.
ლეიბლის პირველი რელიზი კომპილაციური ხასიათისაა და ქართველი თანამედროვე ელექტრონული პროდიუსერების მიერ შექმნილ 21 ტრეკს აერთიანებს. ალბომი საინტერესოდ აღწერს არსებულ მუსიკალურ სცენას. აქ შეხვდებით პიონერ დიმა დადიანს, ბევრ სხვა უკვე დაფუძნებულ თუ სრულიად ახალბედა პროდიუსერებს.
„პირველ ალბომზე ფიქრის დროს გვინდოდა რაიმე განსხვავებული შეგვეთავაზებინა ქართველი და უცხოელი მსმენელისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენთვის ნაცნობი და მეგობარი პროდიუსერებისთვის მიგვეწერა და შეგვეთავაზებინა დიდი კომპილაციის წევრობა. რა თქმა უნდა, ყველამ დიდი სურვილი გამოთქვა და თანხმობაც მივიღეთ. კომპილაციის გამოსვლასთან ერთად ვმუშაობთ მეორე ციფრულ ალბომზე, რომლის მთავარი მისია იქნება, ნაკლებად ცნობილი, ქართველი პროდიუსერების საზოგადოებისთვის გაცნობა. მიგვაჩნია, რომ დამწყებ პროდიუსერებსა და დიჯეებს არ ეძლევათ საკმარისი დრო და შესაძლებლობა თავის დაკმვიდრების, ამიტომ გვსურს, მათ შანსი და მოტივაცია მივცეთ. ასევე გვაქვს მოლაპარაკება უცხოელ არტისტებთან და გვსურს, რომ მსმენელი გაჯერებული იყოს როგორც ქართველი პროდიუსერების მუსიკით, ასევე უცხოელებისაც, რადგან საინტერესო სინთეზი იქმნება ასეთი კოლაბორაციის დროს” - კომპილაციური ალბომის იდეაზე გვიყვება ნოდარ ტრაპაიძე.
ალბომს ანუშკა ჩხეიძე საპატიოდ ხსნის, როგორც კომპილაციის ერთადერთი ქალი არტისტი. „Where Are You Moving“ ჰარმონიული, გაცნობითი სახის დასაწყისია ქართული ელექტრონული მუსიკის ამჟამინდელის სცენის შესასწავლად. აღსაღნიშნია ის ხმოვანი პალიტრაც, რასაც კომპილაციის ფარგლებში ვაწყდებით - ელექტრო, ჰაუსი, დაბსტეპი, ტექნო, ბრეიქი თუ ექსპერიმენტალი - აქ ამჟამად ქვეყანაში აქტუალური ელექტრონული მუსიკის თითქმის სრულ დიაპაზონს ვხვდებით.
„Glispy-ის მთავარი მიმართულება ელექტრონული მუსიკაა, ჩანაფიქრიც ასეთი იყო. თუმცა ალბომის გამოშვებასთან ერთად დავიწყეთ პოდკასტების სერია „Glispcast”, რომლითაც გვინდა მსმენელს შევთავაზოთ სხვადასხვა მუსიკალური ჯანრის სეტები, გავაცნოთ საინტერესო სელექტორები, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს მუსიკისადმი სიყვარულსა და ინტერესს. ამჟამად გვაქვს ორი სეტი და წინასწარ გვაქვს გაწერილი გრაფიკი. ვაპირებთ, რომ ეტაპობრივად შევთავაზოთ საინტერესო ჟანრებისა და სელექციის სეტები მსმენელს“ - ლეიბლის მუსიკალურ მიმართულებას და პრიორიტეტებს გვაცნობს ბუბა მცხეთაძე.
კომპილაციური ალბომები თითქოს წარსულის პროექტად უნდა ყოფილიყო შერაცხული, განსაკუთრებით მუსიკალური სტრიმინგ სერვისების ეპოქაში, თუმცა ფაქტია - მსმენელი ისევ ინტერესდება კარგად შერჩეული სელექციით, რომელთა დახმარებითაც გარკვეულ ეპოქაზე, სტილზე თუ მუსიკის გეოგრაფიულ ასპექტებზე სათანადო ცოდნა გვეძლევა. განსაკუთრებით კი მსგავსი პროექტები ახალგაზრდა პროდიუსერებს ეხმარებათ თავის წარმოჩენაში.
„დამატებით მუშაობა მიდის ჯერ ჯერობით კიდევ ორ ალბომზე. პირველი ორიენტირებული იქნება საზოგადოებისთივის ნაკლებად ცნობილი პროდიუსერების კრებულზე, ხოლო მეორე უცხოელი არტისტების კოლაბორაცია იქნება ქართველებთან, რადგან უცხოეთში ვრცელდება ქართველების სახელი, ხოლო ჩვენთან უცხოელების. ეს ორი ალბომი იქნება ციფრული, რადგან ლეიბლს ჯერ საკმარისი რესურსი არ გააჩნია ფიზიკური ალბომების გამოსაშვებად. საკმარისი თანხებისა და რესურსის მოკვლევის შემდეგ ვაპირებთ ქართველი, არტისტებით დაკომპლექტებული ფირფიტის გამოშვებას, რაც ჩვენი ერთ-ერთი დიდი სურვილია” - Glispy-ის სამომავლო ალბომებს გვაცნობს ნიკი ბექაური.
დღეისთვის ლეიბლი აღარ წარმოადგენს მხოლოდ მუსიკის მსმენელთან დისტრიბუციის გარკვეული მეთოდებისა და ფორმატების ნაერთს - ეს პირველ რიგში ბრენდია, რომელიც გრძელვადიანი კომუნიკაციით ცდილობს საკუთარი მსმენელის პოვნას და მასთან ერთად ცხოვრებისეული გამოცდილებების გაზიარებას, ამიტომაც ისინი აქტიურად ცდილობენ მსმენელი სხვა ტიპის აქტივობებშიც ჩართონ, ეს იქნება განსხვავებული ტიპის ღონისძიებების ორგანიზება, ლეიბლის ონლაინ მაღაზიის შექმნა თუ სხვა.
„ლეიბლი ფიქრობს ძალიან ბევრი მიმართულებით განვითარებას. პირველ რიგში, გვინდა ვახსენოთ, რომ ძალიან მალე გაყიდვაში გამოვა გლისფის მაისურები და ჰუდები. ასევე პანდემიის სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც კი საშუალება მოგვეცემა, გვსურს მოვაწყოთ კლუბებსა და სხვადასხვა საინტერესო ადგილებში ლეიბლის შოუქეისები” – Glispy-ის ბრენდის გამრავალფეროვნების გეგმები გაგვანდო რეზი ხვედელიძემ.
„Glispy Records“-ის პირველი კომპილაციური ალბომის მოსმენა და შეძენა Bandcamp-ზე შეგიძლიათ.
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში