გიას მერე...
ავტორი: კახა თოლორდავა >>
20 ნოემბერი, 2020 >>
17 წუთის წასაკითხი >>
36 ნახვა
უცნაურია, მაგრამ ფაქტია ის, რომ გია ყანჩელის მუსიკას, უფრო სწორად, მის სიმფონიებს და კამერულ ნაწარმოებებს, უცხოეთში უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე საქართველოში. რა თქმა უნდა, მუსიკოსები, მუსიკისმცოდნეები და მისი შემოქმედების თავგამოდებული მოყვარულები მხედველობაში არ მყავს. ის, თუ რატომ და როგორ მოხდა ასე, ცალკე თემაა, ეს ბლოგები კი მხოლოდ მისი ყველა მნიშვნელოვანი, ე.წ. „სერიოზული“ მუსიკის შესახებ იქნება, დაწყებული მისი პირველი სიმფონიით და დასრულებული უკანასკნელი ათწლეულების კამერული ნაწარმოებებით. ეს ტექსტები არავითარ შემთხვევაში არ ისახავს მიზნად მისი მუსიკის სიღრმისეულად განხილვას, უფრო, ალბათ, მიმოხილვას, მათი შექმნის და შესრულებების ისტორიას, კრიტიკოსების რეაქციას თითოეულ მათგანზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, თავად კომპოზიტორის და მისი კოლეგების მოსაზრებებს ამა თუ იმ ნაწარმოებზე, ა.შ. იმედი მაქვს, რომ ეს ტექსტები ოდნავ მაინც წაახალისებს იმ რისკიან ახალგაზრდა მსმენელებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ შეხებიან ყანჩელის მუსიკას, რომ გაბედონ და შეაბიჯონ დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის სრულიად უნიკალურ აკუსტიკურ ტერიტორიაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს კი საკმაო ძალისხმევას მოითხოვს, გამდიდრებული დაბრუნდება უკან, და მერე კი... ისევ ყანჩელის მუსიკაში.
ბლოგის პირველი, შესავალი ტექსტი, ყველაზე მოცულობითი იქნება (სხვა შემთხვევებში 4-5 გვერდით შემოვიფარგლები ხოლმე) და ამას თავისი მიზეზი აქვს. უკანასკნელი რვა-ცხრა თვის განმავლობაში, მე ვმუშაობდი გია ყანჩელის და რუსი მუსიკისმცოდნე, ნატალია ზეიფასის წიგნის - „დიალოგები, - თარგმანზე. ეს წიგნი რუსულ ენაზე 2005 წელს გამოიცა, ხოლო მის პირველ ქართულ ვარიანტს გამომცემლობა „ინტელექტი“ 2020 წლის შემოდგომაზე წარმოგიდგენთ. წიგნი თავად კომპოზიტორის ლექციით იხსნება. ლექციის სახელწოდებაა „ღირებულებების შკალა.“ ეს ლექცია მან 2000 წელს წაიკითხა ზალცბურგის მოცარტეუმის უნივერსიტეტში და მიმაჩნია, რომ ის იდეალური შესავალი იქნება ჩვენი ბლოგისთვის, ერთგვარი „მოთელვა“ მის მუსიკაში შებიჯებამდე. ყველაფერთან ერთად, „ცაში“ შემოჭრილი მკითხველი პირველი იქნებით, ვინც მომავალი წიგნის ერთ-ერთ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან, საპროგრამო თავს წაიკითხავთ.
გია ყანჩელი
ღირებულებების შკალა
ზალცბურგის მოცარტეუმის უნივერსიტეტი
2000 წელი
რა თქმა უნდა მსურს, რომ ამ ლექციამ, ჩემს ცხოვრებაში პირველმა, დადებითი შთაბეჭდილება დატოვოს, თუმცა ვეჭვობ, რომ მე ამას ვერ მოვახერხებ აქ დამსწრე საზოგადოების კეთილგანწყობის მიუხედავადაც კი. ჩემს ასაკში ადამიანი კი არ უნდა იწყებდეს, არამედ უნდა წყვეტდეს ლექციების კითხვას. ქალაქ ზალცბურგის “მოცარტერუმ”-ში გამოსვლა პედაგოგიური გამოცდილების გარეშე, საკმაოდ სარისკო საქმეა. ამიტომაც, უფლება მომეცით ეს ჩემი დღევანდელი გამოსვლა ლექციად კი არა, არამედ საუბრად, ან თუნდაც ისეთი ადამიანის ფიქრებად მოვიხსენიო, ვისაც გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილების მიუხედავად, პრეტენზია არ აქვს უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებაზე და ვისაც მუდამ ეჭვი შეაქვს არჩეული ცხოვრებისეული გზის სისწორეში. იოსებ ბროდსკის სიტყვები - რომანი, ან ლექსი მწერლის და მკითხველის ურთიერთ სიმარტოვის რეზულტატია - ზედმიწევნით კარგად შეესაბამება ჩემს შინაგან სულიერ მდგომარეობას მუსიკის თხზვის პროცესში. თუ აუდიტორიის გარკვეული ნაწილი, ან თუნდაც ერთი ადამიანი დადებითად აღიქვამს ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს მივიჩნევ, რომ ჩვენი საუბრისას დახარჯულ დროს ტყუილუბრალოდ არ ჩაუვლია.
რამდენად გვძალუძს მოვახდინოთ გავლენა საკუთარ შემოქმედებით აზროვნებაზე? რამდენადაა შესაძლებელი ჩვენში ჩადებული და ჩვენზევე დამოკიდებული, ან დამოუკიდებული ფაქტორების ერთმანეთთან თანხმობასა და წონასწორობაში მოყვანა? როგორ ყალიბდება ღირებულებების შკალა, რომელსაც ჩვენი ჩასახვის მომენტიდანვე ეყრება საფუძველი, შკალა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის უნიკალური და თანდათან ცვალებადია? კარგად მესმის ის, რომ გადამწყვეტი ფაქტორი შემოქმედებაში თავად შემოქმედის ბუნებრივი ნიჭია, მაგრამ ნიჭი ტევადი კატეგორიაა, რომელიც არ ემორჩილება ზუსტ განსაზღვრებას. მიმაჩნია, რომ წარმატებული თვითრიალიზაციისათვის აუცილებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, ჩვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის მეტნაკლები ურთიერთთანხმობაა. ასეთი წონასწრობის მიღწევა მხოლოდ ისეთ პიროვნებებს შეუძლიათ, ვინც დაჯილდოებულია არა მხოლოდ ბუნებრივი ნიჭით, არამედ შინაგანი კულტურით, თავმდაბლობითა და მაღალი ზნეობით. (სულ ერთი წუთით გადავუხვევ მუსიკალურ საკითხებს და ავღნიშნავ, რომ ცალკეული ადამიანების, ადამიანთა ჯგუფის, ზოგჯერ კი მთელი ხალხების უზომო ამბიციები იყო და არის უფრო საზარელი ტრაგედიების მიზეზი, ვიდრე ერზაცული ხელოვნების მრავალრიცხოვანი მაგალითები). საბედნიეროდ, ჩვენს ქვეცნობიერში მიმდინარე საიდუმლოებით მოცული ფარული პროცესები ჯერ კიდევ აუხსნელია, ამიტომაც მსურს თქვენი ყურადღება შევაჩერო ზოგიერთ გარე ფაქტორზე; იმაზე, რასაც ადამიანის ხვედრს უწოდებენ და რასაც ჩვენი დაბადების ადგილი და დრო, ადათ-წესები, ქვეყნის ტრადიციები, ოჯახი, ბავშვობის პირველი შთაბეჭდილებები, პირველი წყენა და სიხარული განაპირობებენ. ასეთ უბრალო და ყველასთვის ცნობილ ჭეშმარიტებებზე ჩაფიქრება წარმოშობს კითხვებს, რომლებზეც მიჭირს ერთმნიშვნელოვანი პასუხების დაძებნა. მაგალითად, როგორ ჩამოყალიბდებოდა შონბერგის, როგორც კომპოზიტორის ბედი, ის რომ რუსეთში დაბადებულიყო? შეინარჩუნებდა თუ არა შოსტაკოვიჩის მუსიკა ისეთ გამსჭვალავ ტკივილს მისი ავტორი სხვა სახელმწიფოში რომ მოვლინებოდა ქვეყანას? ვაცნობიერებ რა ამ შეკითხვების რიტორიკულ ხასიათს, მაინც ვვარაუდობ, რომ განსხვავებულ ისტორიულ-პოლიტიკურ პირობებში ამ კომპოზიტორების მუსიკა სხვანაირი იქნებოდა. სამაგიეროდ, სტრავინსკის, ან კანდინსკის შემოქმედებითი ძიებების ძირითადი მიმართულება, ალბათ, დიდად არ შეიცვლებოდა. წინასწარ ვითხოვ ბოდიშს იმისთვის, რომ დღეს საკუთარ ღირებულებების შკალაზე დაყრდნობით ჩემს შემოქმედებით ბედსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე მომიწევს საუბარი. ვიმედოვნებ, რომ ამ ყველაფერს არ აღიქვამთ, როგორც ჩემი მხრიდან მოურიდებლობასა და სხვების დამოძღვრის სურვილს. უბრალოდ, მინდა, რომ თქვენი ყურადღება მივაქციო გარემოებების მნიშვნელობას, რომელიც არც თუ ისე პატარა როლს ასრულებს ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
"როგორ ყალიბდება ღირებულებების შკალა, რომელსაც ჩვენი ჩასახვის მომენტიდანვე ეყრება საფუძველი, შკალა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის უნიკალური და თანდათან ცვალებადია?"
მაშ ასე, აი, ჩემი ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები. ადრეული ბავშვობა ექვს წლამდე. საბავშვო ბაღიდან დამამახსოვრდა საერთო ტუალეტები ბიჭებისა და გოგოებისთვის და დასაკეცი კიბე. იმ დროს ბავშვებს სათამაშოები თითქმის არ ჰქონდათ, ამიტომაც ის კიბე ჩემს წარმოდგენაში გარდაიქმნებოდა თვითმფრინავად, ან თუნდაც ტანკად, ტანკიდან კი სახლად. სწორედ ამიტომ შემორჩა ის ჩემ მეხსიერებას, როგორც ყველაზე ძვირფასი სათამაშო. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ ფარულმა მოგონებამ იმ ერთადერთ საგანზე, ასე უნივერსალურად მნიშვნელოვანი რომ გახდა პატარა ბავშვის ცნობიერებისა და ფანტაზიებისთვის, მაიძულა მომავალში შემექმნა ერთნაწილიანი ნაწარმოები მინიმალური მუსიკალური ხერხების გამოყენებით? დიდი სამამულო ომი. გაჭირვებისა და მოლოდინის წლები. მამაჩემი, როგორც ექიმი, პირველ დღეებშივე გაიწვიეს ომში და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ დაგვიბრუნდა. სწორედ ომის წლებში ყალიბდებოდა ჩემში სიკეთის (სტალინი – კომუნიზმი) და ბოროტების (ჰიტლერი-ფაშიზმი) ბავშვური ხატი. გავა კიდევ რამოდენიმე ხანი, სანამ ჩემი თაობის გარკვეული ნაწილის შეგნებაში არ გაჩნდება ფარდობის ნიშანი იმ ორ ტოტალიტარულ სისტემას შორის. ძნელი არაა იმის წარმოდგენა, თუ რა ხდება პატრიოტიზმის სულით გამსჭვალული ახალგაზრდა ათეისტის სულში, როდესაც ის იწყებს ჭეშმარიტი და მარადიული ღირებულებების მნიშვნელობის გაცნობიერებას. სტალინის გარდაცვალების შემდეგ (იმ დროს თვრამეტის ვიყავი) ჩემმა ღირებულებების შკალამ მკვეთრი ცვლილებებები, რყევები და “ტექტონური რყევები” განიცადა. იქნებ, სწორედ ამიტომაცაა ასეთი დამახასიათებელი ჩემი მუსიკისათვის მწვავე დინამიური კონტრასტები? “სულის ძახილი,” ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ხომ ორგანულია იმ ადამიანისათვის, ვინც საყოველთაო შიშისა და მისი მეშვეობით გაჩენილი აბსოლუტური უცოდინრობის ატმოსფეროში იზრდებოდა, ადამიანისათვის, ვინც მწარე სიმართლე ხრუშჩოვის დათბობის პერიოდში შეიტყო, ამის შემდეგ კი ბრეჟნევის ეპოქის საყოველთაო, დამბლადამცემი სიცრუის აბლაბუდაში გაეხვა? მუსიკისადმი მგზნებარე სიყვარული ბახით ან შუბერტით არ დაწყებულა; ის გლენ მილერით და დიუკ ელინგტონით დაიწყო. როგორ მუსიკას შევქმნიდი ჩემს ცხოვრებაში ჩემთვის დღემდე საყვარელი ჯაზი რომ არ გაჩენილიყო? ვფიქრობ, რომ სულ სხვაგვარს, თუმცა ამის წარმოდგენა მიჭირს. საკმაოდ უხეირო იყო თბილისის კონსერვატორიის კედლებში მიღებული განათლება (ეს სუბიექტური და ობიექტური არახელსაყრელი გარემოებების რეზულტატია). ამასთან დაკავშირებით, ხშირად ვფიქრობ ხოლმე თვითგანათლების დადებით და უარყოფით მხარეებზე. ამას მოყვა მუშაობა კინოსა და თეატრში, ჩემი სიმფონიების შექმნა და შესრულება, “პერესტროიკა,” საბჭოთა კავშირის დაშლა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში, რომელმაც უფრო ბევრი ნგრევა და მწუხარება მოუტანა ჩემს ხალხს, ვიდრე სიკეთე და სიხარული, გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის, - DAAD-ის სტიპენდია და საცხოვრებლად დასავლეთში გადასვლა.
შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ამ ყველაფერს პირდაპირი კავშირი არ აქვს მუსისკის შექმნის პროცესთან, მაგრამ ეს ასე არაა. მნიშვნელობა აქვს ყველაფერს, რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდებოდა და ხდება. ამ შემთხვევაში “უსასრულოდ პატარა სიდიდეები” არ არსებობს. მეტსაც ვიტყოდი, მნიშვნელობა აქვს იმასაც, რაც მომავალში მოხდება იმიტომ, რომ შეუძლებებლია იცხოვრო მომავალის დანახვის სურვილის გარეშე, შეუძლებელია არ იფიქრო, არ იოცნებო, არ იმედოვნებდე. ვუშვებ, რომ ადამიანის მოდგმის მნიშვნელოვან ნაწილს არ ანაღვლებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ალბათ, ცუდი არ არის, როდესაც იცი, თუ როგორ გაემიჯნო მოზღვავებულ კოლიზიებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გულგრილობა ცუდი მეგზურია შემოქმედისთვის. მიმაჩნია, რომ შემიძლია ერთმანეთისგან განვასხვავო გულგრილი და უგულისხმო ავტორის მუსიკა იმ მუსიკისგან, რომელიც სავსეა თანაგრძნობისა და ტკივილის შეგრძნებით. ასეთი მუსიკა უსაზღვროდ მიმზიდველია ჩემთვის. რახან სიმპათიებზე და ანტიპათიებზე ჩამოვარდა სიტყვა, უფლება მომეცით კიდევ ერთი მოსაზრება გაგიზიაროთ. ძალიან კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი მუსიკა მსუბუქად რომ ვთქვათ, უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს ჩემივე კოლეგების გარკვეულ წრეებში, ალბათ ზოგიერთ მსმენელშიც და მე მესმის მათი, მეც უბრალოდ გულგრილი ვრჩები ხოლმე იმ მუსიკისადმი, რომელშიც ვერ ვგრძნობ ტკივილს. გულგრილი და შემწყალებელი. ამიტომაც, შემოქმედისთვის ისეთ აუცილებელ შეგრძნებას, როგორიცაა თანაგრძნობა, შემწყნარებლობასაც დავუმატებდი. ჭეშმარიტი შემოქმედი ხომ მუდმივ სულიერ შფოთვასა და დაუდეგრობაშია. თუ ამ მდგომარეობას გაბოროტება, არსებული მრავალფეროვნების მიუღებლობა, და კიდევ უარესი, შური დაემატება, მაშინ უკეთესი იქნება საკუთარი შინაგანი, სიღრმისეული შემოქმედებითი კონფლიქტების გადალახვის შესაძლებლობებზე ფიქრიც კი შეწყვიტო. თხზვას რომ იწყებ საჭიროა განუდგე შენში ჩადებულ ინსტიქტს და სულიერი სიმშვიდე მოიპოვო. მაშ ასე, თანაგრძნობა და შემწყალებლობა ის თვისებებია, რომლისკენაც ჩემი აზრით ყველა უნდა ილტვოდეს.
თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტზე ჯაზისადმი სიყვარულმა მიმიყვანა, თუმცა ის უბრალო გატაცებადვე დარჩებოდა რომ არა თბილისის უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტის საველე პრაქტიკები და ზურგჩანთებისადმი თუ ხანგრძლივი ფეხით სიარულისადმი ჩემი მტრული დამოკიდებულება. სწორედ გეოლოგის კეთილშობილურმა პროფესიამ მაიძულა დამეფასებინა ცხოვრების დინჯი სტილი და სერიოუზულად მომეკიდა ხელი მუსიკისათვის. არიან ადამიანები, ვინც მუსიკალურ ოჯახებში იბადებიან. მამაჩემი ექიმი იყო, დედაჩემი კი - დიასახლისი. ექვსის ვიყავი მამა, ოჯახის მარჩენალი, ომში რომ გაიწვიეს და საშინელ გაჭირვებაში მოგვიხდა ცხოვრება. ბუნებრივია, ასეთ პირობებში არავინ ლამობდა ადრეული ბავშვობიდანვე რომ წავეხალისებინე მუსიკისადმი სიყვარულში. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამას ცდილობდა, ერთი ჩვენი მეზობელი იყო, ფრიად განათლებული ქალბატონი, ვინც ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში საათობით ბურთს ადევნებული ბიჭები შეგვკრიბა და ოპერაში წაგვიყვანა “ევგენი ონეგინის” მოსასმენად. სანაცვლოდ, ასეთი პირობა წაუყენა ჩვენ ოჯახებს: ჩვენ ჯერ უნდა წაგვეკითხა, მერე კი მოგვეყოლა პუშკინის რომანი. ოპერიდან რომ ვბრუნდებოდით, ის საბრალო ქალბატონი ტროლეიბუსმა გაიტანა. დამამახსოვრდა სასწრაფო დახმარების მანქანა, საშინელი შიშის შეგრძნება ჩვენი განმანათლებლის კეთილდღეობისადმი და დუელის სცენა ოპერიდან. იმ შოკმა დიდი ხნით მომისპო ოპერის თეატრში კიდევ ერთხელ წასვლის სურვილი. ბუნებრივია, რომ შემდეგ ჯერზე ოპერის თეატრში უკვე იმ ასაკში მოვხვდი, როდესაც განათლებული ხალხი ოპერაში სიარულს წყვეტს. სამაგიეროდ, რადიოში ისმოდა ხოლმე ბეთჰოვენის, მოცარტისა და ბახის მუსიკა. აღარ მახსოვს, თუნდაც ოდნავ ყურადღებას მაინც თუ ვაქცევდი იმ მუსიკას, თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც მაინც დაილექა გონებაში. სწორედ იმ პერიოდში აჟღერდა კვლავ რადიო ჩვენ სახლში და ამასთან დაკავშირებით მინდა ჩვენი ომისდროინდელი ცხოვრების ერთი დეტალი ავხსნა: ომის დასაწყისში ყველა ოჯახს ჩამოგვერთვა რადიომიმღებები. მათი გადამალვა კანონით ისჯებოდა. თბილისის იმ რაიონში, სადაც მე ვცხოვრობდი ჩამორთმეულ რადიომიმღებებს გერმანულ ეკლესიაში ინახავდნენ, ომის შემდეგ კი სიებით აბრუნებდნენ უკან. აქვე მსურს თქვენი ყურადღება მივიქციო იმ განსხვავებაზე, რაც მეორე მსოფლიო ომის შესახებ საბჭოთა და უცხოურ ფილმებს შორისაა: რადიომიმღების გარშემო შეკრებილი ოჯახი, რომელიც ფრონტიდან ახალ ამბებს ელოდება ტიპიური ეპიზოდია დასავლური ფილმიდან, საბჭოთა ფილმებში კი ესაა ქუჩებში ელექტრობოძებზე დამონტაჟებული ხმისგამაძლიერებლების გარშემო შეყრილი ხალხის გროვა. მოგვიანებით გამოჩნდა პირველი მაგნიტოფონები და ჩემმა სამყარომაც ნელ-ნელა დაიწყო მუსიკით შევსება. მუსიკით მგზნებარე გატაცება კი დაიწყო ე.წ. “ნადავლი ფილმების” ნახვის შემდეგ. ეს ფილმები ძირითადად ჰოლივუდის პროდუქცია იყო და ომის შემდგომ წლებში გამოვიდა ეკრანებზე. ერთმა ფილმმა, - “მზიანი ველის სერენადამ” - გლენ მილერისა და მისი ორკესტრის მონაწილეობით, მთელი ჩემი თაობის ცხოვრება შეცვალა. ჩემი ყველაზე საყვარელი პირველი ამერიკული ფილმის სათაურს უცხოელებს რომ ვუსახელებ ხოლმე, ისინი, როგორც წესი არანაირად არ რეაგირებენ ამაზე, მაგრამ მუსიკა ამ ფილმიდან ყველას მოსმენილი აქვს. დამამახსოვრდა კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ყველას ნანახი ჰქონდა იმ დროს, - “ჩემი ოცნების ქალიშვილი,” – მარიკა როკის მონაწილეობით. იმ ფილმში სიმფონიური ჯაზი ჟღერდა. მე სმენა-სმენით ვარჩევდი პოპულარულ მუსიკალურ მოტივებს იმ ფილმებიდან და, ვინაიდან იმ დროს უკვე მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი, არც თუ ისე ურიგოდ ვახერხებდი მათ ინტერპრეტირებას. აქ ისმის კითხვა: კი მაგრამ სასკოლო რეპერტუარი სადღაა? სადაა სონატინები, ეტიუდები, თუ ინვენციები? დიახ, მე მიწევდა მათი დაკვრა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ დედას არ ტკენოდა გული, მიმეღო “საცოდავი” დამაკმაყოფილებელი ნიშანი და კლასიდან კლასში გადავსულიყავი. მუსიკალურ სკოლაში ნიშნებს ცალკეულ პიესებში ვიღებდით. მახსოვს, რომ ვერ ვუკრავდი ჩქარ მუსიკას, კერძოდ, ტექნიკის თვალსაზრისით რთულ ეტიუდებს (ან მეზარებოდა, ან უბრალოდ არ მეპიტნავებოდა მათი სწავლა). სამაგიეროდ ყოველთვის მიზიდავდა ნელი მუსიკა, მაგალითად, რახმანინოვის სი-მინორული პრელუდია, რომელიც ჰარმონიულად არაჩვეულებრივად ლამაზი ნაწარმოებია; იმავეს ვიტყოდი ბახის ინვენციებზე, პრელუდიებსა და ფუგებზეც (“ბახში” ყოველთვის მაღალ ნიშნებს ვიღებდი). ამავე დროს, ყველაფერი ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. დიუკ ელინგტონი, სტენ კენტონი, ეროლ გარნერი, ოსკარ პიტერსონი, ელლა ფიცჯერალდი, - აი, ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრება. იყო ერთი ასეთი ფირფიტა, რომელზეც ბრწყინვალე ჯაზ-პიანისტი ალექსანდრე ცფასმანი “მზიანი ველის სერენადიდან” ასრულებდა პოპუალარულ თემებს. ბიძაჩემმა უამრავი ფირფიტა ჩამოიტანა ამერიკიდან, ძირითადად, ფოქსტროტი. იმ ფირფიტების იარლიყებზე გამოსახული იყო ძაღლი, რომელიც გრამოფონს უსმენს. ერთხელ თხუთმეტიოდე ფირფიტა გავიტანე სახლიდან (ფოქსტროტი ნაკლებად მაინტერესებდა) და ცფასმანის უკვე გვარიანად შელახულ ფირფიტაში გავცვალე. აი, ასთი გატაცებული ვიყავი ჯაზით! ჯაზის გარდა სხვა არც არაფერი არსებობდა. მოკლედ, ორმოცდაათიანების შუაში მე გახლდით ჯაზში საკმაოდ კარგად გათვითცნობიერებული ახალგაზრდა კაცი, რომელიც სმენით არჩევდა და საკმაოდ ხეირიანად ასრულებდა ამ მუსიკას ფორტეპიანოზე, და ვინც გაჭირვებით, თითქმის ძალდატანებით დაასრულა მუსიკალური სკოლა, ჩაიჭრა მუსიკალური სასწავლებლის პირველივე მისაღებ გამოცდაზე და ასე მოხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტზე. “სხვა” მუსიკის სამყარო კი მხოლოდ მას შემდეგ გამეხსნა, როდესაც მტკიცედ გადავწყვიტე ჩამებარებინა კონსერვატორიაში. ამისთვის თეორიასა და ჰარმონიაში კერძო გაკვეთილებზეც კი დავიწყე სიარული. ფარული ოცნება ბიგ-ბენდში მოხვედრაზე არ მტოვებდა, მაგრამ იმ დროისათვის უკვე ვეზიარე ბეთჰოვენის, შუბერტისა და შოსტაკოვიჩის მუსიკას და ხშირადაც ვუსმენდი საკმაოდ შელახულ ფირფიტებს მათი ნაწარმოებების ჩანაწერებით. ფირფიტებს, როგორც წესი, მეგობრებისგან ვთხოულობდი, ძირითადად კომპოზიტორ სულხან ნასიძისგან, ვინც ჩემ მეზობლად ცხოვრობდა. სწორედ ეს იყო ჩემი თვითგანათლების პირველი ეტაპი.
"თანაგრძნობა და შემწყალებლობა ის თვისებებია, რომლისკენაც, ჩემი აზრით, ყველა უნდა ილტვოდეს."
ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში მუსიკალური ცხოვრების დონე და ხარისხი მოსკოვსა და ლენინგრადში ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე თბილისში, ერევანში, ბაქოსა თუ ტაშკენტში. სწორედ ამ მიზეზის გამო, თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ჩემი ახლო მეგობარი, გივი ორჯონიკიძე რამოდენიმე წლის განმავლობაში რეგულარულად და დიდი ხნით მიემგზავრებოდა მოსკოვში, რათა მოსკოვის კონსერვატორიაში დასწრებოდა კონცერტებსა და სახელგანთქმული მუსიკის ისტორიკოსების ლექციებს. მხოლოდ ასეთი “ლიკბეზის” შემდეგ გადაწყვეტა მან, რომ უკვე ჰქონდა უფლება ხელი მოეკიდა თავისი პროფესიისთვის. არადა, თბილისის კონსერვატორიის ზოგიერთ პედაგოგს ლენინგრადში ჰქონდათ მიღებული, განათლება, თანაც ოციანების ბოლოს და ოცდაათიანების დასაწყისში, ანუ, იმ დროს, როდესაც იქ ჯერ კიდევ სრულდებოდა რიხარდ შტრაუსის, დებიუსის, სტრავინსკის, შონბერგის, ბერგისა და ვებერნის ნაწარმოებები. ჩვენს პედაგოგებს ჰქონდათ ბედნიერება ცოცხალი შესრულებით მოესმინათ თანამედროვე მუსიკა, მათ, ალბათ, კარგი ცოდნა მიიღეს პედაგოგებისაგან და ამის გამო თბილისურ სახლებში რაღაც პარტიტურებიც კი ინახებოდა. სამწუხაროდ, კონსერვატორიაში სწავლისას ისინი არაფერს გვიყვებოდნენ. თითქოს მეხსიერების ეს უბანი გაუქმებული ჰქონდათ. მათ ეშინოდათ! ჩემი კომპოზიციის კლასის პროფესორი იონა ტუსკია მკაცრ კონსერვატორად ითვლებოდა. მის კლასში ჩარიცხვამ ძალიან გამანაწყენა და არც კი ვცდილობდი ამის დაფარვას. ტუსკია საოცრად მორიდებული და კეთილი ადამიანი აღმოჩნდა. მან სრული შემოქმედებითი თავისუფლება მოგვანიჭა მე და ჩემ თანაკურსელებს, თუმცა ეს ჩვენ არც თუ ისე ძალიან გვესაჭიროებოდა. ჩვენი ერთადერთი სურვილი იყო გვესწავლა ინტენსიურად და მიგვეღო დროის შესაფერისი ცოდნა. ერთხელაც, სამოციანების დასაწყისში, ტუსკია მოულოდნელად შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ მან პარიზი ისე კარგად იცოდა, თითქოს მთელი ცხოვრება გაეტარებინოს იქ. ლექციებზე ის ჩვენთან ერთად “დასეირნობდა” მისი ოცნების ქალაქის ქუჩებში, გვიყვებოდა თეატრებზე, მუზუმებზე, ღირშესანიშნავ ადგილებზე, ასახელებდა ქუჩების, მოედნების, შესახვევებისა და ცნობილი პარიზელების სახელებს. სრულიად გაგვაოგნა მისმა ასეთმა გარდასახვამ! ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა, მას მიეცა ტურისტულ ჯგუფთან ერთად პარიზში გამგზავრების საშულება. ასეთ ბედნიერებას გულმა ვერ გაუძლო - იქ ჩასვლისთანავე ტუსკია ავად გახდა და პარიზშივე გარდაიცვალა.
ხრუშჩოვის დროინდელმა დათბობის პერიოდმა უფროსი თაობის დანარჩენი წარმომადგენლებიც შეცვალა - ამას ისეთი ეფექტი ჰქონდა, როგორც ეს კინოში მოხდა, როდესაც შავ-თეთრი გამოსახულება ფერადმა ჩაანაცვლა. სამყარო უფრო მრავალფეროვანი გახდა და ცხოვრებამაც ახალი ინტერესი შეიძინა. ჟურნალ “ნოვი მირ”-ში გამოქვეყნდა “ერთი დღე ივან დენისოვიჩის ცხოვრებიდან” - სოლჟენიცინის მცირე ზომის რომანი სტალინურ ბანაკებში ცხოვრებაზე, საგასტროლოდ ჩამოვიდა სტრავინსკი, სანოტო მაღაზიებში გაჩნდა პარტიტურები და ფირფიტები თანამედროვე პოლონური მუსიკის ჩანაწერებით. ალაპარაკდნენ უფროსი თაობის მუსიკოსებიც და დღემდე ვნანობ ეს რომ ასე გვიან მოხდა! თვითგანათლების ეტაპის მნიშვნელოვანი საფეხური იყო სახელგანთქმული მუსიკოსების გასტროლები საბჭოთა კავშირში.
1959 წელს ჩამოვიდა ნიუ-იორკის სიმფონიური ორკესტრი ლეონარდ ბერნსტაინის ხელმძღვანელობით. გივი ორჯონიკიძე, ჩვენი ორკესტრის პირველი მესაყვირე - ლეონიდ შკუროვიჩი და მე ერთად გავემგზავრეთ მოსკოვში. აღარ მახსოვს რამდენი კონცერტი ჩაატარა ნიუ-იორკის სიმფონიურმა ორკესტრმა, მაგრამ მისი გავლენა არანაკლებ გამაოგნებელი იყო, ვიდრე ჩემი პირველი ‘შეხვედრა” იმ მუსიკასთან, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი. სტრავინსკის “კურთხეულ გაზაფხულს” პირველად რომ მოვუსმინე ჩემში ყველაფერი ყირამალა დადგა. შოკი იმდენად დიდი იყო, რომ დიდი ხნით დავკარგე მუსიკის თხზვის სურვილი. მაშინ მოვუსმინე პირველად ჩარლზ აივზის მუსიკასაც (“უპასუხოდ დატოვებულმა შეკითხვამ” ძალიან მომხიბლა), რაველის “ვალსს,” და შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონიას. მე, ასე ზედმიწევნით კარგად რომ მქონდა ეს ნაწარმოებები მოსმენილი შელახულ ფირფიტებზე, ამჯერად სულ სხვა სილამაზე, გრძნობები და სიყვარული აღმოვაჩინე იმ მუსიკაში. ბერნსტაინმა გენიალურად შეასრულა მეხუთე სიმფონია! სწორედ იმ კონცერტზე გავაცნობიერე, თუ როგორ ძალას იკრებს მუსიკა, როდესაც დირიჟორი კომპოზიტორის თანაავტორი ხდება. 1963 წელს თბილისში მარინა იუდინა ჩამოვიდა და შეასრულა ბარტოკის სონატა ფორტეპიანოსა და დასარტყამებისათვის. იმ მომენტამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბელა ბარტოკი ქალია, მაგრამ სონატის მოსმენის შემდეგ მივხვდი, რომ ასეთ მუსიკას ქალი ვერ შექმნიდა (მოგვიანებით სოფია გუბაიდულინას ნაწარმოებებმა დამარწმუნეს ასეთი კატეგორიული განცხადების უმართებულობაში). იუდინამ თითოეულ ახალგაზრდა თბილისელ კომპოზიტორს თითო-თითო იშვიათი პარტიტურა გვისახსოვრა საჩუქრად. მე ორი შემხვდა: ბარტოკის “არაჩვეულებრივი მანდარინი” და სტრავინსკის “სიმფონია სამ მოძრაობაში.” დაახლოებით, იმავე დროს დირიჟორმა იგორ ბლაჟკოვმა კიევიდან გამომიგზავნა ვებერნის ყველა ნაწარმოებების ჩანაწერები. იმ ჩანაწერების მეშვეობით ჩემთვის სრულიად ახალი სამყარო აღმოვაჩინე, სამყარო, სადაც დროში შეკვეცილი სივრცე აქამდე არგაგონილი ტემბრული ფერებითაა შეფერილი. ერთი წლით ადრე, რობერტ შოს დიდებული ამერიკული გუნდის მოსკოვში გასტროლების დროს, პირველად მოვისმინე ბახის მაღალი მესა! ეს ყველაფერი თავს გადამხვდა არა შვიდი ან რვა წლის ასაკში, არამედ ოცდახუთის და ვერავინ იტყვის კარგია ეს, თუ ცუდი. მრცხვენია იმის აღიარება, რომ ბრამსის და ვაგნერის გენიალურ მუსიკას დღემდე ფრაგმენტულად უფრო აღვიქვამ, ვიდრე მთლიანობაში და ეს პირიქითაა სტრავინსკის “კურთხეული გაზაფხულისა” და ჰაიდნის სიმფონიების შემთხვევაში. რა არის ეს, ჩემი ნაკლი, თუ გენში ჩადებული ფსიქიკის თავისებურება? შესაძლებელია უფრო ფართოდაც რომ დავსვათ საკითხი: ცუდია თუ კარგი ის, რომ ახალი მუსიკის ასეთი მრავალფეროვნება, - სტრავინსკი და ახალი ვენელები, ფრანგული “ექვსეულის” კომპოზიტორები, ბარტოკი და ჰინდემიტი, ორმოცდაათიანების და სამოციანების ავანგარდი, ისევე, როგორც აღორძინების ეპოქისა და ბაროკოს პერიოდის მუსიკა, მოცარტი და ვერდი, მალერისა და შონბერგის ნაწარმოებები, სტრავინსკის “ფსალმუნების სიმფონია” და სხვა მრავალი ასე მოულოდნელად, ასეთი რაოდენობით და ასე გვიან რომ დამატყდა თავს? ეს ხომ სავსებით ნორმალური არაა! განსაკუთრებით, იმის გათვალსწინებით, თუ როგორ ვიყავი იმ პერიოდში ჯაზით და მაილზ დევისისა და გილ ევანსის თანამშრომლობით გატაცებული. ეს ყველაფერი რომ თანდათანობით მომხდარიყო, აკადემიიური ნორმების შესაბამისად, მაშინ ჩემი ღირებულებების შკალა სულ სხვანაირი იქნებოდა, შესაბამისად ჩემი მუსიკაც. გამოდის, რომ ეს შკალა არათანმიმდევრულობის შედეგია, როგორც განათლებაში, ასევე თვითგანათლებაში.
წარსულს რომ ვიხსენებ ხოლმე მსურს, რომ ქედი მოვუხარო დიმიტრი შოსტაკოვიჩს, ვისი მუსიკაც თანამედროვე ხელოვნების ლამის ერთადერთი ნიმუში იყო ინფორმაციული იზოლაციის პირობებში. მოგვიანებით, ჩემთვის უცნობი მუსიკის ოკეანეში რომ მოვხვდი, ნაპირზე ხანგრძლივი, რთული და დამღლელი ცურვით გამოვაღწიე. ვცდილობდი განმესაზღვრა ჩემთვის ახალი პრიორიტეტები ურთიერთგამომრიცხავი მიმდინარეობების მღვრიე ნაკადში და ამ დროს მავიწყდებოდა ის, რაც უკვე არსებობდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბოლოოდ ჩამოვყალიბდი საკუთარ სიმპათიებსა თუ გატაცებებში, თავიდან გავაცნობიერე იმავე შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონიის მნიშვნელობა, რომელმაც ოდესღაც მუსიკის ახალი სამყარო გადამიშალა თვალწინ. ძიებებისა და დუღილის პერიოდში, ამ ნაწარმოებმა უამრავი ცდუნებებისგან დამიცვა, დამეხმარა დავმდგარიყავი იმ გზაზე, რომლის მოკირწყვლასაც უკვე თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვცდილობ... არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩემი ერთი კოლეგის გამონათქვამს გადავაწყდი - ”ღმერთო, როგორ გაიქუცა დროის განმავლობაში შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონია!” არ მსურს, და ეს უაზრობაცაა, ამ სიტყვების ავტორთან პოლემიკაში შესვლა. ერთადერთი რაც დამრჩენია ისაა, რომ უბრალოდ შემებრალოს ის...
"ეს შკალა არათანმიმდევრულობის შედეგია როგორც განათლებაში, ასევე თვითგანათლებაში."
კონსერვატორიაში სწავლისას რამოდენიმე ქართველ კომპოზიტორს დავუახლოვდი, ვისთან მრავალწლიანი მეგობრობაც ძალიან დამეხმარა ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში. იმავე პერიოდში გავიცანი ალფრედ შნიტკე, არვო პიარტი და ვალენტინ სილვესტროვიც. მოგვიანებით ჩვენი მეგობრობა სულიერ სიახლოვეში გადაიზარდა. ზაფხულობით თბილისში ძალიან ცხელა ხოლმე. ერთხელ, სამოციანების დასაწყისში, მთელი ჩემი ოჯახი დასასვენებლად რომ წავიდა, სახლში მარტო ვიყავი. როდესაც კარზე კაკუნი გაისმა. ზღურბლზე ახალგაზრდა კაცი იდგა წიგნით და მომცრო ზომის შეკვრით ხელში. მან მითხრა, რომ გაფრთხილებული უნდა ვყოფილიყავი მისი ჩამოსვლის შესახებ და გამეცნო: სილვესტროვი. ვალენტინმა რამოდენიმე დღე დაჰყო ჩემთან და ჩვენ უმალ დავმეგობრდით. ყოველთვის მიყვარდა მისი მუსიკა და რაც წლები მემატება, მით უფრო ღრმად ვწვდები მას. მესმის, თუ რატომაა ის ასეთი მკაცრი და მომთხოვნი საკუთარი მუსიკის შესრულების მიმართ. ერთია, როდესაც ალექსანდრე ლიუბიმოვი ასრულებს მის საფორტეპიანო ნაწარმოებებს და მეორე, როდესაც სცენაზე ასკაციანი ორკესტრია, ხოლო ე.წ. “ჩანგალი” რომელიც ცრესცენდო-ს, ან დიმინუენდო-ს აღნიშნავს ერთადერთია და ის ყოველთვის განსხვავებულად უნდა ჟღერდეს. დიდ ორკესტრში რთულია აიძულო თითოეული მუსიკოსი ყოველი ბგერის მნიშვნელობა რომ შეიგრძნოს. სილვესტროვი ზედმიწევნით დახვეწილი ადამიანია. მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს პოეზიასთან და მუსიკასთან. როდესაც ის მუსიკაზე საუბრობს ნათელი ხდება, რომ მას თავისებური სმენა აქვს. მის დამოკიდებულებას ბგერასთან “ვებერნულს” ვუწოდებდი. ჩემთვის ღირებულია მისი ზედმიწევნით გასაგები აზრები.
არვო პიარტთან მეგობრობაც სამოციანებში დაიწყო, რამდენადაც მახსოვს მოსკოვში. იყო დრო, როდესაც მისი ნაწარმოებები საერთოდ არ სრულდებოდა საბჭოთა კავშირში და მაშინ ჩემმა მეგობარმა, დირიჟორმა ჯანსუღ კახიძემ, მოახერხა არვოს ცხოვრებაში პირველი საავტორო კონცერტის ორგანიზება თბილისში. კონცერტის შემდეგ პირველად და უკანასკნელად ვნახე თვალცრემლიანი არვო. მივიჩნევ, რომ პიარტის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩემზე. მისი მუსიკა უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული წარსულის მოვლენებთან, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ მის სწრაფვას მომავლისკენ, უფრო ზუსტად, ვხედავ მისი მუსიკის მეშვეობით აღორძინების ეპოქასა და ამავდროულად სხვა ნაპირებისკენ გადებულ ხიდებს. ჩემს წარმოდგენაში ეს ზეცისკენ აღმავალი ხიდებია.
მას შემდეგ, რაც დასავლეთში დაიწყეს ჩემი მუსიკის შესრულება და პრესაში გაჩნდა რეცენზიები, სრულიად ავითვალწუნე კრიტიკოსების მხრიდან კომპოზიტორების “მჭიდებში” მოქცევის იდეა. ადრე ამას საბჭოთა პერიოდის მოვლენად მივიჩნევდი, როდესაც არსებობდა ცოცხალი, ან ახლადგარდაცვლილი კლასიკოსი კომპოზიტორების, პირწავარდნილი ავანგარდისტებისა და რეჟიმის მიმართ მეტნაკლებად ლოიალურად განწყობილი “პროგრესულად მოაზროვნე” ფორმალისტების ე.წ. “ჯენტლმენური ნაკრები.” კლასიკოსების “მჭიდში” შედიოდნენ პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი, ხაჩატურიანი, ხრენნიკოვი, კაბალევსკი და სვირიდოვი. მოგვიანებით გაჩნდა შნიტკე – დენისოვი - გუბალიდულინას ტრიუმვირატი. მათ სოციალურ-პოლიტიკური ლპობის ხარისხის და კრიტიკოსის პოზიციიციის გათვალისწინებით მოიხსენიებდნენ ხან ოფიციოზისთვის მიუღებელ ავანგარდისტებად, ხან კი პირიქით, პროგრესულად მოაზროვნე კომპოზიტორებად. დღეს უკვე აღარავის მოსდის თავში კაბალევსკის შოსტაკოვიჩთან და პროკოფიევთან ერთ რიგში ჩაყენება. სამაგიეროთ, ამჯერად უკვე დასავლეთში შექმნეს ახალი “მჭიდი,” - გურეცკი, პიარტი, ტავენერი და თქვენი მონამორჩილი, მაგრამ პიარტი და მისი მუსიკა მაინც ძირფესვიანად განსხვავდება ყველასგან და ყველაფრისგან. რაც შეეხება ალფრედ შნიტკეს, ის სრულიად განსაკუთრებულია. მოდი, ეხლა მის მუსიკაზე არაფერს ვიტყვი და მხოლოდ მის პიროვნებაზე მოგახსენებთ. ალფრედი მუდამ ახერხებდა ჩემს განცვიფრებას. ის ზნეობის, სათნოების, წესიერებისა და ინტელიგენტობის განსახიერება იყო. მასთან ურთიერთობისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ვეზიარე, განვიწმინდე და ცოდვები მომეტევა. საკმაოდ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ძირითადად მოსკოვში. არასდროს დამავიწყდება როგორ დამირეკა ალფრედმა სამოცდაათიანების დასაწყისში (მაშინ რაღაც საქმეებზე ვიყავი მოსკოვში ჩასული) და მრავალგზის მობოდიშების შემდეგ მთხოვა წავყოლოდი საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის სამდივნოს სხდომაზე, სადაც მისი პირველი სიმფონიის განხილვა უნდა შემდგარიყო. უნდა ითქვას, რომ ახალი ნაწარმოებების მოსმენები და განხილვები ავტორების თანდასწრებით რეგულარულად ტარდებოდა კომპოზიტორთა კავშირის სხვადასხვა სექციების კრებებზე. თუმცა, სამდივნოს სხდომებზე როგორც წესი განიხილებოდა მხოლოდ ის ოპუსები, რომლებმაც უკვე მიიქციეს განსაკუთრებული ყურადღება. ამის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ავტორის ხმამაღალი სახელი, ან კიდევ სკანდალური წარმატების შედეგად გაჩენილი ატმოსფეროს გამო. სწორედ ასეთი სკანდალური ატმოსფერო შეიქმნა შნიტკეს პირველი სიმფონიის მსოფლიო პრემიერაზე, რომელიც გენადი როჟდენსტვენსკიმ ქალაქ გორკიში შეასრულა (დღეს ის კვლავ ნიჟნი ნოვგოროდია). არგაცხადებული აკრძალვის გამო ალფრედის ნაწარმოების მოსკოვში შესრულება შეუძლებელი იყო, ამიტომ სამდივნოს სხდომაზე წარმოდგენილი იქნა გორკიში ჩატარებული პრემიერის ჩანაწერი. ალფრედს ძალიან კარგად ესმოდა, თუ რაც ელოდა ნაწარმოების მოსმენის შემდეგ და ამიტომაც მთხოვა მისი თანმხლები რომ გავმხდარიყავი. ვინაიდან სამდივნოს წევრი არ გახლდით, მერიდებოდა იქ წასვლა, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი მეგობარს, ვისაც სხდომაზე ჩემი იქ ყოფნა ძალიან ესაჭიროებოდა. “ძლიერთა ამა ქვეყნისათა” გამოსვლებმა თავზარი დამცეს. არ დავიწყებ წარსულში ქექვას და იმ შეურაცმყოფელი გამონათქვამების აქ მოყვანას. მადლიერებით მოვიხსენიებ მხოლოდ იმ ორი მდივნის სახელს, ვინც თუნდაც ნაწილობრივ დაუჭირეს მხარი ამ გრანდიოზულ ნაწარმოებს. ესენი იყვნენ როდიონ შჩედრინი და ანდრეი ეშპაი. არ ვიცოდი სად წავსულიყავი, მაგრამ ალფრედის დასაცავად გამოსვლისათვის სითამამე არ მეყო, რადგანაც სხდომაზე ოფიციალურად მიპატიჟებული არ ვიყავი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვნანობ ამას! ალფრედიც ჩუმად იჯდა, ხოლო როდესაც თხოვეს რამოდენიმე სიტყვა ეთქვა, მისთვის დამახასიათებელი თავაზიანობით და თავმდაბლობით გადაუხადა მადლობა “მაღალ შეკრებას,” მაგრამ სიტყვით გამოსვლაზე უარი თქვა. სხდომის დამთავრების შემდეგ ქუჩაში გამოვედით, ის მანქანის საჭეს მიუჯდა, მე კი მის გვერდზე დავჯექი. აი, აქ კი ვეღარ მოვითმინე და გუდას პირი მოვხსენი! მე ხომ თბილისის ხულიგნურ უბანში გავიზარდე, ამიტომაც არანორმატიულ ლექსიკას სრულყოფილად ვფლობ. მოულოდნელად შევამჩნიე, რომ ალფრედი შეცბა, ხოლო ლანძღვა-გინებას რომ მოვრჩი მან წაიჩურჩულა: ძალიან გთხოვ, არ გინდა! სულის როგორ სიმტკიცეს უნდა ფლობდეს ადამიანი, როგორ ზნეობრივ სისუფთავეს, ასეთ თავდასხმას რომ ღრმა თვინიერებით გაუძლოს და გულში წყენა არ ჩაიდოს! დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, - რომ არა მეგობრობა, ალფრედთან, არვოსთან, ვალენტინთან და ჩემს დანარჩენ მეგობრებთან, ჩემი ზნეობრივი პრიორიტეტები უიმედოდ ღარიბი დარჩებოდა. შეკითხვაზე, ვთვლი თუ არა თავს ბედნიერად, ყოველთვის დადებითად ვპასუხობ, რასაც შემდეგი კითხვა მოყვება ხოლმე:
- მაშინ რატომ ქმნით ასეთ ნაღვლიან და ტრაგიკულ მუსიკას?
- თქვენი აზრით უკეთესი იქნებოდა უბედური ვყოფილიყავი, მაგრამ მხიარული და უდარდელი მუსიკა მეწერა? – როგორც წესი ასეთი ხუმრობანარევი პასუხის მეშვეობით ვირიდებ ხოლმე მსგავს კითხვებს.
და მართლაც, ჩემი ბედნიერების საიდუმლო ახლო მეგობრებთან ურთიერთობაშია! ესენი არიან ჩემს მიერ უკვე ნახსენები ბრწყინვალე ფილოსოფოსი და მუსიკათმცოდნე გივი ორჯონიკიძე და დირიჟორი ჯანსუღ კახიძე – ჩემი ყველა სიმფონიების პირველი შემსრულებებლი – ვინც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩემს კომპოზიტორულ ცხოვრებაში. ესენი არიან სახელგანთქმული რეჟისორი რობერტ სტურუა და არაჩვეულებრივი მწერალი და მხატვარი რეზო გაბრიაძე. ესენი არიან სახელგანთქმული კინორეჟისორები გიორგი დანელია და ელდერ შენგელაია, ცნობილი მხატვრები თენგიზ მირზაშვილი, კოკა იგნატოვი და გიორგი ალექსი-მესხიშვილი. ესენი არიან გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე, ნოდარ გაბუნია და ჩემი ორი დიდებული მეგობარი, რომლებმაც ჩემსავით შეიცვალეს საწყისი პროფესია, - პიანისტი მიშა კილოსანიძე (შემდგომში სრულიად უნიკალური ხმის რეჟისორი) და კონსერვატორიის დასარტყამ საკრავებზე კურსდამთავრებული გურამ მელივა (მომავალში ოპერის აღიარებული რეჟისორი). ნუთუ ბედნიერება არაა მთელი ცხოვრება ასეთ პიროვნებებთან რომ გაქვს ურთიერთობა? ასეთივე ბედნიერებაა თანამშრომლობა უდიდეს არტისტებთან, რომლებიც სხვადასხვა დროს ასრულებდნენ და დღესაც ასრულებენ ჩემს მუსიკას. მუსიკის შესრულება კი კომპოზიტორისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ხორცს ასხამს მის ჩანაფიქრს? შემოვიფარგლები იმ ბრწყინვალე გვარების უბრალო დასახლებით, და იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც ისინი გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში: კირილ კონდრაშინი და გენადი როჟდენსტვენსკი, იური ტემირკანოვი და ვალერი გერგიევი, კურტ მაზური და დენის რასელ დევისი, ვლადიმერ აშკენაზი და კრისტოფ აშენბახი, მაიკლ ტილსონ-ტომასი და ლევ მარკიზი, ანდრეი ბორეიკო და “კრონოს კვარტეტი,” იური ბაშმეტი და კიმ კაშკაშიანი, გიდონ კრემერი, მსტისლავ რასტროპოვიჩი და ვლადიმერ სპივაკოვი... მათი სახელებით მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების აფიშებია მოფენილი და ბევრი მათგანისათვის ჩემი თხზულებები რეპერტუარის განუყრელ ნაწილად იქცა. შეუძლებელია არ ვახსენო სახელგანთქმული ორკესტრებიც, რომლებთანაც ვთანამშრომლობდი გასული ათწლეულის განმავლობაში: ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ორკესტრი, ლენინგრადის ფილარმონიის ორკესტრი, გევანდჰაუზის და კონცერტგებაუს ორკესტრები, ჩეხეთის ფილარმონისტები და დრეზდენის სახელმწიფო კაპელა, მიუნხენის და ვენის რადიოს ორკესტრები, ოკეანეს გადაღმა კი, - ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრი და ფილადელფიის, ჩიკაგოს, ბოსტონისა და სან ფრანცისკოს სახელგანთქმული კოლექტივები. ჩემს მუსიკას BBC-ისა და ლონდონის ფილარმონიის ორკესტრებიც ასრულებდნენ... მგონი წერტილის დასმის დროც მოვიდა იმიტომ, რომ ნამდვილად ვერ მოვახერხებ სათანადო პატივი მივაგო ყველა არაჩვეულებრივ შემსრულებელს. თუმცა, აი ერთი უკანასკნელიც - თანამშრომლობა მანფრედ აიჰერთან, ECM რეკორდს-ის დამაარსებელთან. ECM-ის მიერ ჩაწერილი დისკები, ოცნების ზღვარია, ყოველი შემთხვევისათვის ჩემთვის! ასე რომ, ნამდვილად არ ვკეკლუცობ, როდესაც ვამბობ, რომ ბედის რჩეული ვარ, რომელიც შესაშური თანმიმდევრობით მიძღვნის დაუსრულებელ სიურპრიზებს. შეიძლება სწორედ ამიტომაცაა, რომ მეხსიერებას არ შემორჩა უსიამოვნებები, შეურაცმყოფელი გამოხდომები და სხვა სახის ბრალდებები.
"და მართლაც, ჩემი ბედნიერების საიდუმლო ახლო მეგობრებთან ურთიერთობაშია!"
მაშ ასე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი კომპოზიტორული ბედი ძალიან კარგად წარიმართა. გარშემორტყმული ვარ ახლობლების ყურადღებითაც, ეკონომიკური დამოუკიდებლობა კი ოპტიმისტურად განმაწყობს. იზრდება ჩემი ნაწარმოებების შესრულებებისა და ახალი შეკვეთების რაოდენობაც, თუმცა ამავდროულად ჩემს ნაწარმოებებში კიდევ უფრო ნათლად იკვეთება მარტოობა, სევდა და მორჩილება. ვინ იცის, კიდევ რა ხნით დარჩება დაუსჯელი მსგავსი “უმადურობა” ბედის გამართლებასთან მიმართებაში? ექნება თუ არა ჩემს შემოქმედებას მომავალი? ვაცნობიერებ ასეთ საშიშროებას, მაგრამ არ ძალმიძს ჩემივე მუსიკის ხასიათის შეცვლა. შეიძლება ეს განპირობებულია ქვეცნობიერად შინაგანი წონასწორობისადმი სწრაფვით, რომლის დარღვევასაც მე არ ვაპირებ.
არასდროს ვისახავდი მიზნად ფეხი ამეწყო, ან არ ამეწყო რომელიმე არსებული სტილისტური სისტემისთვის. რა თქმა უნდა, ყველას, ვინც მუსიკის წერას იწყებს, მრავალსაუკუნოვანი და თანამედროვე ტრადიციების მთელი კომპლექსის პირისპირ უწევს დგომა. ჩემთვის თანაბრად ახლოსაა ბახამდელი ეპოქისა და მეოცე საუკუნის მუსიკა, თუმცა არც თუ ძალიან ვენდობი მათ, ვინც თანაბარი მზადყოფნით იღებს ნებისმიერი ისტორიული პერიოდისა და მიმდინარეობის მუსიკას. ტექნოლოგიურმა განვითარებამ იმდენად არნახულ დონეს მიაღწია, რომ ეს ყველაფერი კომპოზიტორთა გარკვეული ნაწილისათვის სიკეთედ იქცა. აღფრთოვანებით ვადევნებ თვალყურს ამ ყველაფერს, მაგრამ გულში მაინც ცხენებშებმული ეკიპაჟებისა და პირველი ავტომობილების ეპოქის შვილად ვრჩები. ასი წლის წინანდელი დროისადმი ნოსტალგია რატომღაც ხშირად ისადგურებს ხოლმე ჩემში. ჩემთვის ხელობის ძირითადი საშუალებები დღესაც ძველმოდური ფანქარი, სახაზავი და საშლელია. შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელი იყოს ისიც, რომ უცვლელად შემომრჩა ახალგაზრდობაში გამომუშავებული პრიორიტეტებიც, - ესაა მალერის, ვებერნის, სტრავინსკის, შოსტაკოვიჩის, ვენის კლასიკოსებისა და ბახის მუსიკა. რაც შეეხება რომანტიზმს, უპირატესობას ვანიჭებ გვიანდელი პერიოდის კომპოზიტორებს, ალბათ იმიტომ, რომ ორკესტრული აზროვნება ჩემთვის უფრო ახლოა. უდავოა ისიც, რომ რიხარდ შტრაუსი ბრუკნერზე უფრო მაინტერესებს, ხოლო ლიგეტის და ვებერნის მუსიკა უფრო მიზიდავს, ვიდრე პიერ ბულეზის. ამის მიუხედავად, არსებობს ისეთი რამეებიც, რის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება დროის, ან ჩვენ ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების შესაბამისად იცვლება. ნეკროლოგში რადიარდ კიპლინგის გარდაცვალებაზე ჯორჯ ორუელი გამოტყდა: “ცამეტი წლის ასაკში ვაღმერთებდი კიპლინგს, ჩვიდმეტისამ მე ის ავითვალწუნე, ოცი წლის რომ ვიყავი ახალი აღმაფრენით ვკითხულობდი მის წიგნებს, ოცდახუთისამ ყოველგვარი ინტერესი დავკარგე მის მიმართ. ახლა კი უკვე აღარ მსურს მისი ჯადოსნური გავლენისგან განთავისუფლება.” რაღაც ამის მსგავსი მემართება ამ ბოლო დროს ადრეული პერიოდის რომანტიზმის კომპოზიტორებთან მიმართებაში. მაგალითად, ადრე ისეთი სისრულით ვერ აღვიქვამდი შოპენის მუსიკის სიღრმესა და სილამაზეს როგორც დღეს. იმავეს ვიტყოდი შუბერტზეც, მაგრამ ასეთი ძვრები მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ღირებულებების შკალაზე არ ხდება. ფილიპ გერშკოვიჩი, ანტონ ვებერნის მოწაფე, ვინც მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ბედის უკუღმართობის გამო რუმინეთიდან საბჭოთა კავშირში მოხვდა და მხოლოდ სიკვდილამდე ორი წლით ადრე დაბრუნდა ვენაში (ოთხმოციანების ბოლოს) იხსენებდა შონბერგის ერთ გამონათქვამს: კონსონანსები და დისონანსები ერთმანეთისგან თხრილით გაყოფილი არაა. ერთი და იმავე ბგერით თანხმობას (ინტერვალს ან აკორდს) სხვადასხვა თაობა სხვადასხვანაირად აღიქვამს. დღევანდელი კონსონანსი გუშინდელი დისონანსია ისევე, როგორც დღევანდელი დისონანსი ხვალინდელი კონსონანსი გახდება ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პრინციპში ნებისმიერი კონსონანსი “დალექილი” დისონანსია...” დროის განმავლობაში იშლება ზღვარი მუსკალურ ეპოქებსა და სტილებს შორის. დღეს კვლავ აქტუალურია უკომპრომისო ანტაგონიზმი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გაჩენილი სხვადასხვა სტილისტური მიმდინარეობების მხარდამჭერებს შორის, თუმცა ურთიერთდაპირისპირებული მხარეები ერთნაირად ლოიალურად არიან განწყობილი მეოცე საუკუნის პირველი ათწლეულის სტილისტურად ჭრელი მემკვიდრეობისადმი. იქნებ ოცი-ოცდაათი წლის შემდეგ შეიძლება მოხდეს ისე, რომ დღევანდელი შეურიგებელი უთანხმოებაც უმნიშვნელოდ იქნეს აღქმული? ხომ მოახერხა ბარტოკმა სტრავინსკისა და შონბერგის გამოცდილების შერწყმა, რაც იმ დროს შეუძლებლად ითვლებოდა?
შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისში ჩვენ წინ დგება მნიშვნელოვანი, შესაძლებელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა: არ ავყვეთ ცდუნებას როცა ჩვენ თვალწინ თანამედროვე მუსიკალური ტექნიკის ფართო სპექტრი გადაიშლება, ყურადღება არ მიავაქციოთ კრიტიკას, დადებითსაც კი, გავერკვეთ საკუთარი ინტერესების სფეროში, დაჟინებით ვეძიოთ ის ბილიკი, რომელიც მხოლოდ მოგვიანებით, წარმოუდგენელი ძალისხმევის შემდეგ მიიღებს გარკვეული მოხაზულობას. თუმცა ეს მისწრაფება თვითმიზნად არ უნდა იქცეს! შევეცდები გამოთქმულ აზრს ერთი აშკარა წინააღმდეგობა მოვაცილო: თუ ორიგინალობისადმი ან ექსტრავაგანტულობისაკენ ლტოლვა მთავარი ხდება, მუსიკის წერას აზრი ეკარგება. აქ, როგორც ჩანს, მე კვლავ ვუბრუნდები თანასწორობის პრობლემას ადამიანის შესაძლებლობებსა და ზნეობრივი კრიტერიუმებით მართულ შინაგან ცენზურას შორის; მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასე ძნელად მისაღწევ და სასურველ თანასწორობას შეუძლია გამოიღოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ნაყოფი. ამ მოსაზრების გასამყარებლად უფლება მომეცით საკუთარი გამოცდილებიდან მაგალითი გავიხსენო. დავიწყოთ დადებითით: ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ინდივიდუალობა ხელოვნებაში უფრო მნიშვნელოვანი და წონადია, ვიდრე ამა თუ იმ ეროვნული კულტურისათვის დამახასიათებელი თავისებურებები. ამიტომაც, ადრე ნაკლებად მანაღვლებდა დაუსრულებელი საყვედურები იმის თაობაზე, რომ ჩემს მუსიკაში არ არის “ქართული საწყისები.” ბუნებრივია, ასეთი საყვედურები ძირითადად სწორედ ჩემს სამშობლოში მესმოდა. ჩემი დაკვირვებით, რაც უფრო ძველია ერი, რაც უფრო პატარაა მისი ტერიტორია და რაც უფრო თვითმყოფადია მისი კულტურა, მით უფრო აგრესიულად იქცევიან იქაური ეროვნული “სიწმინდეების” დამცველები. მე მათ იმ მესაზღვრეებს შევადარებდი, ვინც ჯიუტად ამბობს უარს ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ მაინც რომ გაიხედოს დურბინდში. დღესდღეობით ბევრი დასავლელი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჩემს მუსიკაში ბლომადაა ქართული ფოლკლორი. მე ფილოსოფიურად ვუდგები მათ მოსაზრებას, - როგორც ჩანს მათ დურბინდებს ზედმეტად მძლავრი ლინზები აქვს. ქართულ ხალხურ მრავალხმიანობაში ყოველთვის მიზიდავდა მისი საიდუმლოებით მოცული სული, რომლის ბოლომდე ჩაწვდომაც უბრალოდ არ შემიძლია. ჭეშმარიტი შემოქმედებითი სრულყოფილება ყოველთვის საიდუმლოებითაა მოცული; შეუძლებელია მიმბაძველობით რომ ჩასწვდე მას. პირადად მე არასდროს ვაძლევ ამის უფლებას საკუთარ თავს. ყოველთვის ვცდილობდი და დღესაც ვცდილობ ფოლკლორის ფორმათშემქმნელი სტრუქტურებისა და ინტონაციური სფეროებისგან დისტანცირებას. ჩემი ქართველი კოლეგების მცდელობები აღადგინონ ხალხური მომღერლების მიერ შესრულებული ვოკალური იმპროვიზაციების სპეციფიკა ისეთი ინსტრუმენტული მუსიკის მეშვეობით, რომელიც თანაბარი ტემპერირების ევროპულ წყობას ეფუძნება, როგორც წესი საკმაოდ არადამაჯერებელია ხოლმე, ხოლო როდესაც ეს ადამიანები ბრალს მდებდნენ ეროვნული ფესვების მიმართ ინტერესის არქონაში, მათი თავდასხმები მხოლოდ ამყარებდნენ ამ ჩემს მოსაზრებას.
"არასდროს ვისახავდი მიზნად ფეხი ამეწყო, ან არ ამეწყო რომელიმე არსებული სტილისტური სისტემისთვის.
ეხლა უარყოფით მაგალითსაც მოვიყვან, როდესაც გენეტიკური კოდისა და შინაგანი ცენზურის ჰარმონია ერთგვარ მარწუხებად იქცნენ ჩემთვის და რომლისგან თავის დაღწევასაც დღემდე ვერ ვახერხებ. 1988 წლის გაზაფხულზე ლენინგრადში ჩატარებულ საერთაშორისო მუსიკალურ ფეტივალზე შესრულდა ჩემი “სევდა ნათელი” ორი სოლისტი ბიჭის, ბავშვების გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის. ფესტივალის ერთ-ერთი სტუმარი ლუიჯი ნონო იყო, ვისთანაც იმ დროისათვის მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. როგორც ჩანს მან უკვე იცოდა, რომ მალე მივიღებდი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიას და ერთი წლით ბერლინში გავემგზავრებოდი, ამიტომაც ნაწარმოებს რომ მოუსმინა თანამშრომლობა შემომთავაზა. ჩვენ უნდა დაგვეწერა ორსაათიანი თხზულება - საათი მისი, საათი კი ჩემი მუსიკის - თანაც მისი სურვილის თანახმად იმ თზულებებში არ უნდა ყოფილიყო არც ხმამაღალი და არც ჩქარი ეპიზოდები. როგორც ჩანს ის გრძნობდა, რომ ჩქარ მუსიკას ვერ შევთხზავდი. უფრო რთულად იყო საქმე დინამიურ აფეთქებებთან დაკავშირებით, რითაც გაზავებულია ჩემი ძირითადად ნელი და ჩუმი ნაწარმოებები. ლუიჯის ვუთხარი, რომ ასეთი შემოთავაზება დიდი პატივი იყო ჩემთვის და დავპირდი, რომ საფუძვლიანად განვიხილავდი მას. ასე დავცილდით ერთმანეთს. როდესაც 1991 წლის ივნისში ბერლინში ჩავედი ნონო საუბედუროდ უკვე გარდაცვლილი იყო და მხოლოდ ორი წლის შემდეგ მარგუნა ბედმა საშუალება შემესრულებინა მისთვის მიცემული პირობა. იმ დროს მუშაობას ვიწყებდი პირველ ნაწარმოებზე გიდონ კრემერისათვის – ვიოლინოს, სოპრანოსა და ორკესტრისათვის. ვიცოდი რა კრემერის და ნონოს ახლო ურთიერთობებზე, გადავწყვიტე ჩვენი განუხორციელებელი ნაწარმოების “ჩემი ნაწილი” გარდაცვლილი მაესტროსათვის მიმეძღვნა. დავიწყე ნელი მუსიკის წერა, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებ ხოლმე და მთელი ერთი წლის განმავლობაში მონდომებით ვცდილობდი ისეთი დიდი ფორმის შექმნას, სადაც არც ერთი crescendo და accelerando არ იქნებოდა. არაფერი გამომივიდა! არ ლაგდებოდა შინაგანი დრამატურგია, ჩამოიშალა ფორმაც. რა თქმა უნდა, შემეძლო 45 წუთის შევსება ნელი და ჩუმი ჟღერადობით, მაგრამ როდესაც ნაწარმოების სქემას და სტრუქტურას წარმოვიდგენდი, - არადა, გონებაში ის პრაქტიკულად დასრულებული მქონდა, მრჩებოდა მხოლოდ მისი სხვა განზომილებაში გადაყვანა, - მესმოდა, რომ ასეთი მუსიკა ვერ დამაკმაყოფილებდა. ბოლოსდაბოლოს იძულებული გავხდი ცნობიერებაში გამომუშავებულ შტამპებსა და შინაგან ცენზურას დავმორჩილებოდი. შევქმენი ისეთი მუსიკა, როგორიც მსურდა რომ შემექმნა და ის ნაწარმოები ლუიჯი ნონოს მივუძღვენი. სამწუხაროდ, დანაპირების შესრულება ვერ მოვახერხე.
შესაძლებელია, რომ ის სამყარო, რომელიც ჩემს მუსიკაშია მოქცეული, ვინმეს მწირად ეჩვენებოდეს. საკმაოდ ხშირად მსაყვედურობდნენ ხოლმე იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრულ სახეობრივ სფეროს მივეჯაჭვე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სიმფონიებს ვქმნიდი, – არადა უკვე დიდი ხანია რაც მათი წერა შევწყვიტე, - ბევრი ამტკიცებდა, რომ მეოთხე სიმფონია იმეორებს მესამეს, მეხუთე - მეოთხეს, მეექვსე - მეხუთეს და ასე შემდეგ. ამ საყვედურებს ყურადღებას არ ვაქცევდი, დროის განმავლობაში კი ჩემი კრიტიკოსებისათვის ნათელი გახდა, რომ ეს სიმფონიები სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, და, რომ მეხუთე ისევე არ გავს მეოთხეს, როგორც მეშვიდე მეექვსეს. მეორეს მხრივ, ზოგჯერ თავადაც მეჩვენება, რომ ახალგაზრდობაში დაწყებული ერთი ნაწარმოების თხზვას ვაგრძელებ, რაც მხოლოდ ჩემი ამ ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ დასრულდება. ეს თხზულება, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვქმნიდი, ისეთ სულიერ მდგომარეობას ესადაგება, რომელიც მუდმივი ცვლილებების მიუხედავად თავისი არსით უცვლელი რჩება: სევდა, სინანული, უხეში ძალის მიუღებლობა და იმედი, რომელიც სიხარულსა და აღფრთოვანებას ჭარბობს. იმისთვის, დროებითი შვება მაინც რომ ვიგრძნო, ყოველ ახალ ნაწარმოებში განუხრელად ვცდილობ ჩემს მიერვე აღმართული ბარიერების გადალახვას. ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მტანჯველია და სირთულეებთან გამკლავების ილუზია ნამდვილად არ არის იმის გარანტია, რომ ნაწარმოების დასრულების შემდეგ კმაყოფილების შეგრძნება დამრჩება. არასდროს ვცდილობ თავი ორიგინალურად მოვაჩვენო მსმენელს. პირიქით, ხშირად ვიმეორებ, რომ ჩემი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სამყაროსავით ძველია, - მოვახერხო სუბდომინანტადან დომინანტაში, მერე კი ტონიკაში ისე გადასვლა, რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩემთვის არ გახდეს მოსაწყენი. წერის პროცესში შეგნებულად არასდროს ვფიქრობ ამა თუ იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენებაზე. მე ვსახავ ძირითად თემებს, ნაწარმოების სრულ დრამატურგიულ გეგმას, მერე კი თანმიმდევრობით, ბგერიდან ბგერამდე ვაგებ მუსიკალურ შინაარსს, რომელმაც მსენელამდე უნდა მიიტანოს სილამაზის, მარადიულობის, ზეციდან გარდამოსული ნათებისა და ისე ფართოდ აღქმული რელიგიურობის შეგრძნება, რომელიც სხვა ყველა ჩემთვის საყვარელ მუსიკალურ ნაწარმოებში იგრძნობა. რა თქმა უნდა, მსურს, რომ ჩემი მუსიკა დღეგრძელი იყოს, მაგრამ მე არც მომავლისათვის და არც შორეული მემკვიდრეებისათვის არ ვმუშაობ (ჩემთვის არც თანამედროევეების შეფასებებია განმსაზღვრელი). მე უფრო საუკუნეების წინ მცხოვრები იმ ადამიანების მიერ დატოვებულ სივრცეს ვავსებ, ვინც გარკვეული ჩანაფიქრების განხორციელება ვერ მოასწრეს. ნაწარმოებიდან ნაწარმოებამდე ჩემი ენა მარტივდება და ამასაც ვერაფერს მოვუხერხებ. მე არ მჩვევია საკუთარ ნაწარმოებებზე საუბარი, მითუმეტეს ჯერ კიდევ არმოსმენილზე. ყოველი შემდგომი ოპუსის დასრულების შემდეგ, მოუთმენლად ველოდები პირველ რეპეტიციას, როდესაც ნათელი გახდება ნაწარმოების ღირებულება და ხარვეზი. ჩემთვის საკუთარი მუსიკის შეფასებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კონცერტის შემდეგ დარბაზში ჩამოვარდნილი სიჩუმეა და მე უკვე ვისწავლე ამ სიჩუმის აზრობრივი ელფერის ერთმანეთისგან გარჩევა. ის შეიძლება იყოს ფორმალური, ზრდილობიანად ინტელიგენტური, და ისეთიც, როდესაც გრძნობ თითოეული მსმენელის თანამონაწილეობას, როდესაც იბმება უხილავი ძაფები მუსიკასა და მსმენელის გულებს შორის. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მგონია, რომ მე მერგო ბედნიერება მომესმინა ასეთი სიჩუმე ჩემს პირველ საავტორო კონცერტზე ეკატერინბურგის ფილარმონიის გადაჭედილ დარბაზში. ეხლა კი, როდესაც სახელგანთქმული კოლექტივები და სოლისტები უკვე რეგულარულად ასრულებენ ჩემ მუსიკას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში, ზოგჯერ ვიხსენებ ხოლმე იმ საოცარ ეკატერინბურგელ პუბილიკას. არ არსებობს ცუდი მსმენელი ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. აი, სიჩუმე კი შეიძლება სხვადასხვანაირად ჟღერდეს. ყველაზე უფრო მე ისეთი სიჩუმე მაოცებს, რომელიც ბგერის დაბადებას უძღვის წინ. არანაკლებ განსაცვიფრებელია ისეთი სიჩუმეც, რომელსაც მუსიკა შეამზადებს და რომელიც ზოგჯერ თავად იქცევა ხოლმე მუსიკად. ასეთი სიჩუმის მიღწევა ჩემი ოცნებაა. თანაფარდობა ბგერასა და სიჩუმეს შორის, მასალის ზედმიწევნით უბრალო საშუალებებით გადმოცემა, მუსიკალური ფორმის შექმნა ტემბრული დრამატურგიის აქტიური მონაწილეობით – აი, ის ძირითადი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტითაც მუდმივად ვარ დაკავებული. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მე წავიკითხე ედუარდ ჰანსლიკის ჩემი აზრით ძალიან სწორი გამონათქვამი: ხელოვნების ყველა სხვა სახეობა ცდილობს დაგვარწმუნოს, იმ დროს, როდესაც მუსიკა მოულოდნელად წამოგვადგება ხოლმე თავს. მუსიკის ფენომენი მართლაც ფლობს ასეთ თვისებას. თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს ზედმიწევნით პირადული განცდები და ყველა ვცდილობთ მათ გამოხატვას ინდივიდუალურად. ის მუსიკა, რომელიც “მოულოდნელად წამოგვადგება ხოლმე თავს,” არ მოითხოვს კონკრეტიზაციას. დასასრულს კი უფლება მომეცით წაგიკითხოთ ნაწყვეტი “სევდიფერი ქვეყნის” პრემიერისთვის ჩემს მიერ დაწერილი ანოტაციიიდან. სულ რამდენიმე წინადადებაში მე შევეცადე გამომეხატა ის სულიერი მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფები, სამშობლოს მოშორებული:
იცის თუ არა ვინმემ რა ფერისაა სევდა?
...მეც არ ვიცი.
ახლა, როდესაც ვცხოვრობ და ვმუშაობ საქართველოს ფარგლებს მიღმა, ჩემი გრძნობები, ჩემგან დამოუკიდებლად “სევდისფერი ქვეყნისკენაა” მიმართული და, რა თქმა უნდა, მსურს, რომ ჩემი სევდისა და ტკივილსადმი მსმენელი გულგრილი არ დარჩეს.
...თითოეულ ჩვენთაგანს ხომ საკუთარი “სევდისფერი ქვეყანა” გვაქვს? არსებობს თუ არა სიხარულის ფერის ქვეყანა?
...არ ვიცი.
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში