გია ყანჩელი - პირველი სიმფონია
ავტორი: კახა თოლორდავა >>
16 დეკემბერი, 2019 >>
10 წუთის წასაკითხი >>
6 ნახვა
არის ერთი ასეთი ფრაზა: Writing About Music is like Dancing About Architecture. ამ ფრაზის გასაგებად განვრცობილი თარგმანი ასეთი იქნება: მუსიკაზე წერა (ან ლაპარაკი) იგივეა, არქიტექტურის ახსნა ცეკვა-ცეკვით რომ მოინდომო. ამ სიტყვებს ხან ფრენკ ზაპას, ხანაც კი ელვის კოსტელოს, ან სტივ მარტინს მიაწერენ, თუმცა სინამდვილეში ის ამერიკელ მსახიობს და მომღერალს მარტინ მალს ეკუთვნის. მართლაც, როგორ უნდა ახსნა სიტყვებით ის, რაც სრულიად მოუხელთებელია? და რაც მთავარია, არის თუ არა ეს საერთოდ საჭირო? ჩემი გამოცდილება ასეთ პასუხს მკარნახობს: გააჩნია რა იგულისხმება სიტყვაში - „ახსნა.“ როდესაც სტრავინსკი ლაპარაკობს სიზმარში ნანახ, ორ ნოტს შორის გაწელილი ელასტიკურ ნივთიერებაზე, რომლის შუაგულშიც რბილი და თბილი კვერცხებია მოთავსებული, და რომელიც ნაწარმოებისათვის საჭირო ინტერვალის შერჩევაში დაეხმარა მას, რა თქმა უნდა, მისი ეს სიტყვები მისსავე მუსიკას არ „ხსნის.“ ზუსტად ასევე, საერთოდ არაფერს ამბობს მუსიკაზე, განსაკუთრებით სიმფონიურზე, მისი „ხილულად ქცევის“ მცდელობებიც. ეს დილეტანტების ხვედრია. სამაგიეროდ, იგივე სტრავინსკის, ან, თუნდაც შტოკჰაუზენის, თუ კეიჯის სიტყვებს (ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვანი კომპოზიტორების), ძალუძს მუსიკის მიმართულებით „მოგისროლოს“ (ზუსტად ასე დამემართა მე) და მერე კი უკვე შენი საქმეა, თუ როგორ შემოუშვებ შენში ამა თუ იმ კომპოზიტორს და მის იდეებს, თუ ორკესტრს. შესაბამისად, ამ ბლოგში არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ ისეთი მუსიკოსის ნაწარმოებების „ახსნას,“ როგორიც გია ყანჩელია, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები, რომ მათი პირველი მოსმენისათვის აუცილებელი „ველი“ შევუქმნა მათ, ვინც მხოლოდ კომპოზიტორის კინოს, თუ თეატრის მუსიკას იცნობს და სურვილი აქვს უფრო მეტი იცოდეს მის სიმფონიურ, თუ კამერულ მუსიკაზე. თავად ყანჩელი მისივე ნაწარმოებების განსიტყვების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ის თვლიდა, რომ მუსიკის შემთხვევაში სიტყვები უძლურია და მეც სრულიად ვეთანხმების მას, თუმცა დღემდე იმ მოსაზრებაზე ვრჩები, რომ სიტყვების მეშვეობით „ნიადაგის შემზადება“ წყლის ნაყვა ნამდვილად არაა. მთავარია პირველი ბიძგი, ეს ბლოგიც სწორად ამას ემსახურება და ვინაიდან წლების განმავლობაში გია ყანჩელის სიმფონიებზე და კამერულ ნაწარმოებებზე უამრავი მნიშვნელოვანი ადგილობრივი, თუ უცხოელი ექსპერტი წერდა, მინდა, რომ მათაც მივცე ამ ტექსტების მკითხველთან გასაუბრების საშუალება. ასე უფრო საიმედო ხელში ვიქნებით მეც და თქვენც, და ვინაიდან ამ ბლოგში ჩემთან ერთად „ილაპარაკებენ“ გია ყანჩელის მუსიკის მართლაც რომ დიდებული მცოდნეები, ის მუსიკოსები, ვინც მის მუსიკას ასრულებდნენ და ასრულებენ და, რა თქმა უნდა, თავად კომპოზიტორიც, იმედი მაქვს, რომ თუნდაც რამდენიმე ადამიანი მოისურვებს მის მუსიკაში კიდევ უფრო ღრმად შებიჯებას. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მისი მუსიკიდან გაუმდიდრებლად გამოსული, პირადად მე, არც არავინ მინახავს...
პირველი სიმფონია
გია ყანჩელის პირველი სიმფონიის პრემიერა 1967 წლის 24 აპრილს შედგა თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში და როგორც თავად კომპოზიტორი იხსენებს, მისი დაწყებიდან ოციოდე წუთში, ჯანსუღ კახიძის (რომელიც ორკესტრს დირიჟორობდა) მამის ერთ-ერთი მეგობარი გაბრაზებული წამოდგა ადგილიდან, გასასვლელისკენ გაემართა და ასეთი ფრაზა წამოისროლა: „თუ ამას გადავურჩით, კიდევ დიდხანს ვიცოცხლებთ!“ გარკვეული თვალსაზრისით ის მართალი იყო, ვინაიდან, სავარაუდოდ, ის მისთვის „გასაგებ“ მუსიკას ელოდა და იმის მიუხედავად, რომ პირველ სიმფონიაში ყანჩელის „სერიოზული“ მუსიკით „მოუთელავი“ მსმენელისთვისაც კი ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი „გასაგები“ ელემენტია, ის კაცი, როგორც სჩანს გააღიზიანა იმან, რასაც უკვე მოგვიანებით „ყანჩელის სტილს“ უწოდებენ ანუ, მუსიკალური დროის და მუსიკალური სივრცის მისთვის სრულიად უცხო, საბჭოთა მსმენელისათვის ჯერ კიდევ მიუღებელმა შეგრძნებამ. როგორც მუსიკის ისტორიამ არაერთხელ გვიჩვენა, გამოუცდელი მსმენელის ასეთი რექცია მნიშვნელოვან კომპოზიტორთან მიახლოების პირველი მცდელობისას, როგორც წესი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ სრულდება ხოლმე, უბრალოდ, ის გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს მსმენელის მხრიდან და თუ ეს ასე არ/ვერ მოხდა, მაშინ ერთადერთი, რაც ასეთ მსმენელს შეიძლება რომ ურჩიო, ესაა - forget about it!
პრემიერას დავუბრუნდეთ... დავა პირველი სიმფონიის გარშემო ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის IV პლენუმამდე (დიახ, იმ დროს კომპოზიტორების ნამუშევრებს პლენუმებსა და ყრილობებზე განიხილავდნენ ხოლმე!). სიმფონიის შესახებ საკუთარ აზრს კეთილმოსურნეებიც გამოთქვამდნენ და არაკეთილმოსურნეებიც, თუმცა ისინიც კი იძულებულნი იყვნენ ეღიარებიათ უკვე არც თუ ისე ახალგაზრდა (პირველი სიმფონიის პრემიერისთვის გია ყანჩელი 32 წლის იყო), დამწყები კომპოზიტორის მონაცემები. ვიღაცეებისთვის ის უბრალოდ ექსპერიმენტი იყო, ვიღაცეებისთვის კი ღრმა და მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელიც ერთდროულად ძალიან ძველი და ძალიან ახალი იყო. მომდევნო ორივე ციტატა კეთილმოსურნეებს ეკუთვნის - პირველი, გია ყანჩელის უახლოეს მეგობარს, მასწავლებელს და სრულიად უნიკალურ მუსიკისმცოდნეს - გივი ორჯონიკიძეს, მეორე კი თანამედროვეობის უდიდეს რუს კომპოზიტორს - ალფრედ შნიტკეს; ერთი, უშუალოდ პირველ სიმფონიას ეხება, მეორე კი, ზოგადად ყანჩელის სიმფონიებს, შესაბამისად, პირველ სიმფონიასაც:
„პირველი სიმფონიით, მან უმალ და არცთუ ისე ფრთხილად გვაგრძნობინა დისტანცია უკვე კანონიზირებულსა და იმის შორის, რის გაკეთებასაც თავად აპირებდა.“
გივი ორჯონიკიძე
„ყანჩელის სიმფონიებში, შედარებით მოკლე დროში მთელი ცხოვრების, ან, მთელი ისტორიის გავლას ვასწრებთ, მაგრამ იქ ჩვენ ვერ ვგრძნობთ დროის ბიძგებს. ჩვენ, თვითმფრინავით, მუსიკალური სივრცისა და დროის თავზე დავცურავთ.“
ალფრედ შნიტკე
საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის IV პლენუმზე ნაწარმოების შესრულებისას დარბაზში უკვე თავად დიმიტრი შოსტაკოვიჩი იჯდა, კომპოზიტორი, რომელსაც ყანჩელი, ანტონ ვებერნთან და იგორ სტრავინსკისთან ერთად, ახალგაზრდობის წლების ყველაზე მნიშვნელოვან გავლენად მოიხსენიებდა. პრემიერის შემდეგ შოსტაკოვიჩმა ვაჟიშვილის, მაქსიმ შოსტაკოვიჩის პირით შეუთვალა ყანჩელს, რომ მასთან შეხვედრა სურდა, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა - „შესაძლებელია იმიტომ, რომ მე ოდნავ მეშინოდა მასთან შეხვედრა“ - თქვა ერთხელ ყანჩელმა. ასეა თუ ისე, პირველ სიმფონიას თავისი წილი ქებაც ხვდა და ძაგებაც, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ჯერ საბჭოთა, ოდნავ მოგვიანებით კი სოციალისტური ქვეყნების მუსიკალური სამყარო (1969 წელს, ნაწარმოები ჯერ გერმანიიდ დემოკრატიულ რესპუბლიკაში შესრულდა, მომდევნო წელს კი ის ბულგარეთის ქალაქ ბურგასის ორკესტრმა შეიტანა თავის პროგრამაში) ერთ მნიშვნელოვან რამეს მიხვდა: ქართველი კომპოზიტორის მხედველობის არედან გაშვება არ შეიძლებოდა. სურვილის შემთხვევაშიც კი, პირველი სიმფონია მათ უკვე ამის საშუალებას აღარ უტოვებდა. პირველ სიმფონიაში ყანჩელმა უკვე „ჩაავლო“ იმას, რასაც დროის განმავლობვაში სულ უფრო და უფრო დახვეწს და განავითარებს...
მათთვის, ვინც მეტნაკლებად იცნობს სიმფონიის ისტორიას, ადვილი მისახვედრი უნდა იყოს, თუ რამდენად რთული იყო ყანჩელისა და სხვა, საბჭოთა თუ უცხოელი კომპოზიტორებისთვის, მოულოდნელი, განუმეორებელი იდეების და ფორმების გენერირება იმ მუსიკალურ ჟანრში, რომელიც გასული საუკუნის სამოციანების დასაწყისისთვის ბევრისთვის უკვე მკვდარი იყო. „უკანასკნელი სიმფონია უკვე დაიწერა - განაცხადა რიხარდ ვაგნერმა ჯერ კიდევ 1849 წელს. მას მიაჩნდა, რომ ბეთხოვენის მეცხრე სიმფონიის შემდეგ სიმფონიურ ჟანრში მუშაობა შეუძლებელი იყო, მაგრამ მისი რეპუტაციის მიუხედავად ეს ასე არ მოხდა: მომდევნო ათწლეულებში ბრამსმა - ოთხი, ჩაიკოვსკიმ - ექვსი, დვორჟაკმა - ცხრა სიმფონიები შექმნეს და 1900 წლისთვის ეს ციფრი ცოტა ხნით ერთგვარ ლიმიტად დაწესდა ამ ჟანრში. „ის, ვინც ცხრა სიმფონიაზე მეტს მოინდომებს, უნდა მოკვდეს!“ - თქვა მოდერნისტული მუსიკის კიდევ ერთმა გურუმ - არნოლდ შონბერგმა. არც მას „დაუჯერეს.“ შოსტაკოვიჩმა თხუთმეტი სიმფონია შექმნა, ინგლისელმა ჰევერგელ ბრაიანმა - ოცდათორმეტი, ამერიკელმა ალან ჰოვანესმა - სამოცდა შვიდი, ხოლო ფინელი კომპოზიტორის ლეიფ სეგერსტამის სიმფონიების რაოდენობა 2019 წლისთვის 335-ია, რაც ბევრად აღემატება იოზეფ ჰაიდნის 104 სიმფონიას. გუსტავ მალერის გარდაცვალების შემდეგ (1911), სიმფონიურმა ჟანრმა თითქოს დაკარგა ის მნიშვნელობა, რაც მას ბეთხოვენის დროს ჰქონდა. დებიუსის, შონბერგის, სტრავინსკის და ბარტოკის მოდერნისტული რევოლუცია ამ ჟანრის მიღმა დაიწყო, მაგრამ სიმფონია მაინც მაგნიტივით იზიდავდა კომპოზიტორებს და წლების განმავლობაში მან კიდევ უამრავჯერ იცვალა სახე. საუკეთესო შემთხვევებში ის კვლავ გამოწვევად რჩებოდა მომდევნო თაობის კომპოზიტორთათვის, ძალიან რთულ გამოწვევად და იმის მიუხედავად, რომ დანამდვილებით ვერ ვიტყვი, თუ რამ გადააწყვეტინა თავის დროზე გია ყანჩელს „სიმფონიურ წყალში“ შებიჯება, ერთი რამ ფაქტია: მას უკვე კარგად ესმოდა, თუ რამდენად რთულ საქმეს კიდებდა ხელს და ალბათ გრძნობდა კიდეც, რომ მას ამის უნარიც შესწევდა.
პირველ სიმფონიამდე, ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის, მერე კი კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტის კურსდამთავრებულ გია ყანჩელს რამდენიმე მცირე ფორმატის ნაწარმოები ჰქონდა შექმნილი: საფორტეპიანო „ექსპრომტ-პოემა,“ სიუიტა კვარტეტისთვის, საორკესტრო კონცერტი და Largo et Allegro სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისთვის. აქვე ალბათ ღირს იმის აღნიშვნაც, რომ იმ დროისთვის მას პირველი კინემატოგრაფიული გამოცდილებაც ჰქონდა მიღებული - თანამშრომლობა კონსტანტინე პიპინაშვილის „ზღვის შვილებსა“ და ოთარ ანდრონიკაშვილის ანიმაციურ ფილმზე - „ოქრო.“ რუსი მუსიკისმცოდნე ნატალია ზეიფასი ამბობს, რომ სწორედ „ზღვის შვილებისათვის“ შექმნილ მუიკაში დაიწყო გია ყანჩელმა იმ იდეების მოსინჯვა, რომლებსაც ის რამდენიმე წლის შემდეგ პირველ სიმფონიაში განავრცო. თუ როგორ, ეს ზედმიწევნით სპეციფიური საკითხია, რომლის აქ დეტალურად განხილვა საჭიროებას ნამდვილად არ წარმოადგენს.
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
სამაგიეროდ, პირველ სიმფონიასთან მიმართებაში აუცილებელია, გარდაუვალიც კი, ყანჩელის შემოქმედებაში ისეთი მნიშვნელოვანი მუსიკოსის ხსენება, როგორიც იყო ჯანსუღ კახიძე. ყანჩელი ხშირად იმეორებდა: რომ არა კახიძე, ჩემი ოცნება ჯაზურ ბიგ-ბენდზე ურყევად მყარი დარჩებოდაო. ის მიიჩნევდა, რომ კახიძე არა მხოლოდ მისი სიმფონიების პირველი შემსრულებელი და პროპაგანდისტი იყო, არამედ თანაავტორიც. გივი ორჯონიკიძის თქმით, სადირიჟორო პულტზე მდგარი კახიძე „თითქოს ქმნის ყანჩელის მუსიკას, ის ჩაფლულია მასში ან, მუსიკაა მასში ჩაძირული...“ კახიძე „თითქოს სისხლში ატარებდა ქართულ სიმღერას - როგორც ლინზას, რომლის მეშვეობითაც აღიქვამდა სამყაროს“ და სწორედ მან დაარწმუნა მეგობარი იმაში, რომ ქართულ სასიმღერო ფორმებს პერიფრაზირების და ინტონაციების ამოუწურავი შესაძლებლობები ჰქონდა, შესაძლებლობები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში განიცდიდნენ მუდმივ განახლებას. ყანჩელის მეორე სიმფონიაში ქართული სიმღერის „კვალი“ კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება, მაგრამ უკვე პირველი სიმფონიის მეორე ნაწილში, ჩაყურადებული მსმენელი აუცილებლად „დაიჭერს,“ ან, შეიგრძნობს მაინც ნაწარმოების ქსოვილში ფარულად შეპარულ, და არა ციტატად მოყვანილ, - „შენ ხარ ვენახის“ საწყის თემას, რომელსაც მეორე ვიოლინოები უკრავენ იმ დროს, როდესაც პირველი ვიოლინოები თავად სიმფონიის სხვა თემას ანვრცობენ. ასეთი, ერთი შეხედვით „უმნიშვნელო“ ელემენტების ცოდნა ყანჩელის მუსიკის სმენისას, ბევრად უფრო უმძაფრებს მის მუსიკაში ახლად ფეხშედგმულ მსმენელს მუსიკის აღქმას, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის ცოდნა მუსიკის სმენისას ყველასთვის აუცილებელი არაა. მუსიკა ისედაც თავად „გაიგნებს გზას“ ისეთ მსმენელში, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს გარკვეული ძალისხმევა მაინც გაიღოს მის აღსაქმელად და ამ შემთხვევაში ყანჩელის პირველი სიმფონია გამონაკლისი არაა.
სიმფონიის ხანგრძლივობა ოცდაექვს წუთზე ოდნავ მეტია (ყანჩელის ნელი ტემპის „’დაჭერა“ ყველა დირიჟორს არ შეეძლო და არც დღეს შეუძლია, ამიტომაც, მისივე თქმით, რაც უფრო ხანგრძლივია სიმფონიის, თუ კამერული ნაწარმოების ჩანაწერი, მით უფრო ახლოსაა ის კომპოზიტორის საწყის ჩანაფიქრთან) და ის ორი ნაწილისგან შედგება - Allegro con fuoco და Largo. სიტყვა Allegro იტალიურად მხიარულს (ან, მკვირცხლს) ნიშნავს და მუსიკაში ის ჩქარი ტემპის აღმნიშვნელია. Allegro con fuoco ცეცხლოვან, ტემპერამენტიან შესრულებას აღნიშნავს, ხოლო Largo კი ის ტერმინია, რომელიც მიუთითებს მუსიკალური ნაწარმოების განზომილად, ან დინჯად შესრულებისკენ. ყანჩელი ამბობდა, რომ სიმფონიის საწყისი თემა მისსავე სმენით გამოცდილებას ეყრდნობოდა,რადგან იმ დროს ის ბევრ სერიულ მუსიკას (ამ ტერმინის უფრო კარგად გასაგებად „ვიკიპედიას“ პოსტი სერიალიზმზე სრულიად საკმარისია) უსმენდა და შეეცადა შეეთხზა სიმფონიის ისეთი საწყისი თემა, რომელსაც მსმენელი ერთდროულად დოდეკაფონიად (დოდეკაფონიის უფრო კარგად გასაგებად „ვიკიპედიას“ პოსტი დოდეკაფონიაზეც სრულიად საკმარისი უნდა იყოს) და მელოდიად აღიქვამდა. აგრეთვე, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს თემა სეგმენტურად მოეხმარა სხვა ნაწარმოებებშიც, რასაც ის საკმაოდ ხშირად აკეთებდა ხოლმე და ადრე თუ გვიან ჩვენ ამაზეც მოგვიწევს საუბარი, ვინაიდან მისი სიმფონიები კონცეპტუალურ კავშირშია ერთმანეთთან, ფორმით კი სრულაიდ განსხვავებული. სიმფონიის პირველი თემა-თეზისი ხაზგასმულად „პირქუში გამბედაობით“ და „კატეგორიული თვითდამკვიდრებით“ სავსე მარშია, ერთგვარი ნახტომი გაურკვევლობაში, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება და წყლის წრებრუნვასავით იშლება, რომლის „ნერვული დაბოლოებებიც“ ერთმანეთზე მძლავრ კულმინაციებშია. ამის საწინააღმდეგოდ (ან, თუ გნებავთ, საპირწონეთ) სიმფონიის მეორე ნაწილი უკვე ჩუმი და ხაზგასმულად მშვიდია, სადაც თითქოს ცოტა ხნით ჩერდება დრო და ის ოდნავ სხვანაირად აღიქმება. როგორც ერთ-ერთი მუსიკისმცოდნე აღნიშნავდა:
ის უკიდურეს რეალიზმს და უკიდურეს იდეალიზმს აკავშირებს ერთმანეთთან, სადაც მუდამ ფხიზლად მყოფი ირონია არასდროს მისცემს საბოლოო გამარჯვების საშუალებას უკიდურეს იდეალიზმს, რადგან ბედნიერება, ისევე როგორც უიმედო ტანჯვა, ძალის და არა სისუსტის მომნიჭებელი წყაროა...
პირველ სიმფონიაში უკვე მონიშნულია ის, მუდამ ურთიერთკავშირში მყოფი თემებიც, რომლებიც მისი სიმფონიური, თუ კამერული მუსიკის აუცილებელ ელემენტებად აღიქმება - შიში, სიმარტოვე, სიფხიზლე, მოგონება, უმანკოება, მონატრება, პროტესტი, შეუწყნარებლობა, ნოსტალგია. მომდევნო ნაწარმოებებში ყველა ეს თემა სხვადასხვა კუთხით იქნება დანახული.და, რა თქმა უნდა, აქვეა ის „საიდუმლოებით მოცული“ სიჩუმეც, რომელიც ბგერის გაჟღერებამდე „ჟღერს“ და ის ციკლური გაყუჩება და სინელეც, რომელიც ქართული ხალხური სიმღერის ტრადიციის ნაწილია და განსაკუთრებით ეფექტურად ჟღერს ყანჩელისთვის დამახასიათებელ კონტრასტულ ეპიზოდებში.
და ბოლოს, რატომ უნდა დავიწყოთ გია ყანჩელის სიმფონიების ამ ნაწარმოებით მოსმენა და ვთქვათ, მაგალითად, არა მესამე, მეხუთე, თუნდაც მეორე სიმფონიებით? ან, თუნდაც, „სტიქსით?“ ჩემი პასუხი ასეთი იქნება: ეს აუცილებელი სრულიადაც არაა. მგონია, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც არავინ იქცევა ასე და ამით არც არაფერი დაშავებულა, მაგრამ, მეორეს მხრივ, თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ ქრონოლოგიურად გაადევნოს თვალ-ყური დიდი კომპოზიტორის განვითარების ფაზებს, მაშინ პირველი სიმფონია იდეალური საწყისისი წერტილი იქნება, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნე, ამგვარად მას საშუალება მიეცემა უფრო კარგად დაინახოს და შეიგრძნოს ყველაფერი ის, რაც ყანჩელის საკომპოზიტორო ტექნიკის, თუ აკუსტიკური ინტუიციის მუდმივ დინამიკაში მყოფ, უმნიშვნელოვანეს ელემენტებს წარმოადგენს. ვინაიდან კომპოზიტორი თავადაც არ მალავდა შოსტაკოვიჩის, სტრავინსკის და ანტონ ვებერნის გავლენას პირველ სიმფონიაზე, რა თქმა უნდა, ცუდი არ იქნება, თუ ახალბედა მსმენელი ამ სიმფონიის მოსმენამდე თუნდაც შოსტაკოვიჩის რომელიმე სიმფონიას, ან სტრავინსკის „ფასკუნჯს,“ „პეტრუშკას,“ ან „ფსალმუნების სიმფონიას“ მოუსმენს, თუმცა ალბათ არც ესაა აუცილებელი. კარგი მუსიკა ყოველთვის ერთმანეთზე მიუთითებს და სრულიად შესაძლებელია, რომ ადრე თუ გვიან სწორად ყანჩელის მუსიკის მეშვეობით „გადაეყარო“ ამ და სხვა უმნიშვნელოვანესი მუსიკოსების მუსიკას. ეს ადვილი არაა, მთავარია დაიწყო და „ინტერესის ველში“ მოხვდე, მერე კი, მუსიკა უკვე თავად იტვირთავს მეგზურის ფუნქციას...
მსგავსი ბლოგები
1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies
30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია
5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში